დიდი კანიონის დაკარგვა
თავგადასავლების მაძიებელი ორი ადამიანი დიდი კანიონის 1050-კილომეტრიან სალაშქრო მარშრუტზე გაემგზავრა. მათ საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ აზიანებს განვითარება ულამაზეს ადგილებს


დიდი კანიონის დაკარგვა
თავგადასავლების მაძიებელი ორი ადამიანი დიდი კანიონის 1050-კილომეტრიან სალაშქრო მარშრუტზე გაემგზავრა. მათ საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ აზიანებს განვითარება ულამაზეს ადგილებს
„ფეხი თუ დაგიცდა, თავს ვეღარ შეიკავებ და უფსკრულში გადაეშვები!“ ყვირის რიჩ რუდოუ, კარგად იცის, რომ ამ ადგილას მოდუნება არ შეიძლება. კლდეზე ვართ, მდინარე კოლორადოდან დაახლოებით 1050 მეტრის სიმაღლეზე, დიდი კანიონის თვალწარმტაც ფორმაციაზე, რომელსაც „გრეით-თამბ-მესა“ ჰქვია, უზარმაზარი გემის ცხვირს ჰგავს და მისი სამხრეთ კიდიდანაა გამოშვერილი. კანიონის ეს ერთ-ერთი ყველაზე მიუდგომელი წერტილი, ყველაზე გამოცდილ მოლაშქრეებსაც იშვიათად მოუნახულებიათ. ამ შვერილს თუ ღრმად შეუყვები, მდინარესთან მეკლდეურის აღჭურვილობის გარეშე ვეღარ დაეშვები. საკვები მარაგის ამოწურვაც ხელს შეგიშლის უკან დასაბრუნებელი რვადღიანი მარშრუტის გამეორებაში. იძულებული ხარ, გზა გააგრძელო.
ამ დღეების განმავლობაში, მივდიოდით შვერილზე, რომელიც ბოლოს კანიონის დიდ ჩაღრმავებასა თუ უბეში უჩინარდება. უბეს ზემოდან ფრიალო კლდე დაჰყურებს, რომელსაც ორი უზარმაზარი ოვალური ნახვრეტი აქვს. ამიტომაც ჰქვია ამ ადგილს „ბუს თვალები“. საშიში ადგილია. ამ ავისმომასწავებლად „მზირალ“ თვალებს ერთი ტრაგიკული ამბავიც უკავშირდება; თითქმის ოთხი წლის წინ, თებერვლის მზიან დღეს, რუდოუს მეგობარი, მშვენიერი ახალგაზრდა ქალი სწორედ ამ უღელტეხილზე დაიღუპა.
ახლა ჩვენ გაცილებით უარეს პირობებში ვუმზერთ იმავე პეიზაჟს. წინა საღამოს გრიგალი ამოვარდა და კანიონი 23 სმ თოვლით დაფარა. როცა დიდი კანიონის თავიდან ბოლომდე დალაშქვრას ვგეგმავდით, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით.
ჩვენი გადაწყვეტილება არცთუ ისე გონივრულია, რადგან კანიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ რკალებზე არ არსებობს არცერთი უწყვეტი გაკვალული ბილიკი თუ ცალკეული ბილიკების ქსელი. კანიონის მთელ სიგრძეზე სამოგზაუროდ, უკეთესია, მდინარე კოლორადოს მიჰყვე, რომელიც კანიონში 433 კილომეტრზე მიიკლაკნება. ამიტომ იყო, რომ ჯონ უესლი პაუელმა, რომელიც კანიონის გადაკვეთის პირველ ოფიციალურად დადასტურებულ მოგზაურობას უძღვებოდა, ეს ნავით გააკეთა.
პაუელის მიერ 1869 წლის აგვისტოში მიღწეული წარმატების შემდეგ საუკუნეზე მეტი გავა, ვიდრე კანიონის ფეხით გადაკვეთის პირველი ცნობა გაჩნდება. ამ დროის განმავლობაში კანიონმა განვითარების რამდენიმე ეტაპი გამოიარა ტყის ნაკრძალიდან ეროვნულ ძეგლამდე, ვიდრე პარკების სისტემის გვირგვინად და აშშ-ის ყველაზე საყვარელ და ცნობილ ლანდშაფტად იქცეოდა. ის ასობით მილიონი ოჯახის დასასვენებელი ადგილი გახდა და უთვალავ ღია ბარათზეა გამოსახული. მიუხედავად ამისა, მაინც ვერავინ გაიგო, როგორ უნდა დაელაშქრა დიდი კანიონი მთლიანად, სანამ ეს, 1976 წლის ზამთარში, მდინარე კოლორადოს გიდმა, 25 წლის კენტონ გრუამ არ გააკეთა. ამ დროისთვის უკვე 65 წელი იყო გასული ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე წარმატებული ექსპედიციებიდან და 23 წელი – ევერესტის პირველი დალაშქვრიდან.
წამით დაფიქრდით და მაშინვე მიხვდებით, რომ ეს ამბავი ამ ადგილის რეალურ სირთულესა და სიველურეზე მეტყველებს.
არავინ იცის, ზუსტად რა მანძილი გაიარა გრუამ, თუმცა უამრავი უბის გამო, ალბათ, 1100 კილომეტრზე მეტი, უწყვეტად იარა 37 დღის განმავლობაში, მდინარის სამხრეთ ნაპირზე.
საკუთარი გმირობა არასდროს გაუხმაურებია. თუმცა ნელ-ნელა გავრცელდა ხმები და ექსტრემალური ლაშქრობის მოყვარულთა ძალიან ვიწრო წრეს, ახალი საფიქრალი გაუჩნდა. მათ შორის – ფენიქსელ ელექტრიკოს რიჩ რუდოუს. 2015 წლის შემოდგომამდე, რუდოუ ასობით ლაშქრობაში იყო ნამყოფი და ნაპრალოვანი კანიონების კვლევაც დასრულებული ჰქონდა; გრძნობდა, რომ უკვე მზად იყო ამ 57-დღიანი მარშრუტისთვის, დიდი კანიონის ჩრდილოეთ ფერდობის აღმოსავლეთიდან დასავლეთით.
გრუას ლაშქრობის შემდეგ თითქმის 40 წელიწადში, იმ დროს, როცა რუდოუ ორ თანამგზავრთან ერთად გასამგზავრებლად ემზადებოდა, ოციოდე ადამიანი მისი საგმირო ლაშქრობის წარმატებას უახლოვდებოდა, ოღონდ ნაწილ-ნაწილ აწყობილი მარშრუტებით, რასაც „სექციურ“ ლაშქრობას უწოდებენ. ერთი ამოსუნთქვით გავლილი, „უწყვეტი“ მარშრუტის რიცხვი კიდევ უფრო მცირე იყო. 2015 წლამდე მთვარეზე უფრო მეტი ადამიანი იყო ნამყოფი (12), ვიდრე დიდ კანიონზე – უწყვეტი სვლით (8).
ფოტოგრაფმა პიტ მაკბრაიდმა რუდოუს გეგმების შესახებ შეიტყო, დაურეკა და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ მის გუნდს შევერთებოდით. მე და პიტს კანიონში ნაოსნობის მრავალი წლის გამოცდილება გვქონდა, მაგრამ სრულებით მოუმზადებლები ვიყავით იმისთვის, რაც გველოდა. რუდოუ დაგვთანხმდა, ალბათ იმიტომ, რომ შეძრა ჩვენი იქ წასვლის უმთავრესმა მიზანმა, უფრო ღრმად ჩავძიებოდით იმ საგანგაშო ამბებს, რასაც კანიონის მომავალზე ვისმენდით: ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის, ვერტმფრენების გახშირებული ფრენებისა და ურანის საბადოს ჩათვლით.
რაც დიდი კანიონი ამერიკელთა ცნობიერებაში შეიჭრა, მას შემდეგ, ძირითადად, ორგვარ რეაქციას იწვევს: მისი დაცვის სურვილსა და მის ხარჯზე უზარმაზარი ფულის შოვნის ცდუნებას. პაუელის ექსპედიციის მომდევნო წლებში, სამთო-მომპოვებლები კანიონისკენ მიიჩქაროდნენ სპილენძის, თუთიის, ვერცხლისა და აზბესტის მოსაპოვებლად. 1880-იან წლებში ერთმა მაგნატმა მოისურვა კანიონის ძირი სარკინიგზო დერეფნად ექცია, ქვანახშირი დენვერიდან კალიფორნიაში რომ გადაეზიდა (ის მდინარე კოლორადოში დაიხრჩო, გეოდეზიური ექსპედიციის ორ წევრთან ერთად). 1950-იან წლებში ერთმა სამთო-მომპოვებელმა კომპანიამ გიგანტური საბაგირო გზის გაყვანით სცადა გამდიდრება, რათა ღამურას ექსკრემენტები გადმოეზიდა გამოქვაბულიდან და მებაღეებისთვის მიეყიდა; მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. სამთავრობო გეგმაც კი არსებობდა, რომ კანიონის შუაგულში ორი გიგანტური ჰიდროელექტროკაშხალი აეგოთ, ამ პროექტის შედეგად მდინარე კოლორადოს დიდი ნაწილი წყალსატევებად იქცეოდა და მათი ნაპირები დღეს სავსე იქნებოდა მცურავი სახლებითა და წყლის მოტოციკლებით.
1960-იან წლებში კაშხლების აშენების წინააღმდეგ წარმატებულმა კამპანიამ, რომელსაც სათავეში სიერა-კლუბი ედგა, დაამკვიდრა იდეა, რომ დიდი კანიონი ხელშეუხებელია. თუმცა მე და პიტს ბევრი ახალი ინიციატივაც გვქონდა გაგონილი – მათ შორის ბევრი, საღად მოაზროვნე მეწარმეებისგან, რომლებიც კანიონის უშუალო საზღვართან საქმიანობდნენ. ამ ტერიტორიებს აკონტროლებს არა ეროვნული პარკები, არამედ აშშ-ის სატყეო სამსახური ან მკვიდრ ამერიკელთა ხუთი ტომიდან ერთ-ერთი. მათი ფედერალურად აღიარებული რეზერვაციებიც კანიონის ირგვლივ მდებარეობს. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო პარკს კომპასის ოთხივე მხრიდან მომავალი საფრთხე განადგურებით ემუქრება; დაწყებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ვერტმფრენების შეუზღუდავი მოძრაობით, დამთავრებული ურანის მოპოვებით.
ჩავთვალეთ, რომ საფრთხის რეალურად შესაფასებლად და იმის გასარკვევად, თუ რისი დაკარგვა გვემუქრებოდა, კარგი იქნებოდა კენტონ გრუას მაგალითით გვეხელმძღვანელა და უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრში გველაშქრა.
„მეგობარო, როგორ ხარ? – ფრთხილად შემაჯანჯღარა პიტმა, – იქნებ, ცოტა შეჭამო, სანამ გული წაგივა“.
გვიანი სექტემბერია, ლაშქრობის პირველი დღე. სადაცაა მზეც ჩავა. მე კი მიწის პატარა ნაგლეჯზე ვარ გართხმული, აქ უნდა გავათიოთ ღამე.
ბევრი რამისთვის ვიყავი მოუმზადებელი და მათ შორის იმისთვის, რომ მოგზაურობის პირველ მონაკვეთში არაფერი ხდება თანდათანობით. კანიონი მის დამპყრობლებს, ყველაზე რთული რელიეფით მოულოდნელ დარტყმებს შესასვლელშივე აყენებს. ამას ემატება 23-კილოგრამიანი ბარგი და ადრე შემოდგომის ანომალიური სიცხე, ტემპერატურა 43 გრადუსია, რამაც ჩვენი ორგანიზმიდან წყლის ყველა წვეთი გამოწურა და სალაშქრო ფეხსაცმელების ძირების ცვეთა დაიწყო.
გამთენიისას პიტი ჩემზე უარესად იყო. საშინელი კრუნჩხვა დაეწყო. მაისური გაიხადა. რომ შეგეხედათ, გეგონებოდათ, მუცელში თაგვი შეუძვრა და მთელ სხეულში დაბორიალობსო.
მეექვსე დღეს მივხვდით, რომ ნამდვილად არ ვიყავით მზად და იქაურობას გავეცალეთ. რუდოუმ და მისმა პარტნიორებმა კი გზა განაგრძეს. უკანა გზაზე პიტი ბოდავდა და ორიენტაცია დაკარგა. ფლაგსტაფში რომ დავბრუნდით, ჰიპონატრემიის დიაგნოზი დაუსვეს – სიცხით გამოწვეული, მარილებისა და მინერალების დისბალანსი, მკურნალობის გარეშე, შეიძლება კიდეც დაღუპულიყო.
ოქტომბრის ბოლოს, დაშინებულები, მაგრამ არა დამარცხებულები, კვლავ დავბრუნდით უკვე გაცილებით გრილ კანიონში და ზუსტად იმ წერტილიდან განვაგრძეთ სვლა, სადაც სამი კვირის წინ შევწყვიტეთ. რამდენიმე დღე კირქვის შვერილების თავბრუდამხვევ სერპანტინებზე დავდიოდით, რომელიც თითქმის 300 მეტრის სიღრმეზე ეშვებოდა პირდაპირ მდინარესთან. მდინარის 52-ე კილომეტრის ნიშნულთან შევამჩნიეთ გამოქვაბულის დაბურული შესასვლელი, სადაც არქეოლოგებმა 10 000 წლის წინ მოსახლე პუებლო ინდიელების წინაპართა არტეფაქტები აღმოაჩინეს. ასევე იპოვეს ჰარინგტონის თხის და დასავლური აქლემის ნაშთები – ეს გადაშენებული არსებები პლეისტოცენის ბოლომდე, დაახლოებით 12 000 წლის წინ ცხოვრობდნენ.
ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსა: დილით შვრიის ფაფით გავიტენებოდით, გავუდგებოდით 19-23-კილომეტრიან დამღლელ გზას, რომელიც ჩვეულებრივ, გულისხმობდა 300 მეტრის სიმაღლეზე ბარგის თრევას, საშინელ ციცაბო ფერდობებზე დაშვებასა და ეკალ-ბარდებში გზის გაკვალვას. ასე გრძელდებოდა გვიან საღამომდე. ამ დროს უკვე „გალახულები“, დაკაწრულები, ღონემიხდილები ვადუღებდით წყალს, რეჰიდრირებულ სადილს ვსანსლავდით, ვწვებოდით და ღამის ცას ვუცქერდით ამერიკელი ედუარდ ების ესეს სიტყვების ფონზე, რომლებსაც ტელეფონში გადმოწერილი აუდიოწიგნიდან ვისმენდით.
ამ წიგნში (Desert Solitaire – უდაბნოს სიმარტოვე) ები პატივს მიაგებს დიდი კანიონის მეგობარ პარკებს: კანიონლენდსსა და თაღების ეროვნულ პარკს. თუმცა ღონეგამოცლილი, დაძინებამდე სულ რამდენიმე წინადადების მოსმენას ვასწრებდი, პიტს ხშირად ვთხოვდი, ხელახლა ჩაერთო ის მონაკვეთი, სადაც ები მკითხველებს აფრთხილებს: გაისად ივნისში არ ჩახტნენ მანქანებში და არ გაცვივდნენ იმის იმედით, რომ სწორედ იმ საოცრებებს მოინახულებენ, რომლებსაც თავად აღწერდა.
„ჯერ ერთი, მანქანიდან ვერაფერს დაინახავთ; უნდა გამოძვრეთ წყეული მანქანიდან და ფეხით გაიაროთ ან, უფრო სწორად, ხელებითა და მუხლებით გახოხდეთ ქვიშაქვაზე, ეკლიან ბუჩქებსა და კაქტუსებში. როცა თქვენს ნაკვალევს სისხლის წვეთები დააჩნდება, აი, მაშინ, ან ნახავთ რამეს, ან ვერა“.
მიუხედავად იმისა, რომ იმ წუთებში ეს ნაწყვეტი უშუალოდ მეხებოდა, თავს ვუძალიანდებოდი, არ ჩამძინებოდა და გაგრძელებისთვისაც მომესმინა: „მეორე: რაზეც ახლა ამ წიგნში ვწერ, უკვე დიდი ხნის გამქრალია ან უკვე მალე გამოგვეცლება ხელიდან. ეს არ არის სამოგზაურო გზამკვლევი, ეს ელეგიაა, მემორიალი. თქვენ ახლა ხელთ გიპყრიათ საფლავის ლოდი“.
1967 წელს დაწერილი ეს სიტყვები თავზარდამცემი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა. თაღების ეროვნული პარკის, ერთ დროს ხელუხლებელი ბუნება ახლა მნახველებითაა სავსე (1,4 მლნ 2015 წელს). შარშან, სამოქალაქო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს, დროდადრო პარკის შესასვლელიც კი იკეტებოდა უამრავი ვიზიტორის გამო. კაშხლის პროექტმა კი, გლენ-კანიონი, რომელიც, როგორც ამბობდნენ, მშვენიერებით დიდ კანიონსაც ეცილებოდაო, 299 კმ-იანი, ჯონ უესლი პაუელის წყალსაცავის ქვეშ მოაქცია.
რამდენიმე ხანში მე და პიტი მივხვდით, მიმდინარე ცვლილებები, რომლებიც შემაშფოთებლად ჰგავს ების მიერ აღწერილ საფრთხეებს – განვითარებასა და ფულის ძიებას – ახლა იჩენს თავს დიდ კანიონში.
სამდინარო გზის მე-100 კილომეტრზე ლის-ფერიდან, მოწითალო ყავისფერი კოლორადო, კანიონის ფარგლებში მდებარე მის უდიდეს შენაკადს, ფირუზისფრად მოელვარე პატარა კოლორადოს უერთდება. ამ ადგილს საკრალური მნიშვნელობა აქვს მკვიდრი ამერიკელებისთვის, მათ შორის არიან: ჰავასუპაი, ზუნი, ჰოი და ნავაჰო, რომელთა წინაპართა მიწებიც კანიონის ტერიტორიაზეა.
ჰავასუპაის ტომის წარმომადგენლები, რომელთა რეზერვაციაც დიდი კანიონის ტერიტორიაზეა, საპროტესტოდ შეიკრიბნენ კანიონ-მაინთან, სადაც 2017 წელს ურანის მოპოვება უნდა დაიწყოს. წყაროები ადრე იწამლებოდა, თუმცა მაღაროს ახლანდელი მმართველი „ენერჯი-ფუელსი“, აცხადებს რომ უსაფრთხოება დაცულია.
ჰუალაპაის სანაოსნო ტურები რეგულარულად სრულდება მდინარე კოლორადოს იმ მონაკვეთზე, რომელიც ამ ტომის რეზერვაციას ესაზღვრება. წესით, მდინარე ყოფს რეზერვაციასა და დიდი კანიონის ეროვნულ პარკს, მაგრამ ტომი და პარკის სამსახური ვერ თანხმდებიან ზუსტ საზღვარზე.
მატიე ბრაუნი (მარცხნივ), კელი მაკგრათი (ცენტრში) და ავტორი ათანხმებენ მარშრუტს სამხრეთ რკალისაკენ.
მკვიდრი ტომები მდინარეების შესართავს საკრალურად მიიჩნევენ. მდინარე კოლორადოს შესართავზე კი ტრამვაის ხაზის გაყვანა იგეგმება ტურისტული მიზნით.
დიდი კანიონის ყოფილი რეინჯერი, ემი მარტინი ზამთრის მზის ამოსვლას უცქერს კოლორადოს მონაკვეთზე, სახელად კონკისტადორ-აილი. კანიონის ჩრდილოეთ რკა-ლის 95 პროცენტზე სალაშქრო ბილიკი არ არსებობს, ისევე როგორც სამხრეთ რკალის 80 პროცენტზე.
ტურისტები გრანდ-კანიონ-უესტისაკენ გაფრენის დოკუმენტურ კადრებს იღებენ. გასულ გაზაფხულს, ე. წ. ვერტმფრენების ხეივანში, National Geographic-მა 5 საათში 262 ფრენა დაითვალა.
ტურისტები გრანდ-კანიონ-უესტისაკენ გაფრენის დოკუმენტურ კადრებს იღებენ. გასულ გაზაფხულს, ე. წ. ვერტმფრენების ხეივანში, National Geographic-მა 5 საათში 262 ფრენა დაითვალა.
დიდი კანიონის ზემო ნაწილში ფრენისას იშლება ხედი ნავაჰოს რეზერვაციაზე (კანიონის შორეული მხარე). მთელი კანიონის დანახვა შეუძლებელია რომელიმე ერთი წერტილიდან, ამბობს როჯერ კლარკი (Grand Canyon Trust).
ჰავასუპაის ტომის წარმომადგენლები, რომელთა რეზერვაციაც დიდი კანიონის ტერიტორიაზეა, საპროტესტოდ შეიკრიბნენ კანიონ-მაინთან, სადაც 2017 წელს ურანის მოპოვება უნდა დაიწყოს. წყაროები ადრე იწამლებოდა, თუმცა მაღაროს ახლანდელი მმართველი „ენერჯი-ფუელსი“, აცხადებს რომ უსაფრთხოება დაცულია.
ჰუალაპაის სანაოსნო ტურები რეგულარულად სრულდება მდინარე კოლორადოს იმ მონაკვეთზე, რომელიც ამ ტომის რეზერვაციას ესაზღვრება. წესით, მდინარე ყოფს რეზერვაციასა და დიდი კანიონის ეროვნულ პარკს, მაგრამ ტომი და პარკის სამსახური ვერ თანხმდებიან ზუსტ საზღვარზე.
მატიე ბრაუნი (მარცხნივ), კელი მაკგრათი (ცენტრში) და ავტორი ათანხმებენ მარშრუტს სამხრეთ რკალისაკენ.
მკვიდრი ტომები მდინარეების შესართავს საკრალურად მიიჩნევენ. მდინარე კოლორადოს შესართავზე კი ტრამვაის ხაზის გაყვანა იგეგმება ტურისტული მიზნით.
დიდი კანიონის ყოფილი რეინჯერი, ემი მარტინი ზამთრის მზის ამოსვლას უცქერს კოლორადოს მონაკვეთზე, სახელად კონკისტადორ-აილი. კანიონის ჩრდილოეთ რკა-ლის 95 პროცენტზე სალაშქრო ბილიკი არ არსებობს, ისევე როგორც სამხრეთ რკალის 80 პროცენტზე.
ტურისტები გრანდ-კანიონ-უესტისაკენ გაფრენის დოკუმენტურ კადრებს იღებენ. გასულ გაზაფხულს, ე. წ. ვერტმფრენების ხეივანში, National Geographic-მა 5 საათში 262 ფრენა დაითვალა.
ტურისტები გრანდ-კანიონ-უესტისაკენ გაფრენის დოკუმენტურ კადრებს იღებენ. გასულ გაზაფხულს, ე. წ. ვერტმფრენების ხეივანში, National Geographic-მა 5 საათში 262 ფრენა დაითვალა.
დიდი კანიონის ზემო ნაწილში ფრენისას იშლება ხედი ნავაჰოს რეზერვაციაზე (კანიონის შორეული მხარე). მთელი კანიონის დანახვა შეუძლებელია რომელიმე ერთი წერტილიდან, ამბობს როჯერ კლარკი (Grand Canyon Trust).
2 ნოემბერს დილით, კოლორადოს ჩრდილოეთ ნაპირზე გამოვედით, პატარა რეზინის ნავები დავბერეთ და მდინარე გადავლახეთ, რათა შევდგომოდით ცოცვას ურთულესი 1050-მეტრიანი, ციცაბო კლდის ბასრ ნატეხებზე. მალე კანიონის შორეულ აღმოსავლეთ რკალთან და ნავაჰოს რეზერვაციის დასავლეთ საზღვარზე მივედით. ეს მარშრუტი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ზუსტად იმ ბილიკის პარალელურია, სადაც სკოტსდეილის დეველოპერებს სურთ ესკალადის ტრამვაის ხაზის გაყვანა; ამ რკალიდან ტურისტებს რვაკაციანი გონდოლები გადაიყვანენ მდინარის პირას. იქ კი უნდა მოეწყოს სავაჭრო კომპლექსი, კაფეები და ამფითეატრი შესართავზე ხედით.
ტრამვაი შეძლებს, დღეში 10 000 ადამიანი მიიყვანოს იმ ადგილას, რომელიც ახლა, ზაფხულის ერთ დღეს, სულ რამდენიმე ათეულ ადამიანს მასპინძლობს, ზამთარში კი თითქმის არავის. მსგავსი პროექტი კანიონს არ ახსოვს.
პოლიტიკური კონსულტანტი რ. ლამარ უიტმერი ამ პროექტის მამოძრავებელი ძალაა. მან დაარწმუნა ნავაჰოს პოლიტიკოსები, რომ ეს მათ ტომს საჭირო შემოსავალს მოუტანდა. მოწინააღმდეგეთა რიგებში არიან ბუნების დამცველები და რეგიონის პრაქტიკულად ყველა ტომი, ნავაჰოს ერთი ჯგუფის ჩათვლით. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ უიტმერმა და მისმა თანამოაზრეებმა, პროექტის მხარდასაჭერად, ტომის ზოგიერთი წარმომადგენელი ცრუ დაპირებებით მოატყუეს, რასაც უიტმერი უარყოფს.
ამ ჯგუფმა საკუთარ თავს „მდინარის შესართავის გადამრჩენელი“ უწოდა; ერთ-ერთმა წევრმა, რენე იელოუჰორსმა ყური მოჰკრა, რომ მე და პიტი კანიონის სწორედ იმ ადგილზე უნდა მივსულიყავით, რომელიც შესართავს გადაჰყურებს; დაურეკა მეგობარს და სთხოვა, შინიდან, ნავაჰოს რეზერვაციის დასავლეთ საზღვრიდან 66 კმ მანძილზე მანქანით მოეყვანა, რათა ჩვენთვის ტრადიციული ცხვრის ბულიონი მოერთმია და თავისი მოსაზრებებიც გაეზიარებინა.
იელოუჰორსის თქმით, რეზერვაციაში დადის ხმები, რომ უიტმერი და მისი მოკავშირეები ინვესტორებს აგროვებენ, მილიარდიანი პროექტის დასაფინანსებლად. პარალელურად, ეძებენ ახალ მოკავშირეებს ნავაჰოს კანონმდებლებს შორის, იმ იმედით, რომ გვერდს აუვლიან პროექტის მთავარ ოპონენტს, ნავაჰოს პრეზიდენტ რასელ ბეგაიეს. „განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს აქ უადგილოა“, განაცხადა იელოუჰორსმა – წვრილჩარჩოიან სათვალესა და ტყავის მოკასინებში გამოწყობილმა, გასაოცრად შეუპოვარმა ქალმა. „მინდა, ჩემს შვილიშვილებს ისეთივე დახვდეთ აქაურობა, როგორიც ჩემი წინაპრების დროს იყო. არ გვინდა, კანიონის პირას დისნეილენდი დახვდეთ“.
როჯერ კლარკმა ვრცლად განგვიმარტა ამ განაცხადის შინაარსი. კლარკი იელოუჰორსთან მეგობრობს, სწორედ მისი მანქანით მოვიდნენ ჩვენთან. ის ბუნების დამცველთა ჯგუფის (Grand Canyon Trust) პროგრამების დირექტორია და 30 წელია ებრძვის კანიონის წინაშე მდგარ საფრთხეებს; ძალიან აწუხებს ტრამვაის გეგმა. მაგრამ ის უფრო აღელვებს, რომ, შესაძლოა, ეს პროექტი იყოს უფრო დიდი საფრთხეების ჯაჭვის ერთი რგოლი, რომელიც გაუგონარ დარტყმას მიაყენებს კანიონის ერთიან ქსოვილს.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც კლარკსა და სხვა უამრავ ბუნების დამცველს აფიქრებს, პატარა დასახლება ტუსაიანია, მოკრძალებული ტურისტული მოტელებისა და ბენზინგასამართი სადგურების ზოლით, პარკის მთავარი შესასვლელიდან სამ კილომეტრში, სამხრეთ რკალში. ერთ კონსორციუმს სურს დასახლება კურორტად აქციოს, ათასობით ახალი საცხოვრებლითა და 10 000 კვადრატულ მეტრზე მეტი კომერციული ფართით, მაღალი კლასის სასტუმროებით, ევროპული სტილის სპა-სალონებითა და დასასვენებელი რანჩოებით.
ყველაფერ ამას დიდი რაოდენობით წყალი დასჭირდება. დეველოპერები, რომელთაც იტალიური კომპანია „სტილო“ უძღვება, ამბობენ, რომ წყლის მოწოდების რამდენიმე გზას განიხილავენ, მათ შორის, მატარებლით ან მდინარე კოლორადოში გაყვანილი მილით. თუმცა მათთვის ასევე ნებადართულია არიდული სამხრეთ რკალის ზედაპირზე ჭების გაბურღვაც, რათა იმ წყალშემცველ ჰორიზონტს (შრე) ჩასწვდნენ, რომელიც უამრავ წყაროს კვებავს და დიდი კანიონის სიღრმეში გაედინება. შიშველ ქანზე გამოჟონილი წყლის ეს პატარ-პატარა უჯრები, კანიონის ზედაპირის ფართობის 0,01 პროცენტია, თუმცა თითოეული ეს პატარა ოაზისი ფლორისა და ფაუნის კომპლექსურ ქსელს ასაზრდოებს. მდინარე კოლორადოსა და ჩრდილოეთ რკალს შორის სიმაღლეში 1800-მეტრიანი სხვაობის წყალობით, კანიონში წარმოდგენილია ჩრდილოეთ ამერიკის შვიდი ბიომიდან ხუთი – მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ეროვნულ პარკში. განედურ ჭრილში ეს იგივეა, ჩრდილოეთ მექსიკიდან არქტიკულ რეგიონებამდე იაროთ, რომ დიდ კანიონში 1 კმ-ზე ოდნავ მეტ ვერტიკალზე ჩატეული ყველა ეს ბიომი შეგხვდეთ. ბიოლოგების თქმით, რა მიზეზითაც არ უნდა დაბინძურდეს ან დაშრეს ეს წყაროები, აუცილებლად მოახდენს გავლენას მთელი კანიონის ბიომზე.
მაშინ კლარკმა ჯერ არ იცოდა, რომ აშშ-ის სატყეო სამსახური მალე უარს იტყოდა განეხილა ქალაქის მიერ შეტანილი განაცხადი, რომელიც გზის გამოყენების უფლების გაფართოებას ითხოვდა და გადამწყვეტი გახლდათ პროექტის გასაგრძელებლად. მაგრამ ტუსაიანის პროექტის მხარდამჭერებმა უკვე ბევრი დაბრკოლება გადალახეს და თუ ამ ბოლო სირთულესაც დაძლევენ, ვეღარაფერი შეაჩერებთ.
თუმცა ტუსაიანი რეგიონის წყალშემცველი ჰორიზონტებისთვის ერთადერთი საფრთხე არაა. ამ დასახლების სამხრეთ-აღმოსავლეთით სულ რაღაც 10 კილომეტრში, ასევე პარკს მიღმა, კომპანია „ენერჯი-ფუელსმა“, ბუნების დამცველებთან და ჰავასუპაის ტომთან მწვავე სასამართლო დავის შემდეგ, ხელახლა გახსნა კარიერი, რომელიც მალე დაიწყებს ურანის მოპოვებას. კომპანიის ადმინისტრაციამ უარყო მასშტაბური კატასტროფის შესაძლებლობა. მაგრამ აშშ-ის გეოლოგიური კვლევის მონაცემებით, დიდი კანიონის ტერიტორიის შიგნით 15 წყაროსა და 5 ჭის წყალში ურანის შემცველობა სასმელად სახიფათო დონეზეა.
გარდა ამისა, ჰუალაპაის ტომმა, რომელთა რეზერვაცია მდინარე კოლორადოს სამხრეთ ნაწილს ესაზღვრება, შეუზღუდავი საჰაერო მიმოსვლისთვის გახსნა მდინარის 35 კმ-იანი დერეფანი კანიონის დასავლეთ კიდის ძირას. ჰუალაპაის თხოვნის საპასუხოდ, ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ შეცვალა წესი და ამ ტომს უკვე შეუძლია ვერტმფრენებით შეუზღუდავი რაოდენობის ფრენები განახორციელოს. რეისები სავსეა დამთვალიერებლებით, ძირითადად ლას-ვეგასიდან, რომლებიც დაფრინავენ კანიონის თხემის ქვემოთ, აისიდან დაისამდე. ხმაური იმდენად ძლიერი და უწყვეტია, რომ ადგილობრივები ამ ზონას „ვერტმფრენების ხეივანს“ უწოდებენ.
„ახლა, როცა ამ ვრცელ ლანდშაფტს უმზერ, ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეძლებს ადამიანი დააზიანოს ან გაანადგუროს ის, მაგრამ თითოეულ ამ საფრთხეს შეუძლია კანიონის დიდებულება ნაწილ-ნაწილ გააფერმკრთალოს, მთლიანობაში კი, ეს ყველაფერი დიდ კანიონს წაართმევს მის უნიკალურ უნარს – თავი უსუსურ არსებად გაგრძნობინოს; დაგანახოს რამდენად პატარაა ადამიანი ჩვენი პლანეტის შემოქმედ ძალებთან შედარებით და რომ ჩვენ ნამდვილად არ ვართ სამყაროს ცენტრი“, – ამბობს კლარკი.
კლარკის აზრით, უფრო დიდი საფრთხე ისაა, რომ შესაძლოა, ტუსაიანი, ტრამვაი და „ვერტმფრენების ხეივანი“ გახდეს ბიძგი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ჰუალაპაის ვერტმფრენების სარფიანმა ბიზნესმა ნავაჰოს ტომის ხალხიც მოხიბლა. მათი აზრით, საბაგირო გონდოლების სისტემა კანიონის აღმოსავლეთ მხარეშიც გამოიწვევს საჰაერო ტურისტულ აფეთქებას. კლარკი შიშობს, რომ თუ ასე მოხდება და ტუსაიანის განვითარება კვლავ გაგრძელდება, გავლენა იქნება უზარმაზარი: „კანიონის თავზე, ცენტრალურ ნაწილში მეგა კურორტი აღმოცენდება და მეორე მხარეს ორი უზარმაზარი საჰაერო ტურისტული საქმიანობა გაჩაღდება, რომელთაც ცალ-ცალკე კიდევ მიებმება სხვა პროექტები, საკმაოდ რეალურია, რომ მთელი კანიონი ეროვნულ პარკზე მეტად, გასართობ პარკს დაემსგავსოს“.
მადლიერების დღის შემდეგ, მე და პიტი გავეშურეთ იმავე ადგილისკენ, სადაც წინა სვლა შევწყვიტეთ და მდინარის მიმართულებით განვაგრძეთ ლაშქრობა. 196 კილომეტრის შემდეგ ისევ პარკის სამხრეთ რკალის შესასვლელთან გამოვძვერით. ახალი წლის შემდეგ კი დაიწყო 106-კილომეტრიანი იერიში. ჩვენს ყოველდღიურ ტემპს განსაზღვრავდა წყაროების მდებარეობა, ერთიდან მეორეზე დავხტოდით „კლასობანასავით“. ჰორნ-კრიკზე დიდ წყაროს ავუარეთ გვერდი, რადგან ზუსტად სამხრეთ რკალის ქვეშ მდებარე, მიტოვებულ ურანის მაღაროს დაებინძურებინა. აქ წყალი 1960-იანი წლებიდან იწამლებოდა.
იანვრის ბოლოს, ყველაზე რთული მარშრუტისთვის – „გრეით-თამბ-მესას“ ირგვლივ 249 კმ-იანი მონაკვეთისთვის ვემზადებოდით – ჩვენი მეგობარი რიჩ რუდოუც კვლავ შემოვიდა ჩვენს ისტორიაში. ნოემბერში მან და მისმა მეწყვილემ, კრის ეტვუდმა გრანდ-უოშ-კლიფსი გაიარეს და მე-9 და მე-10 ნომრებად შეუერთდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც მთელი კანიონი ერთ მარშრუტად და არა ცალ-ცალკე სექციებად დალაშქრეს (მესამე მეგობარი, დეივ ნალი შეუძლოდ გახდა და მალე გამოაკლდათ). რუდოუ ჩვენი სატელიტური გზავნილების დახმარებით თვალს ადევნებდა ჩვენს წინსვლას და ნერვიულობდა იმ სირთულეებზე, რომელთაც, შესაძლოა, მე და პიტი შევჯახებოდით „გრეით-თამბ-მესაზე“. ზამთარში, აქ შესაძლოა, მოულოდნელად ქარბუქი ამოვარდეს და რამდენიმე სანტიმეტრზე თოვლიც დადოს.
რუდოუმ გადაწყვიტა, ჩვენ სამწყემსად დაბრუნებულიყო. ამიტომაც ვიდექით პირველი თებერვლის შუადღეს, „ბუს თვალების“ კიდეზე, 30-სანტიმეტრიან თოვლში და თავს ვიმტვრევდით იმაზე, თუ როგორ უნდა გაგვეღწია იქიდან…
ნალის ფორმის მქონე უბის შორეულ ბოლოში უზარმაზარი შვერილი იყო. იმ ბრტყელ მიწამდე თუ მივიდოდით, გვეშველებოდა. მაგრამ ამისთვის პირდაპირ თიხაფიქლის ციცაბო ფერდობი უნდა გადაგველახა, თანაც ურყევი რწმენით, რომ ფეხის დაცდენისას, თავს აუცილებლად შევიმაგრებდით და 120-მეტრიანი კლდიდან არ გადავფრინდებოდით. გვიანი ნაშუადღევი იყო და დაბნელებამდე უსაფრთხო ადგილს თუ ვერ მივაღწევდით, „ბუს თვალების“ მუხანათური, სრიალა ფერდობის პირას ღამისთევა გველოდა.
ორ საათზე მეტი გავიდა და მხოლოდ ნალის შუამდე მივაღწიეთ, სადაც ფერდობიდან 20-იოდე მეტრის სიგრძის შვერილი გამოდიოდა. ზედაპირი სწორი იყო, მოშორებით კი ქვების პატარა გროვა ჩანდა. მასთან მივედით, რუდოუ შეჩერდა და წამიერად თავი დახარა. შემდეგ სათვალე მოიხსნა და თვალები მოიწმინდა. „დიდი ბოდიში, – ჩუმად თქვა, – ძალიან მიმძიმს აქ დგომა“. შემდეგ გაგვაცნო ქალი, რომლის ხსოვნასაც ეძღვნებოდა ეს ქვების გროვა.
მას იოანა ელის ჰოსიოტა ერქვა. წარმოშობით რუმინელი, ოთხ ენაზე ლაპარაკობდა და სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა მათემატიკასა და ბიოლოგიაში. 24 წლის იყო, ახალდაქორწინებული, მას და მის ქმარს, ენდრიუ ჰოლიკროსს კანიონი უკვე თითქმის ბოლომდე, „სექციურად“ დაელაშქრათ.
2012 წლის ზამთარში, ჰოსიოტამ „გრეით-თამბ-მესასთან“ შვერილების 32-კილომეტრიანი მონაკვეთის დალაშქვრა მოისურვა. ჰოლიკროსი სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო, ამიტომ ჰოსიოტა დაუწყვილდა მათიას კავსკის, მათემატიკის პროფესორს, მის მენტორს. ისინი „ბუს თვალების“ შუაში იყვნენ, როცა სამხარზე შეჩერდნენ. შემდეგ კავსკიმ თიხიანი ფიქლებისკენ განაგრძო გზა. ჰოსიოტამ მოკლეზე მოჭრა გადაწყვიტა. კავსკი მას ვეღარ ხედავდა, ორიოდე წუთში ქვების ცვენის ხმა გაიგო, ამას მოჰყვა გამყინავი კივილი, რამდენიმე წამში კი – ყრუ ბრახუნი; კავსკი კლდის პირას მიცოცდა და გადაიხედა, კარგა ხანს ეძახდა, მაგრამ ამაოდ. ჰოსიოტა აღარსად ჩანდა…
მეორე დღეს ჰოსიოტას ცხედარს მიაგნეს. ვერტმფრენზე ტროსით მიბმული რეინჯერი დაეშვა მის ამოსაყვანად. რუდოუმ თხრობა შეწყვიტა, დასავლეთით გაიხედა, მზე უკვე კანიონის ჰორიზონტს უახლოვდებოდა: „მეგობრებო, აქ მოგვიწევს ღამის გათევა“.
ის ღამე ბრტყელი მიწის პატარა ნაგლეჯზე გავატარეთ, ჰოსიოტას მემორიალთან გაშლილ ორ ტენტში საგულდაგულოდ შევინახეთ წყლის ბოთლები, მაგრამ მაინც გაიყინა. გაგვეყინა ფეხსაცმელებიც. მეორე დღეს სალაშქრო გაზქურებზე ვალღობდით.
ბანაკი დავტოვეთ და მძიმე ნაბიჯებით განვაგრძეთ გზა თოვლით დაფარულ ფერდობებზე „ბუს თვალების“ მოპირდაპირე მხარეს, ბრტყელი შვერილისკენ, სადაც ჩვენი აღჭურვილობა მზეზე გავაშრეთ და გავხედეთ უკან მოტოვებულ გზას.
სევდიანი და სახიფათო ადგილი იყო, მიხაროდა, რომ იქიდან გამოვაღწიე. მაგრამ მერწმუნეთ, იქაურობა მართლაც ულამაზესი იყო; დილის მზის შუქზე, კლდის ის ფერდობიც კი, რომლიდანაც ჰოსიოტა გადავარდა, თაფლისფრად შეფერილიყო და თითქოს შიგნიდან ანათებდა. შესაძლოა, სწორედ იმ მომენტში დავინახე ის, რასაც ედუარდ ები გულისხმობდა, როცა წერდა, რამდენად მნიშვნელოვანია მიწაზე ხოხვა და სისხლის წვეთები შენს ნაკვალევზე, რაღაც რომ დაინახო.
რაც ვნახე ან, უფრო სწორად, რასაც მივხვდი: იმ მრავალ მიზეზს შორის, რამაც ნიჭიერი მათემატიკოსი რუმინეთიდან აქამდე მოიყვანა, იყო ის, რომ კანიონი ნამდვილად არ არის გასართობი პარკი. ამ ადგილას, მოაჯირების გარეშე, ყველა საფრთხე რეალურია. თუმცა არანაკლებ რეალურია ის, რითიც აქაურობა გაჯილდოებს: ამ უძველეს, ხელუხლებელ ველურ ბუნებაში სიარულისას, გახსენდება, რა მოკრძალებული ადგილი უკავია ჩვენს სახეობას მასში და რამდენად სათუთია სიცოცხლე. როგორც ჩანს, იოანა ჰოსიოტამ იცოდა, რომ ასეთი ადგილები სჭირდებოდა. ვეჭვობ, ჩვენ, დანარჩენებსაც ძალიან გვჭირდება.
ოთხი დღის შემდეგ წამოვედით კანიონიდან. ფლაგსტაფში მარაგები შევავსეთ და განვაგრძეთ ცალკეული მარშრუტების სერია. მარტის შუა რიცხვებში უკვე 80 კმ-ით მივუახლოვდით დასასრულს. თუმცა კანიონმა მაინც არ მოგვასვენა. ერთ მშვენიერ დილას, პიტის მაჯის საათის თერმომეტრმა 44 გრადუსი აჩვენა. ტემპერატურა იმაზე მაღალი იყო, ვიდრე ექვსი თვის წინ, როცა პიტს ჰიპონატრემია დაემართა. ნახევარ საათში გამოვბრუნდით.
როცა ეს თავგადასავალი წამოვიწყეთ, ვერაფრით წარმოვიდგენდით, რომ შვიდი ცალკეული მარშრუტის შემდეგაც ვერ მივაღწევდით კანიონის ბოლოს. თუ ამას 2016 წლის სექტემბერში კითხულობთ, სავარაუდოდ, ჩვენ ისევ გზაში ვართ და ვცდილობთ, ბოლომდე მივიდეთ; ათწლეულების შემდეგ თუ კითხულობთ, ვთქვათ, 2066 წელს, იმედია, დიდი კანიონის თვალუწვდენელი ველური ბუნება, ისევ არსებობს!
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.