დიდი თეთრი იდუმალება
მხატვრული ფილმი „ყბების“ წყალობით თეთრი ზვიგენი ყველაზე ცნობილი სახეობაა. მაშ, რატომ ვიცით ასე ცოტა მის შესახებ?


დიდი თეთრი იდუმალება
მხატვრული ფილმი „ყბების“ წყალობით თეთრი ზვიგენი ყველაზე ცნობილი სახეობაა. მაშ, რატომ ვიცით ასე ცოტა მის შესახებ?
თეთრ ზვიგენთან ველურ ბუნებაში შეხვედრა სულაც არ არის ისეთი, როგორიც წარმოგვიდგენია. ერთი შეხედვით არც ისეთი ბოროტი მხეცია, ტელეშოუებში რომ გვიჩვენებენ. როცა ეს ვეება კუპატივით ჩასუქებული წყლის ქმნილება პირს აღებს, ყბის მიდამოებში არსებული მოშვებული კანი უკანა ნაწილში გადასდის და ფუმფულა ლოყებზე თითქოს სულელური ღიმილი დასთამაშებს. გვერდიდან, მსოფლიოს ყველაზე საშიში მტაცებელი, სულელურად მომღიმარ პუტკუნა ჯამბაზს წააგავს.
აი, როცა წყალქვეშა ჯამბაზი თქვენკენ მოტრიალდება, მაშინ მიხვდებით, რატომ ეშინიათ მისი დედამიწაზე ყველაზე მეტად. მისი ანფასი სულაც არაა ფუმფულა და რბილი – მის თავს ისრის ფორმა აქვს და შავი თვალები ბოროტად გიმზერენ. სულელური ღიმილი სადღაც ქრება და ერთადერთი, რასაც ვხედავთ ხუთსანტიმეტრიანი კბილების მწკრივია, რომელთა დარტყმის ძალა ორ ტონას აღწევს. იგი ნელა, თავდაჯერებულად გიახლოვდებათ. ჯერ ერთ მხარეს აბრუნებს თავს, მერე მეორე მხარეს – წყვეტს, უღირს თუ არა თქვენზე დროის დახარჯვა. თუ გაგიმართლათ, გაბრუნდება, კვლავ ჯამბაზად გადაიქცევა და წყვდიადში გაუჩინარდება.
ზვიგენის 500-ზე მეტი სახეობა არსებობს, თუმცა ჩვენს წარმოსახვაში ის მხოლოდ ერთია. სტუდია პიქსარის ანიმაციურ ფილმ „ნემოს ძიებაში” წყალქვეშა ბოროტმოქმედის როლი, ალბათ ვეფხვისებრ ზვიგენს უფრო მოუხდებოდა, მაგრამ მაინც და მაინც თეთრი ზვიგენი შეარჩიეს და თავისი კბილებგადმოყრილი ღიმილით მთელ მსოფლიოში უამრავ ბილბორდზე გამოაკრეს.
თეთრი ზვიგენი ოკეანის ერთ-ერთი სიმბოლოა, თუმცა მის შესახებ ცოტა რამ ვიცით და რაც ვიცით, ისიც არაა ბოლომდე მართალი. თეთრი ზვიგენები ჭკვიანი მონადირეები არიან (ყოველთვის გააზრებულად ესხმიან თავს მსხვერპლს), ყოველთვის მარტო არ დაეხეტებიან და, შესაძლოა, გაცილებით გონიერებიც არიან, ვიდრე ეს ზოგიერთ მკვლევარს ჰგონია.
ზუსტად არ ვიცით, რამდენ ხანს ცოცხლობენ, რამდენი თვე არიან მაკედ, როდის აღწევენ ზრდასრულ ასაკს. არავის უნახავს მათი შეწყვილების ან კვერცხების დადების პროცესი. წარმოიდგინეთ, სატვირთოს ზომის ხმელეთის ცხოველი, რომელიც კალიფორნიის სანაპიროზე, სამხრეთ აფრიკაში ან ავსტრალიაში ინადირებდა. მეცნიერები მათ ზოოპარკებში, კვლევით ცენტრებსა და ცირკებში დააკვირდებოდნენ და მათ გამრავლებაზე, მიგრაციებსა და ჩვევებზე უამრავი რამ ეცოდინებოდათ. მაგრამ წყალქვეშ წესები განსხვავებულია. თეთრი გოლიათები, როგორც მოესურვებათ, ისე ქრებიან და ჩნდებიან. ღრმა წყლებში მათთან მიახლოვება კი თითქმის შეუძლებელია. შუშის მიღმა ცხოვრებაზე უარს ამბობენ – ტყვეობაში ზოგიერთმა შიმშილით მოიკლა თავი, ზოგმა კი კედლებს ურტყა თავი სიკვდილამდე.
თუმცა მეცნიერებმა, შესაძლოა, ძალიან მალე გასცენ პასუხი ორ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას: რამდენია თეთრი ზვიგენი? და სად ქრებიან ხოლმე? ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება, როგორ დავიცვათ თავი მათგან და ისინი – ჩვენგან. საინტერესოა, საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, ისევ შეგვეშინდება მისი თუ შეგვებრალება?
შვიდმეტრიანი თევსაჭერი გემი მასაჩუსეტსში, კეიპ-კოდის სამხრეთ ბოლოში დგას. გემზე მყოფი სამი მეცნიერი, ორი მოხალისე, ორი ჟურნალისტი და გემის კაპიტანი ნანტუკეტს გაჰყურებენ. რადიოში 300 მეტრის სიმაღლეზე მოთვალთვალე პილოტის ხმა ისმის: „სამხრეთით დიდებული ზვიგენი მოჩანს!
იქტიოლოგი გრეგ სკომალი გამოცოცხლდა; ის გემის ცხვირიდან 1,5 მეტრით გამოწეულ, შემოსაზღვრულ კათედრაზე დგას, რომელიც მეკობრეების გემის ფიცარს ჰგავს. ჰოლივუდის ფილმის გმირი რომ ყოფილიყო, ხის ფეხი ექნებოდა და ხელში ჰარპუნი ეჭირებოდა. მას კი GoPro-ს კამერადამაგრებული სამმეტრიანი ჯოხი უჭირავს.
2004 წლამდე, ეს თეთრი გოლიათები არა მგონია ვინმეს ენახოს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ძალიან იშვიათად, გამოჩნდებოდნენ ხოლმე სანაპიროსთან ან შემთხვევით ამოჰყვებოდნენ სათევზაო ბადეს. მსოფლიოში თეთრ ზვიგენებს დაახლოებით ხუთი ძირითადი თავშეყრის ადგილი აქვთ, მათ შორის: კალიფორნიის სანაპიროდან მექსიკის შტატ ქვემო კალიფორნიამდე, სამხრეთ აფრიკის სამხრეთ სანაპიროები და ავსტრალიის სამხრეთი სანაპირო, სადაც ისინი სელაპებზე სანადიროდ გროვდებიან. აღმოსავლეთ სანაპიროზე არც სელაპები ბინადრობენ და არც ზვიგენებს ჰქონიათ თავშეყრის ადგილი. ზვიგენები აქ უსახლკარო მოხეტიალეებივით არიან. 2004 წელს ერთი მდედრი ზვიგენი წყალმარჩხ უბეს გამოჰყვა და მასაჩუსეტსთან, ვუდსჰოლთან ამოყო თავი.
სკომალი 20 წელი ამაგრებდა ელექტროსათვალთვალო მოწყობილობებს ზვიგენის სხვა სახეობებს. თეთრი გოლიათის გამოჩენა მისთვის დიდი სასწაული იყო: – „ბედის საჩუქარი, რომელიც მეორედ აღარ მომეცემოდა“, – ამბობს თმაგაწეწილი და სახეგაბადრული. ზვიგენს, სკომალი და მისი კოლეგები რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და ელექტროგადამცემიც კი დაამაგრეს. ოკეანეში თეთრ ზვიგენზე დაკვირვებით, უამრავ საიდუმლოს აეხდებოდა ფარდა. მაგრამ 45-წუთიანი მოგზაურობის შემდეგ, გრეტელს გადამცემი მოძვრა. „უცებ დავენარცხე ძირს. მჯეროდა, რომ ჩემს კარიერაში გარდატეხა მოხდებოდა და თეთრ გოლიათებზე დაკვირვებას შევძლებდი“, – ამბობს სკომალი.
2009 წელს, ყველაფერი შეიცვალა. პილოტმა ხუთი თეთრი ზვიგენი შენიშნა კეიპ-კოდის სანაპიროსთან. იმ კვირაში სკომალმა ხუთივეზე მოახერხა გადამცემის დამაგრება. „კინაღამ გავგიჟდი. ადრენალინი ზღვარს ასცდა. გული გამალებით მიცემდა. ეს ხომ ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო!“
მას შემდეგ თეთრი გოლიათები ყოველ ზაფხულს უბრუნდებიან კეიპკოდს. ზოგი ამ ადგილს მეექვსე თავშეყრის ადგილსაც კი ეძახის. გვაინტერესებდა, რამდენი ზვიგენი გროვდებოდა, ამიტომ გავემართეთ თავშეყრის ზონისკენ, რომელიც კალიფორნიიდან იწყება და მექსიკის შტატ ქვემო კალიფორნიამდე ვრცელდება. 80-იან წლებში, პირველად მათი დათვლა ზღვის ფრინველების მკვლევარმა, სკოტ ანდერსონმა დაიწყო სანფრანცისკოს დასავლეთით მდებარე კუნძულთან. თავიდან, ანდერსონი და შემდეგ სხვა მეცნიერებიც, თეთრ გოლიათებს თვალით აკვირდებოდნენ, შემდეგ აკუსტიკური გადამცემების დამაგრება მოახერხეს, ამ ბოლო ხანებში კი თანამგზავრული გადამცემების დამაგრებასაც ახერხებენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფი ათასობით ზვიგენს აკვირდება. ზოგი მკვლევარი ზურგის ფარფლით განარჩევს ზვიგენებს ერთმანეთისგან, ზოგი რუხი ზედა ნაწილისა და თეთრი მუცლის გამყოფი ზოლით ხელმძღვანელობს. მეცნიერებმა უკვე იციან, სად იკრიბებიან ზვიგენები და რით იკვებებიან. ნაცნობ ადგილებს ის ზვიგენები უბრუნდებიან, რომელთა უმრავლესობაც გასულ წელსაც იყო იქ.
ამ ფაქტმა ერთი საორჭოფო კითხვა წარმოშვა: შესაძლებელია თუ არა, აქ თავმოყრილი ზვიგენების რაოდენობის გათვალისწინებით, მათი საერთო რაოდენობის გამოთვლა. 2011 წელს კალიფორნიაში მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ კალიფორნიის ზვიგენებით ყველაზე მდიდარ ზონაში მხოლოდ 219 მოზრდილი ზვიგენია. კვლევამ საზოგადოება გააღიზიანა და სხვა ექსპერტებისგან აგრესიული კომენტარები წამოვიდა.
რა თქმა უნდა, თეთრი გოლიათების დათვლა უფრო ძნელია, ვიდრე ხმელეთის ცხოველების ან თუნდაც წყლის ძუძუმწოვრებისა. ზვიგენების გადაადგილებაზე დაყრდნობით, გამოითქვა მრავალი ვარაუდი. კალიფორნიაში ისიც ითქვა, რომ თავშეყრის ადგილი, სადაც ისინი იკვებებოდნენ, სულ რამდენიმე იყო. სხვა ჯგუფებმა განსხვავებული დაშვებებით იხელმძღვანელეს. ერთი კვლევით, კი ზემოთ ნახსენებ მონაცემზე ათჯერ მეტი რაოდენობა დადგინდა. ამ ანგარიშში ის პატარა ზვიგენებიც შეიყვანეს, თავდაპირველად რომ არ აღრიცხავთ, რადგანაც მათზე ბევრი რამ არ იცოდნენ. მოგვიანებით, აღრიცხვა სხვა თავშეყრის ადგილებშიც დაიწყეს. სამხრეთ აფრიკის გუნდმა იქაურ წყლებში 900-მდე თეთრი გოლიათი დათვალა, სხვა გუნდმა კი მექსიკის კუნძულ გვადალუპესთან – 120.
ავსტრალიაში ყველაზე მეტი თეთრი ზვიგენი ნეპტუნის კუნძულების წმინდა წყლებში ბინადრობს. ეს გიგანტი სკაროსის მხარდამხარ ლამინარიის ტყეში მიიკვლევს გზას.
თეთრმა გოლიათმა კეიპ-კოდის მახლობლად მდებარე სატყუარასთან ვიდეოკამერა შენიშნა. თეთრი ზვიგენის კადრში მოხელთება რთულია, მათ არ უყვართ ფოტოსთვის პოზირება.
ნეპტუნის კუნძულების მახლობლად თეთრი გოლიათი წყალს მიაპობს. მეცნიერები მათ ზურგის ფარფლებით, ნაიარევებით და თეთრი და რუხი ნაწილების გამყოფი უსწორმასწორო ზოლით ცნობენ.
სელაპების ძიებაში ორი ზვიგენი ნეპტუნის კუნძულებს მიუახლოვდა. თეთრი გოლიათები არც ჯგუფებად ცხოვრობენ და არც მარტოსულები არიან. ხანდახან ისინი საკვებთან იკრიბებიან.
კეიპ-კოდთან ბიოლოგი გრეგ სკომალი ზვიგენისთვის ვიდეოს გადაღებას ცდილობს. თანამედროვე ისტორიაში პირველად თეთრი გოლიათები რეგულარულად უბრუნდებიან დასვენების ამ ადგილს.
კეიპ-კოდის სანაპიროსთან თეთრი გოლიათი იჭერს სელაპის ფორმის სატყუარას. უმეტესად, ისინი კბენენ მსხვერპლს, შემდეგ კი უშვებენ და ელოდებიან, სანამ სისხლისგან დაიცლება.
ჰონკონგში ათასობით ზვიგენის ფარფლია გამოფენილი მზის ქვეშ. გაშრობის შემდეგ ფარფლის შენახვა წლობით, მანამდე შეიძლება, სანამ ფხებს გამოაძრობენ და წვნიანს მოამზადებენ.
ავსტრალიაში ყველაზე მეტი თეთრი ზვიგენი ნეპტუნის კუნძულების წმინდა წყლებში ბინადრობს. ეს გიგანტი სკაროსის მხარდამხარ ლამინარიის ტყეში მიიკვლევს გზას.
თეთრმა გოლიათმა კეიპ-კოდის მახლობლად მდებარე სატყუარასთან ვიდეოკამერა შენიშნა. თეთრი ზვიგენის კადრში მოხელთება რთულია, მათ არ უყვართ ფოტოსთვის პოზირება.
ნეპტუნის კუნძულების მახლობლად თეთრი გოლიათი წყალს მიაპობს. მეცნიერები მათ ზურგის ფარფლებით, ნაიარევებით და თეთრი და რუხი ნაწილების გამყოფი უსწორმასწორო ზოლით ცნობენ.
სელაპების ძიებაში ორი ზვიგენი ნეპტუნის კუნძულებს მიუახლოვდა. თეთრი გოლიათები არც ჯგუფებად ცხოვრობენ და არც მარტოსულები არიან. ხანდახან ისინი საკვებთან იკრიბებიან.
კეიპ-კოდთან ბიოლოგი გრეგ სკომალი ზვიგენისთვის ვიდეოს გადაღებას ცდილობს. თანამედროვე ისტორიაში პირველად თეთრი გოლიათები რეგულარულად უბრუნდებიან დასვენების ამ ადგილს.
კეიპ-კოდის სანაპიროსთან თეთრი გოლიათი იჭერს სელაპის ფორმის სატყუარას. უმეტესად, ისინი კბენენ მსხვერპლს, შემდეგ კი უშვებენ და ელოდებიან, სანამ სისხლისგან დაიცლება.
ჰონკონგში ათასობით ზვიგენის ფარფლია გამოფენილი მზის ქვეშ. გაშრობის შემდეგ ფარფლის შენახვა წლობით, მანამდე შეიძლება, სანამ ფხებს გამოაძრობენ და წვნიანს მოამზადებენ.
ბევრია ეს თუ ცოტა? მრავლდებიან თუ გადაშენების პირას არიან? მსოფლიოში დაახლოებით 4000 ვეფხვი და 25 000 აფრიკული ლომია. თეთრი ზვიგენების რაოდენობა, მათი ყველაზე მცირე პოპულაციის გათვალისწინებით, ვეფხვების რიცხოვნობას უახლოვდება. ეს ნიშნავს, რომ ვეფხვის მსგავსად, თეთრი ზვიგენიც გადაშენების პირასაა. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, მისი რაოდენობა ლომისას უახლოვდება, თუმცა ეს უკანასკნელი მოწყვლად სახეობას განეკუთვნება. ექსპერტების ერთი ნაწილი თვლის, რომ თეთრი ზვიგენები მალე გაქრებიან, მეორე კი დადებით ტენდენციას ხედავს. ზოგი ამბობს, სელაპების გამრავლება ზვიგენების შემცირებაზე მეტყველებსო, ზოგი პირიქით – ბევრი სელაპი ბევრ ზვიგენს მოასწავებსო. ავსტრალიელი სტატისტიკოსი არონ მაკნილი ზვიგენების რაოდენობას აღრიცხავს. მისი აზრით, კეიპკოდთან და სამხრეთ ნახევარსფეროში გაზრდილი აქტივობა აჩვენებს, რომ: „ბოლო ათწლეულის განმავლობაში არც ერთი ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ თეთრი ზვიგენები გადაშენების პირას არიან. დიახ, ისტორიულად თეთრი ზვიგენების რაოდენობა მცირდება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი გაქრებიან. უბრალოდ, შესაძლოა, ძალიან ნელა მრავლდებიან“.
იმედი არ უნდა დავკარგოთ. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ზვიგენები მეთევზეების ბადეში შემთხვევით და იშვიათად ებმებიან, საერთაშორისო შეთანხმებით, გადაშენების პირას მყოფი სახეობების საერთაშორისო სავაჭრო კონვენციამ მათ მეორე დონის კონსერვაციული ხარისხი მიანიჭა. მათი რიცხოვნობისთვის შემთხვევითი დაჭერაც კი სახიფათოა, რადგან თეთრი ზვიგენს, როგორც მტაცებელს, დიდი ეკოლოგიური როლი აქვს ოკეანეების ციკლში.
იმისთვის, რომ დავიცვათ თეთრი ზვიგენები, არა მარტო რაოდენობა, არამედ ისიც უნდა ვიცოდეთ, საით მიდიან. მათი სამიგრაციო მარშრუტები არ მიუყვება გამოკვეთილ საზღვრებს. ისინი ქაოტურად მოქმედებენ – ზოგი სანაპიროსკენ მიიწევს, ზოგი კი ღრმად შედის ზღვაში და ზიგზაგურად გადაადგილდება. ზოგი, მაგრამ არა ყველა, სეზონურად თბილიდან ცივ წყლებში ან პირიქით ინაცვლებს. როგორც ჩანს, მდედრების, მამრებისა და პატარა ზვიგენების გზებიც განსხვავდება ერთმანეთისგან.
დღეს, როცა უკვე გადამცემები თანამგზავრის მეშვეობით იმართება, ხოლო დაკვირვების პროცესი ხანგრძლივია, მეცნიერები შედარებით ნათელ სურათს იღებენ. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ წლებია, რაც კალიფორნია ქვემო კალიფორნიის სანაპიროებს თეთრი ზვიგენები გვიან შემოდგომაზე ტოვებენ. უკვე ისიც ვიცით, საით მიდიან – წყნარი ოკეანის სიღრმეში უჩინარდებიან. ის, თუ რატომ დადიან ისინი ამ თეთრი გოლიათების „კაფეში“, დღემდე უცნობია. წარმოდგენა არ მაქვს, იქ რა ესაქმებათ“, – ამბობს ბიოლოგი სალვადორ იორგენსენი, რომელიც თეთრი გოლიათების მიგრაციისა და ეკოლოგიის ძირითად ფაქტორებს სწავლობს.
ერთი შესაძლო პასუხი შეწყვილებაა, რაც ჯერ არავის გამოუკვლევია. ადგილი, სადაც ისინი მრავლდებიან, კალიფორნიის ზომისა და ათასობით მეტრის სიღრმისაა. შესაბამისად, იქ დაკვირვებაც რთულია. მაგრამ თანამგზავრული გადამცემებიდან ვიგებთ, რომ მდედრები სწორხაზოვნად ცურავენ, მამრები კი ზემოთქვემოთ და, შესაძლოა, ასე ეძებენ მეწყვილეს. ამგვარად იქმნება კალიფორნიულ ზვიგენთა ცხოვრების მიახლოებითი ჩანახატი. ზაფხულს და შემოდგომას სელაპებზე ნადირობაში ატარებენ, შემდეგ კი ღრმა წყლებში გასამრავლებლად, დაგროვილი ენერგიის იმედად მიემართებიან. მამრები მოგვიანებით ბრუნდებიან სანაპიროსთან, მდედრები კი დაახლოებით ერთი წელი გაურკვეველ ადგილებში დაეხეტებიან, სავარაუდოდ, შთამომავლობის მოსავლენად. შემდეგ პატარა ზვიგენები გამოჩნდებიან ხოლმე საკვებ ადგილებში, ვთქვათ სამხრეთ კალიფორნიასთან, მოდიან და თევზით იკვებებიან, სანამ უფროსებთან ერთად სელაპებზე სანადიროდ გაეშურებიან ჩრდილოეთითა თუ სამხრეთით.
ეს მკაფიო სურათი არ არის. მდედრები და მამრები დიდ დროს „კაფეში“ ერთად არ ატარებენ და არ ვიცით, პატარები სად იბადებიან. თუმცა, პატარების რაოდენობა მატულობს და პოპულაცია იზრდება, სწორედ ამიტომ სამხრეთ კალიფორნიაში ამ ბოლო პერიოდში უამრავმა ზვიგენმა მოიყარა თავი. მაგრამ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ სხვაგან, უფრო რთული განსასაზღვრია. ავსტრალიელი ზვიგენებიც იკრიბებიან სამხრეთ სანაპიროსთან, თუმცა სახასიათო ჩვევები ან „კაფე”, როგორც ჩანს, არ აქვთ. ხოლო ატლანტის ოკეანეზე კიდევ უფრო ცოტა რამ ვიცით. „ჩვენ შეგვხვედრიან მოხეტიალეებიც და სანაპიროს ზვიგენებიც. წარმოდგენა არ გვაქვს, რომელ ტიპს რა ამოძრავებს“, – ამბობს სკომალი.
ჯერჯერობით, სკომალმა მათი მიგრაციები ვერ ამოხსნა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ ადგილებში თეთრ გოლიათებს დიდი ისტორია აქვთ. კეიპ-კოდის დასავლეთით, თავის ოფისში, მან გვაჩვენა აღმოსავლეთ სანაპიროზე, მკვიდრი ინდიელების არქეოლოგიურ ველებზე აღმოჩენილი სელაპის ძვლების ანგარიში. სელაპის გადაყრილი ძვლები მიუთითებს, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამდე 100 წლით ადრე, ინტენსიურმა ნადირობამ მათი პოპულაცია საგრძნობლად შეამცირა. ბოლო 240 წლის განმავლობაში, ატლანტის რუხი სელაპის რაოდენობა ძალიან მცირე იყო. დღესდღეობით, ზღვის ძუძუმწოვრების დაცვის აქტის წყალობით, ახალ ინგლისთან სელაპის არაერთი კოლონია სახლობს. სელაპები დაბრუნდნენ, მათ კი მხარდამხარ მოყვნენ ზვიგენებიც.
აგვისტოს ერთ მზიან დილას შვეულმფრენით უეინ დეივისი, მოთვალთვალე ვეტერანი პილოტი, წავიყვანე. ის ახლა მეცნიერებს ეხმარება თეთრი ზვიგენების მიკვლევაში. სულ რაღაც 30-წუთიანი ფრენისას ჩვენ შვიდი სანაპირო ადგილი შევნიშნეთ, სადაც ღია წყლებში რუხი სელაპები ერთმანეთში ირეოდნენ და საკვებს მოიპოვებდნენ. უკანა გზაზე, 1,5 კილომეტრის მოშორებით ჩრდილო მიმართულებით, მე და დეივისმა დამსვენებლებით სავსე სანაპიროც დავინახეთ.
როგორც ჩანს, ადგილობრივებმა ახალი „მეზობლები“ კარგად მიიღეს. კოლეჯის თილისმაც თეთრი გოლიათია. უმეტესად დადებითად არიან წარმოჩენილი – მხიარულები, გაღიმებულები. თუმცა ექსპერტები მაინც ყველას აფრთხილებენ, შესაძლოა, ისეთსაც გადაეყაროთ, რომელსაც დიდი თეთრი კბილები აქვსო.
ადამიანებს იშვიათად ესხმიან თავს. კალიფორნიის წყლებში იმის შანსი, რომ სერფერი თეთრმა ზვიგენმა დაკბინოს, 17 მილიონიდან ერთია; მოცურავეებისთვის – უფრო ნაკლები. სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, თავდასხმის შანსი 738 მილიონიდან ერთია. საკითხავი ისაა, თუ როდის მოხდება კეიპ-კოდში თეთრი გოლიათის თავდასხმა და არა ის – სასიკვდილო იქნება ეს შემთხვევა თუ – არა. უკანასკნელი ფატალური შემთხვევა ახალ ინგლისში 1936 წელს მოხდა, თუმცა 2012 წელს ზვიგენმა მოცურავეს ფეხებზე უკბინა, 2014-ში კი პლაიმაუთში ორი მონიჩბე, რომელთაც თავის დაღწევა მოახერხეს, კაიაკიდან გადმოაგდო.
თუ უფრო სერიოზული თავდასხმაც მოხდება, მასაჩუსეტსი სხვა თავშეყრის ადგილებს შეუერთდება და თავის წყლებში თეთრი გოლიათების არსებობით გამოწვეულ საფრთხესა და სარგებელს გადახედავს.
შესაძლოა, თეთრი გოლიათები სელაპებისა და ზღვის ლომების უფრო დიდი პოპულაციების ძიებაში მსოფლიო მასშტაბით ვრცელდებიან, და ამასთან, ძველ სანადირო ტერიტორიებსაც ინარჩუნებენ.
თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ დღეს თეთრი გოლიათი გადაშენების პირას იყოს და სიცოცხლეს თავისი თეთრი კბილებით ებღაუჭებოდეს. საკითხავია, გადავლახავთ თუ არა შიშს? შევძლებთ, რომ მოწყალე თვალით შევხედოთ ამ მონსტრის უმოწყალო თვალებს?
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.