
განგაშის ზარი წყლის ხარისხზე
ამერიკელთა ერთი მეოთხედი წყალს სვამს სისტემებიდან, რომლებიც უსაფრთხოების წესებს არ შეესაბამება. ჩვენ ყველას, ერთად, შეგვიძლია ამის შეცვლა.
როცა ჩემი მცირეწლოვანი ქალიშვილი მეუბნება, მწყურიაო, ბუნებრივად ვთვლი, რომ ჩვენი სამზარეულოს ონკანის წყალი სუფთა და უსაფრთხოა. სიმართლე რომ ითქვას, სწორედ ასე ფიქრობს ამერიკელთა უმეტესობაც. მაგრამ ასეა კი ეს?
შემაშფოთებელი სინამდვილე ისაა, რომ ამერიკელთა დაახლოებით 25% წყალს ისეთი სისტემებიდან სვამს, რომლებიც არღვევს შეერთებული შტატების „კანონს უსაფრთხო სასმელი წყლის შესახებ“. დარღვევები კი წყლის არასათანადოდ შემოწმებასა თუ ტყვიის ან დარიშხანის სახიფათო ოდენობით შემცველობას გულისხმობს – და ეს ყველგან ხდება: სასოფლო თემებშიც და დიდ ქალაქებშიც.
წყლის სისტემები ძველია, ცუდად მოვლილი და აუცილებლად საჭიროებს მოდერნიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით – უფრო მეტიც, ზოგიერთი წყალმომარაგების სისტემას თავისი მოვალეობების არასათანადოდ შემსრულებელი სამსახურები მართავენ, სადაც არაკომპეტენტურობასა და სოციოეკონომიკურ თუ რასობრივ მიკერძოებულობას შეუძლია განსაზღვროს, თემი დასნეულდება თუ არა მისთვის მიწოდებული სასმელი წყლით. რეალობა კი ისაა, რომ ჩვენს წყალს სასმელად ვარგისად ვეღარ მივიჩნევთ.
მაინც, რამდენად სახიფათოა წყალი? დაბინძურების წყაროსა და ზემოქმედების გათვალისწინებით, ჯანმრთელობაზე გავლენა შეიძლება მოიცავდეს ბავშვებში ნევროლოგიურ გართულებებსა და განვითარებასთან დაკავშირებული უნარების შეზღუდვას (ტყვია), ჰორმონულ დარღვევებს (პერქლორატები) და კანის, შარდის ბუშტისა და თირკმლის სიმსივნის მომატებულ რისკს (დარიშხანი).
ყველას აქვს სუფთა წყალზე წვდომის უფლება, ამერიკაში ეს უფლება დაცულია 1972 წლის „კანონით სუფთა წყლის შესახებ“, რომელიც გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ შეერთებული შტატების წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების რეგულირებას განსაზღვრავს და 1974 წლის „კანონით უსაფრთხო სასმელი წყლის შესახებ“, რომელიც წყლის ყველა საზოგადოებრივ სისტემაში დამაბინძურებელთა მაქსიმალურ რაოდენობას ადგენს. ეს ფედერალური კანონები შეერთებულ შტატებში გარემოსდაცვითი დეგრადირების უკიდურეს პერიოდში მიიღეს – იმ დროს, როცა ქალაქებს სმოგი ახრჩობდა, მდინარეები კი ისეთი დაბინძურებული იყო, რომ რეგულარულად ეკიდებოდა ცეცხლი.
ამ კანონებმა და სხვა მრავალმა რეგულაციამ შტატისა და ქალაქის დონეზე დაბინძურების შემცირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით საგრძნობი გაუმჯობესება აჩვენა. მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ძალზე ბევრ ადგილას ამ ძირითად კანონებს მხარდაჭერა აკლია ან არ აღასრულებენ, შედეგად კი ხალხი ზარალდება.
მოდით, პუერტო-რიკოს მაგალითი განვიხილოთ. იქ წყლის მდგომარეობა მიუღებელი – სახელმწიფოში ყველაზე უარესი – იყო თვით 2017 წლის ქარიშხალ „მარიამდეც“. ჩემი ორგანიზაციის, „ბუნებრივი რესურსების დაცვის საბჭოს“ (NRDC) მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ 2015 წელს პუერტო-რიკოს თითქმის ყველა მცხოვრები წყალს ისეთი სისტემებიდან იღებდა, რომლებიც არღვევდა „კანონს უსაფრთხო სასმელი წყლის შესახებ“, ხოლო მათ თითქმის 70%-ს ონკანის წყალი კოლიფორმული ბაქტერიებით, სადეზინფექციო მასალების ნარჩენებითა და სხვა მსგავსი ნივთიერებებით დაბინძურებული წყაროებიდან მიეწოდებოდათ.
„მარიამ“ სრული ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ხალხს სხვა არაფერი დარჩენოდა მომწამვლელი წყაროებიდან სასმელი წყლის აღების გარდა და, შედეგად, მრავალი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტებში აღმოჩნდა კუჭ-ნაწლავის დაავადებებით. დღესაც კი, ქარიშხლიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, პუერტორიკოელებს ჯერ კიდევ აფრთხილებენ დალევამდე წყლის ადუღების თაობაზე.
კლიმატის ცვლილების შედეგად ქარიშხლის სეზონის ინტენსიურობისა და ხანგრძლივობის გაზრდის კვალდაკვალ, პუერტო-რიკო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ახლა მნიშვნელოვანი რესურსები უნდა გაიღონ ამ კუნძულის წყლისა და ენერგოინფრასტრუქტურისთვის, რომელიც, მსუბუქად რომ ითქვას, მყიფეა.
დღესდღეობით, შეერთებული შტატების ლიდერებს გამოყოფილი აქვთ მხოლოდ მცირე წილი იმ რესურსებისა, რაც პუერტო-რიკოს საკუთარი თავის დასაცავად ესაჭიროება. ასეთივე მდგომარეობაშია ბევრი სხვა მოწყვლადი ჯგუფიც ამერიკაში.
მთელ ამერიკაში სუფთა სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად პირველი ნაბიჯი უკეთესი ინფორმაციაა. 2016 წელს ნიუ-იორკი ქვეყანაში პირველი შტატი გახდა, რომელმაც სასკოლო ოლქებისგან სასმელ წყალში ტყვიის შემცველობის შემოწმება მოითხოვა – ის, რასაც „კანონი უსაფრთხო სასმელი წყლის შესახებ“ ვერ ახერხებს.
NRDC-მ ნიუ-იორკის შტატის საჯარო სკოლების სასმელი წყლის მონაცემები განიხილა. ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნიუ-იორკში საჯარო სკოლათა 82%-ს ისეთი ერთი ან მეტი ონკანი გააჩნდა, რომელიც აჭარბებდა ტყვიის ზღვრული შემცველობის დადგენილ ნორმას – პრობლემა შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე სკოლებში უფრო მწვავედ იდგა.
ტყვიის წყაროების შესახებ მონაცემებით აღჭურვილ ნიუ-იორკის შტატს შესაძლებლობა ეძლევა, საჯარო სკოლებში დაიცვას 2,7 მილიონი ბავშვი (მათ შორის, ჩემი ქალიშვილი) და სხვა შტატებისთვის მაგალითად იქცეს.
ტყვია მედიის ყურადღების ცენტრშია, თუმცა ეს რეალური სურათის ნახევარსაც არ წარმოაჩენს. რაც უფრო ღრმად ჩავიხედავთ დაბინძურების საკითხში, მით მეტს აღმოვაჩენთ, დამაბინძურებელი ნივთიერებების სია კი გრძელია: კოლიფორმული ბაქტერიები სარძევე ფერმების მახლობლად ვისკონსინში; სასუქებიდან გამოყოფილი ნიტრატები აიოვაში; ტყვია, ვერცხლისწყალი და ურანი ჰიდრავლიკური გახლეჩის სითხეში ოჰაიოს, ოკლაჰომის, პენსილვანიისა და ჩრდილოეთ დაკოტის მსგავს ადგილებში; ისეთი მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები, როგორიც ტეფლონში შედის და იმდენად ფართოდაა გავრცელებული, რომ შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მოსახლეობის 98%-ის სისხლში გვხვდება.
ეს პრობლემა შესაძლოა დაუძლევლად ჩანდეს, მაგრამ ერთად მოვახერხებთ მის გადაჭრას. საქმის დაწყება არსებითი საკითხებიდან გვმართებს, მაგალითად, ტყვიის მილების შეცვლითა და ფუჭებადი წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელების შეკეთებით. შემდეგ კი შესაძლებელი იქნება ქვეყნის მოძველებული წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება. ჩვენ უკეთ უნდა დავარეგულიროთ დამაბინძურებელი ნივთიერებები, გავაძლიეროთ სასმელი წყლის დაცვა და გავაუმჯობესოთ ტესტირება. სწორედ აქ დგება თქვენი ჯერი. თქვენ შეგიძლიათ, ქუჩაში გამომსვლელ იმ მრავალ ადამიანს შეუერთდეთ, სუფთა გარემოს მოთხოვნით რომ მარშირებს. შეგიძლიათ, დაესწროთ მუნიციპალიტეტისა თუ წყალმომარაგების ადგილობრივი სამსახურის მიერ გამართულ საჯარო განხილვებს. შეგიძლიათ, დაურეკოთ თქვენს დეპუტატს და უთხრათ, რომ წყლის ხარისხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენც და თქვენი ოჯახიც.
PFAS: ქიმიკატები, რომლებიც უმეტესობა ჩვენთაგანშია
რას წარმოადგენს პერფთოროქტანსულფომჟავა ნივთიერებები, აბრევიატურით – PFAS? – ისინი ადამიანის მიერ წარმოებული ქიმიკატების ტიპს მიეკუთვნება და გვხვდება ყველგან, მიწვის საწინააღმდეგო საფარიანი ტაფებიდან დაწყებული, საწვიმრებითა და ხანძარსაწინააღმდეგო ქაფით დამთავრებული. ცნობილია, რომ ისინი საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ჩვენ გარშემო არსებული მსოფლიო სავსეა PFOS და PFOA ნივთიერებებით. ისინი წყალმომარაგების სისტემებში ხვდება, როცა მწარმოებლები იშორებენ PFAS-ს ან ხანძარსაწინააღმდეგო ქაფს უშვებენ ისეთ ადგილებში, როგორიც აეროპორტი და სამხედრო-საზღვაო ბაზებია.
ისინი არც ბუნებრივ გარემოში იშლება და არც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ნაწევრდება ადვილად. თვით დაბალი შემცველობითაც კი, PFAS ნივთიერებები მთელ რიგ სერიოზულ დაავადებებთანაა დაკავშირებული, მათ შორის, თირკმლებისა და სათესლე ჯირკვლების სიმსივნესთან, ფარისებრი ჯირკვლისა და ღვიძლის დაავადებასთან, ქალებში ნაყოფიერების დაქვეითებასა და თანდაყოლილ დეფექტებთან. ჰკითხეთ თქვენს დეპუტატებს, რა ზომებს მიმართავენ PFAS-ისა და უსაფრთხო სასმელი წყლის პრობლემებთან საბრძოლველად.
2,1 მილიარდ ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ გააჩნია უსაფრთხო წყლის სისტემებთან წვდომა, გაეროს ორგანიზაციის UN-Water მონაცემებით.
რეა სუ „ბუნებრივი რესურსების დაცვის საბჭოს“ (NRDC) პრეზიდენტია – გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციისა ორ მილიონამდე წევრით. ვიდრე 2015 წელს NRDC-ს შეუერთდებოდა, შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე იყო და მიწის სწორ მართვასთან, კლიმატის ცვლილებასა და სხვა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებს ხელმძღვანელობდა.