
ეს ფრინველები კლდოვან სანაპიროებზე ხმაურიან სასიყვარულო შეკრებებს აწყობენ
ქოჩრიან დიდ ჯიღოსანას (Aethia cristatella) ბიოლოგი იან ჯონსი უკვე 36 წელია იკვლევს. ზღვის ეს მომცრო ფრინველი ციმბირსა და ალასკას შორის ოკეანის წყლებთან გუნდებად ბინადრობს. ბუდობას კოლონიებად, უდაბური კუნძულების კლდოვან სანაპიროებზე არჩევენ და გაზაფხულობით, შეწყვილების ორთვიანი სეზონის განმავლობაში, მშფოთვარე, ვნებიან, აღვირახსნილი წვეულებების მსგავს ცერემონიებს ატარებენ. ჯონსის დაკვირვებით, ეს სანახაობა, ხმები, სუნი და მოძრაობები 1960-იანი წლების ვუდსტოკისეულ ფესტივალს ჰგავს.

თოვლი დადნება თუ არა, ზრდასრული მამრი ინდივიდები საარშიყო სცენას ირჩევენ და საკუთარი მომხიბლაობის დემონსტრირებას შეუდგებიან – ბუმბულებს იფოფრავენ, გაბღენძილები დააბიჯებენ, ქოჩორს შემართავენ (რომლის ზომასაც, კვლევების თანახმად, მდედრები ყურადღებას მართლაც აქცევენ) და მჭახე ხმებს გამოსცემენ. თუ მდედრი წარმოდგენით მოიხიბლა, მიუახლოვდება; ორმხრივი ინტერესის შემთხვევაში ერთმანეთს შეეხმიანებიან და ნისკარტით ჯირკვლებიდან საგანგებოდ გამოყოფილ, მანდარინის სურნელის მქონე ნივთიერებას ბუმბულებში მოუსვამენ. ჯონსის თქმით, ერთ კვადრატულ მეტრზე ზოგჯერ ასობით ფრინველი ქოთქოთებს და უცნაურ რიტუალებს ასრულებს. კისრების გადაჭდობა და შეწყვილება რამდენჯერმე ხდება, ყოველთვის წყლის ზედაპირზე, ხშირად სხვა დაუპატიჟებელი ფრინველების ჩარევების ფონზე. სეზონზე წყვილი თითო კვერცხს ჩეკს, ბარტყს რამდენიმე თვე ერთად უვლის და ერთმანეთს ხშირად მომდევნო სეზონზეც პოულობს.