გასულ თვეს, რიცხვი არ მახსოვს, ჩემი მეგობარი, ქეთი დევდარიანი მირეკავს: “ლევან, მე, გიორგი კეკელიძე და თაკო როდონაია, ჯეოსელიდან”, სამეგრელოში მივდივართ “ციფრული ფოტომატიანის” პროექტის ფარგლებში. წამოხვალ?”. ჟურნალისთვის დაგეგმილი იყო გადაღებები, უარი ამიტომ ვთქვი და შავი შურითაც გავსკდი! ეს ის პროექტია, რომლის პარტნიორობაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ შემოგვთავაზა და მალე დეტალების განხილვაც უნდა დაგვეწყო. “კი მაგრამ, შენ რაღა შუაში ხარ? – ვკითხე ქეთის – “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისთვის მასალას აგროვებ?”. “მე ყველგან ვარ, სადაც საინტერესო რამ ხდება!”. საინტერესო კი, იცოცხლე, იმდენია ამ პროექტში: ჯგუფი მთელ საქართველოში დადის და ოჯახური ფოტოარქივები ბეჭდური ფორმატიდან ციფრულში გადაჰყავს. საფუძველი ეყრება საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და ხალხის ყველაზე დიდი ფოტომატიანის შექმნას.
photomatiane.ge-ზე უკვე ატვირთული ფოტოებიდან, ზოგი ნამდვილი შედევრია. “ეს ოლია სვანიშვილია. ოცდაჩვიდმეტში ქმართან ერთად დახვრიტეს. არადა, სურათში სულ სხვა აწმყოა, არა? ის დრო შორსაა ბოლშევიზმის შტამპისა და ყალბი ღიმილისგან. ასეთ დროს სხვა სიხარული ახასიათებს, თურმე – ხანმოკლე”, – მიყვება გიორგი კეკელიძე. ცოტა ქვემოთ ჩამოდის და უცებ: “რობერტ დე ნიროსა და ელდარ შენგელაიას ფოტო ნანახი გაქვს? ელდარმა მოგვცა. მაგარია, არა?”
რა თქმა უნდა, ჩავერთვებით პროექტში. ამ ნომრის სტატიაც არ იქნება უკანასკნელი; მასალას რეგულარულად მოგაწვდით ჟურნალში ან ჩვენს ვებსაიტზე. მეტიც! აწი ვეცდები, არცერთი საველე გასვლა არ გამოვტოვო. მიხარია, რომ National Geographic საქართველო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და “ჯეოსელთან” ერთად პროექტის პარტნიორი ხდება!