
ეს ტრადიცია ფრინველებს ეხება
ჯეფრი ლე ბარონი ოდიუბონი ეროვნული საზოგადოების ფრინველთა ყოველწლიური საშობაო აღწერის დირექტორია. ამ ტრადიციის მონაცემებს მეცნიერები ფრინველთა პოპულაციის მონიტორინგისთვის იყენებენ
როგორ დაიწყო ფრინველების საშობაო თვლის ტრადიცია?
1800-იან წლებში არსებული ტრადიციით, ადამიანები საშობაოდ იკრიბებოდნენ, იყოფოდნენ ჯგუფებად და სანადიროდ მიდიოდნენ. ჯგუფი, რომელსაც მეტი ნადავლი მოჰქონდა, იმარჯვებდა. ორნითოლოგმა ფრენკ ჩეპმენმა 1900 წელს წამოაყენა წინადადება, რომ ნადირობის ნაცვლად საშობაოდ ფრინველები აღეწერათ.
რომელი ფრინველის ნახვა გსურთ ყველაზე მეტად?
წელს, ალბათ, ყველაზე მეტად თოლიის ნახვა მინდა. თხუთმეტი წლის წინ ნინიგრეტის დაცულ ტერიტორიაზე საინტერესო თოლია შევნიშნე. ის ზრდასრული მცირე შავზურგა თოლია აღმოჩნდა. იმ დროიდან მას ყოველ წელს ერთსა და იმავე ადგილას ვნახულობ. ეს თოლია ჩემი მეგობარი გახდა; ძალიან დამწყდება გული, თუ ერთ წელსაც ვეღარ ვნახავ.
რა ცვლილებები აღმოაჩინა აღწერამ?
ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია აღრიცხვის მონაცემების შემოწმება და გარკვევა, გავრცელებული ფრინველების რომელი სახეობის რაოდენობა იკლებს. 2009 წელს 300-ზე მეტი სახეობის გამოსაზამთრებელ ადგილს დავაკვირდით და აღმოვაჩინეთ, რომ მათი უმრავლესობის თავშეყრის ადგილმა 40 წელიწადში ჩრდილოეთისკენ 322 კილომეტრით გადაიწია. ამ მოვლენის აღწერა საშუალებას იძლევა, გავარკვიოთ, რა იწვევს ამ ცვლილებებს.
ეწვიეთ: audubon.org/join-christmas-bird-count
ეს ინტერვიუ შემოკლებულია და რედაქტირებულია სიცხადისათვის.