ტრადიციულად, რედაქტორის სვეტის თემად ერთ რომელიმე სტატიას გამოვარჩევ ხოლმე და მასზე ვწერ. მიმდინარე ნომერში ეს ვერ შევძელი, რადგან ახლა ჩემთვის ორი სტატიაა წამყვანი და გადავწყვიტე, ტრადიცია დავარღვიო.
ბავშვობიდან ორი გატაცება მქონდა – ცხოველები და ძველი სამყაროს ისტორია. დღეს ერთი – ჩემი პროფესია, მეორე კი – დაუცხრომელი ინტერესის სფეროა.
მარტორქებზე პიტერ გუინის მძაფრი სტატია და ბრენტ სტირტონის სულისშემძვრელი ფოტოსესია კვლავ დაგარწმუნებთ, რისი ჩამდენია ადამიანის სისულელე – ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაიჯეროს ექიმბაშების შეთხზული ზღაპრები. თურმე, მარტორქის რქა ჯანმრთელობას აუმჯობესებს და, ნუ იტყვით, “მამაკაცურ თვისებებსაც აძლიერებს”. ზოგს არც ერთი სჭირდება და არც მეორე, მაგრამ უზარმაზარი ფულის გადახდით პატივმოყვარეობას იკმაყოფილებს. გამორჩეულობის განცდითა თუ უკეთესი ერექციის სურვილით გამოწვეული საზარელი ომი კი ათასობით ცხოველსა და ადამიანს იწირავს.
გენეტიკურმა კვლევამ გამოავლინა, რომ ტუტანხამონის დედ-მამა და-ძმა იყო.
მსგავსი რამ ფარაონებს არ სჭირდებოდათ, ისინი ხომ ისედაც გამორჩეულნი იყვნენ – ცოცხალი ღმერთები. და, რადგან ღმერთები მხოლოდ ღმერთებზე ქორწინდებოდნენ, ამიტომ ღვიძლ დაძმას შორის ქორწინებაც მხოლოდ ფარაონთა ექსკლუზიური უფლება იყო. ვინ იფიქრებდა, რომ სწორედ ეს პრივილეგია მოჰფენდა ნათელს სამყაროს ყველაზე ცნობილი ჭაბუკის, ტუტანხამონის ოჯახის ისტორიას, ასე შთამბეჭდავად რომ მოგვითხრო ზაჰი ჰავასმა.
საოცარია ადამიანი! მუმიებიდან გენეტიკური მასალის აღებით 3000 წლის ფარაონების წინაპრებს ვადგენთ, იმავდროულად, ვიაგრას ეპოქაში, მარტორქის რქაში ვეძებთ პანაცეას. არ ვოცნებობ იმ დროზე, როდესაც ლაგოდეხის ნაკრძალის რეინჯერსაც, მარტორქების დამცველებივით, შეეძლება ცეცხლი გაუხსნას ბრაკონიერს. ვოცნებობ იმ ეპოქაზე, როცა ურთულესი ტექნოლოგიების ავტორი, გონიერი ადამიანი, თოფმომარჯვებული აღარ შევა ნაკრძალში… ცხადია, თუ მანამდე იქ რამე დარჩა.