გამადიდებელი შუშის ქვეშ
ენტომოლოგი კრისტოფერ ო'ტული თავის წიგნში „უცხოპლანეტელთა იმპერია“ წერს: „მწერების გარეშე ჩავიძირებოდით მკვდარ ორგანულ ნივთიერებაში“.
გამადიდებელი შუშის ქვეშ
ენტომოლოგი კრისტოფერ ო'ტული თავის წიგნში „უცხოპლანეტელთა იმპერია“ წერს: „მწერების გარეშე ჩავიძირებოდით მკვდარ ორგანულ ნივთიერებაში“.
თქვენი აზრით, მწერები მხოლოდ უსიამოვნების წყაროს წარმოადგენენ? ისურვებდით ისეთ სამყაროში ცხოვრებას, სადაც „აბეზარი“ მეზობლები თავს არ დაგვესხმებოდნენ? თუმცა, სანამ გზად შემხვედრ ყველა მწერს ომს გამოვუცხადებთ, იქნებ ვცადოთ და ოდნავ მეტი შევიტყოთ მათ შესახებ?
ფოტოგრაფი გადასაღებ ობიექტს კარგად უნდა იცნობდეს – რთულია ღირებული კადრის გადაღება, თუკი მხოლოდ ბედის ამარა გაუდგები გზას აპარატით ხელში. ობიექტის შესწავლა პრაქტიკულად წარმატების ნახევარია – მინიმუმ ადგილსამყოფლის, აქტიურობის პერიოდისა და დამახასიათებელი ქცევის შესახებ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია. ასე მაგალითად, მწერების უმეტესობა ფრენის ნამდვილი ვირტუოზია, ამიტომ თუკი მათთან ახლოს მიპარვა გვინდა, ჯობს, განთიადსა და დაისზე, ან ღრუბლიან და გრილ ამინდში ვცადოთ, მაშინ, როდესაც ისინი მშვიდად არიან. ზოგი მწერი შენიღბვის ნამდვილი ჯადოქარია და ტოტებს ან ქარზე მოლივლივე ბალახებს იმიტირებს.
მწერების მრავალრიცხოვან სამყაროში (ისინი დედამიწაზე არსებული ცხოველთა ბიომასის 50%-ს შეადგენენ!) თითქმის ყველა სახეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მაგალითად, ჩვენი საკვები პროდუქტების დაახლოებით 30% ფუტკრების მიერ მცენარეების გადამტვერვაზეა დამოკიდებული. მწერების დამსახურებაა მკვდარი მცენარეების, ცხოველებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტების დაშლაც, ისინი მიწას ასუფთავებენ და ნიადაგს ამდიდრებენ გამოთავისუფლებული საკვები ნივთიერებებით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას.
თუმცა, თუკი მაკროფოტოგრაფობას გადაწყვეტთ, ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიაყენოთ ზიანი ბუნებას – ყველაზე იშვიათი და უნიკალური კადრიც კი არ ღირს თუნდაც ერთი პატარა მწერის სიცოცხლედ.
