
ფერი
სტივენ უილქსი 21 საათის განმავლობაში, დილიდან დაღამებამდე, ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის ცეცხლოვან სცენებს იღებდა.
ვულკანის ფერები შეგვიძლია დავინახოთ და შევიგრძნოთ კიდეც. ფაგრატალსფიატლის ვულკანი ისლანდიის დედაქალაქიდან, რეიკიავიკიდან, 30 კილომეტრშია. ცეცხლოვანი ლავა მოთეთრო-მოყვითალოდ ვარვარებს, გაციებისას კი ნარინჯისფერი, წითელი და კუპრივით შავი ხდება.
ამ სურათზე დღე-ღამე ერთ კადრშია ასახული. სტივენ უილქსმა ამ ეფექტის მისაღებად ერთი წერტილიდან 21 საათის განმავლობაში 1123 ფოტო გადაიღო და მათგან 70 ფოტო შეაერთა. კომპოზიცია მარჯვენა ქვედა კუთხეში იწყება 13:54-ზე გადაღებული ფოტოთი, დიაგონალურად ზედა მარცხენა კუთხისკენ ვითარდება და უილქსის რჩეულ მომენტებს აერთიანებს. „ამით გარკვეულწილად ჩემი მოგონების აღდგენას ვცდილობ“, – ამბობს იგი.
ამ გამოსახულების მისაღებად უილქსი ისლანდიაში ჩაფრინდა, გაიკეთა COVID-19-ის ტესტი და წაიხემსა, შემდეგ, ფაგრატალსფიატლის აღმოსავლეთით მთა შეარჩია; აქედან, მისი გათვლებით, ჩამავალი მზე ცეცხლოვანი ვულკანის მწვერვალს გაუსწორდებოდა. შტატივის დასამაგრებლად გუნდი 70კმ/სთ სიჩქარის ქარში 24 საათი ფეხზე იდგა ქვიანი ფერდობის არასაიმედო განლაგების გამო. როდესაც მზე ჰორიზონტისკენ ეშვებოდა, ვულკანი ჩაწყნარდა და უილქსიც ანერვიულდა, მაგრამ ვულკანი ისევ ამოიფრქვა და უილქსმა ნანატრი კადრი გადაიღო. ოქროსფერი ლავის თავზე ჩამავალი მზის შემხედვარემ, დედამიწის ზედაპირის გარდამქმნელი ძალების ამ ერთობლიობასთან თითქოს სულიერი კავშირიც კი იგრძნო: „აი, ასე დაიწყო ყველაფერი“.
ვულკანის ამოფრქვევით იქმნება ფერად-ფერადი ტილო ცოცხალი ბუნებისთვის – პაწაწინა მიკრობებიდან ვეებერთელა ხეებამდე.


ჰავაის გამოქვაბულებში ამოფრქვევის შემდეგ მრავალი ფერი ჩნდება: მიკრობების კოლონიის მოყვითალო-მოოქროსფრო საფარი (მარცხნივ) და ლურჯ-იისფერი ჟანგი ლავის გაციებულ ნაღვენთებზე. ფოტო: კენეთ ინგემი
სოლანჟ დუამელმა ქარს ზურგი აქცია, როდესაც გასულ აპრილში ირიბად მქროლავ ქარს შეეჯახა ისლანდიის კლდოვან ლანდშაფტზე. დუამელმა სახე სეტყვისგან დაიფარა, მაგრამ ხედს თვალს ვერ წყვეტდა.
იქვე ფაგრატალსფიატლის ვულკანიდან გავარვარებული ლავა იღვრებოდა. ვულკანმა თითქმის აავსო ველი, ზედ კი სეტყვა რომ ეცემოდა, ორთქლდებოდა და ნისლის თხელ ფენებად ადიოდა ჰაერში.
დუამელი, ეკოლოგი-მიკრობიოლოგი და ბიოგეოქიმიკოსი არიზონის უნივერსიტეტში, ახალი მიწის დაბადებას იკვლევდა. ვულკანური ამოფრქვევები ქმნიან ცარიელ ტილოს, რომელზეც სიცოცხლის მრავალი ფორმა იბადება.
დღეს დედამიწის ზედაპირზე (წყალში და ხმელეთზე) ქანების 80% შექმნეს ვულკანებმა, რომლებიც აფეთქებენ კრატერებს, აშენებენ მთებს, კუნძულებსა და პლატოებს.აფეთქებისას პლანეტის სიღრმიდან სხვადასხვა ნივთიერება ამოდის, ქანებისა და ფერფლის სახით ვრცელდება და ნაყოფიერ მიწად იქცევა. ნივთიერებების გავრცელების ამ პროცესში მონაწილეობს ქარი, წყალი და მიკრობები. ასე გარდაქმნიან ისინი ნაცრისფერ ვულკანურ ლანდშაფტს მიწად, რომელიც მალე მცენარეებით აბიბინდება.
ზოგიერთი ვულკანური საფარის ქვეშ, მიწისქვეშა ღრმულებში, მიკრობები წარმატებით მრავლდებიან. მიწისქვეშა კედლებზე ულტრაიისფერ სინათლეს თუ მიანათებთ, თვალწინ მიკრობების გალაქტიკა გადაგეშლებათ.
19 მარტს ვულკანის გაღვიძებამ დუამელს მისცა შანსი, შეესწავლა ლავის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი უპირველესი ეტაპი: გაციებული ზედაპირის კოლონიზაცია მიკრობების მიერ.
გაციებულ-გაქვავებული ლავა თავიდან სტერილურია: მიწიდან რომ ამოვიდა, ის 1100 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურისა იყო – ასეთ სიცხეში სიცოცხლე ვერ იარსებებს. ზედაპირიდან ნიმუშების ყოველკვირეულად აღებით დუამელი და მისი კოლეგები იმედოვნებენ, დააფიქსირონ, რა როდის ჩნდება.
გაქვავებული ლავა გაციებისთანავე ვერ მასპინძლობს სიცოცხლეს. ვულკანურ ფერფლსა და ქანებში უხვადაა მაგნიუმი, რკინა, კალციუმი, კალიუმი და სხვა, მაგრამ ისინი გამოსაყენებლად არაა მზად. იშვიათია, ასევე, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სხვა შემადგენლები, მაგალითად, აზოტი. ამიტომ, პირველმა მიკრობებმა უნდა იმარჯვონ. ზოგიერთ მათგანს აზოტის ჰაერიდან მოპოვებაც უნდა შეეძლოს და ეს აირი ისეთ ფორმებად გადააქციოს, რომელსაც სხვა, გვიან მოსული ორგანიზმებიც გამოიყენებენ.
ამასობაში ქანი და ფერფლი იშლება, რაც შიგნით გამომწყვდეული მეტალის ქიმიურ ცვლილებებში ჩანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რკინა, რომელიც სახეს იცვლის და რკინის ოქსიდებად გარდაიქმნება, მაგალითად, იჟანგება. პროცესში მონაწილეობს ქარი და წყალიც, ისევე როგორც მიკრობები.
ამ ფერად-ფერადი ტრანსფორმაციისთვის მთავარია ვულკანური მინის სწრაფი ჩამოშლა. მინა მაშინ ჩნდება, როდესაც ლავა სწრაფად ცივდება. ის შედგება როგორც ფერფლისგან, ისე ქანის ნაწილებისგან, მაგრამ ვულკანური ნიადაგის ფორმირება და მიღებული ფერი დამოკიდებულია, ასევე, ტემპერატურაზე, წყლის შემცველობაზე, მცენარეებზე და სხვა. მაგალითად, წითელ ნიადაგს იქ ვხვდებით, სადაც მიწა მშრალია, მცენარეები იშვიათია და ქანები სავსეა რკინით. ცივ, სველ, მცენარეულობით სავსე გარემოში ორგანული ნივთიერებების სიმრავლე ნიადაგს ყვითელ ან ყავისფერ შეფერილობას აძლევს.
ასეთი სახეცვლილებები გასაქანს აძლევს სიცოცხლის უფრო დიდ ფორმებს. პირველები ლიქენები ჩნდებიან: წინწკლებიანი ფურცლები და ფუშფუშები. მათი პატარა, ფესვისებური სტრუქტურები წარმოქმნიან მჟავას, რომელიც ქანის დაშლას უწყობს ხელს.
ვულკანის ამოფრქვევა მიწისქვეშა სიცოცხლესაც აძლევს ბიძგს. როდესაც ბაზალტური ლავა მდინარესავით მიედინება, ზედა ფენები ცივდება და ქმნის სქელ ქერქს, რომელიც ქვედა გამდინარე ფენის იზოლაციას ახდენს, მაგრამ თუ დინება მიმართულებას შეიცვლის ან ამოფრქვევა დასრულდება, ლავური გვირაბი რჩება.
ზოგ გვირაბს აქტინობაქტერიები თხელ, ოქროსფერ აპკად ედებიან, ამბობს ასტრობიოლოგი იენ ბლანკი. სხვა მიკრობები „გამოქვაბულის მარჯნის“ ან მოყვითალო პოლიპების გაყოლებაზე იზრდებიან. ულტრაიისფერი სინათლით კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას ვხედავთ. ვულკანის მრავალი ფერი გეოლოგიისა და სიცოცხლის თანამშრომლობის ნაყოფია. სწორედ ამიტომაა ჩვენი პლანეტა ისეთი, როგორიც არის. ეს კოლაბორაცია, სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. ვულკანის ფერებმა შეიძლება მინიშნებებიც კი მოგვცეს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენი პლანეტის მიღმა და უცხო პლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენაშიც დაგვეხმაროს.
მაია ვეი-ჰაასი National Geographic-ის შტატიანი სამეცნიერო ავტორია.