ცნობისმოყვარეობა და სამყაროს საოცრებათა შესახებ თხრობის სურვილი ჩვენს ავტორებს ხშირად უცხო მხარეებში ამოგზაურებს, ზოგჯერ კი მშობლიურ კუთხეში აბრუნებს. ასე მოხდა National Geographic-ის მკვლევრის, სტამბოლში მცხოვრები რენა ეფენდის შემთხვევაში. თავის მთავარ სამუშაო იარაღთან, ფოტოკამერასთან ერთად, მან პეპლის საჭერი ბადეც მოიმარჯვა და ახლა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში სამწლიანი მუშაობის შესახებ პირადი ემოციებით სავსე ამბავს გვიზიარებს სტატიაში „ნადირობა მამაჩემის პეპელაზე“.
სამუშაო არეალის სიჭრელის თვალსაჩინო მაგალითია ამ ნომერში გამოქვეყნებული ორი სტატია, რომლებზეც National Geographic-ის ერთმა მკვლევარმა იმუშავა: ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი ქეითი ორლინსკი ჩრდილოეთის ირმების მწყემსებსაც დაემგზავრა არქტიკულ კანადაში და გამოწვევის წინაშე მყოფი ბრაზილიის ტროპიკული სავანაც შემოიარა.
ამ თვის მთავარი სტატიის ფოკუსში ძველი სკანდინავიელი ქალები არიან, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ საარაკო ვიკინგ კაცებს, თუმცა ისტორიამ ისინი ჩრდილში მოაქცია. ბოლო წლების სამეცნიერო აღმოჩენები ახლებურად წარმოაჩენს ძლიერი ვიკინგი ქალების როლს ამ ჩრდილოელი ხალხის საზოგადოებაში.
ისე გამოვიდა, რომ მარტის ნომერში ოთხივე ვრცელი სტატიის ფოტოგრაფები ქალები არიან. მარტი კი ის თვეა, როდესაც მსოფლიო ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ მიღწევებს აღნიშნავს; ქართული კალენდარი ცალკე გვახსენებს დედების დაფასების დღესაც.
მომავლის ისტორიკოსებს ჩვენი ეპოქის ქალების სიძლიერის დამადასტურებელი ციფრული არტეფაქტები უხვად ექნებათ. ასე რომ, მიკერძოება მაპატიეთ, მაგრამ ამ სვეტში განსაკუთრებული მადლობა და სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო სიტყვით და კამერით შეიარაღებულ ძლიერ ქართველ ქალებს!