
ფუნიკულიორი
1905 წელს თბილისმა შესანიშნავი ნაგებობა შეიძინა და ფუნიკულიორი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდა
1900 წელს ფუნიკულიორის პროექტი ბელგიურმა კომპანიამ ინჟინერ ალფონს რობის ინიციატივით წარმოადგინა. მისი ექსპლუატაცია 45 წლის განმავლობაში ბელგიის ანონიმურ საზოგადოებას უნდა გაეწია; შემდეგ იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ქალაქს.
მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. პროექტის ავტორები იყვნენ ინჟინერი ა. ბლანში და ცნობილი არქიტექტორი ა. შიმკევიჩი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ნიკო ნიკოლაძეს, რომლის მესვეურობით უმოკლეს დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის. 1905 წლის 27 მარტს ფუნიკულიორი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ორკესტრის თანხლებით.