გაჭიმულ ბაგირზე ცეკვა
როცა დაღესტნელი ბაგირზე მოსიარულენი წარმოდგენას მართავენ, ქვემოთ არანაირი უსაფრთხოების ბადე არ აქვთ


გაჭიმულ ბაგირზე ცეკვა
როცა დაღესტნელი ბაგირზე მოსიარულენი წარმოდგენას მართავენ, ქვემოთ არანაირი უსაფრთხოების ბადე არ აქვთ
დაღესტნური ხალხური სიმღერის ფონზე თეთრ პერანგსა და შემოჭერილ შარვალში გამოწყობილი ახალგაზრდა ტანადი კაცი წონასწორობისთვის ექვსმეტრიან ტიტანის ჭოკს იღებს და პაწაწინა პლატფორმიდან სამნახევარი მეტრის სიმაღლეზე, ხის ცარიელი სცენის თავზე დგამს ფეხს. ის აუჩქარებლად მიუყვება ბაგირს და პირდაპირ მიმართული მზერით გასაოცრად, უდარდელად იწყებს ხალხურ ცეკვას მოქანავე ბაგირზე. კაზაკების ნახტომების მსგავსად, ცალ ფეხზეც დგება, ბაგირზე ცეკვა კაზაკური ხტომის ილეთებით რომ გაამდიდროს. შემდეგ კი, უკან დგამს ნაბიჯს პლატფორმაზე დასაბრუნებლად.
ის ჭოკს ტრადიციულ სამოსში გამოწყობილ ახალგაზრდა ქალს გადასცემს, რომელიც ბაგირზე ისევე გადის, როგორც მისი მეწყვილე ქალი მოპირდაპირე კოშკურიდან; ისინი ერთმანეთისკენ ხტებიან, ქვემოთ არ იყურებიან და საკუთარ ცეკვას ასრულებენ. მათ არ აქვთ უსაფრთხოების ღვედები, აქ არც ბადეა. ცეკვა-ცეკვით ისინი უკან უბრუნდებიან თავიანთ კოშკურებს და თან ქვემოთ ჩამოსვლამდე (წარმოსახვით) მაყურებელს უქნევენ ხელს.
„შიში ვერასდროს იქნება დაღესტნელი ბაგირზე მოსიარულის ამხანაგი”, – ამბობს ასხაბალი გასანოვი, ულვაშიანი მწვრთნელი და ხელმძღვანელი დასისა სახელწოდებით „დაღესტნელი არწივები”, – „ვერასდროს”.

დანგრევის პირას მისულ, თათამ მურადოვის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში ვართ, მაჰაჩყალაში, დაღესტნის რესპუბლიკის მშფოთვარე და ნახევრად დანგრეულ დედაქალაქში. დღეს გასანოვი „არწივების” გენერალურ რეპეტიციას მეთვალყურეობდა. ისინი რუსეთში ხშირად დადიან ტურნეზე, დაღესტანში ჯილდოებს იღებენ და მოსკოვშიც მონაწილეობენ შეჯიბრებებში. მათი დონის ოსტატობის მისაღწევად თითქმის ყოველდღიური ვარჯიში და თანდაყოლილი სიმშვიდისა და წონასწორობის არცთუ მცირე უნარია საჭირო.
ზოგიერთი ამბობს, რომ ბაგირზე სიარულმა აქ ფეხი მოიკიდა როგორც ამ მხარის ციცაბო რელიეფის გადალახვის საშუალებამ (დაღესტანი „მთების ქვეყანას” ნიშნავს).
ადგილობრივი ისტორიკოსი, სერგეი მანიშევი ამბობს, რომ – „ბაგირზე სიარული XIX საუკუნეში დაიწყეს მებრძოლებმა კლდეებს შორის გადაადგილების მიზნით”. შემდეგ კი, 1935 წელს, ყოჩაღმა ხელოსნებმა სოფლიდან ცოვკრა პერვაია ბაგირზე სიარული სანახაობად აქციეს – და მას შემდეგ ის ადგილობრივი ზეიმების ღირსშესანიშნაობად იქცა.

„13 წელია ამ საქმეს მივდევ და არასდროს ჩამოვვარდნილვარ” – მეუბნება გასანოვის ვაჟი იბრაგიმი, 24 წლის ყმაწვილი წვეტიანი ნიკაპითა და მუქი ყავისფერი თვალებით, რომელმაც ეს-ესაა შეასრულა ცეკვა ბაგირზე.
„მაგრამ ჩამოვარდნის არ გეშინია?”
„არასდროს მეშინია! არასდროს!”
„აქამდე” – ებმება საუბარში გასანოვი, – „დიდება ღმერთს, არც ერთი ჩემი მოსწავლე არ ჩამოვარდნილა! და ღმერთს მივენდოთ, რომ არც არასდროს ჩამოვარდეს!”
თუმცა, სხვები ჩამოვარდნილან, აღიარებს გასანოვი: „ერთი ბიჭი შვიდმეტრიანი სიმაღლის ბაგირიდან გადმოვარდა, მაგრამ ჰაერში გადმოტრიალდა და ფეხებით დახტა. მაყურებლისთვის ხელის დაქნევითაც კი დაასრულა!” მსგავსი თავდაჯერებულობა ახასიათებს გასანოვის დადგმებს, რომლებიც ყოველთვის სრულდება „არწივების” მიერ ყირაზე ლამაზად გადასვლით, ან ნაბიჯით წინ წამოსვლით მაყურებლის მისასალმებლად.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.