

ძველი ქართული ხელნაწერები
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მეცნიერთა ოთხკაციანი გუნდი შეიკრა, რომელმაც ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობაზე, მათ დიგიტალიზაციასა და გამოცემაზე დაიწყო მუშაობა. მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაახლოებით 120 000 ექსპონატია, რომელთაგანაც ამ ეტაპზე 3000 აღიწერა, მათ შორის არაერთი საინტერესო ხელნაწერი – სახარებები, სასულიერო კრებულები, სიგელ-გუჯრები, „ვეფხისტყაოსნის“ განსხვავებული რედაქციები, სამართლის წიგნები, კარაბადინები, განჩინებები, გენეალოგიები, საზოგადო მოღვაწეთა პირადი და ოფიციალური წერილები, მიმოწერები, არქივები, ნაწარმოებები, თარგმანები თუ მოგონებები. პროექტის შედეგად, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, პრაქტიკულად შეიცვალა მეცნიერთა ყოველდღიურობა. მათ აქამდე უცნობ ხელნაწერებსაც მიაგნეს. თითქოს მკვლევართა თვალწინ ერთდროულად გაცოცხლდა რამდენიმე ეპოქა და ადამიანი, ხელშესახები გახდა ჩვენი წარსული და ისტორია.
„ხელნაწერი წიგნების აღწერილობასა და დიგიტალიზაციაზე მუშაობამ განსაკუთრებულ აღმოჩენამდე მიგვიყვანა“, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ია ღადუა და თვალწინ გვიშლის ათონურ ხელნაწერს, რომელმაც დღეს არაერთი ვარაუდი გააჩინა მეცნიერთა შორის და კვლევის ახალი საგანი გახდა.

ხელნაწერი გიორგი მთაწმინდელის რედაქციას მიჰყვება. ოთხთავი XII-XIII საუკუნეებითაა დათარიღებული. გარედან ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა აქვს და სპილოსძვლისფერი ტყავის 244 ფურცლისგან შედგება. ტექსტი კლასიკური ნუსხურით, ძირითადად, ორ სვეტადაა დაწერილი. სათაურები და საწყისი ასოები ოქროვარაყიანი სინგურითაა გაფორმებული, ზოგი თავი კი ვარაყიანი თავკაზმულებითაა მორთული. ხელნაწერს ახლავს ოთხივე მახარებლის – მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს ფერადი მინიატურები. ოთხთავი ათონიდან საქართველოში ჩამოიტანა მღვდელმონაზონმა ილია ფანცულაიამ და 1929 წელს მიჰყიდა ისტორიკოსსა და ფილოლოგ სარგის კაკაბაძეს. ლიტერატურის მუზეუმმა ის სარგის კაკაბაძისგან 1944 წელს შეიძინა.
ხშირად საუკუნეების წინ შექმნილი ესა თუ ის ხელნაწერი, რომლის მხოლოდ ნაწილია დაცული ამა თუ იმ ფონდში, შეივსება და დაიბრუნებს ხოლმე პირვანდელ სახეს. ეს ყველა ფერი კი იმ მეცნიერების დამსახურებით ხდება, რომლებიც არასოდეს წყვეტენ ძიებას და თვალიც ისე აქვთ გამახვილებული, რომ ზოგჯერ ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი კავშირების დანახვა შეუძლიათ, ხოლო, როდესაც უკვე დაკარ გულ ნაწილებს მოარგებენ ერთმანეთს, ყველასთ ვის თვალნათელი ხდება ამ ნაწილების ერთიანობა. ხელნაწერი ხომ ერთ-ერთი საუკეთესო გზაა წარსულის შესასწავლად. თანამედროვე ხელნაწერების დიგიტალური ვერსიები და მათი აღწერილობათა წიგნები დღეს კიდევ უფრო ამარტივებს წყაროს შესწავლის პროცესს. რესტავრატორები მუშაობენ საქართველოში დაცულ ხელნაწერებზე მათი გადარჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით, რესტავრირებული და გამოკვლეული ხელნაწერები კი დამთვალიერებელს თავს ხშირად საგამოფენო სივრცეში აცნობს.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.
ლიზა მეფარიშვილის პირველივე სტატია „სამარხის ქურდები“, რომელიც ჩვენი ჟურნალის 2016 წლის ივნისის ნომერში დაიბეჭდა, Best Edit-ად დასახელდა სათავო ოფისის მიერ. ირა კურმაევა National Geographic საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფია. სწორედ მისი გადაღებულია ჩვენი ჟურნალის 2017 წლის სექტემბრის და 2018 წლის ოქტომბრის ნომრის ყდები.