
გადაკვეთის წერტილების ძიებაში
საოცარია იმის ყურება, როგორ უყვებიან ბებია-ბაბუები შვილიშვილებს მოვლენაზე, რომელთა მომსწრენიც თვითონ იყვნენ, ან როგორ პოულობენ სხვადასხვა რასის ადამიანები გადაკვეთის წერტილებს საკითხებში, რომლებიც ოდესღაც ერთმანეთისგან გვაშორებდა
საუბარი | ლონი ბანჩთან
სუზან გოლდბერგი: მუზეუმი ძალიან წარმატებული გამოდგა, დამთვალიერებლებს ბილეთების შეკვეთა რამდენიმე თვით ადრე უწევთ. რას მიაწერთ ასეთ ინტერესს?
ლონი ბანჩი: ნაწილობრივ იმას, რომ ბევრ ადამიანს მართლაც სურდა აშშ-ის სრული ისტორიის გაგება. საოცარია იმის ყურება, როგორ უყვებიან ბებია-ბაბუები შვილიშვილებს მოვლენაზე, რომელთა მომსწრენიც თვითონ იყვნენ, ან როგორ პოულობენ სხვადასხვა რასის ადამიანები გადაკვეთის წერტილებს საკითხებში, რომლებიც ოდესღაც ერთმანეთისგან გვაშორებდა. ერთმანეთთან ურთიერთობა ხალხს საშუალებას აძლევს იგრძნონ, რომ სხვადასხვა საკითხზე საუბარი შეუძლიათ. უცებ ფიქრობენ: `ეს შეიძლება მე ვყოფილიყავი, ან ბებიაჩემი“. ასეთი ჩართულობა იშვიათია.
სგ: რასაზე დისკუსიებმა ამერიკაში ახლა მწვავე ხასიათი მიიღო. ფიქრობთ, რომ მუზეუმი ადამიანებს ეხმარება იმით, რომ სადისკუსიო ადგილს აძლევს?
ლბ: ამერიკაში ერთიანი აზრი რასობრივ პრობლემებსა და თეთრკანიანთა უპირატესობაზე არ არსებობს. ვფიქრობ, მუზეუმი გვეხმარება რასობრივი საკითხებისა და იმის გარკვევაში, თუ როგორ დაგვაშორა ამან ერთმანეთს. ადამიანები აქ იმიტომ მოდიან, რომ სჯერათ, თუ ამერიკის ისტორიას ამერიკული თვალთახედვიდან შეხედავენ, ოპტიმიზმის მომენტებს დაინახავენ და დაიჯერებენ, რომ რა ცუდადაც უნდა იყოს საქმე ახლა, ცვლილებების გამოწვევა შესაძლებელია, თუ იბრძოლებ და მოითხოვ, რომ ამერიკა ისეთი გახდეს, როგორიც იგი თავის დეკლარირებულ იდეალებშია.

სგ: აპრილში მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობის 50 წლისთავია. რას იფიქრებდა ის მიმდინარე მოვლენებზე?
ლბ: დოქტორი კინგი იგრძნობდა, რომ დიდი პროგრესი განვიცადეთ. ჩვენ აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი გვყავდა. ჩემნაირი ხალხი გვყავს მუზეუმების მმართველებად.
მაგრამ, ჩემი აზრით, დამწუხრდებოდა იმით, რომ ვერ ვიპოვეთ ის, რასაც ის „საყვარელ ერთობას“ ეძახდა. ჩვენ ვერ ვიპოვეთ ერთობა ეკონომიკურ სამართლიანობაში, რასობრივ საკითხებში, თუმცა რასას ნაკლები ყურადღება ექცევა.
ვფიქრობ, სასიამოვნოდ გააკვირვებდა შავკანიანი საშუალო კლასის ზრდა და აფრო-ამერიკელების რიცხვი, რომლებიც კოლეჯს ამთავრებენ და განათლებას იღებენ. ვფიქრობ, ესიამოვნებოდა იმის ნახვა, რომ გარკვეულ სფეროებში უფრო მეტი ინტეგრაცია ხდება.
არ ესიამოვნებოდა, რომ სკოლებში ისევ ასეთი სეგრეგაციაა, რომ ქალაქებში ამერიკული ოცნება ძალიან ბევრისთვის არ არსებობს. ძალიან გაკვირვებული იქნებოდა, თუ რატომ გვაშორებს ერთმანეთს 50 წლის შემდეგაც ეს საკითხები. ვფიქრობ, პროტესტისკენ, ზეწოლისკენ, მოთხოვნისკენ მოგვიწოდებდა. მოგვთხოვდა, რომ ამერიკის გაუმჯობესება მისი გამოწვევით გაგვეგრძელებინა.
სგ: ფიქრობთ, იამაყებდა იმით, რასაც აშშ-ისა და სხვა ქვეყნების იმ ქუჩებზე ნახავდა, რომელიც მის სახელს ატარებს?
ლბ: ის იმედოვნებდა, რომ მისი ქუჩა იმ უბნებში იქნებოდა, სადაც ხალხს ამერიკის მიერ მომკილი საუკეთესო ნაყოფი ერგებოდა. იამაყებდა, რომ მისი სახელი ადამიანებს უკეთესის გაკეთებას შთააგონებდა. ვფიქრობ, ის, რომ მისი ოცნება ისევ ცოცხლობს, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა მასზე.
ეს ინტერვიუ რედაქტირებულია სიცხადისა და მოცულობის შეცვლისათვის.