ეს მეწყვილეა, თუ მყვინთავის ფარფლები? გლუვი ზღვის გველების გასაჭირი
ჰაბიტატი/არეალი
გლუვი ზღვის გველები ჩრდილოეთ ავსტრალიის სანაპიროსთან და პაპუა-ახალი გვინეის სამხრეთით ბინადრობენ. უმეტეს დროს წყალმარჩხ რიფებზე ატარებენ.
სხვა ფაქტები
Aipysurus laevis-ი ცოცხლადმშობია. ორსულობა 9 თვემდე გრძელდება და ისინი, საშუალოდ, 5-7 ნაშიერს აჩენენ. მათი სიგრძე 2 მეტრამდე აღწევს, წონა კი – 3 კგ-მდე.
გლუვი ზღვის გველისთვის სექსი მრავალ დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული. ამ შხამიან რეპტილიებს ცუდი მხედველობის გამო ზღვის კიტრები, თოკები და მყვინთავის ფარფლები პოტენციურ მეწყვილეებში ერევათ. საბოლოოდ, როდესაც მამრი მდედრს იპოვის, თავის თავზე მირტყმით სთხოვს თანხმობას. თუ მდედრი თანახმაა, მამრმა თავისი ორი პენისიდან ერთ-ერთი მდედრის კლოაკაში უნდა მოათავსოს, რაც ცუდი მხედველობის მქონე არსებისთვის რთულია. მამრები პარტნიორების გარშემო მანამდე იკლაკნებიან, სანამ ყველაფერი თავის ადგილას არ შესრიალდება: „გველები სწორი პოზიციის შერჩევას დიდ დროს ანდომებენ“, – ამბობს ახალი კალედონიის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგი კლერ გოირანი. შედეგად ამ სახეობის წყალქვეშა სექსი საათობით გრძელდება. როდესაც მდედრს ჰაერის ჩასასუნთქად ზედაპირზე ასვლა სჭირდება, მეწყვილეს თავისთან ერთად პენისით მიათრევს. ეს კიდევ ერთი დამცირებაა, რომლის ატანა უწევთ მამრებს თავიანთი გენების გასაგრძელებლად.