საიმპერატორო პინგვინებს გადაშენებისკენ მსვლელობა ელით
თუკი მათი გადარჩენისათვის აუცილებელი შელფური მყინვარების დნობა გაგრძელდა, საიმპერატორო პინგვინებს მალე...


საიმპერატორო პინგვინებს გადაშენებისკენ მსვლელობა ელით
თუკი მათი გადარჩენისათვის აუცილებელი შელფური მყინვარების დნობა გაგრძელდა, საიმპერატორო პინგვინებს მალე...
ჰორიზონტზე თავიდან ერთი შავი წერტილი ჩნდება. შემდეგ სხვებიც ემატება და ახლად გადათეთრებულ არემარეზე გრძელი, კლაკნილი ზოლები იკვეთება.
„უეცრად პირველი ყიყინიც მოისმის, – ამბობს ფოტოგრაფი შტეფან კრისტმანი, – ფრინველები ბრუნდებიან“.
მარტის ბოლოა და ატკის ყურეში ვიმყოფებით – აფრიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილიდან 4325 კილომეტრის მანძილზე სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. პინგვინისნაირთა ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენლების – მეტრის სიმაღლისა და 41 კილოგრამამდე წონის – საიმპერატორო პინგვინების ზღვაში კვების პერიოდის შემდეგ დაბრუნებას კრისტმანი ორ თვეზე მეტი ელოდა.
მისი გეგმა ატკის ყურის დაახლოებით 10 000 პინგვინისგან შემდგარ კოლონიასთან ერთად, უკვე მეორედ გამოზამთრებაა. მან ხუთი წლის წინაც გაატარა აქ ზამთარი და ახლა დაბრუნდა, რათა საიმპერატორო პინგვინის გამრავლების ციკლის შესახებ ქრონიკები დაასრულოს – მსგავსი პროექტი ველური ბუნების ფოტოგრაფიაში ცოტას ან არც არავის ექნება გაკეთებული. უნდა ითქვას, რომ ანტარქტიდის ზამთარს ყველა ვერ გაუძლებს, განსაკუთრებით ყველაზე ცივ თვეებს – ივლისსა და აგვისტოს, როდესაც ხშირია ყურისწამღები ქარიშხლები, ტემპერატურა -45 გრადუსამდე ეცემა, ხილვადობა კი ერთ მეტრამდე მცირდება.

„სიმართლე გითხრა, რაღაც დროის შემდეგ ამასაც ეჩვევი“, – მეუბნება კრისტმანი.
თუმცა ფაქტს, რომ ზღვაზე ყინულის საფარი მცირდება – და შეიძლება სულ გაქრეს – პინგვინები მარტივად ვერ შეეგუებიან, რადგან ზღვის ყინული მათი გამრავლებისთვის სტაბილური პლატფორმაა და ბაზა, საიდანაც მიმდებარე წყლებში ნადირობენ. უბადლო მცურავები კი არიან, მაგრამ საიმპერატორო პინგვინთა ორმოცდათოთხმეტმა კოლონიამ – ჯამში, დაახლოებით, 256 500 წყვილმა – პატარების გამოზრდა აუცილებლად ზღვის ყინულზე უნდა მოასწროს, სანამ გაზაფხული მოვა და ყინული გალღვება. ანტარქტიკულ ზღვებში ყინულის საფარი საკმაოდ ცვალებადია, მაგრამ ხუთი წლის წინ მან უეცარი და ძლიერი კლება დაიწყო და, შარშან PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2017 წელს რეკორდულად შემცირდა. ამჟამად მან ნაწილობრივ აღდგენა დაიწყო, მაგრამ ის ისტორიულ არეალზე ბევრად მცირე რჩება.
„ასე თუ გაგრძელდა, საიმპერატორო პინგვინები გადაშენებამდე მივლენ“, – ამბობს სტეფანი ჟენუვრიე, მასაჩუსეტსის ვუდს-ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ფრინველთა ბიოლოგი. მისი გუნდის კვლევა მიუთითებს, რომ თუ ნახშირორჟანგის ემისიამ არ იკლო, 2100 წლამდე საიმპერატორო პინგვინების კოლონიები 80%-ით შემცირდება და სახეობის გადარჩენის იმედიც ძალიან მწირი იქნება. მოსალოდნელია, რომ გლობალური საშუალო ტემპერატურა იმ დროისთვის 3-5 გრადუსით მაღალი იქნება, თუმცა, თუკი მოვახერხებთ, რომ დათბობა 1,5 გრადუსს არ ასცდეს, ჟენუვრიეს თქმით, შეიძლება კოლონიების მხოლოდ 20% გაქრეს, ხოლო როსისა და უედელის ზღვებში, რაკი ისინი ყინულის მხრივ უფრო ხელსაყრელ ჰაბიტატს წარმოადგენს, პოპულაციების რიცხოვნობამ ცოტა იმატოს კიდეც.
შელფური მყინვარი ჯერჯერობით ადგილზეა და ატკის ყურის პინგვინები კარგად დაბინავდნენ, ასე რომ კრისტმანი სიცოცხლის ახალი ციკლის დაწყების გადასაღებად ემზადება. პინგვინები წლევანდელ პარტნიორს ელეგანტური საქორწილო რიტუალით ირჩევენ. შემდეგი ეტაპი ხანმოკლე და მოუხერხებელი შეწყვილებაა.
დაწყვილებული პინგვინები ერთად რჩებიან და ერთმანეთის მოძრაობებს იმეორებენ. ამ სეზონზე ერთადერთი ნაშიერი ეყოლებათ, რომელსაც წყვილის მჭიდრო კავშირი გადარჩენაში დაეხმარება.
მაისის ბოლოსკენ პირველი კვერცხებიც ჩნდება. მდედრს ამ ერთი კვერცხის დადებაც დიდ ფიზიკურ ძალისხმევად უჯდება და დამშეულია, ასე რომ „საუნჯეს“ მეწყვილეს გადასცემს და თვითონ წასასვლელად ემზადება. მდედრის მიერ საკვების მოსაპოვებლად ზღვაში დაბრუნება წყვილის კავშირის სიძლიერის ერთგვარი გამოცდაა.

ყინულზე დარჩენილ მამრებს ზამთარი უტევთ. 160 კმ/სთ მქროლავ ქარს და ტემპერატურის ვარდნას ერთად შეჯგუფებით, სხეულის სითბოს ურთიერთგაზიარებით უმკლავდებიან. საკუთარი თავისა და ძვირფასი შთამომავლობის გადარჩენისთვის აუცილებელია მამების ამგვარი თანამშრომლობა და აგრეთვე სხეულში მომარაგებული ცხიმი – საკვები არაფერი აქვთ და მდედრების დაბრუნებამდე წონაში განახევრდებიან. ყველაზე სუსხიან დღეებში პინგვინები ხმასაც კი აღარ იღებენ, რათა ენერგია მაქსიმალურად დაზოგონ.
ექვსთვიანი ზამთრის განმავლობაში ანტარქტიდის ამ ნაწილში მხოლოდ კრისტმანი და კიდევ 11 ადამიანია, რომლებიც ატკის ყურის თავზე მდებარე შელფურ მყინვარზე, პატარა გერმანულ კვლევით სადგურში არიან გამაგრებულნი. პინგვინებთან მისვლა მარტივია – საკმარისია ციცაბო ფერდობზე თოვლმავლით დაშვება და ყინულზე გავლა.
ივლისის ბოლოსკენ პოლარული ღამეც მთავრდება და ამომავალი მზე კოლონიის ახალ წევრებს ეგებება. თუ დედები პატარებისთვის საზრდოთი დროულად არ დაბრუნდნენ, პირველ საკვებს ბარტყები მამებისგან იგემებენ – საყლაპავი მილიდან გამოყოფილ წებოვან რძეს. მაგრამ ზამთრის გადატანაში ყველა მამრი წარმატებული ვერ იქნება. კრისტმანი ხედავს, თუ როგორ აჰყავს ერთ-ერთს გაყინული ბარტყი და ფეხებზე ითავსებს. „მკვდარი ბარტყი შემოისვა და კოლონიისკენ გაემართა, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად ყოფილიყო. გული მომიკვდა“, – ამბობს კრისტმანი.
მდედრები მაშინ ბრუნდებიან, როდესაც მათ დამშეულ პარტნიორებს ისინი ყველაზე მეტად სჭირდებათ. შემდეგი თვეების განმავლობაში მშობლები ორგანიზებულად მოქმედებენ და პატარას საკვებით რიგრიგობით უზრუნველყოფენ. სექტემბერში ბარტყებს უკვე ისეთი მადა აქვთ, რომ მშობლებს თევზის საჭერად წასვლა ერთად უწევთ, პატარები კი ჯგუფებად, „საბარტყო ბაღში“ რჩებიან.


(მარცხნივ) ივლისის ბოლოს ციცქნა კლანჭები, ცალი თვალი და სველი ღინღლის ბღუჯა გამოჩნდა – ბარტყი ნაჭუჭის გამომტვრევას იწყებს, რასაც შეიძლება რამდენიმე საათიც მოანდომოს. მთელი ამ დროის განმავლობაში მამა გამოსაჩეკ პარკუჭში ხშირად იჭყიტება და პროცესს თვალს ადევნებს.
(მარჯვნივ) მშობლების ფეხებზე თბილად შემოსკუპებული ბარტყები წაკინკლავდნენ. დედების დაბრუნების შემდეგ მშობლები ბარტყზე ზრუნვაში და თევზის საჭერად გასვლებში ერთმანეთს ენაცვლებიან. ყინულზე დარჩენილი მშობლები ხშირად ერთად დგებიან და ბარტყებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას აძლევენ.
ბარტყები შეჯგუფებას სწავლობენ, თუმცა ზოგჯერ არც ისე კარგად გამოსდით. რამდენიმე ერთად მიიყუჟება, სხვები კი გამოექანებიან და ჯგუფს ეჯახებიან.
ზოგჯერ რომელიმე მშობელი ყინულზე რჩება და პატარებს უვლის. კრისტმანი ზრდასრულ პინგვინს აკვირდება, რომელსაც ორი ბარტყი ახლავს. ერთ-ერთი მისია, მეორე კი – სხვისი, მაგრამ ფრინველი ორივეს კვებავს. შეცდომით? ალბათ – არა.
ზრდასრულ საიმპერატორო პინგვინებში ხშირი რიტუალური ქცევაა ბუმბულით შემოსილი კანის ნაკეცის აწევა და თავიანთი ბარტყის სხვა პინგვინებისთვის დანახება. კრისტმანის აზრით, მშობლები ამას შესაძლოა სოციალური კავშირის გასამყარებლად აკეთებენ, რის შედეგადაც ერთმანეთის ნაშიერების მეურვეობას კისრულობენ და ერთმანეთს ბარტყების გამოზრდაში მხარდაჭერას უცხადებენ.
წლის ბოლოსკენ ბარტყები თითქმის მშობლების სიმაღლის არიან, მაგრამ სამშვიდობოს გასულები მათ ჯერ არ ეთქმით. ზღვის ყინულის დადნობამდე უნდა მოასწრონ და რუხი ღინღლი წყალგაუმტარი, ზრდასრული ბუმბულით ჩაანაცვლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში – დაიხრჩობიან. სწორედ ასეთი ტრაგიკული ბედი ეწია ჰელის კოლონიას 2016 წელს – ძლიერმა ქარიშხალმა, რომელიც უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ელ-ნინიოს დაემთხვა, ყინული ოქტომბრამდე დაშალა, როდესაც ბარტყები ჯერ კიდევ შებუმბვლის პროცესში იყვნენ. სამომავლოდ მსგავსი ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენების გახშირებაა მოსალოდნელი. იმისათვის, რომ ანტარქტიდაში ყინულის საფარის ბოლოდროინდელი შემცირების გავლენა შეფასდეს ფრინველების პოპულაციაზე, მათ სატელიტური ფოტოების მეშვეობით ითვლიან. სავარაუდოდ, შედეგები დაადასტურებს, რომ სახეობა საფრთხის წინაშე დგას.

ატკის ყურეში ზღვის ყინული დნობას დეკემბრის ბოლოს იწყებს, მოსალოდნელზე უფრო ადრე. კრისტმანი ხედავს, რომ ბუმბულის გამოცვლის პროცესში მყოფი ზრდასრული ინდივიდები და ბარტყები ნამქერი თოვლის გროვას პანდუსად იყენებენ და ფართხაფურთხით ინაცვლებენ უფრო მაღალ შელფზე – ბევრად სქელი, ხმელეთის მყინვარის გაგრძელებაზე – სადაც უსაფრთხოდ იქნებიან.
ერთი თვის შემდეგ ის თვალს ადევნებს უკვე მოზრდილ ბარტყთაგან უკანასკნელებს, რომლებიც შელფიდან 5-10-მეტრიანი ნახტომით ეშვებიან ზღვაში.
კრისტმანისთვის ოჯახის წევრების დატოვება და მთელი წლის გაყინულ კონტინენტზე გატარება თავისთავად რთული იყო, მაგრამ საიმპერატორო პინგვინები მას მოტივაციას აძლევდნენ. „ისეთი ფრინველია, რომელსაც ფრენა არ შეუძლია, სასაცილოდ დაბაჯბაჯებს, სულ ბუზღუნა გამომეტყველება აქვს და შეუძლია, ბევრი რამე გასწავლოთ, – ამბობს იგი, – სახეობა, რომელიც უკიდურესად რთულ პირობებში ახერხებს არსებობას, გადაშენების საფრთხე კი ჩვენი მიზეზით ემუქრება. ძალიან, ძალიან მეწყინება, თუ გაქრებიან“.
ჰელენ სკეილსი წლის გარკვეულ პერიოდს კემბრიჯში ატარებს, ნაწილს კი – ბრეტანის სანაპიროზე. ოკეანეების შესახებ ხუთი წიგნი აქვს დაწერილი. შტეფან კრისტმანმა საიმპერატორო პინგვინების შესახებ ნამუშევრებით 2019 წლის ველური ბუნების ფოტოგრაფის წლის პორტფოლიოს ჯილდო დაიმსახურა.