
ფრინველის წელი
2018 წლის განმავლობაში National Geographic-ი მეცნიერებისა და თხრობის ძალიათ ცდილობდა დედამიწის ფრინველებისადმი ყურადღების მიპყრობას - თუ რამდენად მნიშვნელოვანნი არიან ისინი პლანეტისთვის და როგორ აგდებს მათ ცვალებადი გარემო საფრთხეში
ღია კონცეფციის ბუდეები ისევ მოდაშია
თანამედროვე ფრინველები უფრო მარტივ ბუდეს აშენებენ
ევოლუცია მარტივიდან კომპლექსურისაკენ სვლად აღიქმება, მაგრამ ფრინველების ბუდეები გამონაკლისს წარმოადგენს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფრინველების ისტორიაში, სულ მცირე, ოთხ სხვადასხვა პერიოდში თასის ფორმის ბუდეები, სავარაუდოდ, სახურავიანი ბუდეებისგან განვითარდა.
Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ბეღურასნაირთა ოჯახის – რომელშიც ფრინველების 60% შედის – საერთო წინაპარი გადახურულ ბუდეებს აშენებდა. დღეს ბეღურასნაირთა სამი მეოთხედი ღია ბუდეებს აშენებს, რომლებიც მარტივი ასაგებია, მაგრამ კვერცხებს მტაცებლებისა და სტიქიური უბედურების წინაშე დაუცველს ტოვებს. კვლევის ავტორის, ჯორდან პრაისის თქმით, ეს გვიჩვენებს – არ არის აუცილებელი, თვისება, რომელიც დღეს ფრინველებში დომინირებს, ისტორიული მოვლენების თანმიმდევრობის ამსახველი იყოს. – ნინა სტროქლიკი
წელიწადი მალე გაფრინდა

ფრინველის სახეობების შემცირების ფონზე, ოდიუბონის ეროვნულ საზოგადოებასთან, ფრინველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასა და კორნელის უნივერსიტეტის ორნითოლოგიის ლაბორატორიასთან ერთად, 2018 წელი ფრინველის წლად გამოცხადდა. ამ წლის სიახლეები ფრინველების შესახებ სხვადასხვაგვარი იყო: ჰაბიტატის დაკარგვა, მტაცებლები, კლიმატის ცვლილება – მაგრამ ასევე იყო ისეთი წარმატებები, როგორებიც აზიურ ქოჩორა იბისთანაა დაკავშირებული, რომლის რაოდენობაც ველურ ბუნებაში 1981 წლის შემდეგ 12-დან დღეისათვის 500-მდე გაიზარდა. – რედაქცია
თუთიყუშები ერთმანეთს აცინებენ

ჟურნალ Nature-ის რეპორტაჟში ნათქვამია, რომ ახალზელანდიური თუთიყუში კეა სხვა თუთიყუშების მიერ გამოცემულ სპეციფიკურ ხმაზე ხალისდება. რბილი, დაბალხმოვანი ჭიკჭიკი მათ „სიცილს“ აწყებინებს. ეს ემოციის გადადების პირველი დაფიქსირებული შემთხვევაა არაძუძუმწოვრებში.