დუბაის ამბიციური გეგმა
როგორი ტიპის დასახლებაა გამართლებული ასეთ ადგილას? დუბაის მთავრობა ირწმუნება, რომ სწორედ მდგრადი ქალაქის აშენებას აპირებს


დუბაის ამბიციური გეგმა
როგორი ტიპის დასახლებაა გამართლებული ასეთ ადგილას? დუბაის მთავრობა ირწმუნება, რომ სწორედ მდგრადი ქალაქის აშენებას აპირებს
ზაფხულში დუბაიში ტემპერატურა აღწევს 50 გრადუსს. ზღვასთან სიახლოვის გამო, ჰაერის მაღალი ტენიანობა სულს გიხუთავს. წელიწადში 100 მმ-ზე ნაკლები წვიმა მოდის. ამ ქვეყანაში არც მუდმივი მდინარეები არსებობს. სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგ მიწას კი, თითქმის ვერ იპოვით.
როგორი ტიპის დასახლებაა გამართლებული ასეთ ადგილას? დუბაის მთავრობა ირწმუნება, რომ სწორედ მდგრადი ქალაქის აშენებას აპირებს.

მდგრადი? დუბაი? ეკონომიკურმა ზრდამ ქალაქი ისეთი სიუხვის სიმბოლოდ აქცია, როგორიც იაფი ენერგიისა და გარემოსადმი ინდიფერენტულობის შერწყმისას ჩნდება. დუბაი შუშის კოშკების გასაგრილებლად გაცილებით მეტ წიაღისეულ საწვავს იყენებს. ამ შენობებში წყლის მისაწოდებლად კი დღეში ასობით ოლიმპიური აუზის მოცულობის ოკეანის წყალს ადუღებს. მდიდრული სასტუმროებისა და ვილების პლაჟის მოსაწყობად, უზარმაზარი ხელოვნური კუნძულების ქვეშ მარჯნის რიფებიც კი დამარხეს.
2006 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF) არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, უდიდესი ეკოლოგიური კვალის მქონე ქვეყნად გამოაცხადა, მეტწილად ნახშირბადის ემისიის გამო. ათი წლის შემდეგ ქალაქ დუბაის მოსახლეობა გაორმაგდა და 2,8 მილიონს გადააჭარბა. თუმცა, 2006 წლიდან ნამდვილად შეიცვალა რაღაც: დუბაიმ გარდაქმნა დაიწყო.
2006 წლიდან დუბაის მისი უდიდებულესობა შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, 68 წლის მემკვიდრე ემირი, ანუ, „მმართველი“ ჰყავს. მან ბრძანა, რომ 2050 წლისთვის ქალაქი თავისი ენერგიის 75%-ს სუფთა წყაროებიდან მიიღებს. შეიხს სურს, რომ ქალაქი, ნახშირბადის ემისიით, მსოფლიოში ყველაზე ბოლო ადგილზე აღმოჩნდეს.
ბოლო დროს, დუბაის ელექტროენერგია და წყალი არ აკლია. თითქმის მთელი ეს რესურსი ჯებელ ალის 4 კმ-იანი ინდუსტრიული ელექტროსადგურიდან მოდის.

ამ ფერად კვამლსადენებსა და საორთქლებლებში, დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის სამმართველო (DEWA) ბუნებრივი აირის წვით, 10 გიგავატ ელექტროენერგიას აწარმოებს. ნარჩენი სითბოს მეშვეობით, ზღვის წყალს — დღეში ორ მილიარდ ლიტრზე მეტს — ამტკნარებენ. ბუნებრივი აირი ყატარიდან (რომელთანაც საამიროებმა ივნისში დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს) მილსადენებითა და შორეული აშშ-დან ტანკერებით მოედინება.
დუბაი, მომცრო საამირო, რომელიც ნავთობით მდიდარი გვგონია, თავს იმპორტირებული საწვავით ირჩენს. თუმცა ამას ერთი უპირატესობაც აქვს: გიბიძგებს, რომ მდგომარეობა შეცვალო.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.