დნობასთან შეჯიბრება
როდესაც მიწა მრავალწლიანი ფარსმანდუკის თეთრი ყვავილების მანტიას მოისხამს, ჭაობის ბამბის ბუჩქები ანთებული სანთლებივით აკიაფდება


დნობასთან შეჯიბრება
როდესაც მიწა მრავალწლიანი ფარსმანდუკის თეთრი ყვავილების მანტიას მოისხამს, ჭაობის ბამბის ბუჩქები ანთებული სანთლებივით აკიაფდება
ალასკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, ნუნალექის არქეოლოგიური გათხრების ადგილი დროში გაყინულ საბედისწერო მომენტს ინახავს. ტალახიანი მიწა სავსეა მკვიდრი, იუპიკი ხალხის საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომლებიც ხელუხლებელი დარჩა, თითქმის ოთხი საუკუნის წინ მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ.
არქეოლოგიაში ხშირია შემთხვევა, როცა შორეული წარსულის ტრაგედია თანამედროვე მეცნიერების ჯილდოდ ქცეულა. ნუნალექში მიაგნეს 2500-ზე მეტ ხელუხლებელ არტეფაქტს, ჩვეულებრივი ჭურჭლიდან დაწყებული, უჩვეულო ნივთებით დამთავრებული: ხის სარიტუალო ნიღბები, ლომვეშაპის ეშვებისგან დამზადებული ნემსები სვირინგისთვის, კარიბუს კბილებისგან გაკეთებული ქამარი. ეს ნივთები საოცრად კარგადაა შემონახული 1660 წლის შემდეგაც, მიწაში გაყინვის დამსახურებით.

დღეს, უფრო და უფრო გაუარესებულმა ულმობელმა ამინდმა ნუნალექი თითქმის განადგურების პირას მიიყვანა. ზაფხულში აქაურობა მშვენიერია; როდესაც მიწა მრავალწლიანი ფარსმანდუკის თეთრი ყვავილების მანტიას მოისხამს, ჭაობის ბამბის ბუჩქები ანთებული სანთლებივით აკიაფდება. თუმცა ეს სილამაზე, ზამთრის მოსვლასთან ერთად, საგანგაშოდ იცვლება; ბერინგის ზღვის მძვინვარე შტორმი თავს ატყდება სანაპიროს და თუ ტალღები საკმარისად დიდია, არქეოლოგიურ ველს სტაცებს მიწას.

არქტიკა ყოველთვის ასეთი არ ყოფილა – ახლა დედამიწის პოლარულ რეგიონს სახეს უცვლის გლობალური კლიმატის ცვლილება. შედეგად, ვკარგავთ კატასტროფული რაოდენობის არტეფაქტებს ალასკის მთელ სანაპიროზე. უფრო შორს კი – ნუნალექის მსგავს ნაკლებადცნობილი პრეისტორიული კულტურების კვალს. 1991 წელს, იტალიის გამდნარი მყინვარიდან გამოჩნდა ეცი – ქვის ხანის კაცი. ამ ნეშტის აღმოჩენა ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამოაქვს ამინდის დათბობას უძველესი ნაშთები დღის სინათლეზე. მაგრამ ყინულის მასობრივი ლღობა უძველესი ხალხებისა და ცივილიზაციების ნაკვალევს დედამიწის მთელ უკიდურეს ჩრდილოეთ რეგიონებში „აშიშვლებს“ – დაწყებული ნეოლითის მშვილდ-ისრებით შვეიცარიაში, დამთავრებული ვიკინგების ხანის სალაშქრო აღჭურვილობით ნორვეგიაში და სკვითი მომთაბარეების მდიდრულად მორთული ყორღანებით ციმბირში. იმდენი ველია საფრთხეში, რომ ახლა არქეოლოგები გაყინული არტეფაქტების გადარჩენის საქმეში სპეციალიზდებიან.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.