
ჟირაფები
აფრიკის საოცარი ბუმბერაზები გადაშენების პირას არიან. ცხოველების გადასახლება, იმედებთან ერთად, ახალ რისკებსაც აჩენს
პიტ მორკელს, გარეული ცხოველების ვეტერინარს, მრავალი დიდი აფრიკული ძუძუმწოვარი დაუჭერია – ლომები, ტყის სპილოები, თეთრი მარტორქები – მაგრამ, მისი თქმით, ყველაზე რთული ჟირაფის დაჭერაა.
შპრიცი, რომლითაც მორკელის თოფია დატენილი, ეტორფინით, მორფინზე დაახლოებით 6000-ჯერ ძლიერი ოპიოიდით არის სავსე. როდესაც ნივთიერება ჟირაფის კანში შეაღწევს, მორკელმა და მისმა ჯგუფმა ცხოველი რამდენიმე წუთში უნდა დაიჭირონ და ანტიდოტი გაუკეთონ. თუ არ იჩქარეს, ჟირაფი მოკვდება. ამის შემდეგ ჟირაფი ნიგერის ტერიტორიაზე 800-კილომეტრიან მგზავრობასაც თუ გაუძლებს, ერთ-ერთი იქნება იმ რვა “ადამი“ და “ევადან“, მსოფლიოს უიშვიათესი ცხოველების ახალ პოპულაციას რომ უნდა დაუდოს სათავე.

ეს ჟირაფები, ერთი კვირის განმავლობაში რომ ვუთვალთვალებდით, იმ 50 ცხოველის შთამომავლები არიან, 1980-იან წლებში გვალვისა და ომიანობის გამო მალიდან მეზობელ ნიგერში რომ გადმოსახლდნენ. ისინი ჯერ მდინარე ნიგერის სანაპიროს მიუყვებოდნენ – სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, შემდეგ საჰელის კლიმატური ზონა გადაჭრეს, ნიამეის გვერდი აუარეს და კურეს რეგიონის მშრალ, მტვრიან ზეგანზე დაბინავდნენ.
ეს ფერმკრთალი, წინწკლებიანი ლტოლვილები ახლა მხოლოდ ნიგერში, კურეს რეგიონში ბინადრობენ. ახალი ტაქსონომიის შესაბამისად, ორი ქვესახეობის გარდა, ყველა მოწყვლად, საფრთხეში მყოფ ან კრიტიკულ საფრთხეში მყოფად მიიჩნევა. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჟირაფების რაოდენობა 40%-ით შემცირდა და დღეისთვის მსოფლიოში მხოლოდ 110 000 ჟირაფია შემორჩენილი.

ჯულიან ფენესი, ჟირაფების კონსერვაციის ფონდის (GCF) დირექტორი, ამას “ჩუმ გადაშენებას“ უწოდებს. ხალხმა იცის, რომ სპილოები და ადამიანის მსგავსი დიდი მაიმუნები გადაშენების პირას არიან, ჟირაფებს კი, უმეტესობის აზრით, ველურ ბუნებაში არაფერი ემუქრებათ, რადგან მათ უხვად ვხედავთ ზოოპარკებსა თუ სათამაშოების მაღაზიებში.
აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც სომალის და მასაის ჟირაფები ბინადრობენ, ეს ცხოველები უმძიმეს დღეში არიან. “კენიის სამხრეთში ჟირაფებისთვის ბრაკონიერებზე უფრო საშიში მტერიც არსებობს – ღობეები. ჟირაფი ღობეს ვერ ახტება. ასე რომ, მათი საცხოვრებელი სივრცე ყოველდღიურად ვიწროვდება და ფრაგმენტებად იშლება“, – ამბობს GCF-ის აღმოსავლეთ აფრიკის კოორდინატორი არტურ მუნეზა. მოსახლეობის ზრდა, საქონლისთვის ახალი საძოვრების საჭიროება და კლიმატის ცვლილება გლეხებს ჟირაფების ჰაბიტატის ათვისებისკენ უბიძგებს.
ჯოშუა ფოერმა დაწერა სტატია ჰავაის ლავის გვირაბებზე, რომელიც 2017 წლის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა. ემი ვიტალემ დაობლებულ სპილოებს და მათ კენიელ მეურვეებს გადაუღო ფოტოები 2017 წლის აგვისტოს ნომრისთვის.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.