

გადავარჩინოთ ხოხბისკუდა როჭო
ბრძოლა აშშ-ის დასავლეთისთვის
ჯერაც არ გათენებულა სამხრეთ უაიომინგში, პეტ და შერონ ო’ტულების პიკაპი კი უკვე მდინარე ლიტლ-სნეიკის ფართო ხეობაში მიხრიგინებს, არემარე აბზინდის ბუჩქებითაა მოფენილი, მათი ოჯახი ხუთი თაობაა, რაც აქ მეცხოველეობას მისდევს.
ჩაბნელებულ მინდორში ახლად შევსებული მთვარის მკრთალი სინათლე ათობით მოხტუნავე თეთრი ლაქის გარჩევის საშუალებას გვაძლევს. ხოხბისკუდა როჭოებმა მთელი ღამე ცეკვაში გაატარეს.
აღმოსავლეთიდან მთებს დილის სინათლე ეფინება და თვალწინ შეწყვილების არაჩვეულებრივი რიტუალი წარმოგვიდგება. მუხლამდე სიმაღლის მამრები ამაყად დადიან იქით-აქეთ, თეთრი ბუმბულით შემოსილ მკერდს იფუებენ და კუდებს იღერებენ, ერთმანეთს დასდევენ და ფრთების ფართხუნით, მკერდის გაფხორვით და ხმამაღალი ტყლაშუნით ეტაკებიან. აბზინდის ბუჩქნართან და ნიადაგთან შეხამებული რუხი შეფერილობის, შედარებით მცირე ზომის მდედრები კი ამასობაში გაბეზრებულები დგანან.

1800-იანი წლებისთვის დასავლეთის შტატებში მილიონობით ხოხბისკუდა როჭო ბინადრობდა. მათი ბუმბულისა და ხორცის მოსაპოვებლად ნადირობდნენ როგორც მკვიდრი ტომები, ისე ახალმოსახლეებიც. ამ სახეობის თავდაპირველი პოპულაციიდან 10 პროცენტზე ნაკლებია დარჩენილი, სულ დაახლოებით ნახევარი მილიონი ინდივიდი, რომელიც დასავლეთის 11 შტატსა და კანადის ორ პროვინციაში ბინადრობს. ხოხბისკუდა როჭოებს აბზინდის ხელუხლებელი ბუჩქნარი ესაჭიროებათ; ისინი სწორედ ამ ძლიერი, გვალვაგამძლე მცენარით იკვებებიან, განსაკუთრებით ზამთარში და თავსა და ბუდეებსაც მათვე აფარებენ. სამწუხაროდ, აბზინდის ბუჩქნარი ყველა მხრიდან მცირდება. წინა საუკუნეში მიწების საძოვრებად მასობრივმა გამოყენებამ ბალახის ინვაზიური სახეობების გავრცელება გამოიწვია, რომლებიც როჭოების ჰაბიტატის დასავლეთ ნაწილში დიდი ხანძრების გაჩენას უწყობენ ხელს. გზები და მიწის შეღობილი ნაკვეთები, ელექტროგადამცემი ხაზები, ფერმები, ბუნებრივი აირის საბადოები და ქარის ტურბინები – ეს ყველაფერი აბზინდის ერთ დროს უკიდეგანოდ გაშლილ საფარს აქუცმაცებს.
როჭოს პოპულაციების შემცირების უმთავრეს ფაქტორებს შორის ბოლო დროს შეგვიძლია დავასახელოთ ბუნებრივი აირის მოპოვების ზრდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა უაიომინგის შტატში ქალაქ პაინდეილის სამხრეთით მდებარე გრინ-რივერის აუზი.

ის აუზი დღეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ბუნებრივი აირის საბადოა. ტერიტორიას ჯონას საბადო ეწოდება. ის დატვირთულია გზებით, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს მორახრახე და მოჭრიალე ინფრასტრუქტურას: ბუნებრივი აირის ჭაბურღილებს, საბურღ მოწყობილობებს, მილსადენებს, დამხმარე ნაგებობებს. ის თითქმის მთლიანად ფედერალურ მიწებზეა მოქცეული.
მეცნიერებმა მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისიდან დაინახეს დასავლეთში ხოხბისკუდა როჭოს პოპულაციის შემცირების მასშტაბები. 1999 წელს ბუნების დამცველთა ჯგუფებმა პირველი პეტიცია წარადგინეს მოთხოვნით, რომ ფრინველი საფრთხეში მყოფი სახეობების დადგენილების ფარგლებში ყოფილიყო დაცული, მაგრამ ფედერალურმა მთავრობამ რეაგირებას წლები მოანდომა.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.
ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი ველური ბუნების პროფესიონალი ფოტოგრაფია, მაგრამ აღიარებს, რომ ხოხბისკუდა როჭოს ქვემოდან გადაღება მის ცხოვრებაში ყველაზე რთული სამუშაო აღმოჩნდა. „ხუთი კვირა, ლიტრობით ყავა და სხვადასხვაგვარი აპარატურა დამჭირდა“.