
დოქტორი ფაუჩი: მისი ცხოვრება და მოღვაწეობა
National Geographic-ი ენტონი ფაუჩის გაესაუბრა პირად ისტორიაზე, კარიერასა და მის როლზე ჯანდაცვის კრიზისებში (აივ/შიდსი, COVID-19...). შედეგად მივიღეთ წიგნი (რომლის ნაწყვეტებსაც აქ გთავაზობთ) და დოკუმენტური ფილმი. წიგნიდან მიღებული შემოსავალი კონსერვაციულ პროექტებს მოხმარდება.
ნაწყვეტები National Geographic-ის წიგნიდან „ფაუჩი – მოულოდნელის მოლოდინი: ათი გაკვეთილი სიმართლეზე, მსახურებასა და სამომავლო გზაზე“.
1940 წელს შობის წინა ღამეს გავჩნდი. მამაჩემის თქმით, დედაჩემის მეანი მაშინ წვეულებაზე იყო. როდესაც დედაჩემს მშობიარობა დაეწყო, მამამ ბრუკლინის საავადმყოფოში მიიყვანა და მას ახსოვს, როგორ შემოვიდა ექიმი სმოკინგით. ჩქარობდა, ამიტომ მარტო ხელები დაიბანა და საოპერაციო ტანსაცმელი ზემოდან გადაიცვა. ამაზე სულ ვიცინოდით: ნეტავ, რამდენი დალია, სანამ ჩემს მოსავლენად გამოიქცეოდა?
ენტონი ფაუჩი თითქმის ხუთი წლის იყო 1945 წელს, როდესაც აშშ-მ ჰიროშიმასა და ნაგასაკის თავზე ატომური ბომბები ააფეთქა და კატასტროფული ნგრევის გამო იაპონიის კაპიტულაცია განაპირობა.
მუდამ მემახსოვრება მომენტი: დედაჩემს ხელში New York Daily News ეჭირა, გაზეთში კი გაპარტახებული ჰიროშიმას სურათი დავინახე. ბავშვობაში ომობანას ვთამაშობდი, სადაც „კარგები“ იყვნენ ამერიკელი სამხედროები და „ცუდები“ – იაპონელები. განადგურებული იაპონია რომ ვნახე, ვიფიქრე, ვა, რა კარგია-მეთქი.
მაგრამ დედაჩემში რაღაც დავინახე, რამაც დამაბნია. ბევრი ათწლეულის შემდეგ ახლაც მახსოვს ეს სცენა მისაღებ ოთახში, ჩვენს ბინაში, ბრუკლინში. მახსოვს, როგორ იჯდა დედაჩემი ტახტზე, გაზეთს მიშტერებოდა, მე კი ქვემოდან ვაკვირდებოდი. იგი ძალიან დადარდიანდა. ეს იყო მომენტი, როდესაც გავიაზრე, რომ შეგიძლია გქონდეს ემპათია შენგან სრულიად განსხვავებული ადამიანებისადმი – მათდამიც კი, ვინც ოფიციალურად შენი მტერია.
ჩვენ მამაჩემის აფთიაქის თავზე ვცხოვრობდით. გამოწერილ წამლებს უბანში ველოსიპედით ვარიგებდი, ჩემი და კი დახლთან იდგა ხოლმე. Schwinn-ის ველოსიპედი მქონდა, წინ კალათით და ამას დამატებითი გასამრჯელოსთვის ვაკეთებდი. უბანს მოვივლიდი, კარზე მივაკაკუნებდი, წამალს მივაწვდიდი და 25-ცენტიანს მაძლევდნენ – მაშინ ეს დიდი გასამრჯელო იყო!
ბევრნაირ ადამიანს ვხვდებოდი. მაშინ გავიაზრე, რა არის სნეულება – ავადმყოფობა გარეგნობაზე ეტყობოდათ. ეს იყო ჩემი პირველი შეხება სნეულებასა და მედიცინასთან. აფთიაქში მუშაობით კი ოჯახზე, როგორც ერთეულზე, შემექმნა წარმოდგენა – ყველანი ერთად ვმუშაობდით.
ფაუჩიმ ადრეული ბავშვობა ნიუ-იორკში გაატარა, ბრუკლინის ბენსონჰერსტის ნაწილში, უბანში, რომელსაც იგი „99,9%-ით იტალიურ-ამერიკულს“ უწოდებს. მისი ორივე ბებია და პაპა იტალიიდან ელისის კუნძულის გავლით ჩავიდა ამერიკაში, შემდეგ კი მანჰეტენის ქვემო ისტ-საიდიდან ბრუკლინში გადავიდნენ. სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი ფაუჩის მშობლებმა და დაქორწინდნენ.
ზაფხულში, როდესაც ფანჯრებს აღებდნენ, ყველგან სხვადასხვა სუნი ტრიალებდა – ძირითადად პომიდვრის სოუსისა და სოსისების. სუნი ისეთი რაღაცაა, რაც უბრალოდ შენი ნაწილი ხდება. დღეს, როდესაც ეს სუნი მომივა, ათწლეულების შემდეგ, მაშინვე იქ ვბრუნდები. ასეთ მომენტებში თავისუფლების შეგრძნება გეუფლებოდა – სუფთა ჰაერი, მზე, ბრუკლინში ხეტიალი. ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო – გამყიდველები მაღაზიის წინ, პატარა სკამებზე ისხდნენ, გამვლელ ბავშვებს უყურებდნენ. ბავშვების დაშინება თავში არავისაც არ მოუვიდოდა – მთელი უბანი მცველთა რაზმივით იყო. ყოველთვის უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავს. ძალიან ბედნიერი ბავშვობა გვქონდა.
ფაუჩიმ მანჰეტენზე პრესტიჟულ Regis High School-ში, შემდეგ კი მასაჩუსეტსში, ვუსტერში ვაჟთა კოლეჯ Holy Cross-ში ისწავლა. მაშინ უკვე იცოდა, რომ ექიმობის გზას დაადგებოდა.
კოლეჯში ყოველ ზაფხულს მშენებლობაზე ვმუშაობდი კალატოზის ასისტენტად (დამქონდა ცემენტი, აგურები, ვასუფთავებდი). უკვე ვიცოდი, რომ კორნელის სამედიცინო ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. შემთხვევით ამ სკოლის სამუელ ჯ. ვუდის ბიბლიოთეკის მშენებლობაზე დამასაქმეს. ერთ დღესაც გადავწყვიტე, გამბედაობა მომეკრიბა და შევსულიყავი.
სანამ დანარჩენი მუშები ლანჩისთვის კედელზე ჩამომსხდარიყვნენ და ჩამვლელ ექთნებს უსტვენდნენ, მე კიბეები ავიარე და შევედი. აუდიტორიაში შევიხედე და მახსოვს, ჩემს თავს როგორ ვუთხარი: რა საოცარია-მეთქი. უცბად დაცვა – კარში ატუზული დიდი ტიპი – ჩემთან მოვიდა და მითხრა: „შემიძლია დაგეხმარო, შვილო?“
„უბრალოდ ნახვა მინდოდა“, – ვუთხარი მე.
„ცემენტში ხარ ამოსვრილი, მოდი, გადი გარეთ“. ცოტა აღშფოთებულმა შევხედე და ვუთხარი: „ერთ დღესაც აქ სტუდენტი ვიქნები“.
სერიოზული სახით შემომხედა და მითხრა: „რა თქმა უნდა, მე კი ნიუ-იორკის პოლიციის კომისარი გავხდები“.
ერთ წელიწადში იქ ჩავაბარე.
როდესაც ექიმი ხარ, ისეთივე მნიშვნელოვანია, გესმოდეს ადამიანის ბუნება, როგორც მისი ფიზიოლოგია. მკურნალობისას ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტზე ზრუნვაა. ის უნდა გაღელვებდეს როგორც ადამიანი და არა როგორც სტატისტიკური მონაცემი, კლიენტი, ან მასის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ახლა გიამბობთ ჩემს პირად გამოცდილებას მოვლენათა დრამატულ განვითარებასა და ცვლილებებზე, რომლებიც შენს კონტროლს მიღმაა და როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა უდიდესი გავლენა იქონიოს შენი ცხოვრებისა და კარიერის მიმართულებაზე.
1968 წელს ნიუ-იორკის საავადმყოფოს კორნელის სამედიცინო ცენტრში შინაგანი მედიცინის კურსი გავიარე. ამავე წელს ჯანდაცვის გამოჩენილი მკვლევრები ამბობდნენ და აშშ-ის კონგრესის წინაშეც ამტკიცებდნენ, რომ ანტიბიოტიკების, ვაქცინებისა და ჯანდაცვის სხვა მექანიზმების წყალობით ინფექციური დაავადებები დავამარცხეთ და ახლა კვლევისა და ჯანდაცვის სხვა მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთო.
ისე დაემთხვა, რომ მაშინ ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებში (NIH) ზუსტადაც ინფექციური დაავადებების მიმართულებით ვიწყებდი მომზადებას. მსუბუქად რომ ვთქვათ, არჩეულ კარიერაზე შერეული გრძნობები მქონდა. გაუჩინარების პირას მყოფ ქვესპეციალობას ხომ არ ვირჩევდი? თავს ისე ვგრძნობდი, გეგონება მაიამიში მივდიოდი თხილამურების ინსტრუქტორად.


(მარცხნივ) 1940-იანი წლების ფოტოზე ჩანს პატარა ენტონი ფაუჩი, მისი მშობლები იუჯინია და სტივენი და მისი და დენისი; (მარჯვნივ) 1984 წლის ფოტოზე ფაუჩი ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში მუშაობს.
ჩემი კარიერისთვის საბედნიეროდ, თუმცა მსოფლიოსთვის საუბედუროდ, ხანდახან ჯანდაცვის სამსახურის მთავარი ექიმებიც ცდებიან. მართლაც, 13 წლის შემდეგ, 1981 წელს, შიდსის ეპიდემია გამოჩნდა და ჩემი კარიერაც გარდაქმნა; შეიძლება, მთელი ჩემი ცხოვრებაც კი.
ნებისმიერ დროს მზად უნდა იყო ელოდო მოულოდნელს და, როდესაც შანსი გექნება, გამოიყენო შესაძლებლობები.
1981 წელს ფაუჩი ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში იმუნოლოგიისა და ავტოიმუნური დაავადებების ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი იყო, როდესაც ჰორიზონტზე ამოუცნობი ინფექციური დაავადება გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების სამეცნიერო გამოცემამ „ავადობისა და სიკვდილიანობის ყოველკვირეულ ანგარიშში“ (MMWR) დაწერა, რომ ხუთ ჰომოსექსუალ კაცს ლოს-ანჯელესიდან, რომელთაც არ შეენიშნებოდათ რამე გამომწვევი დაავადება, განუვითარდათ პნევმონიის იშვიათი ფორმა – პნევმოცისტოზი.
ზაფხულის ცხელ დღეს, ივნისის პირველ კვირაში, ჩემს პატარა ოფისში ვიჯექი NIH-ის კლინიკური ცენტრის მე-11 სართულზე, როდესაც ანგარიში ვნახე. მაშინ ვსწავლობდი მედიკამენტებს, რომლებიც იმუნურ სისტემას თრგუნავდა და პნევმოცისტური პნევმონიის შემთხვევები აქაც გვხვდებოდა. ვთქვი, „აქ რაღაც უცნაური ხდება-მეთქი“ და ანგარიში მაგიდის უჯრაში ჩავდე.
ერთი თვის შემდეგ, 1981 წლის 5 ივლისს, MMWR-ის კიდევ ერთი ანგარიში გამოჩნდა. ახლა 26 კაცი – რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყველა ჰომოსექსუალი, უკვე სან-ფრანცისკოდან და ნიუ-იორკიდანაც. მათ დაემართათ არა მხოლოდ პნევმოცისტოზი, არამედ კაპოშის სარკომაც: ეს სიმსივნე გვხვდება ადამიანებში, რომელთა იმუნური სისტემაც საგრძნობლად დაზიანებულია.
მახსოვს, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ეს ახალი ინფექციური დაავადებაა-მეთქი. წარმოდგენა არ მქონდა, რა იწვევდა ინფექციას, მაგრამ ვიცოდი, რომ ის იმუნურ სისტემას ანადგურებდა. თუკი არსებობდა დაავადება, რომელიც ჩემთვის – როგორც ინფექციური დაავადებებისა და იმუნოლოგიის მიმართულების ექიმი მეცნიერისთვის – შეიქმნა, სწორედ ეს იყო…
გადავწყვიტე, სრულიად შემეცვალა ჩემი კვლევის მიმართულება. ძალიან წარმატებული კარიერა მქონდა და ჩემი მენტორები, ადამიანები, რომლებმაც წლების წინ ამიყვანეს, მეუბნებოდნენ, რომ გიჟი ვიყავი. ამბობდნენ: „წყალში რატომ ყრი პერსპექტიულ კარიერას და მისდევ დაავადებას, რომელიც უბრალოდ შემთხვევითი მოულოდნელობაა?“ – იხტიბარი არ გავიტეხე. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ მთელი სამყაროსთვის უნდა ამეხსნა ეს ინფექცია.
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი. ეს ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო პანდემიად გადაიქცა.
შიდსის აფეთქებისას ჰომოფობია ნამდვილად გავრცელებული იყო. დროს უმეტესად დაავადებულ ჰომოსექსუალ კაცებთან ვატარებდი და ჰომოფობიასაც ხშირად ვაწყდებოდი და, როგორც მათი ექიმი, ჰომოფობიური შეტევების სამიზნედაც ვიქეცი.
არ ვფიქრობ, რომ ოდესმე ჰომოფობიის ნაპერწკალი მაინც მქონია. ვფიქრობ, ეს ჩემი მშობლების და მათი ტოლერანტობის გამოა. ჩემს ოჯახში ემპათია მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა, შემდეგ კი ეს გამყარდა სკოლაში და კოლეჯში იეზუიტური აღზრდით.
ყოველთვის მქონდა ემპათია მათ მიმართ, ვისაც უსამართლოდ ექცეოდნენ, მაწუხებდა ცრუ შეხედულებები ადამიანებზე, რომელთა კონტროლსაც არ ექვემდებარებოდა საკუთარი სექსუალური მიდრეკილება. ეს მათი განუყოფელი ნაწილია. უსამართლობის შეგრძნება ჰომოფობიის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას განსაზღვრავდა. ვბრაზობდი, როდესაც ადამიანებს ეს მიდგომა ჰქონდათ. ამან მაიძულა, დამეცვა ადამიანის უფლება, ყოფილიყო ის, ვინც არის.
ბევრი რამის არ მეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად ის მანერვიულებს, რომ ათწლეულების წინ დაწყებული საქმის დამთავრება ვერ შევძლო. არა მგონია, აივ-ის სრულიად ამოძირკვა შევძლოთ – ვიცი, რომ ვერ შევძლებთ – მაგრამ ვფიქრობ, მსოფლიოში მას ეტაპობრივად თითქმის ბოლომდე აღმოვფხვრით. ჯერ ქვეყნებში, რომელთაც მეტი რესურსები აქვთ, მაგალითად განვითარებად ქვეყნებში, ბოლოს კი სუბსაჰარულ აფრიკაში. ვშიშობ, რომ შეიძლება ვერ მოვესწრო, მაგრამ იმედი მაქვს და ვვარაუდობ, რომ მოვესწრები.
NIH-ში მუშაობის შედეგად ფაუჩი კორონავირუსის პანდემიას უნიკალური გამოცდილებით დაუხვდა: მას ნამუშევარი ჰქონდა ზიკას ვირუსის, ებოლის, ციმბირის წყლულის, გრიპის, აივ-ის, ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციების მკურნალობასა და პრევენციაზე. მაგრამ მან კარგად იცის, რამდენად მოკლეა საზოგადოების მეხსიერება. ამბობენ, გამოცდილებით ვსწავლობთო, მაგრამ როგორ დავრწმუნდეთ, რომ მართლაც ასეა?
ვფიქრობ, რაც უფრო შორდები ნამდვილ განმსაზღვრელ მოვლენას, მით უფრო პატარა გავლენას ახდენს ის შენზე. 1918 წელს, ესპანური გრიპის პანდემიის დროს, მამაჩემი რვა წლის იყო. დარწმუნებული ვარ, ამ შემზარავმა წელიწადნახევარმა მის ბავშვობასა და 20-30-იან წლებზე დიდი გავლენა იქონია. ალბათ, გავლენა შემდეგ ნელ-ნელა მინელდა, თუმცა ეს დრო არასოდეს დავიწყებია.
გრიპის პანდემიას ისეთი გავლენა არ მოუხდენია ჩემნაირებზე, მათზე, ვინც ამ პანდემიაზე ისტორიის წიგნში ბუნდოვნად ამოვიკითხეთ, განსხვავებით მათგან, ვინც იქ იყო ან ვისაც პანდემიაგამოვლილთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი.
ხუთი წლის ვიყავი, II მსოფლიო ომი რომ დამთავრდა. ომიდან დაბრუნებულები და მათი გამოცდილება ვერ ითარგმნებოდა 40 წლის შემდეგ მცხოვრები ადამიანების ენაზე: მოიცა, რას გულისხმობ, კუნძულზე შეიჭერი და 10 000 მეგობარი მოგიკვდა?
არ ვფიქრობ, რომ რაღაცის გაუაზრებლობა ჩვენი ნაკლია. ასეთია ცხოვრება. რამეს პირდაპირ თუ არ შეეჩეხე, შენთვის ბევრს არ ნიშნავს. COVID-19-ის პანდემია უკანასკნელი 102 წლის ყველა გამოცდილებისგან განსხვავდება. არ დაგვავიწყდეს, რომ არც ისე მომზადებულები ვიყავით, როგორც გვეგონა ან როგორც უნდა ვყოფილიყავით. მე იმის მეშინია, რომ ხუთი-ათი წლის შემდეგ ან დაავიწყდებათ, ან აღარ შეაწუხებთ ის, თუ როგორ მოიცვა სამყარო ამ ეპიდემიამ. კი, დაავიწყდებათ.
და ამას სასოწარკვეთით ვამბობ. ყოველთვის ვიცოდით ჯანდაცვის სფეროს უთანასწორობაზე. ვიცით, რომ აფროამერიკელებსა და ლათინოამერიკელებს დაავადებებთან ბრძოლისას უფრო სავალალო შედეგები აქვთ. COVID-19-მა ისევ ნათელი გახადა მათი არაპროპორციულად დიდი ტვირთი.
მოდით, დავთქვათ, რომ მომავალ ოცდაათ-ორმოც წელში რამეს ვიღონებთ ამის თაობაზე. კარგად ჟღერს, მაგრამ ხუთ წელში რამე ახალი პრობლემა გამოჩნდება და COVID-19 სულ დაგვავიწყდება.
11 ვადის განმავლობაში შვიდ პრეზიდენტთან მიმუშავია. თავიდანვე მივხვდი: თუ გეშინია, რომ უკან არ მოგიწვევენ ან ვინმეს აწყენინებ, არაფერი გამოგივა. არავის არ უნდა, გაანაწყენოს აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპის ადმინისტრაციის დროს ხანდახან ვამბობდი რაღაცას, რაც მათ არ მოსწონდათ, მერე კი სადღაც ერთი კვირა ტელევიზიაში აღარ ვჩანდი, მაგრამ ყოველთვის ვბრუნდებოდი. არ მინდოდა, დამეკარგა ამერიკელებისთვის პირისპირ მიმართვის შანსი.
დონალდ ტრამპს და მე ერთმანეთი თითქოს მოგვწონდა. არ ვიცი, შეიძლება ორივე რომ ნიუ-იორკში გავიზარდეთ, ამიტომ… მერე, როგორც ამბობდა, საინტერესო, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მაგრამ შემდეგ ხანდახან პრესკონფერენციებზე მიწევდა მისი ნათქვამის დაზუსტება. თავიდან, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამით არაფერი დაშავებულა, მერე კი ყველაფერი ცოტა დაიძაბა, მაგრამ როდესაც ორი დღის შემდეგ ოვალურ კაბინეტში შევხვდებოდი ხოლმე, გეგონება, ისევ მეგობრები ვიყავით. არ ვფიქრობ, რომ მეცნიერებს განზრახ ემტერებოდა. მგონია, რომ მისთვის მეცნიერება უბრალოდ არ იყო მნიშვნელოვანი. კი არ ემტერებოდა, უფრო – გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა.
ვფიქრობდი, ჩემი მოვალეობა იყო, ყველაფერი მეღონა პანდემიის შესაჩერებლად, ამიტომ წამოსვლა არ შემეძლო. შემეძლო გამერისკა და შევწინააღმდეგებოდი. ან უნდა გავჩუმებულიყავი, რაც ჩემი პრინციპების დარღვევა იქნებოდა, ან – წავსულიყავი, რაც ნიშნავდა, რომ კარგ საქმეს ვეღარ გავაკეთებდი. სამეცნიერო ღირსების შენარჩუნება მხოლოდ ხმის ამოღებით შემეძლო.
ნათელი იყო, რომ ჩემი და მისი საზოგადოებრივი გზავნილები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, ამიტომ მან გარშემომყოფებს ნება დართო, ჩემი რეპუტაცია შეელახათ. მაგრამ ვფიქრობ, წუხდა, რადგან გულის სიღრმეში იცოდა, რომ სიმართლეს ვამბობდი. მოვწონდი, მაგრამ რასაც ვეუბნებოდი, მისთვის მიუღებელი იყო.
ერთ-ერთი, რაც საგონებელში მაგდებს, ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენი ადამიანი არ აღიარებს, რომ კოვიდი პრობლემაა. ზოგი მას მითად მიიჩნევს, რომელიც რაღაცისათვის მოიგონეს, არადა ფაქტი სახეზეა: ქვეყანაში ფუნდამენტური ჭრილობები გვაქვს, რომელთაც უნდა ვუმკურნალოთ. იმედი მაქვს, ისტორიკოსები თვალს რომ გადაავლებენ ჩემს მოღვაწეობას, დაინახავენ ჩემს თავდადებას, დადებითი გავლენა მქონოდა საზოგადოებაზე. და ეს გარკვეულწილად მოვახერხე კიდეც. იქნებ, მრავალი წლის შემდეგ ვინმემ ამაზე წაიკითხოს და თქვას: „უი, კარგი ტიპი ყოფილა“.

დოკუმენტური ფილმი „ფაუჩი“ აშშ-ის ინფექციური დაავადებების მოწინავე ექსპერტის ცხოვრებასა და კარიერაზე მოგვითხრობს. National Geographic-ის დოკუმენტური ფილმების ნამუშევარი, ახლა ხელმისაწვდომია Disney+-ზე.

წიგნი „ფაუჩი – მოულოდნელის მოლოდინი: ათი გაკვეთილი სიმართლეზე, მსახურებასა და სამომავლო გზაზე“ 2 ნოემბრიდან გაიყიდება. წიგნი შედგენილია დოკუმენტური ფილმისთვის ჩაწერილი ინტერვიუების მიხედვით.