ფირუზისფერი სამყაროს მიღმა
ამერიკელმა ასტრონავტმა ნიკოლ სკოტმა ორჯერ იფრინა კოსმოსური ხომალდით „დისკავერი“ და ახალი შთაგონებით დაბრუნდა კოსმოსიდან გადაშლილი ხედის ამსახველი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად


ფირუზისფერი სამყაროს მიღმა
ამერიკელმა ასტრონავტმა ნიკოლ სკოტმა ორჯერ იფრინა კოსმოსური ხომალდით „დისკავერი“ და ახალი შთაგონებით დაბრუნდა კოსმოსიდან გადაშლილი ხედის ამსახველი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად
დღესაც კი, ადამიანის კოსმოსში პირველი გაფრენიდან თითქმის ექვსი ათწლეულის შემდეგ, სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გაჭრილან რაკეტით ორბიტაზე და დამტკბარან დედამიწის მრუდხაზოვანი ჰორიზონტის მიღმა ამომავალი მზით. 1961 წლიდან ეს იშვიათი შესაძლებლობა მხოლოდ 556 ადამიანს მიეცა და მხოლოდ ექვსი ყოფილა სრულიად მარტო მთვარის იქითა ნახევარსფეროზე, როდესაც ჩვენი პლანეტის ხედს მოწყვეტილი, უსასრულოდ ღრმა, ვარსკვლავებით მოჭედილ „ზღვაში“ მიცურავდა.
დედამიწის კოსმოსიდან დანახვას ადამიანის მსოფლმხედველობის შეცვლა შეუძლია. ამერიკელმა ასტრონავტმა ნიკოლ სკოტმა ორჯერ იფრინა კოსმოსური ხომალდით „დისკავერი“ და ახალი შთაგონებით დაბრუნდა კოსმოსიდან გადაშლილი ხედის ამსახველი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად.

1968 წელს კოსმოსური ხომალდის „აპოლო 8-ის“ ეკიპაჟის წევრები პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებიც დედამიწიდან შორ მანძილზე გაფრინდნენ და მთვარეს შემოუფრინეს გარშემო. 24 დეკემბერს ასტრონავტმა უილიამ ანდერსმა გადაიღო შემდგომში დაუვიწყარი ფოტო: დიდებული, მწვანე დედამიწა აღმართული უნაყოფო და კრატერებით დაფარული მთვარის ჰორიზონტის თავზე. დღეს „დედამიწის ამოსვლად“ წოდებულმა ამ ფოტომ ჩვენი პლანეტის მშვენებისა და სიფაქიზის აღქმა გააძლიერა.
„2018 წელს 50 წელი სრულდება იმ ეპოქალური ფოტოს გადაღებიდან, რომელმაც გარემოსდაცვითი მოძრაობის განსაზღვრას შეუწყო ხელი. რა კუთხით უნდა შევცვალოთ დღეს ამ მოძრაობის კურსი, რათა 100 წლის იუბილემდე მივაღწიოთ?“ – კითხულობს ამერიკელი ასტრონავტი ლელანდ მელვინი. იგი თავის მეგობარ ასტრონავტებთან ერთად მუშაობს და მათ გამოცდილებას იყენებს, რათა სხვებს დაეხმაროს ეკოლოგიური ცხოვრების წესის შეთვისებაში.

აშკარაა, რომ ჩვენი პლანეტის დაცვის სურვილს ყველა იზიარებს, ვინც კოსმოსში გასულა. და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ დედამიწას შეუძლია ჩვენთვის ნაცნობი სიცოცხლის ფორმის უზრუნველყოფა. გასულ ათწლეულში ასტრონომიაში გაკეთებულმა აღმოჩენებმა გვიჩვენა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთი ვართ „ირმის ნახტომის“ გალაქტიკაში არსებული მილიარდობით პლანეტიდან, მაგრამ გეოლოგიის, ეკოლოგიისა და ბიოლოგიის ეს ჩვენი ურთიერთგადახლართული ქსელი ამ „უცნაურ ბურთს“ აქცევს იმ ერთადერთ ადგილად, რომელიც ადამიანთათვის სწორედ რომ ზედგამოჭრილია. სახლს მართლაც არაფერი სჯობია.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.