გამორჩეული ველური სამყარო
თავისი უდიდესი ნაკრძალის დასაცავად მოზამბიკი ადგილობრივ მოსახლეობას უზიარებს ნიასის ველური ბუნებიდან მიღებულ სარგებელს.


გამორჩეული ველური სამყარო
თავისი უდიდესი ნაკრძალის დასაცავად მოზამბიკი ადგილობრივ მოსახლეობას უზიარებს ნიასის ველური ბუნებიდან მიღებულ სარგებელს.
ჟუანა ლიკონდე ჩემამბოს საკრალური ტბორების ქვიშიან მეჩეჩზე დგას და საკურთხეველს – თეთრი ქსოვილით შემოსილ ახალგაზრდა ბაობაბს შეჰყურებს. წყლით გაჟღენთილი ზურმუხტისფერი კაბიდან წვეთები წვიმასავით ეცემა მის ფეხებთან. მასთან ერთად სხვებიც მოწიწებით დგანან და ერთად ლოცულობენ. მზის ჩასვლის შემდეგ ისინი ცეკვას, სიმღერასა და ლოცვას განაგრძობენ.
მლოცველები „ჩონდე-ჩონდეს“ რიტუალში მონაწილეობენ, რომელიც ნიასაში, ჩრდილოეთ მოზამბიკში, დაცულ ტერიტორიაზე იმართება. ისინი სურსათს და ფულს ბაობაბის ძირში აწყობენ და წინაპრებს ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და ბარაქას შესთხოვენ. აქ ბაობაბი წმინდაა. ბაობაბებთან ადამიანები წინაპართა სულების მოსახმობად იკრიბებიან. ტყის მჩეხავთა ნაჯახებისგან ამ ხეებს ადგილობრივთა რწმენა იცავს.

ლიკონდე ტრადიციული მკურნალია. ის თავისი საქმიანობის წარმატებისთვის ლოცულობს. ასევე ლოცულობს მბამბის სხვა მცხოვრებლებისთვისაც. მდინარე ლუგენდაზე მდებარე ამ სოფელში იაოს ენაზე მოლაპარაკე დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს. მათგან ცოტამ თუ მოახერხა ორდღიანი ლაშქრობა ამ წმინდა ადგილზე. იაოს, ისევე როგორც ნაკრძალში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფების – მათ შორის, მაკუას, ნგონის, მატამბვესა და მაკონდეს – კულტურა ბუნებასთან ანიმისტური კავშირის ნიშნებს შეიცავს მიუხედავად იმისა, რომ ისლამიც თავიანთი რწმენის ნაწილად აქციეს.
მათი წინაპრების სულები აქ პილიგრიმებს შორის მოძრომიალე ბაბუინების სახით განაგრძობენ ცხოვრებას. ერთი თუ ორი ბაბუინი თითებით არაქისის შესაწირს კრეფს ქვიშიდან. სხვები ჩაფიქრებულნი სხედან მზისგან დაბრაწულ ქვებზე. მოზარდები კივილით დასდევენ ერთმანეთს.
„ადამიანები სიკვდილის შემდეგ, ხშირად სხვა არსებების სხეულში სახლდებიან, როგორიცაა გველი, ლომი ან სპილო“, – ამბობს ლიკონდე.

ამ ღია ტაძრიდან მოშორებით, ბაბუინი იაოს ხალხისთვის ნაკლებად ღირებულია. მათ ხშირად უწევთ მოსავლის ქურდ ბაბუინების რაზმებთან გამკლავება. მაგრამ ეს კონკრეტული ბაბუინები განსხვავებულნი არიან. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ დიდი ხნის წინ, იაოს ბელადი მამბო და მისი ოჯახი სოფელში კონფლიქტის შემდეგ წყალში ჩავარდა და დაიღუპა. მათი სულები ბაბუინებში ჩასახლდნენ, რომლებსაც დღეს პატივი და საზრდო აქვთ. ადამიანები მათ არაქისით და გამომშრალი სიმინდით უმასპინძლდებიან.
„თუ ასე არ მოვიქცევით, სულები დაიმშევიან“, – განმარტავს ლიკონდე. „ეს წეს-ჩვეულება თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ტრადიციად იქცა“.
მონადირე-შემგროვებლები, ფერმერები, ტომთა ბელადები – ხალხი ამ ადგილს სახლს უწოდებდა ათასობით წლის განმავლობაში. თუმცა, საუკუნოვანმა კოლონიზაციამ და ბოლოდროინდელმა სამოქალაქო ომმა ნიასის თემები უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო. თუ ეს დიდებული ველური კუთხე შესანარჩუნებელი და მოსაფრთხილებელია მომავალი თაობებისთვის, მაშინ ადგილობრივები უშუალოდ უნდა ჩაერთონ კონსერვაციულ ღონისძიებებსა და ტურიზმში.

შვეიცარიის ტერიტორიაზე დიდი, 42 000 კვადრატული კილომეტრი ფართობის ნიასა 1954 წელს დაარსდა როგორც სამონადირეო ნაკრძალი, ხოლო 1999 წელს სახელმწიფო დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. ეს არის აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ველური კუთხე, რომლის შესახებაც მსოფლიოს ნაკლებად სმენია შორეული მდებარეობისა და 1992 წელს დასრულებული 16-წლიანი სისხლიანი სამოქალაქო ომის გამო. აქ ბინადრობენ აღმოსავლეთ აფრიკის `ვარსკვლავები“ – სპილოები, კამეჩები, ლომები, აფთრისებრი ძაღლები, ასევე იშვიათი სახეობები, როგორიცაა გრანტის ზებრა, ჯონსტონის იმპალა და ნიასის გნუ. ვრცელ დაბლობებს ტყის მასივები, ჭალები და გაშიშვლებული კლდოვანი ქანები ამშვენებს.
ადამიანები ამ რეგიონში პრეისტორიული პერიოდიდან ცხოვრობდნენ და ვაჭრობდნენ. მათ ადრეულ ყოფას ადასტურებს ქვის ხანის არტეფაქტები და გრანიტის ფილებზე შემორჩენილი გამოსახულებები. ისინი საზრდოობდნენ ტყეებისა და მდინარეების წყალობით, მოიპოვებდნენ ველური ცხოველების ხორცს, თაფლს, ხილსა და თხილეულს, შეშას და სამკურნალო მცენარეებს, იჭერდნენ თევზს. შემდეგ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას დაემატა ისეთი კულტურების მოყვანა, როგორიცაა სიმინდი, არაქისი, ლობიო, სეზამი, სორგო და სასაქონლო კულტურები, მაგალითად, თამბაქო. დღეს 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ნიასის სოფლებში და ისინი კვლავ მიწიდან იღებენ საზრდოს, თუმცა ნაკრძალში თევზჭერასა და ნადირობას ერთობლივად აკონტროლებენ მოზამბიკის საკონსერვაციო ზონების ეროვნული ადმინისტრაცია (ANAC) და აშშ-ის ველური ბუნების დაცვის საზოგადოება. ლიცენზირების სისტემა ზღუდავს თევზჭერის დროს, ადგილსა და მეთოდებს. ხოლო ველურ ცხოველებზე ნადირობა საკუთარი მოხმარებისთვის ან ნადავლის გასაყიდად ამჟამად აკრძალულია. ადამიანებს მოუწოდებენ, ცილის ალტერნატიულ წყაროდ მოაშენონ იხვები, ქათმები და ბოცვრები.

ნოემბრის ერთ დილას მდინარე ლუგენდასთან დაბანაკებული მეთევზეები მბამბის ბაზრისკენ მიმავალ მტვრიან გზას ველოსიპედებით ადგანან. ველოსიპედებზე დამაგრებული ბამბუკის მოწნული კალათები სავსეა ბადეებით დაჭერილი მდინარის კობრისებრი თევზით და მტკნარი წყლის ლოქოთი. თევზი ბანაკში გამოაშრეს და ღია ცეცხლზე შებოლეს, რამაც მისი შენახვის ვადა რამდენიმე კვირით გაახანგრძლივა.
იაოს ხალხისთვის თევზი მხოლოდ ცილის წყარო არ არის. ის ისევე ღირებულია, როგორც ახლად მოჭრილი მონეტები. სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ბაზარზე თევზს საკვებ ზეთში, ბრინჯსა და ტანსაცმელშიც კი ცვლის. მბამბა კვლავ დაკავშირებულია უძველეს სავაჭრო მარშრუტებთან, რომლებიც აქაურ ტერიტორიას კვეთენ. ეს მეთევზეებს საშუალებას აძლევს, თევზი მოვაჭრეებს ნაკრძალის სხვადასხვა ადგილიდან და ნაკრძალის მიღმაც მიჰყიდონ. „აქ ადამიანები მოდიან პროვინცია კაბუ-დელგადუდან“, – ამბობს ბენვინდუ ნაპუანია, სათემო მენეჯერი ნიასის მტაცებელი ცხოველების კონსერვაციის პროექტისა (NCP), რომლის განხორციელება 2003 წელს დაიწყო. „ჩვენს თევზს ტანზანიიდან მოსული ადამიანებიც კი ყიდულობენ“, – დასძენს იგი.
ნიასის უმეტესი ნაწილი – მისი ტერიტორიის 72% – სპორტული ნადირობის კონცესიებად გამოიყენება, რომლებსაც კერძო კომპანიები ფლობენ და იჯარით გასცემენ 25 წლამდე ვადით. თითოეული სანადირო ბლოკი იღებს კვოტას სატროფეო სახეობებისთვის, რომელთა მონადირებაც დაშვებულია; ესაა კამეჩი, ლეოპარდი, ლომი და ანტილოპა. სატროფეო ცხოველის მოკვლის შემდეგ, კონცესიები ხშირად ხორცს სოფლის მოსახლეობას ურიგებენ. ნაკრძალის მხოლოდ მეოთხედამდე ტერიტორიაა გათვალისწინებული არასამონადირეო ტურიზმისთვის, ხოლო სპეციალურ კონსერვაციულ ზონას ნაკრძალის სულ ერთი პროცენტი შეადგენს, სადაც ტურიზმიც არ არის დაშვებული. ნადირობაზე ნაკრძალის წლიური ტურისტული შემოსავლის ოთხ მეხუთედზე მეტი მოდის, რომელიც მილიონ დოლარს უტოლდება. მთავრობა მოგებიდან თავის წილს იღებს. დანარჩენი შემოსავლის 20% კი სოფლის მოსახლეობას შეუძლია თავისი საჭიროებისამებრ გამოიყენოს.
ნოემბერი იმდენად არაკომფორტულია მოზამბიკის ამ ნაწილში, რომ მას ზოგჯერ „თვითმკვლელობის თვეს“ უწოდებენ, როდესაც წვიმა გარდაუვალია და თერმომეტრი 38 გრადუსზე მეტს აჩვენებს. ერთ დილას, სოფლის მცხოვრებთა ჯგუფმა, როგორც ჩანს, არად ჩააგდო გამომფიტავი სიცხე. ისინი ფეხბურთის ბურთებზე დიდი ზომის ქვებს ეზიდებოდნენ და მავთულის გაბიონის კონსტრუქციებში აწყობდნენ, რომ მბამბის ირგვლივ ორი წლის გაყვანილი ოთხკილომეტრიანი თხრილის გასწვრივ აშენებული კედლის ნაწილი გაემაგრებინათ. დაახლოებით ორი მეტრის სიღრმის მშრალი თხრილი მათ იცავს მოხეტიალე სპილოებისა და კამეჩებისგან.


(მარცხნივ) სელიანუ ალბერტუ რუნკუნუა (მარცხნივ) და მისი თანაშემწე ფიჭას აგროვებენ გამხმარ ხეზე გაკეთებული სკიდან. იაოს თაფლის შემგროვებლებს დამალულ სკებამდე გზას ფრინველი უკვალავს სიგნალების დახმარებით. თაფლის ამოღების შემდეგ იაოს ხალხი ფრინველს ფიჭის გემრიელ ნაჭერს უტოვებს.
(მარჯვნივ) თაფლიჭამია მაჩვი და მისი პატარა დარჩენილი თაფლით და გადაგდებული ფიჭით ნადიმობენ. ფოტოხაფანგების ბოლოდროინდელმა მონაცემებმა აჩვენა, რომ თაფლიჭამია მაჩვის გარდა, ამ ნადავლის ნარჩენებს სხვა ცხოველებიც, მათ შორის, ბაბუინები, მანგუსტები და ზოლებიანი ბუშის ციყვებიც შეექცევიან.
ეს სოფელი ნაკრძალის სამხრეთით მდებარეობს და ნიასის მტაცებელი ცხოველების კონსერვაციის პროექტშია ჩართული, რომელიც აქედან აღმოსავლეთით 10 კილომეტრში მდებარე მარირის გარემოსდაცვითი ცენტრიდან იმართება. პროექტი, რომელსაც ძირითადად დონორები აფინანსებენ, მიზნად ისახავს გამოძებნოს გზები, ნაკრძალში მცხოვრები თემების მსხვილ მტაცებლებთან ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის და ამ ადამიანთა ჩასართავად ცხოველთა დაცვის საქმეში.
2012 წელს მბამბის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას Mariri Investimentos-თან. ეს ორგანიზაცია ახორციელებს ზემოაღნიშნულ პროექტს და კონსერვაციის მიზნებისთვის იჯარით აქვს აღებული სოფლის მიმდებარე 580 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია. ასე დაიბადა ინოვაციური პარტნიორობა „ტჩოვა-ტჩოვა“. მისი მიზანია მოსახლეობის შემოსავლებისა და საკვების წარმოების გაზრდა, სოფლის მოსახლეობის ჩართვა საკონსერვაციო პროექტებში და მათი უზრუნველყოფა ისეთი სასიცოცხლო საჭიროებებით, როგორიცაა წყალმომარაგება, მზის ენერგიაზე მომუშავე განათება, სასკოლო განათლება ბავშვებისთვის და ნათესების დაცვა მშიერი ცხოველებისგან. „ტჩოვა-ტჩოვას“ წყალობით, მბამბის მცხოვრებლები საქმდებიან გარემოსდაცვით ცენტრში, მპოპუს ეკოკოტეჯში, მშენებლობაზე, საგზაო სამუშაოებზე და რეინჯერებად.

სანაცვლოდ, სოფლის მოსახლეობას ველური ბუნებისა და ჰაბიტატების დაცვისკენ მოუწოდებენ. რაც მეტი ცხოველია, მით მეტია შემოსავალი ტურიზმიდან, ასეთია ლოგიკა. კონსერვაციის სათემო ფონდი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა მართავს, ხელს უწყობს ველური ბუნებისადმი კეთილგანწყობილ ქცევას. ყოველ ტურისტზე, რომელიც გარემოსდაცვით ცენტრს სტუმრობს, Mariri Investimentos-ს აღნიშნულ ფონდში 25 დოლარი შეაქვს. ყოველ ძვირფას ცხოველზე, რომელსაც ტურისტი ხვდება, იქნება ეს ლომი, სპილო, ლეოპარდი, კამეჩი, აფთრისებრი ძაღლი თუ ხალებიანი აფთარი, Mariri რვა დოლარს იხდის ფონდში. ყოველ თვეში, რომელშიც სპილოებზე ბრაკონიერობის ფაქტი არ ფიქსირდება, ფონდი 155 დოლარს იღებს. მაგრამ თუ Mariri-ს რეინჯერები ბრაკონიერობის მტკიცებულებას აღმოაჩენენ, თანხა გამოიქვითება – მაგალითად, 19 დოლარი ყოველ ხაფანგზე; 232 დოლარი გამოიქვითება ლომის მოკვლისთვის, ხოლო ბრაკონიერების მიერ მოკლული სპილო სათემო ფონდს 310 დოლარი უჯდება.
მბამბის და Mariri-ს პარტნიორობა გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ასეთ თანამშრომლობას ნაკრძალში ბრაკონიერობის პრობლემის მოგვარება. ამ პროექტის დაარსების დღიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ცხოველების დახოცვის შემთხვევები ხორცის მოსაპოვებლად. შესამჩნევია ისეთი ჩლიქოსნების მატება, როგორიცაა წყლის თხა, იმპალა, მეჭეჭებიანი ღორი და ბეჰემოთი. ზოგიერთი მტაცებელიც უკეთ გრძნობს თავს ნაკრძალის ამ ნაწილში. მტაცებელი ცხოველების კონსერვაციის პროექტის მონაცემებით, ლომის პრაიდების რაოდენობა ორიდან შვიდამდე გაიზარდა აღნიშნული თანამშრომლობის დაწყების დღიდან. ლეოპარდების და აფთრისებრი ძაღლების რიცხოვნობაც აღდგა, გარკვეულწილად, ნადავლის სიმრავლის გამო.


(მარცხნივ) მპოპუს ხროვის აფთრისებრი ძაღლები პაექრობენ თავიანთ ბუნაგთან. ეს ნაკრძალი მნიშვნელოვანი თავშესაფარია ამ გადაშენების პირას მყოფი „მოხატული ძაღლებისთვის“, რომელთა პოპულაცია ამჟამად 350 ინდივიდს ინარჩუნებს.
(მარჯვნივ) მოუხელთებელი მილკბილა ბუნაგიდან დაბნელების შემდეგ გამოდის სანადიროდ. ნიასაში მრავალი ასეთი „ეკოსისტემის ინჟინერია“, რომელთა მიერ გათხრილ ხვრელებს შემდგომში მრავალი სხვა ცხოველი იყენებს თავშესაფრად.
ამგვარი თანამშრომლობა სწორედ ისაა, რასაც საკონსერვაციო ზონების ეროვნული ადმინისტრაცია მოელის კონცესიების მფლობელებისგან, კონსერვაციონისტებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, – ამბობს ნიასის ზედამხედველი ტერენსიუ ტამელე. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს კონსერვაციის, ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს ველური ბუნების შენარჩუნებას.
სულ რაღაც ათწლეულზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 12 000 სპილო დააბიჯებდა ნიასის ველურ ბუნებაში, მაგრამ 2018 წლისთვის ბრაკონიერობის ციებ-ცხელებამ სპილოს ძვლის მოსაპოვებლად ეს რიცხვი დაახლოებით 3150-მდე შეამცირა.
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სპილოს ძვალზე ბრაკონიერობა შემცირდა. რეინჯერები და სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სპილოების ჯოგში ინდივიდების რიცხვი გაზრდილია და უფრო მეტი პატარა და მოზარდი სპილოა შესამჩნევი. სპილოების რაოდენობა თითქმის 4000-ს აღწევს. მბამბის გარშემო სოფლის მცხოვრებლებმა თხრილი გაიყვანეს სპილოებთან სახიფათო შეტაკებებისგან თავის ასარიდებლად. 200-ზე მეტი მოსახლე დარეგისტრირდა ამ დამღლელ სამთვიან სამუშაოზე. მათი გასამრჯელოს უმეტესი ნაწილი მტაცებელი ცხოველების კონსერვაციის პროექტმა აანაზღაურა, ხოლო თანხის მეოთხედი – „ტჩოვა-ტჩოვას“ ფონდმა – სამი დოლარი თხრილის ყოველ მეტრზე.

იმ დღეს, როდესაც მუშები დილის სიცხეში მუშაობდნენ თხრილის გასამაგრებლად, ზოგიერთი მამაკაცი მშიერი სპილოებისთვის მიუწვდომელ ბანანის ახალგაშენებულ პლანტაციას უვლიდა. ერთი ხანდაზმული კაცი შლანგს ხიდან ხეზე დაათრევდა და თითოეულ ხეს რწყავდა მახლობელი ჭის წყლით, მზის ენერგიაზე მომუშავე ტუმბოს დახმარებით. ტანწვრილი ახალგაზრდა ხეები მშიერი სპილოებისგან დაცული სავსე ბანანებით იყო დახუნძლული. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახლა მათ რჩებათ მანგოს და პაპაიის ხეების ნაყოფი, რომლებიც მბამბის ქუჩებში იზრდება, რადგან სპილოები აღარ ეცილებიან.
ცაში აჭრილი ბაობაბის ქერქი მოციმციმე კოცონის შუქზე მთვარის ზედაპირს წააგავს, ნაიარევებით, რომლებიც ხეზე ასასვლელი სამაგრების ჩარჭობამ დაუტოვა.
კაკ-კუკ, კაკ-კუკ!
მბამბის 28 წლის მკვიდრი ლუიშ ივენე ისე ადის კენწეროზე, როგორც მასზე ადრე მრავალი უხუცესი ასულა. ის ახალგამოთლილ პალოებს არჭობს ხის ტანში და თან თავისი ხელსაწყოები მიაქვს: ქერქისგან დამზადებული თოკი, პლასტმასის ვედრო და ქამარზე ჩამოკიდებული სამზარეულოს დიდი დანა. პერანგი არ აცვია და ფეხშიშველია. აცვია მხოლოდ გადაჭრილი ჯინსი. აკრობატის სიმარჯვით ადის ხეზე და მეთოდურად ამაგრებს თავისი პრიმიტიული კიბის მომდევნო საფეხურებს.
კაკ-კუკ, კაკ-კუკ, კაკ-კუკ!
მაღლა პრიზი ელის: თავს ზემოთ თხევადი ოქროთი – თაფლით სავსე ფიჭა ციმციმებს და უამრავი ფუტკრის ზუზუნი ისმის. დაღამებისას ფუტკარი ნაკლებად აქტიურია და ნაკლებად ნესტრავს, რის გამოც ღამით თაფლის მოპოვება უფრო უსაფრთხოა.

კაკ-კუკ, კაკ-კუკ!
ზევით ივენე ცალი ხელით თავს იმაგრებს, წონასწორობას ინარჩუნებს და ცეცხლს უკიდებს ჩალის კონას, სიგრძით მისი თითქმის ნახევარი სიმაღლისას, რომელიც ანთებულ ასანთზე დიდი არ ჩანს მიწიდან, ივენე კი – ბავშვისოდენა გეგონებათ. ეს ბაობაბი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა – ალბათ 500 წლის. სახეობისთვის, რომელიც 2000 წელს ცოცხლობს, ის ახალგაზრდად ითვლება, თუმცა ამ გიგანტის ფონზე ტყეში აღმართული სხვა ხეები ჯაკომეტის პატარა მავთულის ფიგურებს ჰგავს.
იაოს ხალხი დიდი ხანია იყენებს ცეცხლსა და კვამლს თაფლის ამოსაღებად ფუტკრის დამცავი საფარიდან, თუმცა ისინი დაუსჯელები არ რჩებიან. თაფლის შემგროვებლებს ნესტრავენ და დგება დრო, როდესაც უკან უნდა დაიხიო, ამბობს ივენე. „რა თქმა უნდა, ხანდახან გავრბივართ. თუ ცეცხლი ჩაქრა ან ფუტკრებმა ჯგუფურად შემოგიტიეს, უნდა გაიქცე“. ამაღამ ფუტკრები დათმობაზე წავიდნენ და ივენე თავისუფლად იღებს თაფლს.
მან ველური თაფლის შეგროვება სხვა ოსტატების მეთვალყურეობის ქვეშ ისწავლა. იგი აკვირდებოდა, თუ როგორ ცოცდებოდნენ ხეებზე გამოცდილი შემგროვებლები თაფლის მოსაპოვებლად. ის წელიწადში დაახლოებით 10-ჯერ მიდის თაფლის შესაგროვებლად. იშვიათად იღებს თაფლის ნახევარზე მეტს და უხვად ტოვებს სკაში. ეს საკმარისი რაოდენობაა მბამბაში, აქედან დაახლოებით 20 კილომეტრში წასაღებად, სადაც ივენე და მისი ოჯახის წევრები მას სიამოვნებით მიირთმევენ. თუ თაფლი ჯერ კიდევ ახალია, შეუძლიათ მიირთვან ფუტკრის მატლებით სავსე ფიჭა, რომელიც ნაკლებად ტკბილია, მაგრამ მდიდარია ცილებით. ივენეს შეუძლია თაფლი გაყიდოს კიდეც ან თანასოფლელებს სხვა საკვებში გაუცვალოს.

ტყის ხილი სეზონურად მწიფდება, ფუტკარი კი ყოველთვის მუშაობს. ამიტომ თაფლი, ტრადიციულად, იაოს ხალხის ტკბილი საკვები რაციონის მნიშვნელოვანი წყაროა. ზოგიერთი სკა ბაობაბებზე უფრო პატარა ხეებშია ჩამალული. მათთან მისასვლელად იაოს თაფლის შემგროვებლებმა ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობა დაამყარეს თაფლის მეგზურ ფრინველთან, რომელსაც სეგოს უწოდებენ. ეს ერთ-ერთია იმ სულ რამდენიმე ცხოველს შორის, რომელსაც ფუტკრის ცვილის მონელება შეუძლია. როდესაც ფრინველები სკის სიახლოვეს ადამიანს ხედავენ, მორზეს მსგავს კოდურ ბგერებს გამოსცემენ: ტი-ტი-ტი ტი-ტი-ტი-ტი – იმის მისანიშნებლად, რომ თაფლი ახლოს არის. იაო კი პასუხობს: ბრრრ-ჰმ, ბრრრ-ჰმ, ბრრრ-ჰმ.
თაფლის მეგზური მეფუტკრეს გზას უჩვენებს, ხიდან ხეზე დაფრინავს. თაფლის შემგროვებელი უკან მიჰყვება. როდესაც სკას მიაღწევენ, მეფუტკრე კვამლს შეაბოლებს, ხეს ჭრის, ნაჯახით ღეროს ჩეხს, ფიჭას ამოიღებს და თაფლს გამოწურავს. შემდეგ მეგზურს ნაძარცვს უზიარებს და ტკბილი ფიჭის გროვას უტოვებს.
2015 წელს ბიოლოგი კლერ სპოტისვუდი შეუერთდა იაოს თაფლის მომპოვებლებს – ორლანდუ იასენეს და მუსაჯი მუამედის იმის გასაგებად, ნებისმიერ ძახილზე რეაგირებენ ფრინველები თუ კონკრეტულად, იაოს ძახილზე. აღმოჩნდა, რომ სეგოები, სულ მცირე, ორჯერ მეტად რეაგირებდნენ იაოს „ბრრრ-ჰმ“-ზე და სამჯერ უფრო ხშირად უჩვენებდნენ ჯგუფს თაფლის გზას.
არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს უძველესი თანამშრომლობა, რომელიც უკვე გაქრა აფრიკის მრავალი კუთხიდან, ნიასაში გაგრძელდება. თუ მბამბის ბაზარზე რაფინირებული შაქრის ყიდვა უფრო ადვილია, რატომ უნდა ეწეოდე ისეთ შრომატევად და პოტენციურად მტკივნეულ საქმიანობას, როგორიცაა ტყეში თაფლის მოპოვება ბაობაბიდან ან სხვა ხიდან?
ივენე ბაობაბის ქერქით დამზადებული თოკის ბოლოზე მობმულ ვედროს დაბლა უშვებს და თვითონაც ადვილად ეშვება ხეზე დამაგრებულ საფეხურებზე. ხიდან ჩამოსულს, ცეცხლის შუქზე თაფლიანი ხელები უბრწყინავს და სახეზე კმაყოფილების ღიმილი უთამაშებს. ნიასის შორეულ ტყეებში ტკბილი ღამეა.
სამხრეთაფრიკელი მწერალი ლეონი ჟუბერი ათზე მეტი წიგნის ავტორია. იგი სამეცნიერო თემებს აშუქებს და მას ეკუთვნის სტატია კალაჰარის ველური ბუნების შესახებ, რომელიც 2021 წლის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა.