
ეპოქალური მოგზაურობა გრძელდება
ხშირად მეკითხებიან – მოგზაურობისას გზას როგორ იკვლევო. ვპასუხობ: წინასწარ უნდა დაგეგმო ყველაფერი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა; სწორედ ესაა მოგზაურობის ხიბლი – დაგეგმილიდან შემთხვევითი აცდენა და სასიამოვნო (ან უსიამოვნო) სიურპრიზები, რომლებიც შემდეგ „ტკბილ მოგონებებად” იბეჭდება შენს მეხსიერებაში. მიუხედავად ამისა, გეგმა მნიშვნელოვანია. ტრადიციულად, ადგილზე გზის საკვლევად დრო არ უნდა დახარჯო.
პოლ სალოპეკი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც გეზი კი აქვს დაგეგმილი, მაგრამ გზას ადგილზე იკვლევს. ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ის, ფოტოგრაფ ჯონ შტენმაიერთან ერთად, ფეხით მოგზაურობს აფრიკის იმ წერტილიდან, საიდანაც ადამიანმა პირველი ნაბიჯი გადადგა და დაიწყო მსოფლიოს დიდი მიგრაცია, რომელიც მინიმუმ 2500 თაობასა და ადამიანთა მოდგმის 60 000-წლიან ისტორიას ითვლის. საოცარი გზაა! „მინდა ჩავწვდე ადგილობრივ კულტურებს”, – ამბობს პოლი. ის სწორედ ადგილზე გზის კვლევისას იგებს არამარტო სწორ მიმართულებას, არამედ იმ სიღრმეს, რასაც ადგილობრივთა ყოფა სთავაზობს.
სტატიაში აღწერილია პოლ სალოპეკის გზის „წმინდა მიწის” მონაკვეთი – ალბათ, ყველაზე კონფლიქტური და კულტურათა ყველაზე დიდი გადაკვეთის ადგილი.
სუზან გოლდბერგი, ჩვენი ამერიკული გამოცემის მთავარი რედაქტორი ამბობს: „National Geographic-ი პოლ სალოპეკის ეპოქალური მოგზაურობის პარტნიორობით ამაყობს”. მართლაც, რა უნდა იყოს იმაზე დიდი სიამოვნება, ვიდრე ასეთი საოცარი პროექტების მხარდაჭერაა! ალბათ, უფრო საინტერესო პროექტების მხარდაჭერა – ბოლოს და ბოლოს, მჯობნის მჯობნი არ დაილევა!