
„ეს ხანდახან მოჩვენებების დევნას ჰგავს“
საფრთხეში მყოფი ოკეანის ბინადრების შესახებ ჩვენი წარმოდგენის გასაუმჯობესებლად ბრაიან სკერი ფოტოებს იღებს – იქამდე, სანამ სუნთქვა ყოფნის
წყალქვეშა ფოტოგრაფ ბრაიან სკერისთვის არსებობს კარგი დღეები. მზე ანათებს, წყალი სუფთაა, ზედაპირი – წყნარი, ვეშაპები მოცურავენ და მას შეუძლია ოკეანეში სწრაფად ჩახტეს და სურათები გადაიღოს.
სამწუხაროდ, დღეების უმრავლესობა ასეთი არაა: ვეშაპები არ ჩანან, ან წყალია მღვრიე, ტალღებია, ან, როგორც კი სკერი წყალში ჩადის, ვეშაპები ათას მეტრამდე სიღრმეში ყვინთავენ საკვების მოსაპოვებლად, სკერის კი მათი დევნა მხოლოდ მანამდე შეუძლია, სანამ ჩასუნთქული ჰაერი ეყოფა.
სკერი, რომელიც National Geographic-ის მკვლევარი და 2017 წლის Rolex National Geographic-ის წლის მკვლევარია, თავისუფალ ყვინთვას მისდევს, ანუ ლასტების, ნიღბისა და კამერის გარდა სხვა აღჭურვილობას არ იყენებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან 10-მეტრიან ნავზე ცხრა თვე გაატარა აღმოსავლეთ კარიბის ზღვის კუნძულ დომინიკასთან, სადაც კაშალოტებს დასდევდა გადასაღებად.
სკერი უნიკალურ ფოტოებს იღებს, მაგრამ მას უფრო დიდი ამბიცია აქვს. „პირველ რიგში ფოტოჟურნალისტი ვარ. ვთანამშრომლობ მეცნიერებთან და ფოტოებს ვაწვდი“, რომლებიც მათ ოკეანის ფლორისა და ფაუნის კვლევაში ეხმარება, ამბობს იგი.
კაშალოტები დიდებული, ჭკვიანი და ძალიან მოუხელთებელი ცხოველები არიან, რომლებიც ოკეანის სიღრმეებში ყვინთავენ, თუ მათ ვინმე დაედევნება ან დააფრთხობს. მიუხედავად ამისა, მათი რიცხვი ვეშაპებზე ნადირობის და ადამიანებთან სხვა ტიპის კონტაქტების გამო იქამდეა შემცირებული, რომ მსოფლიოს ბუნების დამცველები მათ მოწყვლად ან საფრთხეში მყოფ სახეობად აფასებენ. „ვალდებულების გრძნობა მაქვს, რომ ადამიანებს აუცილებლად ვაგრძნობინო პასუხისმგებლობა ზღვის გიგანტების მიმართ“, ამბობს იგი. „მინდა მათ ოდნავი ადამიანურობა ვაჩუქო, რადგან მხოლოდ ესაა, რაც შემიძლია“.
კაშალოტები ოკეანეების ყველაზე დიდ-კბილიანი მტაცებლები არიან. მათ ყველა ცნობილ ცხოველზე დიდი ტვინი აქვთ და 45 ტონამდე იწონიან. ისინი ადამიანისთვის დამახასიათებელ ისეთ თვისებებს ავლენენ, როგორებიცაა თამაში და ცნობისმოყვარეობა.
დაკვირვების მიხედვით, თითქმის ყველა ვეშაპს აწუხებს მაღალი ხმა, რომელიც ხელს უშლის მათ ბგერებზე დაფუძნებულ კომუნიკაციის სისტემას. თავისუფალი ყვინთვა სკერისთვის იგივეა, რაც თითის წვერებზე სიარული წყალქვეშ, მაგრამ მაინც, სკერის თქმით, „ეს ხანდახან მოჩვენებების დევნას ჰგავს“.
სკერი მენის შტატში ცხოვრობს და თავისუფალ ყვინთვაში ვარჯიშობს. ზოგჯერ იგი სუნთქვას სამ წუთამდე იკავებს. სუნთქვის შეკავება ისევეა ტვინის საქმე, როგორც ფილტვების. 56 წლის სკერი, ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, მედიტირებს კიდევაც, რათა პანიკაში არ ჩავარდეს, როდესაც მისი სისხლის წნევა დაეცემა და ფილტვები ამოსუნთქვას შეეცდებიან. ხშირად სწორედ ამ მომენტებში ხდება ფოტოგრაფიის მაგია. მან National Geographic-ის სამწლიანი პროექტის ფარგლებში მსოფლიოს ყველა კუთხეში იმოგზაურა: ალასკაში – კუზიანი ვეშაპების, კანადაში – თეთრი ვეშაპების და ნორვეგიაში – ცელნამგალა ვეშაპების გადასაღებად.
დომინიკაზე სკერი შეინ გეროს მკვლევართა ჯგუფს დაჰყვებოდა, რომელიც დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის ბიოლოგი და დომინიკის კაშალოტების პროექტის დამფუძნებელია. გეროს გუნდი ყოველწლიურად კარიბის ზღვის კაშალოტების ოჯახებს დაჰყვება და მათი კომუნიკაციის გაშიფვრას ცდილობს.
შარშანდელი გაზაფხულის ერთ დღეს, უშედეგო კვირების შემდეგ, სკერიმ ერთი სამეცნიერო ნავისგან ინფორმაცია მიიღო, რომ ვეშაპების გუნდი ერთმანეთთან შესახვედრად წყლის ზედაპირისკენ მიიწევდა. ასეთი ქცევის ნახვა ადამიანებისთვის იშვიათობაა, მით უმეტეს – გადაღება. სკერი სასწრაფოდ გაეშურა მითითებული ადგილისკენ და მზიანი ცის ქვეშ ექვსი კაშალოტი აღმოაჩინა. მან კაშალოტებთან ერთად საათზე მეტი იცურა და 1500-ზე მეტი ფოტო აღბეჭდა. ბუნებას ხშირად აქვს მიზეზი, ადამიანებს დაუბღვიროს, მაგრამ ხანდახან ის მაინც იღიმება.

ფოტოგრაფი ბრაიან სკერი, 2017 წლის Rolex National Geographic-ის წლის მკვლევრის პრემიის მფლობელი, ახალი პარტნიორობის მონაწილეა, რომელიც დიდი ხნის მოკავშირეებმა – Rolex-მა და National Geographic-მა ჩამოაყალიბეს. თანამშრომლობის დევიზი „მარადიული პლანეტისთვის თავდადება“ მის მისიასაც ასახავს: დედამიწის საოცრებების კონსერვაციისა და კვლევის წახალისებას. მეტი ინფორმაცია საიტზე natgeo.com/perpetualplanet