გადავღეჭოთ ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ დანამასტაკის ხეები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებული თვისებებით გამორჩეული ჯიშები
მხოლოდ ქიოსის სამხრეთში ხარობს


გადავღეჭოთ ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ დანამასტაკის ხეები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებული თვისებებით გამორჩეული ჯიშები მხოლოდ ქიოსის სამხრეთში ხარობს
გაისეირნეთ საბერძნეთში, პირგის შუასაუკუნოვან ქუჩებში და დაინახავთ ქალებს, რომლებიც მაგიდებთან ფოთლიან ტოტებს ალმასებზე მონადირეების ყურადღებით ათვალიერებენ. ისინი თეთრ, გამაგრებულ წებოვან ბურთულებს ეძებენ: მასტიქსს, ბუნებრივ ფისს, რომელიც ანტიკური პერიოდიდან ფასობს თავისი არომატისა და სამკურნალო თვისებების გამო. პირგი ერთ-ერთია იმ 24 სოფლიდან, რომელიც ქიოსის კუნძულზე მასტიქსს აწარმოებს.
მიუხედავად იმისა, რომ დანამასტაკის ხეები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებული თვისებებით გამორჩეული ჯიშები მხოლოდ ქიოსის სამხრეთში ხარობს. უკვე ათასწლეულებია, მასტიქსი ეკონომიკურ საფუძველს და იდენტობის წყაროს წარმოადგენს კუნძულის ბინადართათვის. ის ნახსენები აქვს ჰეროდოტეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში. მას რომაელები კბილების გასასუფთავებლად ღეჭავდნენ, ოსმალები კი სანელებლად იყენებდნენ. ადამიანები დღესაც ხმარობენ მასტიქსს საჭმლის მოსამზადებლად, ტკივილისა და ყაბზობის სამკურნალოდ. მკვლევრები მის კიბოსთან ბრძოლის პოტენციალსაც კი იკვლევენ.
მასტიქსის დამზადება საოჯახო საქმიანობაა, რომელიც მთელი წელი გრძელდება. ის მოიცავს ნიადაგის მოვლას, მერქნის ზედაპირულ ჩაჭრას, რომლიდანაც მასტიქსი იღვრება, შემდეგ მის შეგროვებას და გასუფთავებას. ქიოსის მასტიქსის მუზეუმში დამთვალიერებელს შეუძლია თავადაც გაიაროს დანამასტაკის ხეივანში და მოძებნოს მზეში მოციმციმე მასტიქსის „ცრემლები“. კუნძულის სიმდიდრის გასასინჯად მრავალი გზა არსებობს: მიირთვით მისგან დამზადებული გამამხნევებელი ლიქიორი და დესერტები, მიიღეთ ის დანამატის სახით ან, თუნდაც, დაღეჭეთ ბუნებრივი მასტიქსი, როგორც ამას ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა.