დარეჯან კაჭარავა, 47 წელია, არქეოლოგიაში მუშაობს. მისი კვლევის არეალი კი უცვლელი – ვანის არქეოლოგიურ გათხრებს იმ დროიდან მოჰყვება, როდესაც იქ პირველი საეტაპო სამარხი გაითხარა და წერილობითი წყაროები „ოქრომრავალი კოლხეთის” შესახებ არქეოლოგიითაც დადასტურდა (1969 წ.). მას შემდეგ ანტიკური კოლხეთი დარეჯან კაჭარავასთვის დაუცხრომელი პროფესიული ინტერესის საგანია: „ვანი ძეგლია, რომელსაც ვერასდროს მიატოვებ”.
როგორ აღმოჩნდით პირველად ველზე?
22 წლის ვიყავი მაშინ. 1967 წელს, მეხუთე კურსის დასრულების შემდეგ, არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის დირექტორი, ოთარ ლორთქიფანიძე შეგვხვდა მე და ჩემს ორ მეგობარს მუზეუმის დერეფანში და ექსპედიციაში წასვლა შემოგვთავაზა. დაუფიქრებლად დავთანხმდი მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებათმცოდნეობა მქონდა არჩეული და სადიპლომოდ ბაზილიკებზე ვმუშაობდი.
როგორ მიეჩვიეთ საველე პირობებს, განსაკუთრებით – სამუშაო სფეროს ასეთი მკვეთრი ცვლილების შემდეგ?
არაჩვეულებრივი შემადგენლობის პროფესიონალთა ჯგუფის გამო – სანდომიანი, საქმიანი, ფანტასტიკური იუმორის გრძნობით. ექსპედიციები ივნისიდან ოქტომბრამდე მიმდინარეობს. ივნისში მოთელვაა – სანამ რამე გამოჩნდება. შემდეგ სამარხის გაწმენდა იწყება, რასაც ზოგჯერ ოთხ კვირას ვუნდებით. ამიტომ ადრიანად ვიწყებთ, რადგან შუადღეს, პირველიდან ოთხ საათამდე, შეუძლებელია მუშაობა, საღამოს კი ისევ ვაგრძელებთ. ამ რეჟიმის დაცვას პირველივე ექსპედიციაში მივეჩვიე. ვმუშაობდი გათხრების ერთ-ერთი უბნის ხელმძღვანელის ასისტენტად და აზრად არასდროს მომსვლია, მეთქვა, რომ დავიღალე. თუმცა, სამიდან ერთ-ერთმა ჩვენგანმა საერთოდ ვერ შეძლო არქეოლოგობა. ვერ წარმოედგინა თუნდაც ის, რომ ტალახიანი ხელით უნდა აეღო კალამი და ჩანაწერები ეკეთებინა.
ქალბატონო დარეჯან, რას არის ახლა თქვენი ძირითადი სამუშაო?
2008 წელს გადმოვედი ეროვნულ მუზეუმში, ახლა ვარ ისტორიის მიმართულების ფონდების კონსერვატორი, ვმუშაობ ყველა საკითხზე, რაც არქეოლოგიურ ფონდებს ეხება.

ყველაზე მეტად რა გიზიდავთ თქვენს ახლანდელ საქმეში?
გამოფენების მომზადება მომწონს. ახლა ვმუშაობთ ერთ საინტერესო იდეაზე – გვინდა, რომ ერთ გამოფენად წარმოვადგინოთ კავკასიის მუზეუმში შემოსული პირველი კოლექციები. ეს კი მარტო ქართულ მასალას არ მოიცავს, არამედ – ნივთებს მთელი კავკასიიდან (კავკასიის მუზეუმი 1852-1919 წლებში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებასთან ფუნქციონირებდა, როგორც კომპლექსური სამხარეთმცოდნეო დაწესებულება, მთელ კავკასიაში მოპოვებული საყოფაცხოვრებო ნივთებით, სამკაულით, მონეტებით, მუსიკალური საკრავებითა თუ საბუნებისმეტყველო კოლექციებით).
მანამდე, ფაქტობრივად, ცხოვრობდით ველზე. რა არის ყველაზე რთული ველზე მუშაობის დროს?
რთული ორგანიზმია ექსპედიცია, თან ბევრი თვალსაზრისით. იქ ცუდ ამინდშიც უნდა იმუშაო, ზოგჯერ ყოფაც არ არის მოწესრიგებული და, რაც მთავარია, – ადამიანებთან ურთიერთობა – ეს არის ყველაზე რთული. ექსპედიციაში შეიძლება იყოს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ადამიანები და ყველასთან ურთიერთობა უნდა მოახერხო.
ვანის გარდა, გიმუშავიათ რომელიმე სხვა გათხრებზე?
პირველ წელიწადს ვიყავი მცხეთაში და ბიჭვინთაშიც – ანტიკური ხანის სპეციალისტისთვის ეს ნამდვილი სკოლაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს. მეც გავიარე, თუმცა დავრჩი ვანში. ვანი ძეგლია, რომელსაც ვერ მიატოვებ.
რა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა ვანის სამარხები კოლხეთის შესწავლის პროცესში, ზუსტად იმეორებს თუ არა არქეოლოგიური კვლევის შედეგები წერილობით წყაროებში დაცულ ცნობებს კოლხეთის შესახებ?
საერთოდ, კოლხეთის შესახებ ქართულ წერილობით წყაროებში არაფერია ნათქვამი. ბერძნული ლიტერატურისთვის კი ის ცნობილია. კოლხეთს თუ კოლხებს პირველად მოიხსენიებს ბერძენი ეპისკოპოსი, პოეტი ევმელოს კორინთელი (ძვ. წ. მე-7 საუკუნის მე-2 ნახევარი). ჰესიოდეს (ძვ. წ. მე-8 საუკუნის დასასრულისა თუ მე-7 საუკუნის დასაწყისში), ასევე, კოლხეთის მდინარე ფასისი მსოფლიოს უდიდეს მდინარეთა შორის აქვს ნახსენები „თეოგონიაში”. ამის შემდეგ, კოლხეთი გამუდმებით გვხვდება ბერძნულსა და რომაულ ლიტერატურაში. ამ მონაცემებით, თუმცა მწირით, შესაძლებელია კოლხეთის ზოგადი ვითარების რეკონსტრუქცია მაინც, მაგალითად, შეგვიძლია ქვეყნის ტერიტორიის დადგენა. სხვადასხვა წყაროების შეჯამების შემდეგ, ვნახავთ, რომ კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი პიტიუნტ-დიოსკურიაზე გადის, ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონია, აღმოსავლეთი – სკანდე-შორაპნის ხაზი, სამხრეთი საზღვარი კი აფსაროსამდე აღწევს. სწორედ ამ და სხვა წერილობით ცნობებს კოლხეთის შესახებ პირდაპირ ეხმიანება არქეოლოგიური კვლევის შედეგები. ვთქვათ, ცნობებს კოლხეთში სამეფო ხელისუფლების არსებობის შესახებ ადასტურებს ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. IV-III საუკუნეების კრამიტები, რომლებზეც არის დამღა „ბასილიკე”, ე.ი. „სამეფო”. ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ცენტრებად დაყოფის მანიშნებელია ვანისა და საირხის ნაქალაქარები, აქ აღმოჩენილი მდიდრული სამარხები კი მმართველი ელიტის წარმომადგენლებს უნდა ეკუთვნოდეთ.
კოლხეთში სამეფო ხელისუფლების არსებობას ადასტურებს ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. IV-III სს-ის კრამიტი, დამღით „ბასილიკე”, ე.ი. „სამეფო”.
ეს იმიტომ, რომ ამ სამარხებში დაკრძალულ პირებს გამორჩეულად ბევრი ოქროს სამკაული აქვთ ჩაყოლებული?
დიახ, თან მსგავს სამარხებში ყოველთვის გვხვდება რამდენიმე დაკრძალული პირი, მათ შორის კი აშკარად გამოკვეთილად ჩანს, რომელია მთავარი მიცვალებული – ის ცენტრალურ ადგილზე წევს და თან მდიდრული ინვენტარი ახლავს. დანარჩენები მსახურები არიან, ოღონდ დაწინაურებული საზოგადოებიდან, რადგან ოქროსა და ვერცხლის სამკაული მათაც აქვთ. სამარხებში ყველა ერთ დროსაა ჩასვენებული, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამარხის მთავარი მიცვალებულის თანმხლები პირების მოკვდინება ხდება, თუმცა არ ვიცით, რა მეთოდით. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ისინი თან მიჰყვებიან გარდაცვლილს სამარეში.
ვანის გათხრების საშუალებით შეგვიძლია ვისაუბროთ კოლხეთში გავრცელებულ რელიგიაზე?
ბევრი რამ ბურუსითაა მოცული. ცნობილია, რომ ღმერთების დიდ დედას სცემენ თაყვანს და მისი სიმბოლოა ჩიტები. ამიტომ, ჩიტის გამოსახულება წამყვანია კოლხურ ოქროში. აშკარაა, რომ კოლხები ნაზიარები არიან ბერძნულ კულტურასაც. იციან დიონისე და ამის დასტურია დამწვარი ძელი, პატარა კოჭობები და დიონისეს ნიღაბი. მიიჩნევენ, რომ ეს ნივთები უნდა უკავშირდებოდეს დიონისეს პატივსაცემად გაზაფხულობით გამართულ ფესტივალს, როცა დიონისეს ნიღაბი გამოჰქონდათ და კოჭობებით სვამდნენ ახალ ღვინოს. რაც შეეხება დამწერლობას და ვანის ტერიტორიაზე არსებული ქალაქის ზუსტ სახელს – დეტალები და ცოდნა ნაკლებია. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო საკულტო ნაგებობის ქალაქი.
რომელი წლებით თარიღდება 1969 წლის შემდგომი მნიშვნელოვანი გათხრები ვანში?
1969 წლის მერე გვხვდებოდა თითო-ოროლა სამარხი, ძირითადად – გაძარცვული. მერე კი „აფეთქება” 2002 წელს მოხდა და ოქრომ უსასრულოდ იწყო ამოსვლა. საერთოდ, ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ნივთების რაოდენობა 5700 ერთეულს აჭარბებს, რაც თითქმის 25 000 კარატი ოქროა.
რას ვიგებთ კოლხეთის შესახებ ახალს ვანის 2000-იანი წლების აღმოჩენებით?
ეს დიდი აღმოჩენების პერიოდია. 2002-2005 წლებში გერდა ჰენკელის სახელობის გერმანული ფონდის გრანტით რვა უბანი გავთხარეთ. მნიშვნელოვანი ექსპედიციები ჩატარდა 2007 წელსაც, კულტურისა დ ძეგლთა დაცვის სამინისტროს გრანტით. ისე მოხდა, რომ 2002 წლიდან მე დამნიშნეს ექსპედიციის ხელმძღვანელად. ამიტომ მეუბნებოდნენ, ზოგიერთი არქეოლოგი ერთ დიდ აღმოჩენას თუ მოესწრება, შენ კი როგორ გიმართლებსო. პირველ რიგში, აღსანიშნავია სამარხების წყება. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ისეთივე საეტაპო ძეგლებია, როგორიც იყო 1969 წელს გათხრილი წარჩინებული კოლხი ქალის, მეომრისა და ბავშვის სამარხები. 1969 წლის ამ აღმოჩენებმა რეალური საფუძველი შეუქმნეს მითს კოლხეთის ოქრომრავლობის შესახებ, 2000-იანი წლების აღმოჩენებმა კი ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, ასევე დადასტურდა ქვეყანაში ვერცხლის სიმრავლეც. დამტკიცდა ყველა ის ნიშანიც, რითაც კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები განსხვავდება თანადროული აქემენიდურ-სპარსული თუ ბერძნული საიუველირო ხელოვნების ნიმუშებისგან. ამავე დროს, გამოვლინდა ოქროსა და ვერცხლის სამკაულის ახალი სახეობები. მოხერხდა ადრე გაურკვეველი ნივთების რაობის დადგენაც. ამ უახლესი აღმოჩენების გვირგვინი იყო ბრინჯაოსა და რკინის ნივთების განძი, ჩაფლული ქალაქის დანგრევის შემდეგ (ძვ.წ. პირველი საუკუნის შუახანებში). ბრინჯაოს ჭრაქებს ამ განძიდან ჯერ ვერ მოეძებნა ანალოგი. საერთოდ, იშვიათია, ასე კარგად შემორჩენილი რკინის ნივთები. განძი კი ასობით ისრის პირს, ორ კანდელაბრსა და ერთ სადგამს შეიცავს.
90-იანები ამ პროცესში მთლიანად გამოტოვებულია?
დიახ, გამოვტოვეთ – ერთხელ ექსპედიციისთვის მოგვცეს თანხა, რომლითაც მხოლოდ ათ კვერცხს იყიდდი. თუმცა, პროცესი არ შეწყვეტილა და ეს ოთარ ლორთქიფანიძის სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან, თუ დიდხანს არ ჩადიხარ, ძეგლი ნადგურდება, უპატრონოდ თვლიან.

ძირითადად, რა თემებზე ამახვილებთ ყურადღებას ვანის სამეცნიერო სიმპოზიუმებზე?
ვანში რეგულარული სიმპოზიუმები 1977 წლიდან იმართება. მესამე სიმპოზიუმიდან მოყოლებული კი უცხოელებიც მონაწილეობენ. ისინი ინფორმაციას იღებენ არა მხოლოდ შავიზღვისპირეთის ანტიკური არქეოლოგიის მიღწევებზე, არამედ, ხმელთაშუაზღვისპირეთზეც. ყოველთვის ჩართული ვიყავი ამ სიმპოზიუმების ორგანიზებაში და ხშირად მოხსენებითაც გამოვდიოდი. გარდა ამისა, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, კემბრიჯში, ათენში, რომსა თუ სტოკჰოლმში, იქაური საზოგადოებისთვის განსაცვიფრებელი ვანის ოქროს გამოფენებს ყოველთვის ახლდა კონფერენციები. ამ კონფერენციებზე ყურადღებას ვამახვილებდით ზოგადად ვანის მნიშვნელობაზე; ამა თუ იმ გამორჩეული ნივთის აღწერაზე.
ეს იყო ღია საზოგადოება, ყველა სიახლეს ადვილად იღებდნენ, უარყოფდნენ ან ითავისებდნენ, ან თავისებურად ამუშავებდნენ.
რა გსურთ იცოდნენ სხვებმა თქვენი კვლევების შესახებ?
მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არაჩვეულებრივი წინაპრები გვყავდა. ანტიკურ სამყაროში არაფერი მომხდარა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ არ შემოეტანათ; არაფერი ყოფილა პროგრესული, მათ გარეშე რომ ჩაევლო. რაღაცას ითავისებდნენ, რაღაცას – არა. ეს იწვევს აღტაცებას ჩემში – ღია საზოგადოება იყო, ყველაფერს ადვილად იღებდნენ და თავისებურად ამუშავებდნენ – ზუსტად ასეა ოქრომჭედლობაშიც.
თქვენი კვლევის დიდი სპექტრიდან ხომ არ გამოყოფდით ერთს?
სიამოვნებით ვმუშაობ ვერცხლზე; ვერცხლის ფიალებზე, ვანის 24-ე სამარხიდან. ოთხი ფიალა ედო მიცვალებულს მკერდზე, ერთი ამფორასთან იდო. იქვე ეკიდა ჩამჩა. ერთზე ნადირობის სცენაა გადმოცემული, დანარჩენებზე კი, ჩიტებია. საბოლოოდ, ვემზადები ერთ ძალიან მნიშვნელოვან ექსპონატზე – ვერცხლის სარტყელზე სამუშაოდ. მასზე რამდენიმე მრავალფიგურიანი სცენაა გამოსახული. ცენტრალურ ნაწილშია ტახტზე წამოწოლილი მოქეიფე მამაკაცი. დიდხანს ვიმუშავე მის ფიგურაზე, რათა გამერკვია, რა აცვია, როგორია თმის ვარცხნილობა, ცხოველის ბეწვი როგორ არის დამუშავებული… – ამ ყველაფრის დადგენაა საჭირო, რათა გაირკვეს, თუ სადაა ეს ნივთი დამზადებული. ახლა ეს არის ჩემი ინტერესის სფერო. ადრე, ბავშვობაში ერთ ჟურნალში მაქვს წაკითხული და მას შემდეგ მახსოვს: არქეოლოგი უნდა იყოს დეტექტივი და დიდი ფანტაზიის მქონე. ასეა ნამდვილად.
რით ამაყობთ ყველაზე მეტად?
პირველ რიგში – გუნდით, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. მათი დამსახურებაა ის, რომ ყველაფერი მაღალი პროფესიული სტანდარტით გაითხარა. სადაც კი მოხსენება წამიკითხავს და გათხრების სლაიდები მიჩვენებია, ყველგან გაოცება გამოუწვევია არქეოლოგიური კვლევის პროცესს, აქ ნათლად ჩანს, როგორ თანდათანობით იწმინდება მასალა, თან ყველაფერი აღვადგინეთ, ისიც კი, როგორ ჰქონდა მიცვალებულს ტანსაცმელი შემკული, ფირფიტები როგორ ჰქონდა დაკერებული. მოკლედ, ლაზათიანად გავთხარეთ.