
ეგვიპტის მომაჯადოებელი მემკვიდრეობა
ბევრი თქვენგანის მსგავსად, ჩვენც, National Geographic-ში, დიდი ხანია გატაცებულნი ვართ ძველი ეგვიპტით. წარმოუდგენელი სრულყოფილება სოფლის მეურნეობაში, არქიტექტურასა თუ ხელოვნებაში; მისი პოლიტიკური მოწყობა, ურთიერთობები და ამოუცნობი რიტუალები ძლიერ ინტერესს იწვევს ჩვენში, რადგან ამ ცივილიზაციის შესახებ ბევრი რამ ჯერაც არ ვიცით. შეიძლება, სწორედ ამიტომ შეინარჩუნა ეგვიპტოლოგიამ ისეთივე პოპულარობა, როგორიც მას 1922 წლის ტუტანხამონის სამარხის აღმოჩენისას ხვდა წილად.
National Geographic-ის პირველი საველე კორესპონდენტი მეინარდ ოუენ უილიამსი, სწორედ ის, რომელმაც კავკასიაში იმოგზაურა და 1918 წლის ოქტომბრის ნომერში ვრცელი სტატია მიუძღვნა საქართველოს, ტუტანხამონის სამარხის ერთ-ერთი პირველი თვითმხილველი იყო. 1923 წლის მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში ის ერთგვარ იმედგაცრუებას გამოხატავს, რადგან, როგორც ჩანს, მხოლოდ ცარიელი საკნების დათვალიერების უფლება მისცეს და არა იმის, „ჭერამდე სავსე“ რომ იყო განძით. მას შემდეგ ამ საგანძურს National Geographic-ის არაერთი გამოცემა მიეძღვნა. ჟურნალის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ნომერში ფ. ლ. კენეტის გადაღებული ტუტანხამონის „ოქროს საგანძურის“ ფერადი ფოტოები დაიბეჭდა, 2005 წლის ივნისში კი მოზარდი ფარაონის სახის რეკონსტრუქცია წარვუდგინეთ მკითხველს.
ეს გამოცემაც, ორი დიდი თარიღის – 100 წლის წინ ტუტანხამონის სამარხის, წელს კი ეგვიპტის დიდი მუზეუმის გახსნის – აღსანიშნად ეგვიპტეს ეძღვნება. მუზეუმი 20 წლის განმავლობაში შენდებოდა და მასზე მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ჩვენ წარმოგიდგენთ არტეფაქტებისა და ტუტანხამონის მუმიის ფოტოებს, მათ ისტორიას და სამარხის აღწერას.
ჩვენ ასევე მოგითხრობთ ეგვიპტის ახალი ადმინისტრაციული ცენტრის შესახებ, რომელიც კაიროდან 45 კილომეტრის დაშორებით შენდება და ის ეგვიპტის ისტორიაში რიგით მე-20 დედაქალაქი იქნება.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic Magazine – საქართველოს.