
განსაცდელშიც ნუ დავკარგავთ იმედს
ჩვენი პლანეტა კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებით, დაბინძურებით, დაავადებებითა და სხვა უბედურებებითაა მოცული. განა არსებობს იმედისთვის უკეთესი ხანა?
თითქოს სრულ ჭკუაზე არ უნდა იყო, იმედით თუ ხარ აღსავსე იმ სამყაროში, რომელიც შიმშილით, სიძულვილით, კლიმატის ცვლილებით, დაბინძურებით და სიმყრალითაა გაჯერებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგი ადამიანის თვითგამანადგურებელ ან საშინლად მომაბეზრებელ ქცევებზე.
და მაინც, უფრო ხშირად უსაზღვრო იმედით ვართ აღვსილნი. იმედი ზოგჯერ დაჟინებული ოპტიმიზმია, ნდობა და რწმენა იმისა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები კარგად იქნებიან, რომ, რასაც უნდა უქადდეს მათ ცხოვრება, ყველაფერს გადალახავენ. იმედი იმის დაჯერებაა, რომ, რაც უნდა ბედუკუღმართი მდგომარეობა იყოს, თანამედროვე მეცნიერება თუ ადამიანების სიკეთე და ზრუნვა ერთმანეთის მხარდამხარ მოგვევლინება და ყველაზე სასიამოვნოდ გაგვაოცებს.
იმედი მტკიცე სამოსს მაგონებს, მაგალითად, ტყავის ძველ ქურთუკს: რაღაც ისეთს, რაც მახსენებს, რომ აქ ადრეც ვყოფილვარ არანაკლებ შემაძრწუნებელ გარემოებებში; მაშინაც გადავრჩი და ამასაც გადავიტან. მთავარია, რეალობას მყარად ვიყო ჩაჭიდებული.
რეალობა კი ისაა, რომ ყველა ჩემს ნაცნობს, ჩემი ჩათვლით, ორჯერ მაინც აქვს გადატანილი უმძიმესი პერიოდი თითქოსდა დაუძლეველი ტრაგედიის შედეგად, მაგრამ ყოველი ასეთი კრიზისი გადავლახეთ, ჩვენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანების სიყვარულის, დროის უცნაური სამკურნალო თვისებების, შემთხვევითი მოკეთეებისა თუ ჩვენი ძაღლების დამსახურებით.
დროდადრო ცხოვრება მეტისმეტად დამძიმდება ხოლმე. გარე სამყარო თითქოს ათასნაირი საფრთხითაა სავსე. ჩემი პირადი პატარა სამყაროც ნგრევებს განიცდის – ახლობლის გარდაცვალება და განშორება ძალიან მოქმედებს და ცუდ დღეში მაგდებს.
ასეთ სიტუაციებში, ჩვეულებრივ, ამ ორიდან ერთი რეაქცია მაქვს ხოლმე: ვთვლი, რომ არაფერი მეშველება, ან კიდევ მგონია, რომ დამნაშავე უნდა ვიპოვო. მაგრამ მართალი არც ერთი არაა. სიმართლე ისაა, რომ სიყვარულის, მეცნიერებისა თუ ერთად დგომის შედეგად რაღაც ძვრა მოხდება და ვიგრძნობთ, რომ თითქოს შედარებით მაინც არა გვიშავს, რაც უკვე სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს.
სხვების დახმარებას იმედიანად თუ შევუდგებით, უკვე გარანტია გვექნება, რომ იმედი არსებობს. ამით საკუთარ იმედს ვაძლიერებთ. იმედი სხვებზეც ვრცელდება და ყოვლისმომცველი ხდება.
„ზოგჯერ უნდა დავიჯერო, რომ სამოთხე ახალი სათვალეა და მეტი არაფერი“ – უთქვამს მღვდელს, რომელსაც დაახლოებით 80 წლის წინ ანონიმურ ალკოჰოლიკთა ორგანიზაციის დაარსებაში მიუძღვის წვლილი. როდესაც ასეთი სათვალის მორგება მახსენდება, ყველგან იმედისმომცემ რაღაცებს ვამჩნევ. კვარტალს ვერ გაივლი, ნარჩენების გადამამუშავებელი ურნები რომ არ შეგხვდეს. ჩემი ახალგაზრდა მეგობარი ოლივია, რომელიც ცისტოზური ფიბროზითაა დაავადებული, ორი წლის წინ ახალთახალი პრეპარატის საცდელ კლინიკურ კვლევაში ჩართეს და შედეგი დადებითია – იგი ბევრად უფრო დიდხანს იცოცხლებს, ვიდრე ამის იმედს თავდაპირველი პროგნოზი გვაბედინებდა.
ეს დროება მომწონს, ჩვენი კოლექტიური შიშისა და გლოვის მიუხედავად. ანტიბიოტიკები მიყვარს. ელექტროენერგიაზე ჭკუა მეკეტება. ბოლოს და ბოლოს, თვითმფრინავით მგზავრობა შემიძლია! ხოლო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კატასტროფების გახშირებას რაც შეეხება – მას შემდეგ, რაც სასოწარკვეთილება და სამყაროს აღსასრულის მოლოდინი შემიპყრობს – მახსენდება ერთი ბრძენი ქალის ნათქვამი: უბედურების ჟამს დამხმარეები ყოველთვის მოიძებნებიან.
რამდენი მოხალისე და ჰუმანიტარული ორგანიზაცია ჩნდება, როდესაც ნანგრევების თუ ნარჩენების მოწესრიგება ან ბავშვების აცრა ხდება საჭირო; რამდენი თვითმფრინავი, მატარებელი და გემი ივსება მშიერი ხალხისთვის მისატანი საკვებით. გნებავთ, დესმონდ ტუტუ და მალალა იუსაფზაი აიღეთ, ბილ გეიტსი ან თუნდაც, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამოქალაქო ჯანდაცვის, გარემოს დაცვის თუ, ზოგადად, კაცობრიობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის მოღვაწეობს, მაგალითად – მასწავლებლები.
ვინც ამბობს, რომ არაფერი გამოვა, ჯობია, გზიდან გაეცალოს მათ, ვინც ამ დროს ირჯება. ქმედებას ვიწყებთ – უფასო სასადილოები იქნება ეს, მდინარეების დასუფთავება თუ სწავლება – და შედეგი სახეზეა: სხვების დახმარებას იმედიანად თუ შევუდექით, უკვე გვაქვს გარანტია, რომ იმედი არსებობს.
ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანები კლიმატის თემაზე დავაფიქრო. სამაგიეროდ, მაქვს კარგი ფეხსაცმელი, რომ საღი აზრის მხარდასაჭერ აქციებზე ვიარო.
სამყაროში სიკეთეს ვთესავთ და ეს იმედს გვაძლევს. ზამთრის ცივ, ქვიან მიწაში ბოლქვებს ვრგავთ და დაღლილი თითები გვეყვლიფება, მაგრამ საქმე მაინც ბოლომდე მიგვყავს და ორიოდე თვის შემდეგ ნარგიზებისა და ტიტების სახით სიცოცხლე იწყებს ჩქეფას.
იმედი – ეს ზოგჯერ იმის გადაწყვეტაა, რომ გადამეტებულმა ანალიზმა მოქმედებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. მივდივართ დასახმარებლად ან ვრიცხავთ ფულს.
იმედი გინდათ? ინდოეთში ნახავთ ოჯახებს, რომლებიც ქუჩაში მტვრიან ტროტუარზე იღვიძებენ და უღატაკეს დედებს, რომლებიც ბავშვებს სკოლაში გაშვების წინ თმას ვარცხნიან. ის სკოლა იმედია. უფრო ახლოს ისეთი მოზარდი მოიძებნება, რომელმაც თავის ტვინში სისხლდენა გადაიტანა და ახლა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის გახსნილ უნივერსიტეტში მიემგზავრება. – გადარჩენით ხომ გადარჩა.
ამა თუ იმ სურვილის ახდენის იმედი შეიძლება გაგვიცრუვდეს, მაგრამ თუ ამის მაგივრად იმედს ადამიანის სულის სიმტკიცესა და ძალაში, სიახლეებში, სიცილსა და ბუნებაში ჩავდებთ, არ გავწბილდებით.
ნეტავ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს და შემეძლოს, ძალაუფლების მქონე ადამიანებს მეცნიერული თვალით შევახედო კლიმატის თემაზე, მაგრამ ვაი, რომ არ მაქვს. სამაგიეროდ, კარგი ფეხსაცმელი მაქვს, რომლითაც შემიძლია მეცნიერებისა და საღი აზრის მხარდასაჭერ აქციებზე ვიარო. სადაც კი გავიხედავ, ვამჩნევ ადამიანებს, რომლებიც უმაღლეს, უკეთილშობილეს იდეალებს აღწევენ – მთავარია, აზრად მომივიდეს, გავიხედ-გამოვიხედო იმის მაგივრად, რომ ჩემს მტკივან ფეხებს დავჩერებოდე.
ბავშვები სკოლის ლაბორატორიებიდან საკმარისი ცოდნითა და ენთუზიაზმით გამოდიან იმისთვის, რომ წვლილი შეიტანონ მდინარეების შესართავებისა და წყალგამყოფების აღდგენაში. საეკლესიო მოხალისეთა ჯგუფები განვითარებადი ქვეყნების სოფლების დასახმარებლად წყლის ჭებს თხრიან. ჯონ ლენონმა თქვა: საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. თუ ყველაფერი კარგად არ არის, ესე იგი ბოლო ჯერ არ დამდგარაო. აქამდე ეს გამონათქვამი ყოველთვის ამართლებდა.
ზოგჯერ იმედი რადიკალური ქმედებაა, ზოგჯერ კი – მშვიდი, ლმობიერი პასუხი; ხანაც უბრალოდ სიკეთისა და მშვენიერების აღქმის გამძაფრება. იმედი გქონდათ, რომ ადრე გაიღვიძებდით და განთიადს ნახავდით, პირველ ნათებას, ფერადოვან აისს, მაგრამ მოღრუბლული, ნისლიანი დილა დაგხვდათ; და მაინც, რძისფერ ცას შეჰყურებთ და ამ სანახაობაშიც ხედავთ რაღაც დიდებულს. თუ კარგად დააკვირდებით, იქნებ მთვარის ჩასვლაც შენიშნოთ, რომელიც ძილში დაგვნათოდა… და ახალი დღის დადგომას შეეგებოთ.
როგორ დავეხმაროთ იმედით
კეთილი საქმის კეთება, სხვების დახმარება და იმედის გავრცელება ნებისმიერ დღეს და ნებისმერ ადგილას არის შესაძლებელი, მთავარია მოვინდომოთ.
Food Rescue US ჭარბი სურსათის მქონე კომპანიებისაგან მიწოდებულ საკვებს მოხალისე კურიერების დახმარებით ურიგებს მათ, ვინც მშიერია.
The EarthEcho Water Challenge ადამიანებს ხელსაწყოებით ამარაგებს, რათა წყლის მდგომარეობა ამოწმონ და ამით წყლის ადგილობრივი წყაროები დაიცვან. worldwatermonitoringday.org
Be The Match სისხლის კიბოს მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის დონორის პოვნასა და გადანერგვაში ეხმარება: bethematch.org