გადავარჩინოთ ზამთარი
ალპების ეკონომიკასა და კულტურას თოვლიანი ზამთარი კვებავს, დღეს კი იქაურ თოვლსა თუ ყინულს გლობალური დათბობა ემუქრება.


გადავარჩინოთ ზამთარი
ალპების ეკონომიკასა და კულტურას თოვლიანი ზამთარი კვებავს, დღეს კი იქაურ თოვლსა თუ ყინულს გლობალური დათბობა ემუქრება.
ღრუბლებში აჭრილი მწვერვალებით გარშემორტყმული სათხილამურო ტრასების მოსაწყობი მანქანა უკან სვლით უახლოვდება კომპაქტური თოვლის 13-მეტრიან ბორცვს და თეთრი ქსოვილის რულონს შლის. ბორცვის თავზე 6 მუშაკია, რომლებიც ქსოვილის ნაჭრებს ერთმანეთზე აბამენ ინდუსტრიული საკერავი მანქანით. ახლა ივნისია ავსტრიაში მდებარე კიცშტაინჰორნის მთაზე – ერთ-ერთი უმაღლესი და უცივესი სათხილამურო ზონა – და ნადნობი წყალი უხვ ნიაღვრებად მიექანება ხეობებში, მაგრამ ზემოთ, მყინვარზე, სათხილამურო ტრასის ტექნიკური მომსახურების პერსონალი ახალი სეზონისთვის ემზადება.
დღეს 3000 მეტრ სიმაღლეზეც კი ძალიან სარისკოდ იქცა ბუნებრივ თოვლზე დაყრდნობა. ამგვარად, აღნიშნული გუნდი, რომელსაც უძღვება ტექნიკური მენეჯერი გიუნტერ ბრენშტაინერი, თავს იზღვევს. მიმდინარე სეზონზე მათ ერთი თვე დასჭირდათ, რომ უკანასკნელი თოვლის მასით აეგოთ 8 ბორცვი, რომელთაგან უდიდესი ზომით ფეხბურთის მოედანსაც აჭარბებს. ახლა ისინი დამატებით კიდევ ერთ თვეს უთმობენ ბორცვების შემოსვას ქსოვილით, რამაც ისინი ზაფხულის სიცხისგან უნდა დაიცვას. თუ სათხილამურო სეზონის დაწყებისას ზედმეტად თბილა ახალი თოვლის მოსასვლელად – ან, სულაც, ხელოვნური თოვლის გასაკეთებლად – თვითმცლელი სატვირთოებითა და სატკეპნი მანქანებით ძველი თოვლით ფარავენ ფერდობებს.
„კლიმატის დათბობით ყველაფერი შეიცვალა“, – ამბობს ბრენშტაინერი. აქ მუშაობა 31 წლის წინ დაიწყო – იმ დროს, რომელიც ახლა უკვე ალპებში სრიალის დიდებულ წლებად გვეჩვენება.
ალპებში ზამთარი კვდება. XIX საუკუნიდან მოყოლებული, აქ საშუალო ტემპერატურამ ორი გრადუსით იმატა, რაც ორჯერ აჭარბებს გლობალურ საშუალო მაჩვენებელს. ახლა თოვლი უფრო გვიან სეზონზე მოდის და უფრო ადრეც დნება. ალპებმა, მთლიანობაში, დაკარგა თოვლის ერთი თვის საფარი – აცხადებენ მეცნიერები, რომლებმაც მონაცემები გააანალიზეს 2000-ზე მეტი მეტეოროლოგიური სადგურიდან.

ძალიან ბევრი ადამიანისთვის იმ 14 მილიონიდან, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მთის ქედზე, ზემოხსენებული ცვლილებები შემაძრწუნებელია. აქაური ეკონომიკა თოვლზეა დამოკიდებული წელიწადში 120 მილიონი ტურისტის მოსაზიდად. ბრენშტაინერი ნიდერნზილის მერი გახლავთ; მთის ძირას მდებარე ამ სოფელში 2800 მოსახლეა. ნიდერნზილში ალბათ ერთ ოჯახსაც ვერ შეხვდებით, ზამთრის იმედად რომ არ ცხოვრობდეს, ამბობს იგი. თოვლის გარეშე მისი მოსახლეობა შეიძლება ათას ადამიანამდეც კი შემცირდეს.
„საბავშვო ბაღი ბავშვებისგან დაიცლება, – ამბობს ბრენშტაინერი, – ეს არის ჩვენი ცხოვრების საძირკველი“.
თავის გადასარჩენად ალპების მცხოვრებნი უკიდურეს ნაბიჯებს დგამენ. დღეს ალპების სათხილამურო ინდუსტრიას ხელოვნური თოვლის დამამზადებელი 100 000-მდე მანქანა კვებავს.
გარდა კიცშტაინჰორნის მსგავსი თოვლის საცავებისა, ადგილობრივები თეთრ ქსოვილშიც კი ახვევენ ალპების 4000-მდე მყინვარიდან სულ რამდენიმეს, რომ კლიმატური ცვლილებით გამოწვეული სწრაფი დნობა შეაყოვნონ. ერთი ინოვაციური სქემით, მყინვარის გადარჩენას შვეიცარიელი მეცნიერები ცდილობენ ხელოვნური თოვლის გაფრქვევით.
ზოგიერთი ეს მეთოდი გენიალური და მიმზიდველია, ზოგიც კიდევ გარემოს დაცვისა და ეკონომიკური კუთხით საეჭვო, თუმცა ყველა იდეის ავტორს ამოძრავებს ერთი მწვავე საკითხი: რას დაემსგავსება ჩვენი ცხოვრება ზამთრის გარეშე?
ბრენშტაინერს, ფოტოგრაფ ცირილ იაზბეცსა და მე გაგვიმართლა, რომ უხვი თოვლის პერიოდში გავიზარდეთ ალპებში. მახსენდება ის აღტაცება, რომელიც მეუფლებოდა ჩემი ფეხის ნაკვალევის დატოვებით სეზონის პირველ თოვლზე: ვიხსენებ მამაჩემის ლოყების ფერსაც, როდესაც იგი სახლს ნიჩბით ათავისუფლებდა თოვლისგან – კვლავ და კვლავ. ჯერ სამი წლისაც არ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა პირველი თხილამურები რომ მომარგეს.

გამოდის, რომ ის ძველი პერიოდი ერთი მცირეხნიანი ისტორიული ანომალია ყოფილა. სიცივე და თოვლიანი ზამთარი ალპების მამოძრავებლად გადაიქცა მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, მანამდე კი მსგავსი პირობები მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად აწვებოდა – ასეთი მკაცრი ზამთრების მიზეზს ავსულებსაც კი მიაწერდნენ ალპურ ფოლკლორში. ჩემი თაობა ის ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელსაც სმენია ისტორიები, თუ რა რთული იყო გადარჩენისთვის ბრძოლა ალპებში – მაშინ ეკონომიკა ეფუძნებოდა სოფლის მეურნეობას. მიწის პაწაწინა ნაკვეთები თოვლით იფარებოდა თვეების განმავლობაში. მთის ფერდობებზე ზვავი წყდებოდა გრუხუნით და მთელ სოფლებს მარხავდა.
როდესაც საკვები მწირი იყო – და, ძირითადად, ასეც ხდებოდა – ალპების უღარიბეს რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს უწევდათ ბარში ჩასვლა, რათა სეზონურად ფერმებში ემუშავათ და უმძიმესი შრომის ფასად გარკვეული ანაზღაურება მიეღოთ. „მცირედ შენიღბული მონათა ბაზარი“, – ასე აღწერა 1908 წელს ცინცინატის Times-Star-მა ერთი ამგვარი ადგილი სამხრეთ გერმანიის ქალაქ ფრიდრიხსჰაფენში. აღნიშნული ჟურნალი იუწყებოდა 400 ბიჭსა და გოგონაზე, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ 6 წლის იყო. ეს პრაქტიკა XX საუკუნეში კიდევ დიდხანს შენარჩუნდა.
II მსოფლიო ომის შემდეგ მიმდინარე ეკონომიკურმა წინსვლამ ძლიერი საშუალო ფენა წარმოშვა ევროპაში – თუმცა პირველ ეტაპებზე ეს სასიკეთო ცვლილებები არ შეხებია მაღალმთიან ალპებს. ციცაბო ფერდობები წინ ეღობებოდა ფერმების გაფართოებასა და თანამედროვე სამანქანო ტექნიკის გამოყენებას, რის დახმარებითაც სხვაგან ხალხი შემოსავალს ზრდიდა, ამბობს იოჰან ვოლფი, რომელიც ავსტრიის შორეულ სოფელ იშგლში დაიბადა 1929 წელს – ისტორიულად უცივესი ზამთრის პერიოდში.
მათი გადარჩენა შეეძლო მხოლოდ ზამთრის ტურიზმს, იხსენებენ ვოლფი და სოფლის სხვა მცხოვრებნი. სასოწარკვეთამდე მისულებმა ჯერ საქონელი გაყიდეს, შემდეგ კი საკუთარი მიწები იპოთეკით დატვირთეს, რომ აღებული სესხით საბაგირო გზები გაეყვანათ. იშგლი იდგა ყველაფრის დაკარგვის ზღვარზე, მაგრამ სარისკო წამოწყებამ გაამართლა. 1963 წელს საბაგირო გზამ უკვე დაიწყო ტურისტების მთაზე აყვანა და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბიდან გამოყვანა. მსგავსი ცვლილებები უკვე ალპების არაერთ სხვა რეგიონშიც იწყებოდა.

დღეს 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო დგას 400 წლის ფერმაში, სადაც ვოლფი დაიბადა. ის გარშემორტყმულია მდიდრული კოტეჯებით, დახვეწილი რესტორნებითა და ცოცხალი ღამის ცხოვრებით.
უამრავი ადგილობრივი საკუთარ თავს ჯერ კიდევ მოიაზრებს უბრალო ფერმერად, რომელთაც უყვართ თავიანთი ხეობა. ჰანესი და კრისტოფი, ვოლფის შვილი და შვილიშვილი, თავიანთ საქონელს მაცნობენ – ჰერმანი, კათი, გიტა და ლილი – როდესაც ეს ოთხი ცხოველი მადისაღმძვრელ თივას შეექცევა ალპების ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კერძო საკუთრებაში. ამ ოჯახს არასოდეს უფიქრია საქონელთან განშორებაზე. „ეს ჩვენი მემკვიდრეობა და მოვალეობაა“, – ამბობს ვოლფი.
თუმცა, ალპებში მხოლოდ ფერმერობა აღარ არის საკმარისი თავის გასატანად. „ზამთრის გარეშე ეს ხეობები სრულიად დაცარიელდება“, – აცხადებს ჰანესი. 2020 წელს იშგლმა წინასწარ იგემა მსგავსი რეალობის სიმწარე, როდესაც ის ადრეულ ცხელ წერტილად იქცა COVID-19-ის პანდემიისას და ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა.
მაგრამ კლიმატის ცვლილება უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ერთი ან ორი გრადუსით დათბობა შესაძლოა არც ისე საგრძნობ მატებად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ზუსტად ასეთი ტემპერატურული ცვლილებები განსაზღვრავს, ნალექი თოვლის სახით მოგვევლინება, თუ – წვიმის. და, აი, ამიტომ დგას ალპები დიდი საფრთხის წინაშე, ამბობს ივ ლეჟენი, რომელიც კოლ-დე-პორტის მეტეოროლოგიური ობსერვატორიის ხელმძღვანელია დასავლეთ საფრანგეთის ალპებში.

სამსახურში მიმავალი ლეჟენი გზად გადის ხოლმე ლე-საპეი-ენ-შარტროზს – პატარა სათხილამურო სოფელს. 5 წლის ასაკში მან სწორედ აქ ისწავლა სრიალი, მაგრამ ეს სოფელი ზღვის დონიდან საკმაოდ დაბლა მდებარეობს – 1000 მეტრ სიმაღლეზე. „უკვე ყველაფერი დასრულებულია“, – ერთმნიშვნელოვნად აცხადებს ლეჟენი. „შეიძლება ეს სოფელი კიდევ მოესწროს ერთ ან ორ კარგ წელს, მაგრამ ამაზე მეტს – არა“.
ლეჟენი უთითებს გრაფიკზე, რომელიც ასახავს კოლ-დე-პორტის თოვლის საფარის სიღრმეს გასული 30 წლის განმავლობაში. ხაზი ქვემოთ ვარდება და წინა წლის მონაცემები უჩვენებს, რომ აღნიშნული 3 ათწლეულის განმავლობაში თოვლის საფარი საშუალოდ შემცირდა 37,7 სმ-ით. „ეს ბევრია“, – ამბობს ლეჟენი. „ეს მართლაც ძალიან ბევრია“.
ახლა თბობამ ზღვის დონიდან უფრო მაღლა მდებარე ზონებსაც მიაღწია. „წინათ რომ ვინმეს ეთქვა, ერთ დღესაც ჩვენ ხელოვნური თოვლის დამამზადებელი მანქანები დაგვჭირდებაო, გიჟად ჩავთვლიდი“, – ამბობს პეტერ ლეო, თოვლის მართვის ხელმძღვანელი კიცშტაინჰორნში. დღეს კი „ჩვენ სულ ვერაფერს გავხდებით ამ მანქანების გარეშე“.
და მათ დაუხმარებლად ვერ იმუშავებს ალპების 1100 სათხილამურო საბაგიროს ოპერატორთა უმეტესობაც. სათხილამურო ზონებში თოვლის დიდი ნაწილი ხელოვნურია. მხოლოდ ერთ კიცშტაინჰორნში 104 თოვლის გენერატორია სტრატეგიულ წერტილებში განლაგებული.
როდესაც ლეო ერთ-ერთ მათგანს რთავს, მისი სიტყვებიც ძლივს მესმის. ამ დანადგარის გარე წრის საქშენები წყლის წვეთებს „შეურევენ“ კომპრესირებულ ჰაერს და მასიური ვენტილატორი მათ ცაში გატყორცნის – „საკმარისად ძლიერია, რომ შეგისრუტოთ“, გაჰყვირის ლეო. როდესაც ისინი ქვემოთ ეშვებიან, შიდა წრეების საქშენებიდან გამოფრქვეული წყლის წვეთები ეკრობა ამ საწყისი სტადიის კრისტალებს – შედეგად, ფორმირდება თოვლის ფიფქები.
კიცშტაინჰორნის მსგავს მყინვარზე დგომისას რთულია წარმოიდგინოთ, როგორ შექმნა პაწაწინა თოვლის ფიფქებმა ყინულის ასეთი უზარმაზარი მასა. ფორმირების პროცესი მიმდინარეობდა საუკუნეთა განმავლობაში – თოვლის თითოეული ახალი ფენა აწვებოდა ქვემო, ძველ შრეებს, სანამ თოვლი არ გამყარდა ყინულად და ფერდობის ქვემო მიმართულებით არ დაიწყო მოძრაობა საკუთარი სიმძიმის ძალით. ხოლო XIX საუკუნიდან მოყოლებული ალპების მყინვარები თითქმის უწყვეტად უკან იხევდნენ.

შვეიცარიელ გლაციოლოგ ფელიქს კელერს გაუჩნდა იდეა, რომ ეს ტენდენცია შეეცვალა. კელერი გაიზარდა სოფელში, რომელიც სან-მორიცთან მდებარეობს – ადგილი, სადაც ზამთრის ტურიზმი დაიბადა ალპებში. კელერს სწორედ იქ შევხვდი გასულ წელს. მან წამიყვანა ახლომდებარე სასტუმრო „მორტერაჩში“ და მიჩვენა გერმანიის უკანასკნელი კრონპრინცის, ვილჰელმის შავ-თეთრი ფოტო – გადაღებული 1919 წელს. პრინცი და მისი ანტურაჟი მორტერაჩის მყინვარზე დგანან, რომელიც იმ დროს აღნიშნული სასტუმროს გვერდით ჩამოდიოდა. მაშინ მთელ ხეობას სქელი ყინული ფარავდა.
ახლა კელერი და მე ზუსტად იმავე წერტილისკენ გავემართეთ. ვილჰელმის ვიზიტიდან ერთი საუკუნის შემდეგ იქ უკვე ლარიქსები თუ ფიჭვები გაბატონებულიყვნენ, გვიან ზაფხულში კი ადგილობრივი მოსახლეობა სოკოსა და მოცვს აგროვებს. მორტერაჩის მყინვარი სრულიად გაუჩინარდა თვალთახედვიდან – მან 1,5 კილომეტრით უფრო ზემოთ აიწია ხეობაში.
1850 წლიდან ალპების მყინვარებმა მთლიანობაში თავიანთი მასის ორი მესამედი დაკარგეს და მათი შემცირების ტემპი კიდევ უფრო ჩქარდება. „თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ეს ყველაფერი გაქრება“, – ამბობს მათიას ჰუსი, გლაციოლოგი ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან. „მოქმედებაში“ ჰუსი გულისხმობს გლობალური დათბობის გამომწვევი ნახშირბადის ემისიების მკვეთრ შემცირებას.
გონებაში კელერს კიდევ სხვა მოქმედების გეგმაც უტრიალებს. ხომ არ შეგვიძლია, რომ ნადნობი წყალი შევინარჩუნოთ მთის ზემო ფერდობებზე და კვლავ ყინულად გადავაქციოთ?

მისი მეგობარი და კოლეგა გლაციოლოგი ჰანს ოერლემანსი მორტერაჩის მყინვარს შეისწავლიდა 1994 წლიდან. კელერის იდეაში სწორედ მან შეიტანა გადამწყვეტი ნიუანსი: ნადნობი წყალი უნდა გარდავქმნათ არა ყინულად, არამედ ახალ თოვლად, რომელიც ირეკლავს მზის სხივების 99%-ს და, ამგვარად, ის ჯავშანივით გადაეფარება ყინულს და დაიცავს ზაფხულის პერიოდში. ოერლემანსმა გამოიანგარიშა, რომ მორტერაჩის მყინვარული საფარის მხოლოდ 10%-ის თოვლით დაფარვა იმ ზონაში, სადაც ყინულის ძირითადი მასა იკარგება, მას საშუალებას მისცემს, კვლავ დაიწყოს ზრდა 10 წლის შემდეგ. ამ იდეის სიმარტივემ ოერლემანსსა და კელერს ფრთები შეასხა.
კელერისა და ოერლემანსის ვარაუდით, მორტერაჩის გადასარჩენად მათ მყინვარის 80 ჰექტარ ფართობზე 9-მეტრიანი თოვლით დაფარვა დასჭირდებათ ყოველწლიურად – თოვლის 2,5 მილიონ ტონაზე მეტი მასა. ხოლო ასეთი რაოდენობის მიღება ტიპური თოვლის დამამზადებელი მანქანებით ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს.
კელერმა დასახმარებლად უხმო შვეიცარიის უნივერსიტეტის, საბაგირო გზების გამყვანი კომპანიისა და ხელოვნური თოვლის დამამზადებელი კომპანიის მკვლევრებს. აღნიშნულმა გუნდმა ამგვარი სქემა შეიმუშავა: შლანგის მსგავსი შვიდი „თოვლის სადენი“ – თითოეული კილომეტრამდე სიგრძის – დაეკიდება იმ ორ მორენას შორის, რომლებიც ესაზღვრება მორტერაჩის მყინვარს. მთის ზემო ფერდობზე მდებარე მყინვარული ტბის ნადნობი წყალი კი დაეშვება ქვემოთ, გაივლის აღნიშნულ მილისებრ სადენებში, რომელთა საქშენები მას ზემოთ ატყორცნიან და მორტერაჩის მყინვარს ეს ნადნობი წყალი უკვე თოვლის სახით დაეცემა. ელექტროენერგიაც არაფერში დაგვჭირდება.
მე ვუყურე ზემოხსნებული პროტოტიპის პირველ გამოცდას. მკვლევართა გუნდმა დაკიდა ერთი მილისებრი თოვლის სადენი თავისი 6 საქშენით. ერთ მომენტში მილი გაიყინა და მისი შეცვლა გახდა საჭირო – მაგრამ სისტემამ იმუშავა. როდესაც კელერს პირველი თოვლის ფიფქები დაეცა, მას თვალზე ცრემლი მოადგა.
მხოლოდ პროტოტიპის სატესტოდ გამზადების ხარჯები 4 მილიონ დოლარს გაუტოლდა. სრული მასშტაბის სისტემის დანერგვა კი 170 მილიონი დოლარი ეღირება, ამბობს კელერი. აღნიშნული პროექტისთვის მას დასჭირდება ასევე ნებართვა გვირაბის გასათხრელად, თანაც, დაცულ ტერიტორიაზე. ამასთან, დაახლოებით 10 წელი გაივლის, სანამ პირველი თოვლის გაფრქვევას შევძლებთ მორტერაჩზე, ხოლო იმ დროისთვის მყინვარი კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით უკან დაიხევს.
ზომიერად ოპტიმისტური სცენარებითაც კი, ამბობს ჰუსი, მისი მოდელირებები უჩვენებს, რომ მორტერაჩის მყინვარი თითქმის მთლიანად გაქრება ამ საუკუნის დასრულებამდე – პროექტ MortAlive-ის ჩარევითა თუ ჩაურევლად.

კელერი აღნიშნავს, რომ ამგვარ სიმულაციათა უზუსტობები ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა, მან თავადაც იცის: მყინვარის დრო უკვე იწურება.
„თუ ჩემს სასიკვდილო სარეცელზე შევძლებ შვილებსა და შვილიშვილებს ვუთხრა, მე ვცადე მაინც რაღაც ჭკვიანურის გაკეთება, – ამბობს იგი, – ეს უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე თქმა, რომ მე მხოლოდ ვლაპარაკობდი ამ პრობლემებზე“.
ალპების უმეტეს ნაწილში ყინული და თოვლი განწირული ჩანს, რამაც შეიძლება სირთულეები შეუქმნას უკვე ბარის რეგიონებსაც. ევროპის უმსხვილესი მდინარეები – რონა, რაინი, დუნაი, პო – ზაფხულის მშრალ პერიოდში თავიანთი აუზის მნიშვნელოვან ნაწილს მყინვარული ნადნობი წყლით ივსებენ. სეზონური ნაოსნობა და ირიგაციაც პრობლემად შეიძლება იქცეს, თუმცა ალპები კვლავ შეასრულებს ევროპის „წყლის კოშკის“ ფუნქციას, მის ფერდობებზე კვლავ „ჩამოიღვრება“ ღრუბლები – და მდიდარი ქვეყნებიც ალბათ მიაგნებენ გზებს, რომ უზრუნველყონ თავიანთი წყლის მარაგები.
აი, ზამთრის ტურიზმის დაკარგვა კი შესაძლოა უფრო მოუხელთებელ საკითხად იქცეს. ახლა ადგილობრივი თემები მეტ ინვესტიციებს დებენ ზაფხულის ტურიზმში – სამთო ველოტურები, სალაშქრო ბილიკები თუ საცოცი კლდეები. კიცშტაინჰორნში მართლაც აღინიშნება ზაფხულის ტურისტების მზარდი ნაკადი ისეთი „გადახრუკული“ ქვეყნებიდან, როგორიც საუდის არაბეთია, მაგრამ ზაფხულის ტურიზმი აქამდეც ყოველთვის არსებობდა ალპებში და მისი იმგვარად გაფართოება, რომ სათხილამურო სფეროს ჩავარდნის კომპენსაცია შეძლოს, საკმაოდ რთული ამოცანაა.

საფრანგეთის სოფელი აბონდანსი, რომელიც ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს, ზუსტად ამ რთულ გარდამავალ პერიოდს გადის. როდესაც მისი საბაგიროები დაიხურა 2007 წელს, ახალ ამბებში უწყვეტად აცხადებდნენ: აბონდანსი პირველი სათხილამურო სოფელია, რომელიც კლიმატის ცვლილებამ იმსხვერპლა. თუმცა, ამ სოფლის 1400 მოსახლეს არ სურდა თხილამურებთან დამშვიდობება. 2008 წელს მათ აირჩიეს ახალი მერი, პოლ ჟირარ-დეპროლექსი, რომელმაც შეასრულა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთადერთი დაპირება და კვლავ გახსნა საბაგიროები.
თუმცა ალპებში ზამთრის ტურიზმის გაფართოებას უკვე წინააღმდეგობაც არაერთგან შეხვდა. ავსტრიაში 160 000 ადამიანი ხელს აწერდა პეტიციას, რომ არ დაეშვათ ეცტალისა და პიცტალის სათხილამურო ზონების ერთმანეთთან შეერთება, რაც გულისხმობდა მთის გარკვეული ნაწილის აფეთქებას. მორზინში (საფრანგეთი) ახალი საბაგირო გზის პროექტი შეჩერდა ადგილობრივთა გასაჩივრების შედეგად. დამოუკიდებელი ანალიზის თანახმად, ამ ახალ გეგმებს შეიძლება ვერ გაემართლებინა მოლოდინი, რადგან კლიმატი სულ უფრო და უფრო ნაკლებ თოვლს გვთავაზობს.

აბონდანსში ჟირარ-დეპროლექსი მიყვება დივერსიფიკაციულ სტრატეგიას. გასაოცრად ლამაზი სათხილამურო ზონის გარდა, ახლა ეს სოფელი თავს იწონებს გაყინულ ბუნებრივ ტბაზე ციგურაობითა და მარხილით გასეირნებით ზამთრის სეზონზე, ხოლო სამთო ველოტურებითა და ლაშქრობით – ზაფხულში. იქ ასევე ფუნქციონირებს მუზეუმი, რომელიც აბონდანსის ყველს ეძღვნება.
ვერანაირი სასწაული ვერ იხსნის ალპურ ზამთარს. ხელოვნური თოვლის დამზადება, მისი ბორცვებად დაგროვება თუ მყინვარებზე შეფრქვევა – ყველა ეს მეთოდი, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ დროს მოიგებს ერთ-ორ ადგილზე.
ალპები კვლავ შეინარჩუნებს თავის შესაშურ სილამაზეს, მაგრამ თოვლისა და ყინულის გაქრობა, ეკონომიკური ზარალის გარდა, ემოციურ სტრესსაც იწვევს – კულტურისა და იდენტობის დაკარგვას. როდესაც შვეიცარიაში პიცოლის მყინვარი მხოლოდ ერთ თხელ ყინულის ფენამდე შემცირდა და მყინვართა მონიტორინგის სამსახურმა ის ამოიღო თავისი სადამკვირვებლო სიიდან, ადგილობრივმა მოსახლეობამ პიცოლის სიკვდილი დაკრძალვის ცერემონიით იგლოვა.
ჩემს ბავშვობაში თხილამურებით სრიალებდა ალპების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა თუ შემოსავლებისა. როგორც მე, ისევე ჩემი მეგობარი დომინიკი და მისი პარტნიორი იულიაც პატარაობიდანვე გაგვიშვეს ფერდობებზე. იმ პერიოდიდან 30 წელზე ნაკლებ დროში მათი 4 წლის შვილი, იოჰანი, ახლაც აღტაცებულია თოვლით, მაგრამ მან მეტწილად ის იცის მხოლოდ სიმღერებიდან და წიგნებიდან.

შარშან თებერვალში ჩვენ გავემართეთ უნტერბერგის მთაზე, რომელიც უკიდურეს აღმოსავლეთ ალპებში მდებარეობს. იქ ჩვენ ნამდვილ თოვლს დავეძებდით. მისი 1342-მეტრიანი მწვერვალის ზუსტად ძირში „პატარა“ ზამთარს მივაგენით. „ის ბრწყინავს“, – ყვიროდა იოჰანი და ხან თოვლში გორაობდა, ხანაც მას ხელთათმანიდან ილოკავდა. იოჰანს სურდა, რომ თოვლის პაპა გაეკეთებინა, მაგრამ თოვლი 3 სმ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე იდო. 33 წლის იულიამ აქ ისწავლა სრიალი. „ჩვენს გონებაში არასოდეს დაგვიშვია, რომ უნტერბერგზე შესაძლოა არ მოსულიყო სათხილამუროდ საკმარისი თოვლი“, – ამბობს იგი. როდესაც იქ საბაგიროები დროებით უნდა დაეხურათ 2014 წელს, მოსახლეობამ თითქმის 83 000 დოლარი შეაგროვა მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ასეთ სიმაღლეზე ზედმეტად თბილა, რომ ინვესტიციები ჩაიდოს ხელოვნური თოვლის გაკეთებაში. ამგვარად, უნტერბერგი მხოლოდ ბუნებრივ თოვლზეა დამოკიდებული და თავის თავს უწევს რეკლამას, როგორც სათხილამურო ზონას, სადაც „თოვლი კვლავ ციდან ეშვება“. შარშან ზამთარში იქ 10 დღის სასრიალო თოვლი მოვიდა, მის წინა ზამთარში – ნული.

The National Geographic Society-ს მიზანია დედამიწის საოცრებათა გაშუქება და დაცვა. 2019 წლიდან ეს ორგანიზაცია აფინანსებს მკვლევარ ცირილ იაზბეცის პროექტს კლიმატის ცვლილების შესახებ.
ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი
აზიაში მუშაობის წლების შემდეგ ავსტრიელი მწერალი დენიზ ჰრუბი დაბრუნდა მშობლიურ ევროპაში, რათა გარემოს დაცვით გამოწვევებზე იმუშაოს. სლოვენიელი ფოტოგრაფის, ცირილ იაზბეცის გადაღებულია ინდოეთის ყინულის სტუპები – პატარა, ხელოვნური მყინვარები – 2020 წლის ივლისის ნომრისთვის.