გალობის მოსასმენად
კუბელების გატაცება ველური მგალობელი ბეღურებით საფრთხეში აგდებს მათ პოპულაციას.


გალობის მოსასმენად
კუბელების გატაცება ველური მგალობელი ბეღურებით საფრთხეში აგდებს მათ პოპულაციას.
კაცებმა კვირა დილით ნაადრევად დაიწყეს მოსვლა თავ-თავიანთი ჩემპიონი მგალობელი ფრინველებით.
ვიწრო ბილიკზე ჰავანაში, უდაბურ ადგილას შეიკრიბნენ. სექტემბერი იყო – ფრინველთა მიგრაციის სეზონი კუბაში. სასურველი მგალობლები მოზღვავდნენ და მათი არალეგალური დაჭერა და გაყიდვაც დაიწყო. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო მოხატულ კარდინალზე (Passerina ciris), ინდიგო კარდინალსა (Passerina cyanea) და წითელმკერდა კულუმბურზე (Pheucticus ludovicianus). ყველაზე ხშირად შეჯიბრები კვირას ტარდებოდა.
კუბის მგალობლების ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში (ასეთი ათიოდე ჯგუფი არსებობს), რომლის წევრი მეც გავხდი 2021 წლის ივლისში, ვიღაცამ რამდენიმე დღით ადრე შეჯიბრის ადგილი გამოაცხადა. კორონავირუსის შეზღუდვების გამო კუბაში ვერ ჩავედი და ერთი კონტაქტი დამთანხმდა, ჩემ მაგივრად, ანონიმურად დასწრებოდა არალეგალურ შეხვედრას.
კუბის 2011 წლის კანონი ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე კრძალავს ბევრი სახეობის მგალობლის დაჭერას (გამონაკლისია სამეცნიერო კვლევები). შეჯიბრები, რომელთა ფარგლებშიც ფსონებს დებენ იმაზე, თუ რომელი ფრინველი იმღერებს ყველაზე დიდხანს და ყველაზე მელოდიურად, ასევე არალეგალურია. და მაინც, ადამიანები ღიად აქვეყნებენ შეჯიბრის ამსახველ მასალას. Facebook-ის პოსტებში ისეთ მგალობლებსაც ყიდიან, რომლებზეც ხაზგასმით წერია – captura, ანუ დატყვევებულია ველურ ბუნებაში.

პანდემიამ კიდევ უფრო წაახალისა არალეგალური ვაჭრობა ონლაინ, ამბობს სოჩილ აიონ გუემესი, ორნითოლოგი და ფრინველთა კურატორი ჰავანაში, ბუნებისმეტყველების ეროვნულ მუზეუმში.
ბევრი კუბელისთვის ჩიტის გალიაში გამომწყვდევა ტრადიციაა, „ანუ, აკრძალვის მიუხედავად, ეს მაინც საზოგადოებაში მიღებული პრაქტიკაა“, – ამბობს მაიკელ კანისარესი, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ორნითოლოგი.
ეს ჰობი სათავეს ჯერ კიდევ ესპანელი დამპყრობლებიდან იღებს და მას შემდეგ გალიის ფრინველები სულ უფრო მეტ ადამიანს ჰყავს, ამბობს ბიოლოგი ხირალდო ალაიონ გარსია, კუბის ზოოლოგიური საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ბუნების, მეცნიერებისა და კულტურის მხარდამჭერი არაკომერციული ორგანიზაცია Fundación Ariguanabo-ს პრეზიდენტი. ბევრ კუბელს უნდა, სახლში ჰყავდეს ფერად-ფერადი ჩიტები, უნდა, ისიამოვნოს მათი გალობით და სილამაზით და ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა, ამბობს გარსია.
ზოგიერთი კუბელისთვის ეს ბიზნესიცაა. ბოლო დროს საკვების დეფიციტმა და აშშ-ის პოლიტიკის ეკონომიკურმა წნეხმა ადამიანებს შემოსავლის წყაროს ძიება აიძულა, ველური ფრინველების დაჭერა კი უფრო იაფი და მარტივია, ვიდრე მათი სახლში გამრავლება.
„მგალობლებით ვაჭრობით მხოლოდ მცირე თანხის შოვნა შეიძლება“, – ამბობს ლილიან გუერა, კუბის და კარიბის ზღვის ისტორიის პროფესორი ფლორიდის უნივერსიტეტში. Facebook-ზე ზოგი ფრინველის ფასი 20 დოლარს არ აღემატება. ხოლო შეჯიბრის ფსონები მერყეობს და შეიძლება ათას დოლარს მიაღწიოს.


(მარცხნივ) ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიის ოფიცრებს მიაქვთ კონფისკებული გალიები და ხაფანგები. ეს ფოტო კარგად ასახავს, რამდენად გავრცელებულია ფრინველების არალეგალური დაჭერა მაიამის გარშემო.
(მარჯვნივ) მამაკაცები სიენფუეგოსის პარკში მისჩერებიან მგალობელ ფრინველებს. ხანდახან შეჯიბრის მამოძრავებელი ძალა საკუთარი ფრინველით სიამაყე და მეგობრებთან სოციალიზაციაა, ზოგჯერ კი სარფიანი და არალეგალური ფსონებიც იდება.
ველური მგალობლების დატყვევებას დიდი ზიანი მოაქვს. „დღეს თითქმის შეუძლებელია Tiaris canorus-ის პოვნა, – ამბობს 75 წლის ალაიონი, – ჩემს ბავშვობაში კი ისინი მრავლად იყვნენ. ეს კუბის ენდემური ფრინველი სუფთა, მაღალი ტონალობის გალობით გამოირჩევა. „ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ფრინველი დღეს მისმა დატყვევებამ ჩააგდო საფრთხეში“, – მოთქვამს ალაიონი.
საფრთხეშია მოხატული კარდინალიც. ეს ფრინველი აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებსა და კარიბის რეგიონს შორის მიგრირებს. უკანასკნელ ათწლეულებში საარსებო გარემოს დაკარგვისა და კუბასა თუ სხვა ქვეყნებში არალეგალური ვაჭრობის გამო მისმა რიცხვმაც იკლო, რასაც ჩრდილოეთ ამერიკის პოპულაციის პერიოდული აღწერა მოწმობს.
„ძალიან ცოტა ვიცით იმაზე, თუ რამდენ ფრინველს იჭერენ“, – ამბობს მოხატული კარდინალის ექსპერტი კლარკ რაშინგი, ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორი. 2004 წლის მონაცემით, სამმა ადამიანმა კუბის ერთ პროვინციაში ერთ შაბათ-კვირას საშუალოდ 700 ჩიტი დაიჭირა. რაშინგის თქმით, ასეთი რიცხვები ხშირად გაგვიგია გადმოცემით, მაგრამ ძნელი დასადგენია, ერთეული შემთხვევებია თუ – არა.
ხუთი წლის წინ რაშინგი და მისი გუნდი მოხატული კარდინალის მიგრაციის შესასწავლად ფრინველებს ბადეებით იჭერდნენ. გამრავლების ადგილას, ფლორიდასა და სხვა შტატებში. მათ ფრინველებს კოჭებზე საიდენტიფიკაციო თასმები გაუკეთეს, პატარა ზურგჩანთები მოარგეს გეოლოკატორით და გაუშვეს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფრინველები, რომლებიც გამოსაზამთრებლად კუბაში მიდიოდნენ, 20 პროცენტით უფრო ნაკლები ალბათობით ბრუნდებოდნენ ჩრდილოეთში, ვიდრე მოკლე მანძილებზე გაფრენილი ჩიტები. რაშინგის თქმით, ღია ზღვაზე გადაფრენა ნაწილობრივ ხსნის ამ დანაკარგს, მაგრამ შეიძლება ფრინველების დატყვევებასაც ჰქონდეს გავლენა.


(მარცხნივ) მამაკაცს უჭირავს კუბური სტვენია (Melopyrrha nigra) მთაში, ქალაქ ტრინიდადის მახლობლად. მას იმედი აქვს, რომ ჩიტის გალობით სხვა მსგავს ფრინველებს მიიზიდავს.
(მარჯვნივ) მაიამიში საიდუმლო ოპერაციის შემდეგ, გამომძიებელი რენე ტაბოასი ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიიდან ათვალიერებს ჩამორთმეულ მოხატულ კარდინალს.
ფოტოგრაფ კარინ აინერის თქმით, კუბაში ყოფნის დროს ფრინველების დამჭერებმა მას გეოლოკატორი მიჰყიდეს, რომელიც ახალდატყვევებულ მგალობელს მოაძრეს. „დავადასტურეთ, რომ ფრინველს გეოლოკატორი სამხრეთ კაროლინაში გაუკეთეს“, – ამბობს რაშინგი. ხაფანგის დამგებებმა აინერს უთხრეს, რომ ეს არ იყო მათ მიერ დაჭერილი ერთადერთი მონიშნული ფრინველი.
ედუარდო ინიგო-ელიასის, კორნელის ორნითოლოგიის ლაბორატორიის ყოფილი უფროსი მკვლევრის თქმით, ფრინველებს არალეგალურად თინეიჯერებიც ხშირად იჭერენ. „ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ დაიჭერს მეტ ფრინველს და იშოვის მეტ ფულს“, – ამბობს ინიგო-ელიასი.
ზოგიერთი კუბელი ჩიტს სიკვდილისას დაიტირებს ხოლმე, მაგრამ როდესაც ფრინველებს შეჯიბრებისთვის წვრთნიან, სტრესულ სიტუაციებშიც აგდებენ. აიონ გუემესის თქმით, ახალგაზრდები „უფრო სასტიკები არიან“. ზოგი სტეროიდსაც აძლევს უკეთესი ასპარეზობისთვის, ზოგმა კი შეიძლება ჩიტს თვალიც კი მოუწვას ცხელი კოვზით იმ იმედით, რომ თუ ეს ტერიტორიული ფრინველები მეტოქეს ვერ დაინახავენ, სიმღერას გააგრძელებენ.
კუბაში საზოგადოებრივი წნეხი მატულობს, ადამიანებს მგალობლებით ვაჭრობის შეწყვეტა სურთ. 2020 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელ ბერმუდესმა Twitter-ზე ესპანურად და ინგლისურად დაწერა: „ფლორისა და ფაუნის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უნდა დავუპირისპირდეთ. ველური ფრინველებით ვაჭრობა უნდა შეწყდეს!“.

ფრინველების დაჭერა აშშ-შიც გავრცელდა, განსაკუთრებით მაიამის გარშემო, კუბურ-ამერიკულ დასახლებაში. ფლორიდის ტყეებსა და ეზოებში კუბიდან ჩამოფრენილ ათასობით მგალობელს იჭერენ ყოველწლიურად. ფლორიდის სასჯელაღმსრულებლების ინფორმაციით, ბევრი დამჭერი წარმოშობით კუბიდანაა.
ფრინველები ხანდახან კუბიდანაც გადმოჰყავთ მალულად გასაყიდად. 2016 წელს მაიამის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟოზე ჰოვარი მუნიზი დააკავეს, მაიამის მკვიდრი, რომელიც კუბიდან ცხრა მგალობლით ჩამოვიდა. ფრინველები წელის ჩანთასა და საცვალში მოთავსებულ პლასტმასის მილებში დამალა. პრობაციის პერიოდში მუნიზმა კვლავ განაგრძო დაცული მომიგრირე ფრინველების გაყიდვა და, საბოლოოდ, მას 15 თვე მიუსაჯეს აშშ-ის ციხეში.
როგორც ჩემმა კონტაქტმა მითხრა, კვირას ჰავანაში მგალობლების შეჯიბრებაზე შუა დღემდე პატრული გამოჩნდა. არავინ დააკავეს – ფრინველთა მწვრთნელები გაუჩინარდნენ. ერთ-ერთი მოწმის აზრით, ისინი გააფრთხილეს, რომ პოლიცია მოდიოდა.
დინა ფაინ მარონი საშტატო კორესპონდენტია National Geographic-ის ველური ბუნების მონიტორინგის პროექტში. კარინ აინერმა გადაიღო დიდი ჰარპიები 2020 წლის ოქტომბრის გამოცემისთვის.