
მამრის ერთადერთი ფუნქცია
როდესაც ახალგაზრდა დედა ფუტკარი სქესობრივ სიმწიფეს მიაღწევს, სკიდან გამოფრინდება და შესაწყვილებლად ჰაერში შეკრებილი მამრი ფუტკრების ჯგუფში შეფრინდება
მამრ ფუტკრებს სკაში მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვთ: დედა ფუტკრის განაყოფიერება. ამ მისიის შესრულების შემდეგ, ისინი სრულიად გამოუსადეგარნი არიან კოლონიისთვის.
როდესაც ახალგაზრდა დედა ფუტკარი სქესობრივ სიმწიფეს მიაღწევს, სკიდან გამოფრინდება და შესაწყვილებლად ჰაერში შეკრებილი მამრი ფუტკრების ჯგუფში შეფრინდება. სკაში მისი ადგილი აღარ არის: კოლონიას მხოლოდ ერთი დედა ფუტკარი სჭირდება. ამიტომ, ველურ პირობებში, შეწყვილების შემდეგ ახალგაზრდა დედა ფუტკარი, ძველ კოლონიაში არსებული მუშა ფუტკრების გარკვეულ რაოდენობასთან ერთად, ახალი სკის საძებნელად მიფრინავს. ხელოვნურად მოშენებული კოლონიის შემთხვევაში, მეფუტკრე მათ ცარიელ სკაში ათავსებს.
ახალგაზრდა დედა ფუტკარს გამოყოლილი მამრები უწყვილდებიან. ცხადია, ამას ყველა მამრი ვერ ახერხებს. მამრი ფუტკარი დედა ფუტკარს აჯდება და ენდოფალოსს სასქესო ტრაქტში მჭიდროდ ათავსებს. მდედრისგან მოცილების შემდეგ, მას ენდოფალოსი ძვრება და დედა ფუტკარში რჩება. მამრი მალევე კვდება. თაფლი ზედმეტად ძვირფასია საიმისოდ, რომ უბრალო „სპერმის დონორებზე“ დაიხარჯოს. ამიტომ, შეჯვარების ციკლის დასრულებისთანავე მამრებს სკიდან გამოყრიან – მათ ხომ თავიანთი ერთადერთი ფუნქცია შეასრულეს! დედა ფუტკარი კი ახალ სკაში იწყებს კვერცხების დებას. იგი აღარასდროს დატოვებს ამ სკას. ამ დროს მის სპერმათეკაში დაახლოებით 5 მილიონი სპერმა ინახება, რაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ეყოფა კვერცხების გასანაყოფიერებლად.