ენერგიული, პროვოკაციული, შემაშფოთებელი, მომაჯადოებელი, გენიალური პიკასო
ვუნდერკინდიდან ლეგენდად ჩამოყალიბების გზა ნათლად ასახავს
მის შემოქმედებით სიღრმესა და მოუსვენარ ბრწყინვალებას


ენერგიული, პროვოკაციული, შემაშფოთებელი, მომაჯადოებელი, გენიალური პიკასო
ვუნდერკინდიდან ლეგენდად ჩამოყალიბების გზა ნათლად ასახავს მის შემოქმედებით სიღრმესა და მოუსვენარ ბრწყინვალებას
დილაა. ნიუ-იორკში ვართ, სადაც დღეს კრისტის იმპრესიონისტული და მოდერნისტული ხელოვნების აუქციონი უნდა ჩატარდეს და, უეცრად, აი ისიც.
როგორ გარდაიქმნება ადამიანი ახალშობილიდან ოსტატად? როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა ხელახლა განსაზღვროს ჩვენი ხედვა? პიკასო ქაოტური პიროვნება იყო. ცირკში სიცოცხლე და კორიდაზე სიკვდილი უყვარდა. მხიარულიც შეეძლო ყოფილიყო და გულჩათხრობილიც, ხან მოსიყვარულე, ხანაც – მბრძანებლური, მაგრამ ვუნდერკინდობიდან სიცოცხლის უკანასკნელ წლებამდე, როდესაც მუშკეტერებს და მატადორებს ხატავდა, პიკასოს თითქოს მუდამ შემოქმედებითი სიდიადე ჰქონდა დაბედებული და მისი გზა გენიალობისაკენ ისევე მყარად იყო განსაზღვრული, როგორც ტილოზე დატანილი საღებავი. ყველა ელემენტი ადგილზე იყო: ოჯახი, რომელიც მის შემოქმედებით წვას ასაზრდოებდა, ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა და გამბედაობა, შთამაგონებელი ადამიანები მის გარემოცვაში. ამასთან, იგი ისეთ ეპოქაშიც დაიბადა, როდესაც მეცნიერების, ლიტერატურისა და მუსიკის დარგებში წარმოქმნილი ახალი იდეები მის შემოქმედებას ენერგიით ავსებდა, ხოლო ახალშექმნილმა მასმედიამ მას უეცრად გაუთქვა სახელი. პიკასომ 91 წლის ასაკამდე იცოცხლა. მისი ცხოვრება არა მარტო შეუდარებლად პროდუქტიული, არამედ ხანგრძლივიც იყო.

პაბლო პიკასო 1881 წლის 25 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში დაიბადა. იმდენად აპათიური ჩვილი იყო, რომ მკვდრადშობილი ეგონათ. პიკასოს თქმით, მისი გამოცოცხლება ბიძის, სალვადორის სიგარის შებოლებით მოხერხდა. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ამ მზიან ქალაქში დღეს მხატვრის ბავშვობის ღირსშესანიშნავ ადგილებში სიცოცხლე ჩქეფს. სანტიაგოს ეკლესიაში, სადაც ჩვილი პიკასო ნაკურთხი წყლით მოინათლა, გუნდი მღერის სიმღერას „აუხდენელი ოცნება“ მიუზიკლიდან „Man of La Mancha“. ლა-მერსედის მოედანზე, სადაც მხატვარმა თავის სახლთან მიწაზე პირველი ჩანახატები შექმნა, ტურისტები ირევიან და კაფეებში 12 ევროს ღირებულების hamburguesa Picasso-ს უკვეთავენ. ქვაფენილზე მტრედები ეშვებიან; ალბორანის ზღვის ტალღები სანაპიროს ელამუნება და მალაგის ქუჩებში ისეთივე ბოშები გვხვდება, როგორებმაც თავის დროზე ახალგაზრდა პიკასოს სიგარეტის ნესტოდან მოწევა და ფლამენკოს ცეკვა ასწავლეს.

პიკასოს შემოქმედება მიზნად არასოდეს ისახავდა ხალხის მოწონების დამსახურებას. შვილის თქმით, ის შეკვეთებს თავს არიდებდა, ხატავდა იმას, რაც თვითონ უნდოდა და მოელოდა, რომ სხვები ამით დაინტერესდებოდნენ. რაღატომ გვიზიდავს ასე ძალიან მისი ნამუშევრები?
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.
კლაუდია კალბმა დაწერა „ენდი უორჰოლი ხარა -ხურის შემგროვებელი იყო: უდიდესი ისტორიული პიროვნებების გონებაში“ სერიისათვის National Geographic Books. ფოტოგრაფები პაოლო ვუდსი და გაბრიელე გალიმბერტი იტალიის ქალაქ ფლორენციაში ცხოვრობენ. ჟურნალისთვის ეს მათი მეორე ნამუშევარია.