
ექსტრემალური პირობები
პოლარულ ღამეში ყინულის დრეიფს მინდობილი ფოტოგრაფი სამყაროს უძირო მშვენიერებას და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს აღმოაჩენს.
ყინულმჭრელი “პოლარსტერნი“ მოდრეიფე ყინულში იყო გაჭედილი და ერთი წლის განმავლობაში ტრანს-არქტიკულ დინებას მიჰყვებოდა. ექსპედიცია MOSAiC-ი კლიმატის ცვლილებას შეისწავლიდა. ხომალდზე ასამდე მკვლევართან ერთად მეც ვიყავი – ექსპედიციის პირველი ნაკადის ფოტოგრაფი. მეცნიერებისთვის ეს უდიდესი არქტიკული ექსპედიცია იყო, ჩემთვის – სამყაროს საჩუქარი.
არქტიკას ოთხი წლით ადრე, ჩემი პირველი თეთრი მივლინებისას ვეზიარე. დავიფიცე, რომ ცხოვრებას არქტიკის მყიფე გარემოს ფოტოგრაფიას მივუძღვნიდი. როდესაც MOSAiC-ის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, რომ იქ აუცილებლად უნდა წავსულიყავი.
“პოლარსტერნმა“ ტრომსეს ნავსადგური (ნორვეგია) 2019 წლის 20 სექტემბერს დატოვა. მაშინ უკვე ცხრა თეთრ ექსპედიციაში ვიყავი ნამყოფი, მაგრამ MOSAiC-ი ყველასგან გამოირჩეოდა. ექსპედიცია თეთრ ღამეს ემთხვეოდა. ჩრდილოეთ პოლუსთან ზამთარში მისაახლოებლად ხომალდი განგებ უნდა მომწყვდეულიყო მოდრეიფე ყინულში. მაშველებს ჩვენამდე მოსაღწევად ორი-სამი კვირა დასჭირდებოდათ, ერთი ამდენი – უკანა გზაზე. ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით – ხანძრის, გაყინულ წყალში ჩავარდნის თუ გულის შეტევისთვის. კბილის ტკივილი წინასწარ გამოირიცხა: სიბრძნის კბილები ექსპედიციამდე ამომაღებინეს.
წვრთნები ექსპედიციამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. უკიდურესი სცენარებისთვის გვამზადებდნენ. შტორმის გაკვეთილზე საწვრთნელი აუზის გაყინულ წყალში ჩაგვყარეს, სადაც სრულ წყვდიადსა და ძლიერ ტალღებში გასაბერი ნავი უნდა გვეპოვა, წამით თუ გაიელვებდა სინათლე; სიმულირებულ ქარსა და ჭექა-ქუხილში ერთმანეთის ხმა არ გვესმოდა. თეთრი დათვისგან თავდაცვის გაკვეთილზე შაშხანით და სასიგნალო პისტოლეტით სროლა ვისწავლეთ, სიბნელეში ადამიანების კივილ-წივილს გვასმენინებდნენ. ზოგჯერ დაღლილობისგან ვტიროდი.
ყველაზე რთული მეხანძრეობის გაკვეთილი იყო. 30-კილოგრამიანი აღჭურვილობა გვეცვა, ტემპერატურა 120 გრადუსს აღწევდა. ცეცხლი უნდა ჩაგვექრო და ადამიანები გადაგვერჩინა. გაკვეთილი 10 წუთს გრძელდებოდა. მე საათობით ვრჩებოდი ოთახში და სხვების წვრთნასაც ვუღებდი ფოტოებს. ოფლში ვიწურებოდი და ფეხები მეკვეთებოდა.
ზღვაში თვითგადარჩენის ტრენინგზე ჩემი სურვილით ჩავეწერე. 14 მონაწილე სვალბარდზე, ნორვეგიის არქიპელაგზე, უწყლოდ და შეზღუდული მარაგით დაგვტოვეს; რაც მთავარია, კუნძულის ბინადარი 3000-მდე თეთრი დათვისგან უნდა დაგვეცვა თავი. ბოლოს ქანცგამოცლილი, მაგრამ უცნაურად მშვიდი ვიყავი. ექსპედიციისთვის მზადყოფნას ვგრძნობდი.
მცურავ ყინულს 4 ოქტომბერს მივადექით. მალე თეთრი ღამე დაიწყო და ირგვლივ წყვდიადი ჩამოწვა. ღრუბლების გამო სინათლის ერთადერთი წყარო “პოლარსტერნის“ პროჟექტორი და შუბლის ფარნები იყო.
ფოტოების გადაღება მიჭირდა. ნამქერში ვერაფერს ვხედავდი. თითები მეყინებოდა და მომენტებს ხელიდან ვუშვებდი. ბოლოს კამერა თხელი, ღრუბლიანი საიზოლაციო ლენტით დავფარე და ხელთათმანებით დავიწყე გადაღება.
ყოველდღე მახსენდებოდა, რომ მიწის ნაცვლად ყინულის 60-90-სანტიმეტრიან მყიფე ფენაზე ვიდექი, რომლის ქვეშ ოკეანე იყო. პროჟექტორების სინათლეზე ყინული ნაცრისფერი ჩანდა, ცა – შავი. ეს ყველაფერი მთვარეზე გადაღებულ ცნობილ ფოტოს ჰგავდა: მთვარის ზედაპირი, ფონზე კი – კოსმოსი. მეც ასე ვიყავი, მცურავი ყინულიდან ვუყურებდი სამყაროს. ეს საუკეთესო დღეები იყო.

მაგრამ წყვდიადი საშიშიც იყო; თეთრი დათვების მეშინოდა. როდესაც მეორეჯერ და უკანასკნელად მომიწია ღამის გუშაგობა, კარავში მომუშავე ორ მეცნიერს ვდარაჯობდი. ვიჯექი და კარვიდან შაშხანის ლულა მქონდა გაყოფილი. იმ ნამქერში ორმეტრნახევრიანი დათვის დანახვაც შეუძლებელი იყო, თუმცა მახსოვდა, რომ სადგურის გარშემო სასიგნალო რაკეტასთან დაკავშირებული ამძრავი თოკი იყო გაბმული.
როგორც კი ეს გავიფიქრე, ჰაერში ნარინჯისფერი სასიგნალო ცეცხლი გავარდა. პირველი, რამაც თავში გამიელვა, იყო, რომ შეშინებული თეთრი დათვი პირდაპირ ჩემკენ გამოიქცეოდა. მხეცის დასაფრთხობად შევეცადე, სასიგნალო პისტოლეტი გამესროლა – საკუთარ თავთან ერთად დათვებიც უნდა დაგვეცვა – მაგრამ ყინვისგან ხელები გამიშეშდა. ერთ-ერთმა მეცნიერმა ჩემ მაგივრად გაისროლა. ხომალდზე აკანკალებული დავბრუნდი. შემდეგ გაირკვა, რომ ამძრავი თოკი ქარმა გაწყვიტა. ამის მიუხედავად, გადავწყვიტე, რომ გუშაგობა ჩემი საქმე არ იყო.
13 დეკემბერს ჰორიზონტზე გამოჩნდა ყინულმჭრელი: “კაპიტანი დრანიცინი“ ახალი ნაკადის შესავსებად და ჩვენ წასაყვანად მოდიოდა. ტრომსემდე 16 დღე დაგვჭირდა. ერთი კვირის შემდეგ ვაშინგტონში National Geographic-ის მთხრობელთა სამიტზე ჩავედი. ერთ დილას, ქუჩაში სეირნობისას, გავაცნობიერე, რომ ფეხქვეშ ყინული ვერ ჩამიტყდებოდა და ვერც ოკეანეში ჩავვარდებოდი. არც თეთრი დათვები იყვნენ სადმე. საფრთხე არ მემუქრებოდა. იმ წამს მივხვდი, რამდენად ფრთხილი გავხდი და რამდენი რამის მეშინოდა; და მაინც მენატრებოდა წყვდიადი.
ესთერ ჰორვათი გერმანიაში მცხოვრები ფოტოგრაფია, რომელმაც 2019 წლის სექტემბრის გამოცემისთვის გრენლანდიის სამეცნიერო სადგურის ფოტოები გადაიღო.