21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ყველა ვერთვებით სევდანარევ მხიარულებაში, ჭრელ წინდებს ვატრიალებთ, ვიღიმით და ბავშვებს ვეხუტებით. ასე უნდა იყოს! აბა რა! მაგრამ სულ ვფიქრობ…
– რატომ არ ჩანან ზრდასრულები, რომლებსაც სინდრომი აქვთ?
– ზოგადად, რა ვიცით ამ სინდრომზე?
– 364 დღის განმავლობაში რამდენჯერ გვახსენდებიან ეს ადამიანები?
ინტერნეტში ამერიკელი მოსწავლის, მელისა რიჯიოს ბლოგს წავაწყდი: “დედამ მითხრა, რომ დაუნის სინდრომი მაქვს. შემეშინდა. მეგონა, ხალხი იფიქრებდა, რომ საკმარისად ჭკვიანი არ ვარ. მე ხომ სხვანაირად გამოვიყურები და სხვანაირად ვლაპარაკობ. მომინდა, ჩემი ზედმეტი ქრომოსომა გადამეგდო. მერე მივხვდი, რომ სინდრომმა მაქცია იმად, რაც ვარ; ბევრს ვშრომობ. კარგი ადამიანი ვარ და მეგობრებზე ვზრუნავ. სულ ტყუილად ვღელავდი. მანამდეც ვუყვარდი ყველას. გავიგე და მაინც ყველას ვუყვარვარ. არასდროს უტკენიათ გული ჩემთვის, არც დედისთვის. ჩემს ქვეყანაში კარგი ხალხია”.
„თავი დისკრიმინირებულად არ უნდა იგრძნო იმის გამო, თუ რას იტყვის კოლექტიური თოფაძე”.
მის ქვეყანაში კარგი ხალხია და დედასაც არავინ აწყენინა… ეს სიტყვები გულზე მომხვდა. სულ სხვა “ბრენდის” ლუდი მედგა მაგიდაზე, მაინც გავწიე… აღარ მომინდა…
მთელი რედაქცია ერთსულოვანნი ვართ, რომ მეტი დრო და ენერგია დავუთმოთ ასეთ დაავადებებს. ამიტომ, მთელი “პაკეტი” შევკარით 2016 წლისთვის.
მარტის ნომერში, საერთაშორისო დღეს ვამთხვევთ ანა გოგოსაშვილის საინტერესო ინტერვიუს ნინო ცინცაძესთან, გურამ მურადოვის გადაღებული ფოტოებით.
წლის განმავლობაში კიდევ შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, ბლოგებსა თუ ამბებს სამეცნიერო კვლევებზე, რომ ის 364 დღე შევავსოთ. იმედი მაქვს, მალე ჩვეული სურათი იქნება კინოში ჩვენ გვერდით მჯდომი ზრდასრული, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს – სრულიად უცნობი ადამიანი, რომელსაც სტანდარტული ანგარიშ
მიუცემლობით გავუწვდით ბატიბუტს მის მოურიდებელ თხოვნაზე – “აუ, რიგში დამეზარა დგომა და ცოტა პოპკორნი მომე რა…”