პასლის უბე, არქტიკული კანადა, 2022 წლის აგვისტო. „პოლარული მზის“ 30-მეტრიან ანძაზე შემომდგარი ფოტოგრაფი რენან ოზთურქი მხოლოდ თავის ფეხებს, აფრიან გემსა და გარემომცველ ყინულებს ხედავდა. ცხრა დღის განმავლობაში, როგორც თავად ამბობს, „სულ იმაზე ვფიქრობდით, შევძლებდით კი გზის ჩამხერგავი ყინულებისგან თავის დახსნას, თუ ჯონ ფრანკლინის ბედს გავიზიარებდით“. XIX საუკუნეში მკვლევარი ფრანკლინი და მისი გუნდი გაუჩინარდნენ ატლანტისა და წყნარ ოკეანეთა დამაკავშირებელი ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის ძიებისას.
არაერთი გემი ჩაძირულა პასლის უბეში, სადაც „პოლარულმა მზემ“ შტორმს შეაფარა თავი. თუმცა, ეკიპაჟმა მალევე აღმოაჩინა, რომ ყინულებში ჩაიკეტა. 5-წევრიანი გუნდი 24-საათიან რეჟიმში ცდილობდა სიტუაციის მართვას – თავიანთი აფრიანი გემისთვის გზის გაკვალვასა თუ მცურავი ყინულების მოგერიებას. ამგვარი პირობები არც ისე ხელსაყრელია ფოტოების გადასაღებად, განმარტავს ოზთურქი. სტრესის გარეშე წუთსაც არ გაუვლია. „როდესაც ანძის წვერზე ავძვერი, – ამბობს იგი, – ერთი შეცდომაც საბედისწერო იქნებოდა“. ეს ფოტო ოზთურქისთვის სიმბოლურად გამოსახავს მთელ მათ საგას.
ოზთურქი, ევერესტის დამლაშქრავი ვეტერანი მთამსვლელი, არაერთხელ შესჩეხებია ექსტრემალურ გამოწვევებს, მაგრამ პასლის უბეში გატარებული დღეები ფიზიკური და მენტალური გამძლეობის საზღვართა გარღვევას მოითხოვდა. „მსგავსი არაფერი გამომიცდია“.
თურქული წარმოშობის ამერიკელი მთამსვლელი, კინოდოკუმენტალისტი და ფოტოგრაფი რენან ოზთურქი მოგვითხრობს ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირზე. 2013 წელს მან მიიღო „National Geographic-ის წლის თავგადასავლის მაძიებლის“ ჯილდო.