ბორხესი ამბობდა, რომ სამყაროში მხოლოდ ოთხი ამბავია და რა დროც არ უნდა იყოს განგების მიერ კაცობრიობისთვის გამოყოფილი, ჩვენ განწირულები ვართ სხვადასხვანაირად მოვყვეთ ეს ოთხი ისტორია. ცხადია, ბორხესი ლიტერატურაზე ამბობდა. ადამიანის განსახლებას კი ერთი ისტორია აქვს – ჩვენ აფრიკიდან გამოვედით და მეცნიერების განვითარებასთან ერთად “განწირულები” ვართ ეს გამოსვლა სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად მოვყვეთ.
„ფეხით გადასერილი მსოფლიო”, ასე ჰქვია ჟურნალისტ პოლ სალოპეკის შესანიშნავ სტატიას, სადაც დეტალურადაა ნაამბობი მისი ფეხით მოგზაურობა აფრიკის იმ წერტილიდან, საიდანაც პირველმა ადამიანმა ნაბიჯი გადადგა ეპიკური მიგრაციის დასაწყებად. რატომ ეპიკურის? აბა რა დავარქვათ მოგზაურობას, რომელიც მინიმუმ 2500 თაობასა და ადამიანთა მოდგმის 60 000-წლიან ისტორიას ითვლის?
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენი წინაპრების კვალზე დამდგარი სალოპეკი მნიშვნელოვან თანამედროვე ამბებსაც ყვება კაცობრიობის ახალი და უახლესი ისტორიიდან: მსოფლიო კულტურისა თუ ადგილობრივი კულტურების გადარჩენაზე, კონფლიქტებზე, კლიმატის ცვლილებებზე, განსხვავებებსა და მსგავსებებზე… სიარულისას დედამიწის ყველა აღმართდაღმართი, ყველა კუთხეკუნჭული მთელი თავისი სიდიადით თვალწინ იშლება და იხსნებაო, ამბობს ის და ჯიუტად მიაბიჯებს დიდი მიგრაციის დასაწყისიდან (ეთიოპია, ჰერტო ბური) მის დასასრულამდე (ცეცხლოვანი მიწა, ჩილე).
„გამოსვლა ედემის ბაღიდან” შეიძლება ვინმეს ჟურნალისტ სალოპეკის კარგად მოთხრობილი საკუთარი შესაძლებლობების აღწერად მოეჩვენოს. ჩემი აზრით კი, ადამიანთა მოდგმის კვალდაკვალ მოგზაურობა ფილოსოფიური არსის მატარებელია, რომელიც უფრო დროსთან შეჭიდებას ჰგავს, ვიდრე ერთი ადამიანის ფაქტობრივად უსაზღვრო ფიზიკური შესაძლებლობების საინტერესოდ დემონსტრირებას.