
ევერესტმა მოშალა. მეცნიერებმა შეაკეთეს.
2020 წელს დედამიწის უმაღლეს წერტილში მდებარე მეტეოსადგური გაჩერდა. ახლა მსოფლიოს სახურავზე გაუმჯობესებული ვერსია განათავსეს.
2021 წლის ერთ მშვენიერ დღეს თენცინგ გიალცენ შერპა ავიდა „აივნად“ წოდებულ, ევერესტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქედზე მდებარე ალპინისტების მუდმივად ქარიან შესასვენებელ ადგილას. მის ფეხებთან ეყარა მსოფლიოს უმაღლეს წერტილში მდებარე მეტეოსადგურის დაზიანებული და სანახევროდ თოვლში ჩაფლული ნაწილები.
თავის დროზე, როდესაც სადგური აღმართეს და კლდეზე ჭანჭიკებით მიამაგრეს, ის ეზოში დადგმულ უბრალო ანტენას ჰგავდა. სინამდვილეში კი აღნიშნული მეტეოსადგური 30 000 დოლარის ღირებულების უზუსტესი ინსტრუმენტებისგან შედგებოდა, რომლებიც ზომავდა ქარს, ტენიანობას, ტემპერატურას, მზის რადიაციასა და ბარომეტრულ წნევას. ახლა მისი 2-მეტრიანი ანძა გვერდულად ესვენა ყინულზე.

NGM-ის თანამშრომელი
თენცინგმა, 31 წლის ელექტრიკოსმა და სამთო გიდმა, ბუმბულის კოსტიუმიდან მობილური ტელეფონი ამოაძვრინა და მეტეოსადგურის ნარჩენებს ფოტოები გადაუღო. „აივანზე“ მდებარე სადგურმა მონაცემების გადაგზავნა შეწყვიტა 2020 წლის იანვარში – ექსპლუატაციაში შესვლიდან 7 თვის შემდეგ. ის ერთ-ერთი იყო იმ ხუთი ავტომატური მეტეოსადგურიდან, რომლებიც 2019 წლის მაისში დაამონტაჟეს. აღნიშნული სამუშაო შესრულდა National Geographic Society-ს, კატმანდუს ტრიბჰუვანის უნივერსიტეტის, ნეპალის მთავრობისა და Rolex-ის პარტნიორობის ფარგლებში. ამ პროექტის თანახელმძღვანელი კლიმატოლოგები ტომ მეთიუსი და ბეიკერ პერი აცხადებენ, რომ მეტეოსადგურის მიერ ჩაწერილი და თანამგზავრის მეშვეობით გადმოგზავნილი მონაცემებით ჩვენ წინ გადაიშალა ევერესტისა და გარემომცველი ჰინდუქუში-ჰიმალაის მეტეოროლოგიის „უჩინარი სამყარო“.
თენცინგი ჩაიმუხლა ნანგრევებად ქცეულ სადგურთან, ჩანთიდან ამოიღო სახრახნისი, ქანჩის გასაღები და მოხსნა ანძაზე მიმაგრებული პატარა ნაცრისფერი ყუთი. მის შიგნით დაცული იყო მონაცემთა ჩამწერი, სადაც ინახებოდა სადგურის მიერ მოპოვებული უკანასკნელი ინფორმაცია, სანამ ის ექსტრემალურ პირობებს „დანებდებოდა“.
იმ დროისთვის, როდესაც „აივანზე“ აღმართულმა სადგურმა შეწყვიტა მონაცემების გადაგზავნა, მის ქვემოთ, სამხრეთ უნაგირაზე მდებარე რიგით მეორე უმაღლეს წერტილში განთავსებული სადგურის ქარის სენსორებიც ასევე გაითიშა. „იქ დაფიქსირდა 240 კმ/სთ სიჩქარის ნაკადი და არც არის გასაკვირი, რაც მოხდა“, – ამბობს მეთიუსი. შემდეგ, სანამ აღნიშნულ ტექნიკას შეაკეთებდნენ, 2020 წელს COVID-19-ის მიზეზით ყველა აქტივობა შეჩერდა ევერესტის სამხრეთ მხარეს. შედეგად, მხოლოდ გასულ წელს მოხერხდა, რომ თენცინგი და კიდევ ერთი შერპა ასულიყვნენ ევერესტის მეტეოროლოგიური სადგურის დასათვალიერებლად.
შედარებით უფრო ქვემოთ მდებარე სადგურებზე მათ დაამონტაჟეს ახალი სენსორები, გამოცვალეს ბატარეები და შეამოწმეს ფიტინგები თუ ჭანჭიკები. მომდევნო ეტაპზე თენცინგი აცოცდა „აივანზე“ განლაგებულ სადგურზე, მისი დაზიანების მასშტაბის შესაფასებლად და მონაცემთა ჩამწერის გადასარჩენად.
თუმცა თენცინგის სამუშაო ამით არ დასრულებულა. ზემოხსენებული გუნდი ისედაც გეგმავდა, რომ უკვე გაცვეთილი ძველი სადგური გაუმჯობესებული ვერსიით ჩაენაცვლებინა. თენცინგს ახალი მეტეოსადგურისთვის ადგილმდებარეობა უნდა შეერჩია კიდევ უფრო ზემო ფერდობებზე. მან აღმასვლა განაგრძო, სანამ არ მიაღწია ბიშოპ-როკს, ნიშნულს, რომელიც ბარი ბიშოპის – National Geographic-ის ჟურნალის ყოფილი რედაქტორისა და 1963 წელს ევერესტის დამლაშქრავი აშშ-ის პირველი ექსპედიციის წევრის – სახელს ატარებს. 8810 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ბიშოპ-როკი დაახლოებით 40 ვერტიკალური მეტრით ჩამოცდება მწვერვალს – და სწორედ ის შეირჩა ახალი სადგურის ნავსაყუდლად.
გასულ გაზაფხულზე პერი, მეთიუსი და თენცინგი დაბრუნდნენ ევერესტზე. მათ ახლდათ კიდევ 12 სხვა შერპა, რომელთა უმრავლესობაც პირველი მეტეოსადგურის ექსპედიციაში მონაწილეობდა. აღნიშნული გუნდი შეიკრიბა საბაზო ბანაკთან.
ამ ახალ მეტეოსადგურს, რომელიც ბიშოპ-როკზე უნდა აღემართათ, რამდენიმე გაუმჯობესებულ კომპონენტთან ერთად, გამოარჩევდა ქარის გასაზომი პიტოს მილის ულტრამსუბუქი დიზაინი. მათი გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: „აივანზე“ მდებარე დაზიანებულ სადგურს მოხსნიდნენ გარკვეულ ნაწილებს და ახალ მეტეოსადგურს ააწყობდნენ ბიშოპ-როკზე.
ახალი სადგურის დასამონტაჟებლად მათ უნდა გაევლოთ სარისკო მარშრუტი, მაგრამ ეს არაერთი პირდაპირი სარგებლის მომტანი იქნებოდა. მეტეოროლოგიური მონაცემები არსებითია მაღალი მთების დალაშქვრისას – გიდებს ეხმარება ექსპედიციათა დაგეგმვასა და კლიენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; ამასთან, თუ სიტუაცია გართულდა და სამაშველო ოპერაცია უნდა ჩატარდეს, რეალური დროის მონაცემები ვერტმფრენის პილოტსა და მაშველებს საგრძნობლად უზრდის წარმატების შანსს. „ჩვენ უფრო მეტი ალპინისტის სიცოცხლეს ვიხსნით“, – ამბობს თენცინგი.
9 მაისს, დილის 9 საათისთვის, აღნიშნული გუნდის წევრები გამოჩნდნენ ბიშოპ-როკთან. ქარი 70 კმ/სთ სიჩქარით ქროდა და ქარის სიცივის ტემპერატურული ინდექსი -40° ცელსიუსზე ეცემოდა.
როდესაც მეტეოსადგურის მოწყობას შეუდგნენ, მეთიუსს მარჯვენა ხელზე თითები მოეყინა და მუშაობას ვეღარ აგრძელებდა. მთაზე ასვლისას გუნდის 8 წევრს თავის ბუმბულის კოსტიუმში გასათბობად 24-ვოლტიანი ბატარეა ჰქონდა მოთავსებული, რადგან თუ ბატარეები გაიყინებოდა, ვეღარც ბურღს აამუშავებდნენ საკვანძო ანკერჭანჭიკების დასამაგრებლად.
ამ სუსხში მეტეოსადგურის მოწყობას დაახლოებით 3 საათი დასჭირდა – ერთი საათით უფრო მეტი, ვიდრე გუნდი იმედოვნებდა. ბოლოს თენცინგმა ერთმანეთზე გადააბა მავთულები და სადგურიც „გაცოცხლდა“. რამდენიმე საათის შემდეგ, იმ დროისთვის, როდესაც თენცინგი, მეთიუსი და მათი შერპა პარტნიორები ქვემოთ ეშვებოდნენ სამხრეთ უნაგირაზე, ახალი მეტეოსადგური უკვე მონაცემებს აგზავნიდა.
ამასობაში გამოჩნდა ცნობა, რომ ევერესტზე ჩინელთა ექსპედიციამაც დაამონტაჟა 7 მეტეოსადგური – მთის ჩრდილოეთ მხარეს. რაც შეეხება ჩინური სადგურის უმაღლეს ნიშნულს: გადმოსცეს, რომ ის დაახლოებით იმავე სიმაღლეზე მდებარეობდა, რომელზეც ბიშოპ-როკია. სულ რაღაც „ქვის სასროლ მანძილზე“ მწვერვალიდან.
ეს ხომ არ ნიშნავს ახალ საერთაშორისო რბოლას, თუ ვინ აღმართავს მეტეოსადგურებს მსოფლიოს უმაღლეს წერტილზე? ასეთ რაღაცებს მეთიუსი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. „თუ ევერესტიდან მეტ ინფორმაციას მივიღებთ, ეს ყველას დიდ სარგებელს მოუტანს“, – აღნიშნავს იგი.
რა დააფიქსირა მეტეოსადგურმა


2019-2020 წლების მონაცემთა შორის: მაღალმთიანეთში თოვლი და ყინული ბევრად უფრო სწრაფად ქრება, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. „ევერესტის მწვერვალი შეიძლება ყველაზე მზიან ადგილად ჩაითვალოს დედამიწაზე“, – ამბობს კლიმატოლოგი ტომ მეთიუსი. და როდესაც მთის ზედაპირი მზის ენერგიას შთანთქავს, მისი მყარი ყინული ორთქლად გადაიქცევა; შედეგად, იკარგება ყინულის დიდი მასა, მიუხედავად ასეთი დაბალი ტემპერატურული ნიშნულებისა. მეთიუსის თქმით, „ეს დაჩქარებული დნობა არღვევს ჩვენს გაანგარიშებას, თუ რამდენი თოვლია მაღალმთიანეთში“ და როგორი სენსიტიურობით რეაგირებს მყინვარები ტემპერატურის ცვლილებაზე. არსებითი მიგნებები გაკეთდა ასევე ალპინისტებისთვის: მეთიუსის აღმოჩენით, ზემო ფერდობებზე ჟანგბადის რაოდენობა საგრძნობლად იცვლება ამინდის მიხედვით.
დაბოლოს, მეტეოსადგურთა მონაცემები იმოქმედებს იმ 1,9 მილიარდ ადამიანზე, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჰიმალაების მტკნარ წყალზე.
აღჭურვილობა მსოფლიოს მწვერვალზე

1. მეხდამცავი 2. ფლუგერი 3. უჟანგავი ფოლადის სამჯამიანი ანემომეტრი (ქარის სიჩქარე) 4. ანემომეტრი (ქარის სიჩქარე და მიმართულება) 5. სატელიტური კავშირის აპარატურა 6. პიტოს მილის ანემომეტრი (ქარის წნევა) 7. ჰაერის ტემპერატურისა და შედარებითი ტენიანობის სენსორები 8. ბალანსმზომი 9. მზის პანელები 10. დამცავ ჩემოდანში მოთავსებული: მონაცემთა ჩამწერი, ბარომეტრული წნევის სენსორი, რადიოგადამცემები და ბატარეა. ცისფრად აღნიშნულია გაუმჯობესებული ან დამატებული ინსტრუმენტები.
ტეილორ მაჯაკომო, NGM-ის თანამშრომელი. წყარო: ბეიკერ პერი, აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფრედი უილკინსონი პროფესიონალი ალპინისტი და სამთო გიდია. National Geographic Society, რომლის მიზანია დედამიწის საოცრებათა გაშუქება და დაცვა, აფინანსებს მთების, ტროპიკული ტყეებისა თუ ოკეანეთა მკვლევრებს. შეიტყვეთ მეტი Perpetual Planet Expeditions-ის შესახებ მისამართზე: natgeo.com/perpetualplanet.