
ფარიკაობა
ფარიკაობა, როგორც სპორტული ორთაბრძოლის სახეობა, XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფარიკაობის სკოლები ევროპის ბევრ ქვეყანაში ჰქონდათ, განსაკუთრებულ განვითარებას სპორტის ამ სახეობამ ავსტრია-უნგრეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში მიაღწია, შემდეგ კი თანდათან სხვა ქვეყნებშიც მოიკიდა ფეხი.
ფარიკაობის პირველი სასწავლო ჯგუფი საქართველოში XIX საუკუნის 70-იან წლებში, ქუთაისში ჩამოყალიბდა ავსტრიელი პედაგოგის, რუდოლფ ვაისის თაოსნობით. თავდაპირველად ფარიკაობის დაუფლება ხელმისაწვდომი მხოლოდ პრივილეგირებული ფენებისთვის იყო. სასწავლო ჯგუფებში იარაღის ფლობის ტექნიკას, სწრაფი რეაქციის განვითარებასა და ბრძოლის მრავალფეროვან ხერხებს, ძირითადად, ოფიცრები სწავლობდნენ, თუმცა ვარჯიშის უმთავრესი მიზანი ფარიკაობაში დახელოვნება და არა შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება იყო.
მოგვიანებით, 1887 წელს, ფარიკაობას ტფილისის ვაჟთა პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებიც გაეცნენ. 1894 წელს ტფილისში, გადამდგარი ოფიცრის, პეტრე სალტიკოვის მიერ კომერციული მიზნით დაარსებული ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე გაიხსნა. როგორც ჩანს, ფარიკაობა თანდათან პოპულარობას იძენდა, რასაც ტფილისში 1900 წელს კიდევ ერთი დარბაზის გახსნა მოჰყვა.
ფოტო, რომელიც 1892 წლითაა დათარიღებული, სწორედ ტფილისის ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის ეზოშია გადაღებული. მასზე ასახული სიუჟეტი ფარიკაობის გაკვეთილის იმიტაციაა, რომელზედაც შესაბამის აღჭურვილობაში გამოწყობილი, ჯგუფებად დაყოფილი ოფიცრები ფარიკაობის ილეთების დემონსტრირებას ახდენენ.