ერთ დროს ჰიმალაის მთებში ჩაკეტილი მუსტანგის სამეფო საზღვარს ხსნის...
მაგრამ, რამდენად გადაურჩება მისი უნიკალური კულტურა და ფასდაუდებელი სიძველეები ცვლილების ტალღას?


ერთ დროს ჰიმალაის მთებში ჩაკეტილი მუსტანგის სამეფო საზღვარს ხსნის...
მაგრამ, რამდენად გადაურჩება მისი უნიკალური კულტურა და ფასდაუდებელი სიძველეები ცვლილების ტალღას?
მეფე მუსტანგისა მზადაა თქვენს მისაღებად
გაცვეთილ ჯინსებსა და მწვანე ქურთუკში გამოწყობილი მეფე იდგა საუკუნოვანი სასახლის დაბალჭერიანი ოთახის ცენტრში, ბუდისტურ საგალობელს ხმამაღლა იმეორებდა, თითებით კი თანმიმდევრულად მიუყვებოდა კრიალოსნის მარცვლებს. მის ირგვლივ აღმართულ კედლებსა და ხის სვეტებზე ფილიგრანულად გამოესახათ ბუდისტური ღვთაებები. ზოგიერთ მათგანს ოქროს მანტია ემოსა და ნეტარებას ასხივებდა, სხვებს კი ხმალი ეპყრათ და მრისხანებას აფრქვევდნენ.
ახლა ოქტომბრის შუა პერიოდი იდგა და ჰიმალაის ჩრდილოეთ მთისწინეთში ჩამალულ სასახლეში უკვე იგრძნობოდა ზამთრის მოახლოება.
სასახლის ფანჯრიდან ვხედავდი გალავანშემორტყმულ ლო-მანტანგს – ნეპალის ლეგენდარული რეგიონის, მუსტანგის ისტორიულ დედაქალაქს, რომელიც 600 წელს ითვლის. კირით შეთეთრებული და ალიზით ნაშენი სახლები მჭიდრო მწკრივებად მიუყვებოდა ქუჩებს. სახურავებიდან კვამლი იწვერებოდა, ჰიმალაიურ ალვის ხეთა ფოთლებს კი შუადღის ბრიზი ათრთოლებდა. აქედან სამხრეთ-აღმოსავლეთით მარაოსავით იშლებოდა მდინარე კალი-განდაკი, რომლის შენაკადებიც თოვლით დაფარული, მედიდური მწვერვალებისკენ მიემართებოდა.

ამგვარი ხედი ერთ დროს მიუწვდომელი რჩებოდა უცხო თვალისთვის. XX საუკუნის უმეტეს პერიოდში ნეპალის მთავრობა მკაცრად აკონტროლებდა მუსტანგში შესვლას, მაგრამ ახლა მეფემ თავის შელახულ სასახლეში მიმიწვია. მას სურდა ეჩვენებინა უამრავიდან ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა მისი სამეფო თანამედროვე ეპოქაში.
მეფის სრული სახელია ჯიგმე სინგჰი პალბარ ბისტა, თუმცა უბრალოდ ჯიგმედ გამეცნო. იგი გახლავთ ტანადი, შეთხელებული ჭაღარა თმითა და 60 წლის ადამიანისთვის უჩვეულოდ დიდი ენერგიით. ჯიგმე მკვირცხლად გამიძღვა სასახლეში, რომელიც ძლიერ დაზიანდა 2015 წლის მიწისძვრისას და მის ოჯახს აქაურობის დატოვება მოუწია. ჩვენ ავიარეთ მორყეული ხის კიბეები, გზა გავიკვალეთ იატაკის ფართო ხვრელებში და ჩავუარეთ ფრესკებით მოხატულ დაბზარულ კედლებს.
მიუხედავად სასახლის მძიმე მდგომარეობისა, ოთახი, სადაც ახლა ჩვენ ვიდექით, საუცხოოდ შენახული ჩანდა. ჯიგმემ შეამჩნია, რომ თვალი გამექცა ტრადიციულ ტიბეტურ მანტიებში გამოწყობილი კაცისა და ქალის პორტრეტებისკენ. „ჩემი მშობლები“, – მითხრა მან. – „ეს ოთახი მამაჩემის სამლოცველო იყო. იგი გახლდათ მუსტანგის უკანასკნელი მეფე, 25-ე ჩვენს საგვარეულო ხაზში. მე 26-ე ვარ“.

ჩემგან მარცხნივ ვხედავდი სანდალოზის ხისგან დამზადებულ მაღალ კარადას, რომლის მინის კარიდან ბრინჯაოს ფიგურებზე გამოსახული ბუდისტური ღვთაებები მიმზერდნენ. ლამპარში იწვოდა იაკის ცხიმი და ოთახს ავსებდა ბუდისტური ტაძრებისთვის დამახასიათებელი მომჟავო კვამლის სურნელი.
ჯიგმეს განმარტებით, ეს ფიგურები ხელოვნების ნიმუშებზე უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებდნენ – ისინი წარმოადგენდნენ ცოცხალ სულებს, რომლებიც უძველესი დროიდან მფარველობდნენ მის ოჯახს. სანამ თითოეულ ქანდაკებას სალოცავში მოათავსებდნენ, მითხრა ჯიგმემ, ბერი ასრულებდა რიტუალს და მათ სძენდა სხეულს, გონებასა და მეტყველების უნარს.
დღეს უკვე ჯიგმე იცავს ამ ღვთაებებს. მიწიერ სამყაროში ვინმე სიძველეებით მოვაჭრე დიდ ფულს მიიღებდა ამ პატარა კოლექციის შავ ბაზარზე გაყიდვით. საუკუნეთა განმავლობაში აზრი, რომ ვიღაც მათ წაიღებდა, ნაკლებ საფიქრალს წარმოადგენდა ასეთ იზოლირებულ, ღრმად ბუდისტურ ქალაქში. მაგრამ, საბოლოოდ, გარე სამყარო მაინც მიადგა მუსტანგის ზღურბლს და ხელოვნების ნიმუშების მოპარვა მხოლოდ ერთ-ერთი გახლდათ, რაზეც ახლა მეფეს უნდა ედარდა.

სამლოცველოში დასადგურებული სიმშვიდის ფონზე მიწასათხრელი ტექნიკის გუგუნი ჩამესმოდა – ლო-მანტანგში აუმჯობესებდნენ გზას, რომელიც სამხრეთიდან შედის ქალაქში. ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან აქ ჩამოსასვლელად დაახლოებით 450 კილომეტრია გასავლელი, რომლის დაფარვასაც, ერთ დროს, რამდენიმე კვირა სჭირდებოდა ფეხით, ცხენით, ან იაკით. ახლა კი აღნიშნულ მანძილს მხოლოდ სამ დღეში გაივლით. ეს მარშრუტი თავბრუდამხვევი სერპანტინებით მოუყვებოდა კალი-განდაკის ხეობის ფრიალო კლდეებს. ზემოაღნიშნული გზა ძირეულად ცვლის მუსტანგის მცხოვრებთა რეალობას – აქ უკვე შემოვა იაფფასიანი საქონელი და გამარტივდება წვდომა თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებებზე – სხვა ბევრ სარგებელთან ერთად.
საქონლისა და ადამიანების შემოდინებით, შესაძლოა, ვაჭრობის ტალღა აზვირთდეს. აქედან ჩრდილოეთით ჩინელებმა მშვენივრად განჭვრიტეს ახალი სავაჭრო მარშრუტის პოტენციალი და თავიანთი ახალმოკირწყლული გზით ელოდებიან ლო-მანტანგის გზასთან შეერთებას. ამგვარად, ჰიმალაის მთებში მდებარე ლეგენდარულ კუთხეში შესაძლოა ვაჭრობის ახალი ეპოქა დაიწყოს. მთავარი შეკითხვა, რომლის წინაშეც ჯიგმე და მუსტანგის მთელი ხალხი აღმოჩნდა, გახლავთ ის, თუ რამდენად მოახერხებენ თავიანთი პაწაწინა სამეფოს ხელუხლებლად შენარჩუნებას.
თუ მუსტანგი კვლავ სავაჭრო ცენტრად გადაიქცევა, ეს ლოგიკური მოგვეჩვენება მისი ისტორიის გათვალისწინებით. ჯიგმეს სასახლე წარმოადგენდა ლო-მანტანგის ოქროს ხანის რელიკვიას, რომელიც XV საუკუნისაა. იმ პერიოდში ზემო მუსტანგს იცნობდნენ, როგორც ლოს სამეფოს, იქაურ ხალხს კი – ლო-პას, რომელიც ეთნიკურად ტიბეტელებს ენათესავება. ლოს სამეფომ დიდი სიმდიდრე დააგროვა კალი-განდაკის ხეობაზე გამავალი სავაჭრო მარშრუტის გაკონტროლებით. დასავლეთი მხრიდან მას გვერდს უმშვენებს მსოფლიოს რიგით მეშვიდე უმაღლესი მწვერვალი დჰაულაგირი-I (8167 მ), აღმოსავლეთიდან კი რიგით მეათე – ანაპურნა-I (8091 მ). ამ ხეობას მიუყვებოდა ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი სავაჭრო მარშრუტი, რომელიც ტიბეტის მთიანეთში მდებარე მარილით მდიდარ საბადოებს აკავშირებდა ინდოეთის ბაზრებთან. ლო-პას ხალხი ბეგრავდა იაკის ქარავნებს, რომლებიც ეზიდებოდნენ ქერს, ფირუზის ქვებსა თუ ჰიმალაიური მუშკის ჯირკვლებს (გამოიყენება მედიცინასა თუ პარფიუმერიაში). მუსტანგის სახელწოდება მომდინარეობს ტიბეტური სიტყვიდან, რომელიც „სურვილების ველს“ ნიშნავს – აქაური სიმდიდრის პოტენციალიდან გამომდინარე.


(მარცხნივ) სატვირთო მანქანა ჩინეთის საზღვრისკენ მიემართება, უკან კი ანაპურნას ტოვებს. როდესაც ეს გზა ჩინეთში დაგეგმილ „მეწყვილეს“ შეუერთდება, ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი სახმელეთო მარშრუტი შედგება პეკინსა და ნიუ-დელის შორის.
(მარჯვნივ) 2019 წლის შემოდგომაზე ნეპალელი ვაჭრები ქარში იცდიან, თუ როდის მიიღებენ ჩინეთის საზღვრის გადაკვეთის ნებართვას. მავთულხლართის უკან მიმდინარეობს ახალი მშენებლობა, რომელიც ფარავს ჩინეთის ახალდაგებულ გზას.
თუმცა, სანამ მუსტანგი სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბდებოდა, ის უკვე წარმოადგენდა მნიშვნელოვან გზაჯვარედინს ბუდისტი სწავლულებისა და პილიგრიმებისთვის, რომლებიც ინდოეთი-ჩინეთს შორის მოგზაურობდნენ. საბოლოოდ, ბუდისტური სწავლებები შეერწყა აღნიშნულ რეგიონში გავრცელებულ ანიმიზმს და, ამგვარად, ტიბეტური ბუდიზმიც ჩაისახა. დროთა განმავლობაში ლოს სამეფომ გაითავისა ახალი რწმენა და ააგო მოკაზმული ტაძრები თუ მონასტრები.
XVIII საუკუნის დამდეგს, როდესაც მუსტანგის საზღვრებთან ძლევამოსილი სახელმწიფოები ჩამოყალიბდა, ლოს მეფე გაემგზავრა ახალგაერთიანებული ნეპალის მეფესთან შესახვედრად. ჯიგმემ მომითხრო, რომ მის წინამორბედს რძე, მდოგვის მარცვლები და ნიადაგიც წაუღია მუსტანგის უხვი მიწისა და სიმდიდრის წარმოსაჩენად. ლოს მეფის ჟესტით მოხიბლულ ნეპალის მეფეს კი მფარველობა შეუთავაზებია, თუ მუსტანგი ნომინალურ ბეგარასა და ყოველწლიურ ხარკს გადაიხდიდა.
ორი საუკუნის შემდეგ მუსტანგს სწორედ ეს ალიანსი იხსნის, როდესაც ჩინეთი, მაო ძედუნის ხელმძღვანელობით, ტიბეტში შეიჭრება 1950 წელს. მომდევნო ათწლეულში ათასობით ბუდისტური ცენტრი დაიხურა ტიბეტში, მაგრამ მუსტანგის საგანძური ხელუხლებელი დარჩა.

თუმცა, ლოს სამეფოს იზოლაციის მიუხედავად, ის მაინც ჩაითრიეს ცივ ომში. 1960-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაწვრთნილი ტიბეტელი პარტიზანები გადავიდნენ მუსტანგში. მათ ზურგს უმაგრებდა აშშ-ის საჰაერო დესანტი, რადიოოპერატორები თუ სამხედრო აღჭურვილობის მარაგი. სასაზღვრო ზოლზე ისინი გეგმავდნენ ჩინეთის არმიაზე თავდასხმებს, შემდეგ კი – ბაზების მოწყობას ტიბეტში. მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი სადაზვერვო დოკუმენტიც ჩაიგდეს ხელში, თუმცა ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. საბოლოოდ, ნეპალის მთავრობამ პარტიზანები განაიარაღა 1974 წელს. ამ ქმედებას თავისი პოლიტიკური შედეგები მოჰყვა და ნეპალის მთავრობა იძულებული გახდა, რომ მუსტანგის რეგიონი კიდევ უფრო მკაცრად ჩაეკეტა.
აი, ასეთ სამყაროში იზრდებოდა ჯიგმე – აკრძალული სამეფო, რომელიც იზოლირებულია ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე რელიეფით. მისი მამა, როგორც მეფე, კვლავ გაჰყურებდა საზღვარს, მაგრამ მისი უმთავრესი მოვალეობა მშვიდობის შენარჩუნება იყო. იგი უწყვეტად მოგზაურობდა სოფლებში და საკუთრების ირგვლივ წარმოშობილ ადგილობრივ უთანხმოებებს აგვარებდა. „სახლში ორ დღესაც კი იშვიათად ატარებდა“, – მითხრა ჯიგმემ. „გაიგონებდა თუ არა პრობლემისა ან ჩხუბის შესახებ, მაშინვე ცხენს შემოახტებოდა და იქით მიქროდა. მის სიტყვას გადამწყვეტი ძალა ჰქონდა სამეფოში“.
გარე სამყარო მუსტანგში იჭრება და ახლა მეფე არტეფაქტების ქურდობას უნდა დაუპირისპირდეს სხვა გამოწვევებთან ერთად.
21 წლის ასაკში ჯიგმემ დატოვა მუსტანგი კატმანდუს კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად. მამა ყოველ ზამთარს აკითხავდა, რასაც 3-კვირიანი მოგზაურობა სჭირდებოდა მთებში. „ნეპალის მეფისთვის ძღვენიც ჩაჰქონდა – მატყლის ხალიჩები, საბნები თუ ცხენები“, – ამბობს ჯიგმე. „და, იქ ყოფნის პერიოდში, მუსტანგის ანგარიშებსაც წარადგენდა, თუ როგორ ხარჯავდა მთავრობა ბიუჯეტს და მორიგ დაფინანსებებსაც ითხოვდა ახალი პროექტებისთვის“.
2008 წლიდან სიტუაცია შეიცვალა. სამოქალაქო ომის ათწლეულის შემდეგ ნეპალმა მიიღო ახალი კონსტიტუცია და ჩამოყალიბდა ფედერაციულ რესპუბლიკად. ყველა მონარქია გაუქმდა და ჯიგმეს მამამაც დაკარგა ოფიციალური სტატუსი. უცბად გაქრა ის როლი, რისთვისაც ჯიგმე ემზადებოდა.
„ამას დიდად არ დავუმწუხრებივარ“, – ამბობს ჯიგმე, – „გავაცნობიერე, რომ დრო იცვლებოდა და საკუთარ ცხოვრებაზე უნდა მომეხდინა კონცენტრაცია. ჩვენ არასოდეს მოგვქონდა თავი აღნიშნული მდგომარეობით და არც რამე კომპენსაცია მიგვიღია. ახალი რეალობაც მივიღეთ“.
როდესაც მისი მამა გარდაიცვალა 2016 წელს, ჯიგმე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. ლო-პას ხალხის უმეტესობა მას კანონიერ მეფედ მიიჩნევდა, მაგრამ ჯიგმეს არ გააჩნდა ოფიციალური ძალაუფლება. თუმცა, ხალხს მაინც მისი იმედი ჰქონდა, რომ რელიგიურ რიტუალებს გაუძღვებოდა და პერიოდულად ადგილობრივ უთანხმოებებსაც გადაწყვეტდა. ჯიგმეს მიმართ გამოხატული პატივისცემა თვალნათლივ იგრძნობოდა. ყველა, ვისაც კი ლო-მანტანგის ვიწრო ხეივნებში სეირნობისას ჩავუარეთ, მის წინაშე ქედს იხრიდა, ხოლო მოღიმარი და ხალისიანი ჯიგმე თითოეულ მათგანს სახელით მიმართავდა და ესალმებოდა.

როგორ უნდა შეინარჩუნოს მუსტანგის კულტურული მემკვიდრეობა მეფემ, რომელიც არ ფლობს რეალურ ძალაუფლებას? ნგრევის პირას მისული სასახლე მხოლოდ ერთი მაგალითია, თუ რა ტიპის გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ჯიგმე. ამბობენ, რომ 1441 წელს ის ააგო მუსტანგის ლეგენდარული პირველი მეფის, ამა-პალის ვაჟმა. აღნიშნული სასახლე შესულია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის პოტენციურ ძეგლთა სიაში, მაგრამ მიწისძვრისა და ტენიანი კლიმატის პირობებში მას დიდი ხარჯები სჭირდება სარეაბილიტაციოდ. ამავე დროს, ლო-მანტანგის გალავანს მიღმა, კიდევ უამრავი უძველესი სასახლე და ტაძარია მუსტანგის ხეობებსა და კანიონებში – თითოეულ მათგანს კი თავისი ღვთაება ჰყავს საგანძურთან ერთად.
ერთ-ერთ მსგავს ადგილზე განსაკუთრებით ბევრი მსმენია. ეს გახლდათ მიტოვებული ბუდისტური დედათა მონასტერი, სახელად გომპა-განგი, რომელიც კალი-განდაკის ხეობაშია. მომდევნო დილით, მზის ამოსვლამდე, მის მოსანახულებლად გავემართე ჯიგმეს ბიძაშვილ ტსევანგ ჯორდენ ბისტასთან ერთად.
გზად მივუყვებოდით მდინარე კალი-განდაკის, რომელიც მდორედ მიედინებოდა ფართო ველზე; გვხვდებოდნენ ქაშმირის თხებიც, მტვერში გახვეული გოგო-ბიჭები რომ მწყემსავდნენ. მდინარისპირა ნაყოფიერ მიწებს დამუშავებული მინდვრები მიუყვებოდა. ახლა მოსავლის აღების დრო იდგა და ოჯახები ბავშვების თანხლებით მიეშურებოდნენ წიწიბურის ყანებისა და ხეხილის ბაღებისკენ.
მანქანა შევაჩერეთ ფრიალო კლდის ქვეშ. ზემოთ, დიდ სიმაღლეზე, მოჩანდა კლდეში გამოკვეთილი ათობით ბნელი ღიობი. ტსევანგმა, რომელიც სალაშქრო კომპანიას მართავს, თავისი პროფესიისთვის სახასიათო მანერით განმიმარტა, რომ მუსტანგი სახელგანთქმულია მსგავსი იდუმალი „ცის გამოქვაბულებით“. აქ ათასობით ნიშია კლდეში გამოჭრილი. რადიონახშირბადული დათარიღების თანახმად, ზოგიერთი მათგანი 1000 წელზე მეტს ითვლის. 2008 წელს National Geographic-ის გუნდმა მოახერხა, რომ მიეღწია 200 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარე გამოქვაბულისთვის. იქ მათ დახვდათ მოზრდილი ოთახი ათასობით ბუდისტური და პრებუდისტური ხელნაწერით. სხვა გამოქვაბულებში აღმოაჩინეს ადამიანთა ჩონჩხები, თუმცა არავინ იცის ზუსტად, ვინ გათხარა ისინი ან რატომ გაიარეს ამოდენა გზა მსგავსი ნიშების გამოსაკვეთად და იქ საგანძურის შესანახად.

ჩვენ ავუყევით ბილიკს და მივადექით შვერილს, რომელიც მდინარეს გადმოსცქეროდა. იქვე, ტირიფების მჭიდრო კორომში, მიწატკეპნილი ნაგებობა იდგა. რკინის ჭიშკარი შევაღეთ და შიდა ეზოში შევაბიჯეთ. გახუნებული სალოცავი დროშა ხის ძელზე ფრიალებდა. ტსევანგმა განმიმარტა, რომ ამ დედათა მონასტრის ზენიტის პერიოდში, 1700-იან წლებში, აქ პილიგრიმები ჩამოდიოდნენ ინდოეთიდან, ნეპალიდან თუ ტიბეტიდან. თუმცა, მუსტანგის ეკონომიკურ დაღმასვლასთან ერთად, ეს ადგილიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
გავიარეთ დაბალ კარში და შევაბიჯეთ მთავარ დარბაზში, სადაც ბუდა მაიტრეას კოლოსალური ქანდაკება ავსებდა ოთახს. სკულპტურის თავი ადიოდა ჭერში გაკეთებულ ღიობში, რომელიც უკავშირდებოდა მეორე სართულზე მდებარე საკანს. ტსევანგის განმარტებით, ბუდას ეს განსხეულება წარმოაჩენს მომავლის მასწავლებელს, მსოფლიოში სიბრძნეს რომ გაავრცელებს ხანგრძლივი შიმშილობისა და ომის შემდეგ.
ტსევანგმა კედელს ფარანი მიანათა და ოთახი ფრესკებით აივსო. ერთი გამოსახავდა ბუდას, რომელიც ფეხმორთხმით იჯდა ღრუბელზე, მის გვერდით კი შიშველმკერდიანი ქალი დაეხატათ ცალ ხელში მოლუსკის ნიჟარით, ხოლო მეორეში – ვერცხლის თასით. კომპლექსური, ფერადი და, ამასთან, უკვე გაცრეცილი სცენები ფიგურათა უსასრულო წყებას გამოსახავდა.
უფრო ზედმიწევნითი დათვალიერებისას შევამჩნიე, რომ ფრესკების უმეტესობა უკვე იშლებოდა. ტიბეტის მთიანეთთან მდებარე რეგიონს მცირე ნალექი ახასიათებდა საუკუნეთა განმავლობაში, მაგრამ აქაური კლიმატი სწრაფად იცვლება და მიწატკეპნილი ნაგებობები ახლა ისეთ ტენიანობას აწყდება, როგორზეც არავის უფიქრია მათი აგების პერიოდში.
„წარსულში წვიმა და მდნარი თოვლი აგურების მხოლოდ ერთ წყებას თუ გაჟღენთდა“, – მეუბნება ტსევანგი. – „დღეს შტორმები უფრო გაიშვიათდა, თუმცა მეტი ინტენსივობა შეიძინა. ზოგჯერ მთელი ზამთრის სამყოფი თოვლი მოდის გაზაფხულის ერთი დიდი შტორმით. და, როდესაც ერთდროულად იწყებს დნობას, აი, სწორედ ეს ხდება“.
ტენი ღრმად აღწევს მიწის კედლებსა და შემდეგ უკვე მშრალ შიდა სივრცეში. როდესაც წყალი ორთქლდება, ნახატის უკანა ფენაზე მარილის კრისტალები ჩნდება და ფრესკებიც იქერცლება. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს მთელ ჰიმალაიში, რისი შეჩერებაც ფაქტობრივად შეუძლებელია. „ამინდიც კი ჩვენ წინააღმდეგაა“, – ამბობს ტსევანგი.
ტსევანგმა მიმითითა ბუდას თეძოზე, სადაც ქანდაკება უხეშად შეეკეთებინათ ტალახის ფენით. „დაახლოებით 20 წლის წინ“, – თქვა მან, – „აქ ქურდები შემოიჭრნენ და მოიპარეს გსუნგი“ – საგანძური, რომელიც ეძღვნება და აცოცხლებს ქანდაკებას.
„კულტურის გადასარჩენად ჩვენ გვჭირდება ტურიზმი, – ამბობს მეფე ჯიგმე, – ხოლო ტურიზმის გასავითარებლად გვჭირდება გზა“.
ტრადიციულად, რიტუალურ სკულპტურებს ცენტრში ღრუს უტოვებენ და კურთხევის პროცესში მას ავსებენ ლოცვის ტექსტებით თუ ძვირფასი ნივთებით. ეს საგანძური აცოცხლებს ქანდაკებას, თუმცა, ამავე დროს, აღნიშნული სიმდიდრე შესაძლოა გამოიყენონ მონასტრის სარეაბილიტაციოდ – დაზიანების ან დანგრევის შემთხვევაში.
მკვლევარ ჩარლზ რამბლის თანახმად, დაახლოებით 2000 წელს ერთი ტიბეტელი ლამა ჩამოვიდა გომპა-განგში და გამოთქვა აზრი, რომ კვლავ აღედგინათ მონაზვნების თემი. ასეთი შემოთავაზებით მოხიბლული ადგილობრივი წარმომადგენლები დათანხმდნენ, რომ იგი გაცნობოდა „კარჩაკს“ – წიგნს, სადაც, სხვა ცნობებთან ერთად, ამოიკითხავთ ინფორმაციას „გსუნგის“ ადგილმდებარეობის შესახებ. ამის შემდეგ ლამა გაემგზავრა და პირობა დადო, მალე დავბრუნდებიო. აქედან მცირე ხანში ზედამხედველმა ხვრელი აღმოაჩინა ბუდას თეძოზე. ჩანაწერებში არ გვხვდება ინფორმაცია, თუ რა დამალეს სკულპტურის შიგნით, მაგრამ რა ტიპის საგანძურიც არ უნდა ყოფილიყო, ის გაქრა. ზემოხსენებული ლამა აღარასოდეს უნახავთ. ამ დროიდან მიიჩნიეს, რომ გომპა-განგმა ძალა დაკარგა. ტსევანგის თქმით, ახლა იქ თითქმის აღარავინ მიდის სალოცავად.
„დაინახე ავტობუსი?“ – მკითხა ჯიგმემ, როდესაც ჩაის მივირთმევდით ერთ შუადღეს. იმ დილით ჩვენ ვუცქერდით, თუ როგორ შეუყვა ინდოეთში დამზადებული ავტობუსი ლო-მანტანგის მტვრიან სერპანტინს. ავტობუსის ცხვირზე დიდი ბანერი მიემაგრებინათ ნეპალური წარწერით: პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ამ მარშრუტს გადის. „ბავშვობაში ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც ლო-მანტანგიდან მანქანით ჩავიდოდი კატმანდუში“, – მითხრა ჯიგმემ.
თუმცა მსგავსი წარმოდგენა, უკვე კარგა ხანია შეიცვალა. ჩინეთის ეკონომიკა ყვაოდა, ნეპალის სხვა რეგიონებიც ვითარდებოდა და მუსტანგში უკვე ყველა ხვდებოდა საავტომობილო გზის გაყვანის გარდაუვალობას. ეს ადგილიც, სადაც ახლა ვისხედით, თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენდა იმისა, რომ გზა აუცილებელი იყო: ჩვენ ვიმყოფებოდით „მუსტანგის სამეფო სასტუმროში“, რომელიც ჯიგმემ ააშენა ლო-მანტანგის საქალაქო საზღვრის ზუსტად გადაღმა.
1992 წელს, ბოლოს და ბოლოს, ტურისტებიც დაუშვეს მუსტანგში, მაგრამ მხოლოდ ცოტა რაოდენობის ნებართვა გაიცემოდა ყოველწლიურად. ამ დრომდე ტურისტული ნაკადი ნელი ტემპით იზრდებოდა, თუმცა ჯიგმე დარწმუნებულია, რომ ესეც შეიცვლება. ნეპალი სახელგანთქმულია ევერესტის ექსპედიციებით და შესაბამისად, ქვეყნის $500-მილიონიანი ტურისტული სექტორის დიდ ნაწილს შეადგენენ გიდები და პილიგრიმები, რომელთაც განსაკუთრებით იზიდავთ მუსტანგი. ჯიგმეს აღნიშვნით, მუსტანგი გთავაზობთ არა მხოლოდ თვალწარმტაც ლანდშაფტებს, არამედ სარკმელს ტიბეტურ კულტურაში, რომელიც თითქმის ყველგან გაუჩინარდა.

ჯიგმეს ოპტიმიზმის მიუხედავად, ისე ჩანდა, რომ ჯერ კიდევ შორს იყო თავის სასტუმროში ჩადებული ინვესტიციის ამონაგები. ამ წუთისთვის მხოლოდ ტსევანგი და მე ვიყავით სტუმრები. ჯიგმე არ გახლავთ ერთადერთი, რომელიც ტურიზმზე ამყარებს იმედებს. ჩემი ვიზიტის დროისთვის ათეულობით სასტუმრო ფუნქციონირებდა ლო-მანტანგში – ქალაქში, სადაც მხოლოდ 1300 ოფიციალური ბინადარია. ამასთან, მუსტანგის მკაცრი კლიმატი ტურისტულ სეზონს 6 თვემდე ზღუდავს წელიწადში. ზამთარში ტემპერატურა რეგულარულად და დიდი ნიშნულით ჩამოსცდება ხოლმე ნულს, რის შედეგადაც სასტუმროში იყინება მილები და ტუალეტებიც ვეღარ ფუნქციონირებს. ზაფხულის პერიოდში მუსონური წვიმებით განპირობებული მეწყერები ხშირად კვირების განმავლობაშიც ხერგავს გზას.
ჯიგმე იმედოვნებს, რომ ახალი გზა ხალხს ჩამოიყვანს ლო-მანტანგში – თუმცა იგივე გზა წასვლასაც გაუმარტივებს ქალაქის ისედაც კლებად მოსახლეობას. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი ახალგაზრდა გაემგზავრა ახალი შესაძლებლობების საძიებლად – კატმანდუში, იაპონიასა თუ აშშ-ში. კალი-განდაკის ხეობის ეკონომიკა უძველესი დროიდან ეყრდნობოდა თხებისა და იაკების მოშენებას, მაგრამ ახლა ეს უკიდურესად შრომატევადი საქმიანობა სწრაფად კარგავს მიმზიდველობას (ერთი ანგარიშის თანახმად, 2000-ზე მეტი ლო-პა ცხოვრობს ნიუ-იორკში, რაც ლო-მანტანგის მთლიან მოსახლეობაზე დიდი რიცხვია). თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ვარაუდობს ჯიგმე, რეგიონი თავისი მოსახლეობის 80%-ს დაკარგავს მომდევნო 20 წელიწადში.

მომავლის სურათს კიდევ უფრო აბუნდოვანებს ერთი გარემოება: ტურისტული პოტენციალის დანახვამ უძრავი ქონების გაშმაგებული დასაკუთრება გამოიწვია. „ერთ დროს დაუწერელი კანონი მოქმედებდა, რომ ლო-პას არ შეეძლო თავისი მიწის უცხოელისთვის მიყიდვა“, – განმარტავს ჯიგმე. მაგრამ მიწის ფასების არნახული ზრდის ფონზე ეს ტაბუც მიივიწყეს. ჯიგმემ მომითხრო 0,4-ჰექტარიან მიწის ნაკვეთზე, რომელიც 700 000 დოლარად გაიყიდა. „თუმცა, როგორ გინდათ დაადანაშაულოთ ფერმერი, რომელიც მხოლოდ 700 დოლარს გამოიმუშავებს წლიურად? როგორ უნდა აუკრძალოთ მიწის გაყიდვა და კატმანდუსა თუ აშშ-ში გადასვლა?“ – სვამს კითხვას ჯიგმე.
ჯიგმესთან უკვე აღვნიშნე, რომ ჩინეთის საზღვრის ხილვა მსურდა და, ამგვარად, ერთ დილას ტსევანგი და მე იქით გავეშურეთ. ჩვენი მანქანა მიუყვებოდა მოხრეშილ გზას, რომელიც ჩრდილოეთით მიემართებოდა. ერთი საათის შემდეგ მივგორდით ნეპალის არმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან. როდესაც ახალგაზრდა ჯარისკაცმა დამინახა, წარბები შეჭმუხნა და რაღაც თქვა ნეპალურად. „იგი ამბობს, რომ უცხოელებს ეკრძალებათ საზღვრის მონახულება“, – გადმომითარგმნა ტსევანგმა.
ჩვენც გამოვბრუნდით და უკანა გზაზე ერთ პატარა რესტორანში შევედით ატრიის საჭმელად. ამ დაწესებულების მეპატრონემ ყური მოჰკრა ჩვენს ამბავს და ალტერნატიული გზა შემოგვთავაზა საზღვართან მისასვლელად. „შემიძლია გაჩვენოთ“, – თქვა მან. მცირე ხანში მისივე მოტოციკლით დავადექით მტვრიან ბილიკს; მე უკან მოვუჯექი და ხელები მჭიდროდ შემოვხვიე ტყავის ქურთუკზე. ჩრდილოეთისკენ მგზავრობისას კვლავ სერპანტინს ავუყევით და გადავიარეთ კორა-ლა, რომელიც ზღვის დონიდან 4660 მეტრზე მდებარეობს. ამ უღელტეხილს ერთი-ორი კილომეტრით რომ გავცდით, უცებ გზა დაასრულა მავთულხლართის თვალუწვდენელმა ღობემ.
ქარი ღმუოდა. ირგვლივ ლუდის ბოთლის ნამსხვრევები და პლასტმასის შეფუთვები ეყარა. ინგლისურ აბრაზე იკითხებოდა: „აკრძალულია პარკინგი და ფოტოების გადაღება“. ვხედავდით ნეპალელ ტურისტებსაც, რომლებიც ყურადღებას არ აქცევდნენ მითითებას და „სელფის“ იღებდნენ ნეპალი-ჩინეთის საზღვრის აღმნიშვნელ ბეტონის სვეტთან. ღობის მიღმა, დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე, სამი მონოლითური ნაგებობა იდგა და სრულად გვიფარავდა ჩრდილოეთის ხედს, ხოლო ლითონის ძელებზე დამონტაჟებული უამრავი ვიდეოკამერა ჩვენკენ იყო მომართული.
მოგვიანებით თანამგზავრის გადაღებულ გამოსახულებებს მივაგენი, სადაც ჩანდა, თუ რა იმალებოდა ამ გიგანტური მონოლითების უკან – სამხედრო ყაზარმები და მოკირწყლული გზა, რომელიც ჩრდილოეთით მიემართებოდა ტიბეტის მთიანეთისკენ.
შემთხევითობას ვერ მივაწერთ, რომ ნეპალის საგზაო ბუმი მიმდინარეობს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის ინიციატივის („სარტყელი და გზა“) პარალელურად. ეს გახლავთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული კამპანია, რომლის მიზანია ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის გაფართოება აღმოსავლეთ აზიიდან ევროპამდე. როდესაც აღნიშნული პროექტი დასრულდება, ჩინეთი უამრავი გზით დაუკავშირდება ჰიმალაის. მაგრამ, ალბათ, ვერცერთი მათგანი ვერ შემოგვთავაზებს ინდოეთისკენ მიმავალ ისეთ პირდაპირ მარშრუტს, როგორიც ლო-მანტანგზე გამავალი გზაა.
ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას კიდევ უფრო ააქტიურებს 2014 წლის ერთი აღმოჩენა, როდესაც ურანის დიდ საბადოს მიაკვლიეს მუსტანგში. ჩინეთი სწრაფი ტემპით აშენებს ატომურ ელექტროსადგურებს თავისი მოსახლეობის მზარდი ენერგომოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და, ამასთან, ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად, რისი პირობაც დადო მსოფლიოს წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არცერთ მაღაროში არ დაწყებულა მოპოვებითი სამუშაოები, მაინც ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ურანი როდესღაც გადაიქცევა მუსტანგის კიდევ ერთ საგანძურად.
იმავე საღამოს ჯიგმემ სადილად მიმიწვია „მუსტანგის სამეფო სასტუმროში“. სასადილო ოთახს ამშვენებდა ტიბეტური ნახატები და სამეფო ოჯახის ფოტოები.
მაგიდასთან საუბრისას ჯიგმემ გამოთქვა აზრი, რომ მცირე ხანში ჩინელები ალბათ ბიზნესპარკს ააშენებდნენ კორა-ლას უღელტეხილზე – დასავლური სტილის სასტუმროებით, კაზინოებითა და, იქნებ, აეროპორტითაც. „ტურიზმი მასობრივად გაიზრდება“, – ამბობს იგი. და, პირველ რიგში, მუსტანგს შეიძლება სწორედ ტურიზმისა და ინდუსტრიის აღმავლობა სჭირდება. მაგრამ ჯიგმე იაზრებდა ასევე, რომ აღნიშნულ პროცესებს მოჰყვებოდა უცხოური გავლენების ტალღა და საფრთხის ქვეშ დადგებოდა ლო-პას იდენტობა. თუმცა, ვისაც კი ველაპარაკე, ყველა ლო-პა გრძნობდა, რომ რისკების არ უნდა შეშინებოდათ. „კულტურის გადასარჩენად ჩვენ გვჭირდება ტურიზმი“, – თქვა ჯიგმემ. – „ხოლო ტურიზმის გასავითარებლად გვჭირდება გზა“.

მუსტანგში ვიზიტის უკანასკნელ დილას ჯიგმესთან ერთად ვისაუზმე. რაღაც განსაკუთრებული მინდა გაჩვენოო, მითხრა ჯიგმემ, როდესაც ყავასა და კვერცხს შეექცეოდა. როგორც მუსტანგის სხვა არაერთი მკვიდრი, ჯიგმეც უფრთხოდა თავის არტეფაქტებზე ლაპარაკს. როგორც მითხრა, დღემდე არავისთვის უჩვენებია საგანძური, რომელიც სამეფო დინასტიისგან ერგო.
ჯიგმემ წამიყვანა ერთ ადგილას, რომლის გაუმჟღავნებლობის პირობაც დავდე. ჩვენ ჭრიალით შევაღეთ ხის კარი, ფარნები ავანთეთ და კიბეებით დავეშვით სარდაფში. ჯიგმეს ფრთხილად მივყვებოდი უფანჯრო ოთახში. შემდეგ მან აანთო ლამპარი და წყვდიადიდან გამოვიდნენ თითქმის ბუნებრივი ზომის ბრინჯაოს ქანდაკებები – ღვთაებათა პანთეონი, რომელიც ოქროთი, ვერცხლით, ფირუზითა და მარჯნებით შეემკოთ. ისინი ყვითელი შუქის ფონზე ელვარებდნენ. ოთახის სიღრმეში ვარჩევდი მტვრიან ხის ყუთებს, რომლებიც გემზე დაწყობილ კონტეინერებს ჰგავდა.
„ეს ყველაფერი მემკვიდრეობით მერგო“, – თქვა ჯიგმემ, – „და ამ საგანძურით რაღაც დიდი უნდა გავაკეთო. ჩემი ოცნებაა, მუზეუმი გავხსნა, სადაც ამ ნიმუშებს გამოვფენ და გავაცოცხლებ. შემდეგ, ერთ დღესაც, ყველაფერს შვილებს დავუტოვებ. მაგრამ ამას უამრავი ფული სჭირდება, რომელიც არ გამაჩნია“. ჯიგმეს გაეცინა და დაამატა: „რაც მე რეალურად მჭირდება, ეს ფულის საბეჭდი მანქანაა“.
ამ წუთისთვის ჯიგმე სხვა ვერაფერს გააკეთებდა, გარდა ლოცვისა და იმედისა, რომ რაღაც გზას გამონახავდა თავისი საგანძურის დასაცავად. იქნებ, ახალ გზას მოეყვანა საკმარისი ტურისტი და მისი სასტუმრო გადაევსო.
როდესაც ჯიგმე თავის დახრით უახლოვდებოდა ქანდაკებებს, იმ წუთებში თითქოს არც ისე ძალიან განიცდიდა ზემოხსენებულ სირთულეებს. იგი ტიბეტურად ლოცულობდა, მე კი ვფიქრობდი, ნეტავ, თუ შეიგრძნობდა უძველეს ღვთაებათა სიცოცხლის ძალას – რომელსაც მუსტანგის ძველ მეფეებს მიაწერდნენ. სანთლის ტკაცუნისა და მქრქალი შუქის ფონზე მეფიქრებოდა ჯიგმეს სამეფოზეც – არა მხოლოდ მის ისტორიულ საგანძურზე, არამედ მუსტანგის ველური ლანდშაფტისა და სულის დამამშვიდებელი სიწყნარის დიდებულებაზეც. აქ ძალიან ბევრი რამაა შესანახი. და კიდევ უფრო მეტი – დასაკარგი.
2022 წლის აპრილის ნომრისთვის მარკ სინოტმა მოგვითხრო გაიანაში მდებარე ტეპუის ბიომრავალფეროვნებაზე. კორი რიჩარდსის ფოტოები გამოქვეყნდა 2021 წლის მარტის სტატიაში „ხაზი მთებში“.