
ერმოლოვის ქვა
ბუნების ეს სასწაული, რომელიც ასევე „მოგზაური ქვის“ სახელითაა ცნობილი, დარიალის ხეობის სტრატეგიულ ადგილად მოიაზრებოდა.
1832 წლის 20 აგვისტოს დევდორაკის მყინვარის მორიგმა გამოღვიძებამ თავისი დამანგრეველი ძალითა და მასშტაბით კიდევ ერთხელ დაგვამახსოვრა თავი. ორი კილომეტრის სიგრძის ყინულოვანმა ზვავმა ყინულისა და ქვის ლოდებისგან შემდგარი 100 მეტრი სიმაღლის ხერგილი წარმოქმნა. ხერგილმა მდინარე თერგი დააგუბა და რამდენიმე საათით შეაჩერა. მოგვიანებით წყლის სიმაღლემ 80-90 მეტრს მიაღწია, ყინულის ჯებირი გაარღვია და გეზი ხეობის მიმართულებით აიღო. გლაციალურმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, მნიშვნელოვნად დააზიანა ქალაქი ვლადიკავკაზი, საქართველოს სამხედრო გზა, დასახლებული პუნქტები, იყო მსხვერპლიც, ხოლო დარიალის ხეობაში მიმოსვლა ორი წლით შეწყდა.
უზარმაზარი ქვა, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, სწორედ 1832 წლის დევდორაკის კატასტროფის შედეგად აღმოჩნდა მდინარე თერგის ხეობაში, ზემო ლარსთან. გიგანტური ზომის გრანიტის ლოდის სიგრძე 30 მეტრია, სიგანე 17 მეტრი, სიმაღლე კი – 15; მისი მოცულობა 7000 კუბურ მეტრამდე, ხოლო მასა, დაახლოებით, 16 000 ტონამდე აღწევს.
ქვის სახელწოდება რუსეთის იმპერიის ცნობილი მთავარსარდლის გენერალ ალექსი ერმოლოვის სახელს უკავშირდება, რომელიც რუსეთის იმპერიის პოზიციების გასამყარებლად კავკასიის სამხედრო კორპუსს მეთაურობდა.
ბუნების ეს სასწაული, რომელიც ასევე „მოგზაური ქვის” სახელითაა ცნობილი, დარიალის ხეობის სტრატეგიულ ადგილად მოიაზრებოდა. ზომის მიხედვით გრანიტის მონოლითს ანალოგი არ აქვს მთელ ევროპაში.