გამოძახილი - მიგრანტი ხეები
რა აპარატურა გჭირდება და სად ნახავ ერთად ემიგრანტ და ადგილობრივ მცენარეს? რა თქმა უნდა, ბოტანიკურ ბაღში!


გამოძახილი - მიგრანტი ხეები
რა აპარატურა გჭირდება და სად ნახავ ერთად ემიგრანტ და ადგილობრივ მცენარეს? რა თქმა უნდა, ბოტანიკურ ბაღში!
თითქოს მარტივია განსაზღვრო, რა არის ცოცხალი და არაცოცხალი. თუმცა, ჩვენი აღქმით, ცოცხალი არის ის, რაც მოძრაობს და კავშირს ამყარებს ჩვენთან. ამ ლოგიკით, ყველა ცოცხალი ჩვენთვის უფრო ცხოველია. მათ ან ინსტინქტები აქვთ და მარტივად იქცევიან, ან რაღაც ინტელექტის მატარებლები არიან, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა აქვთ და რთულად იქცევიან. ისინი მიგრირებენ ერთი ეკოსისტემიდან მეორეში და ადგილობრივებს ექიშპებიან… მცენარეები? ბიოლოგიურად ისინიც ხომ ცოცხლები არიან! მცენარეებს თუ გააჩნიათ ინდივიდუალობა და ემოცია? თუ ეს ჩვენი გრძნობების პროექციებია? ვიცით, რომ ისინი ცხოველების მსგავსად მიგრირებენ – სხვანაირად დედამიწის ყველა კონტინენტზე, ერთის გამოკლებით, მცენარეთა ასეთი მრავალფეროვნება ვერ იქნებოდა. როგორ ხვდებიან მათ ადგილობრივები? როგორ ეგუებიან ახალ გარემოს? სად გინდა ნახო ემიგრანტი და დამხვედრი მცენარე ერთად? როგორ უნდა გადაიღო, რომ მკითხველს მათი ემოციები გაუზიარო?

გადაღების დაგეგმვა უაღრესად საინტერესო პროცესია, თვალწინ გიდგება ნანახი ხეები, ყველა ბუნებაში გატარებული ყოველი წუთი, ცდილობ აღიდგინო ის გარემო, განწყობა, სუნი. იდეაზე ფიქრის შემდეგ, უკვე ამოცანის ტექნიკურ შესრულებაზე იწყებ ფიქრს – რა აპარატურა გჭირდება და სად ნახავ ერთად ემიგრანტ და ადგილობრივ მცენარეს? რა თქმა უნდა, ბოტანიკურ ბაღში! აქ ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, ეგზოტიკურიც და ადგილობრივიც. ხემცენარეც და ბუჩქიც. ახლა ფიქრობ, როგორ განათებას გამოიყენებ და დღის რომელ მონაკვეთში. იქნებ, სულაც ღამე სჯობს დღეს? ნეტავ, რა ხდება ღამით ბოტანიკურ ბაღში. გადაღებები ბევრ დროს მოითხოვს. არ საკმარისი არაა უბრალოდ მიხვიდე ღამით და გადაიღო ხეები. წინასწარ უნდა შეისწავლო მათი ხასიათი – ხასიათის წვდომა კი ფოტოგრაფიის განუყოფელი ნაწილია. მწვანე კონცხზე ღამით ვაკვირდებოდი ხეებს, საოცრად განსხვავებულებს იმისგან რაც დღისით ვნახე. ღამის პროცესი ცოტა დამღლელია. სასიამოვნო, მაგრამ მაინც. თითოეული ფოტოს ექსპოზიცია რამდენიმე წუთი მიმდინარეობს, ამასობაში მთლიანად უნდა მოასწრო სხვადასხვა მხრიდან ხის განათება ფანრით. პრინციპი მარტივია: რასაც სინათლე ედება, ის ჩანს კადრში. ამ დროს ისინი პოზიორობენ, მაგრამ ჭირვეულობენ.

კარგად იციან, რომ „ვარსკვლავები“ არიან. თუ მათი კაპრიზი ვერ გაიგე, ვერც მათ პორტრეტებს შექმნი. მწვანე კონცხზე ხეების უმრავლესობა რამდენიმე ასეული წლისაა. ვცდილობ წარმოვიდგინო ის დრო, როდესაც ეს ემიგრანტები აქ ჩამობრძანდნენ. როგორ ჩამოიტანეს ნერგები? მაშინ, ბოტანიკური ბაღი არსებობის პირველ დღეებს ითვლიდა… უხუცესი ხეები ცოცხალი ექსპონატებია. ასეთ ბაღებს მინიმუმ საუკუნოვანი ისტორია აქვთ. მინიმუმ! ბოტანიკური ბაღები ადამიანთა ცოდნის უზარმაზარი წყაროა თავისი უძველესი ისტორიით. ისინი ფასდაუდებელ როლს ასრულებენ არამარტო ჩვენი უბრალო დასვენებისა თუ ესთეტიკური ტკბობისთვის (რაც ერთობ მნიშვნელოვანია), არამედ სამყაროს ფლორისტული მრავალფეროვნებისა და ევოლუციის შესაცნობად. განუზომელია მათი მნიშვნელობა ველური ბუნების აღდგენისა და შენარჩუნების საქმეშიც. მარტო იქ დაცული თესლის ბანკები რად ღირს! კარგად მოვლილი ბოტანიკური ბაღი ნებისმიერი ქვეყნისა თუ მისი რომელიმე კონკრეტული კუთხის სახეა.

ასეთია ბათუმის ბოტანიკური ბაღი! ათასობით სახეობა საკუთარი ხასიათით, იმიგრანტული ისტორიითა და დახვედრილი ადგილობრივების ბრაზით ან სულაც მეგობრობით. მოვლილ ბაღში სიცოცხლე ჩქეფს. გადაღებისას ჭირვეულობენ, მაგრამ ბოლოს მაინც „თანხმდებიან“. მწვანე კონცხი ყვავის! ზუგდიდში კი სულ სხვა სურათია; ბაღი უპატრონოდ მიგდებული და მოუვლელია. დაღვრემილ ხეებს დიდად არც კამერის წინ უყვართ დადგომა, ხალისი არ აქვთ… აქ ყველგან სევდაა…
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.