
გამოძიება გრძელდება
ჩვენი ჟურნალის 2013 წლის თებერვლის ნომერში დაიბეჭდა სტატია „სისხლიანი ბიზნესი”, რომლის პირველი აბზაცი თავიდან არ ამომდის – 2012 წლის იანვარში ასამდე შეიარაღებული ცხენოსანი ბუბა ნჯიდას ეროვნულ პარკში შეიჭრა. კალაშნიკოვის ავტომატებითა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით ბრაკონიერებმა ასეულობით სპილოსგან შემდგარი ოჯახები ბოლო ინდივიდამდე ამოწყვიტეს. წარმოიდგინეთ, რა მოხდა ამ სასტიკ სასაკლაოზე: ცხოველების საზარელი ყვირილი, ქაოსი, შეჯახებები, მტვერი, დედა სპილოების თავგანწირვა, პატარების დაცვას რომ ცდილობენ. ისინი კი კვნესით ეცემიან და სისხლისგან იცლებიან… მთელ აფრიკაში ყოველწლიურად ათიათასობით სპილოს ხოცავენ. რატომ? იმიტომ, რომ მისი ეშვისგან სუვენირები გაკეთდეს. ესაა და ეს!
იმ სტატიისთვის ფოტოსესია ბრენტ სტირტონმა მოამზადა. ბრენტი პერპინიანში (საფრანგეთი) ფოტოფესტივალზე გავიცანით მე და ჩვენმა გამომცემელმა თათა კვაჭაძემ. აღვფრთოვანდით მისი პროფესიონალიზმითა და თავგანწირვით, როდესაც “სტატიის მიღმა” ამბებს გვიამბობდა. სამწუხაროდ, სტატიის ავტორი ბრაიან კრისტი ვერ გავიცანით. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ის და ბრენტი ამ საკითხში “კლონები” არიან. სტატიას დიდი რეზონანსი მოჰყვა. რამდენიმე დღეში ასობით ადამიანი დააპატიმრეს. მაფიოზურმა სინდიკატებმა, სავარაუდოდ, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ბრაიანსა და ბრენტს, მაგრამ მათთვის კალმითა და ფოტოკამერით ბრძოლა არაა უბრალოდ რუტინული სამუშაო. ის მოცემულობაა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლიათ.
შარშან, ბრაიანის თაოსნობით National Geographic-ში სპეციალური საგამოძიებო დანაყოფი შეიქმნა და ორივე ისევ “თავით გადაეშვა” გამოძიებაში. საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ – რა მარშრუტით მოძრაობს სპილოს ძვალი კონტინენტებს შორის? ვინ დგას ამის უკან? რა თანხები აკუმულირდება და რისთვის გამოიყენება? პასუხებს ამ ნომრის ძირითად სტატიაში იპოვით. მე კი ვნატრობ იმ დროს, როდესაც სამყაროში ბრაკონიერობა არ იქნება, გამოჩნდებიან ქართველი ფოტოგრაფები და ჟურნალისტები, რომლებიც ბრენტისა და ბრაიანის მსგავსად, გამოააშკარავებენ ბრაკონიერებს ჩვენს ნაკრძალებში.
ისე, ცნობისთვის გვახსოვდეს – დათვის ბელს, რომელსაც პლაჟზე, რესტორანთან ან ბენზინგასამართ სადგურთან ვხედავთ, ბრაკონიერებმა დედა მოუკლეს. სხვანაირად ჩვენს “გასართობად”, ამ ადგილებში ვერ მოხვდებოდა…