
ერთი საფიქრალით მეტი
„მტკნარ წყალში დაჭერილი თევზი მსოფლიო ბაზარზე ნაკლებად გადის, შესაბამისად, მისდამი ინტერესი ნაკლებია“, ამბობს ვისკონსინ- მედისონის უნივერსიტეტის ზოოლოგი – პიტერ მაკინტაირი
მტკნარი წყლის ბინადრებს შორის არიან: კაპარჭინა, გიგანტური პანგასიუსი, ლოქო და ტილაპია.
მტკნარი წყლის თევზი ასობით მილიონი ადამიანისთვის ცილების მთავარი წყაროა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ოკეანის ბინადარი სახეობების შენარჩუნებას, ვიდრე – ტბებისა და მდინარეების.
„მტკნარ წყალში დაჭერილი თევზი მსოფლიო ბაზარზე ნაკლებად გადის, შესაბამისად, მისდამი ინტერესი ნაკლებია“, ამბობს ვისკონსინ- მედისონის უნივერსიტეტის ზოოლოგი – პიტერ მაკინტაირი.
კვლევის შედეგად მან დაადგინა, რომ მდინარის თევზი საფრთხის წინაშე დგას და დაცვა სჭირდება. მტკნარ წყალში დაჭერილი თევზის 90% იმ ეკოსისტემის ბინადარია, სადაც ინვაზიური სახეობების არსებობისა და ასევე, დაბინძურების დონე საშუალოზე მაღალია.
პოტენციურად, ყველაზე საზიანო საფრთხე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაწილისთვისაა, სადაც მდინარე მეკონგის სისტემაში მსოფლიოში ყველაზე დიდი თევზსაჭერია. მაკინტაირის თქმით, იქ დაჭერილი ლოქო უამრავი ადამიანისთვის საკვები ცილის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი ჩანაცვლება მარტივი არ არის.
ამბობს, რომ მდგომარეობა არც ისე სავალალოა, თუმცა ახლა ნათელია რომ „კაცობრიობა ყველაზე მეტ ზიანს იმ ადგილებს აყენებს, რომლებშიც დასაკარგი ყველაზე მეტია“.