

გაქრობა
რას ვკარგავთ, როდესაც ცხოველები ქრებიან
რომ ვცხოვრობდეთ ჩვეულებრივ დროს – აქ დრო ხანგრძლივი, აუჩქარებელი გეოლოგიური ეპოქის მნიშვნელობით უნდა ვიგულისხმოთ – სახეობის გაქრობის ხილვა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. მსგავსი რამ იმდენად იშვიათად მოხდებოდა, ადამიანთა უმეტესობა თავიანთი ცხოვრების მანძილზე მისი თვითმხილველი ვერასოდეს გახდებოდა. ძუძუმწოვართა შემთხვევაში, რომლებიც ცხოველთა ყველაზე უკეთ შესწავლილი ჯგუფია, აღმოჩენილი განამარხებული ნაშთები იმას მიანიშნებს, რომ გადაშენების „ფონური“ მაჩვენებელი, ანუ ის, რომელიც ასპარეზზე ადამიანთა გამოჩენამდე დომინირებდა, იმდენად დაბალია, რომ ათასწლეულის განმავლობაში მხოლოდ ერთი სახეობა უნდა გამქრალიყო.

Lagothrix cana (EN)
კვების უკმარისობით დაუძლურებული ეს ახალგაზრდა ხშირბეწვიანი მაიმუნი შინაურ ცხოველად გაზარდეს ბრაზილიაში. როდესაც ის დაატყვევეს, დედა, სავარაოდით მოუკლეს. მას შემდეგ, რაც გარემოსდაცვითმა პოლიციამ იხსნა უმკურნალეს, მაგრამ მას ცხოვრების ბოლომდე ტყვეობაში მოუწევს არსებობა.
მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩვეულებრივ ეპოქაში. საითაც უნდა გავიხედოთ, სახეობები ყველგან უჩინარდებიან. მხოლოდ გასულ ათწლეულში ძუძუმწოვართა ორი სახეობა გადაშენდა: ღამურა Pipistrellus murrayi და ვირთაგვა Melomys rubicola.
ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირი გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფთა სიაში 200-ზე მეტ სახეობასა და ქვესახეობას აღნუსხავს. გადაშენების მაჩვენებელი ფონურ ნიშნულს ასჯერ, შესაძლოა, ათასჯერაც აღემატება. ეს მაჩვენებლები იმდენად მაღალია, რომ, მეცნიერების თქმით, ჩვენ მასობრივი გადაშენების მოვლენის ზღვარზე ვართ.

კუნძულის მრავალი სახეობის მსგავსად, ახალ კალედონიაში,საფრანგეთის წყნაროკეანურ ტერიტორიაზე მობინადრე კაგუ, რომელსაც ფრენა პრაქტიკულად არ შეუძლია, ძლიერ დააზარალა, XVIII საუკუნის ბოლოს ევროპელ ახალმოსახლეთა და მათი ცხოველების გამოჩენამ. კაგუ შემოყვანილი ღორების, კატებისა და ძაღლების მსხვერპლი კვლავაც ხდება. ეს ფრინველი მიწაზე ბუდობს, რის გამოც კვერცხებს ვირთაგვები უჭამენ. პოპულაციის შესახებ უკანასკნელი მონაცემებით, დღეს ათას კაგუზე ნაკლები უნდა იყოს შემორჩენილი, მაგრამ, მეცნიერები მომავალს მაინც იმედიანად უყურებენ: ათწლეულობით ტყვეობაში გამრავლების შედეგად ამ ფრინველის ველურ გარემოში ხელახალი გამოჩენა მოხერხდა, მტაცებლის კონტრილმა კი ზოგიერთ პოპულაციას გამოცოცხლების საშუალება მისცა.
უკანასკნელი მასობრივი გადაშენება, დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ დინოზავრები რომ გააქრო, ასტეროიდის დარტყმას მოჰყვა; დღევანდელი გადაშენების მიზეზები კი უფრო მრავალგვარია. მათ შორისაა ტყის გაჩეხა, ბრაკონიერობა, ახალი პათოგენების გამოჩენა, კლიმატის ცვლილება, ჭარბი თევზჭერა და ოკეანის მჟავიანობის აწევა.

ქურციკ დამას ეს ქვესახეობა ოდესღაც ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ საჰარაში, ახლა კი მალიში, ჩადსა და ნიგერში ერთად აღებული 300-ზე ნაკლები დამაა. მათ არეალს შინაური პირუტყვისთვის გამოყენებული საძოვრები არღვევს, თავად დამას კი ნადირობა უქმნის საფრთხეს.ტყვეობაში გამრავლებულ ცხოველთა ველურ გარემოში დაბრუნება ჯერჯერობით არ არის ბოლომდე წარმატებული.
მაგრამ ყველა მათგანის წყაროს რომ ჩავუღრმავდეთ, ერთსა და იმავე დამნაშავეს შევეჩეხებით. არაერთი მეცნიერის მტკიცებით, ჩვენ ახალ გეოლოგიურ ეპოქაში შევაბიჯეთ – ანთროპოცენში, ანუ ადამიანთა ხანაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამჯერად ასტეროიდი ჩვენ ვართ.
რა იკარგება, როდესაც ცხოველი ქრება?
ადამიანის მსგავს მაიმუნსა თუ სულ პატარა ჭიანჭველაზე მსჯელობა როგორც სახეობაზე, შემდეგი თავსატეხის ამოხსნის შანსსაც იძლევა: კიდევ როგორაა შესაძლებელი დედამიწაზე ცხოვრება. სახეობის გენომი ერთგვარი სახელმძღვანელოა; როდესაც სახეობა იღუპება, ეს სახელმძღვანელოც იკარგება. ამ მნიშვნელობით კი ჩვენ ვძარცვავთ ბიბლიოთეკას – სიცოცხლის წიგნთსაცავს.
ჯოელ სარტორე თავისი პროექტისთვის Photo Ark (ფოტოკიდობანი) ცხოველებს ფოტოებს უკვე 13 წელია უღებს. სულ უფრო მეტ შემთხვევაში, ზოოპარკებსა და სპეციალურ გასამრავლებელ ცენტრებში მობინადრე ცხოველები თავიანთი სახეობის უკანასკნელ შემორჩენილ წარმომადგენლებს შორის ირიცხებიან. ცალკეულ შემთხვევებში კი ისინი ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი ინდივიდები არიან.

XX საუკუნის დასაწყისში სავარაუდოდ, 100 000-მდე სპილო დააბიჯებდა აზიაში, მას შემდეგ კი მათი რიცხვი, ალბათ, განახევრდა. მათ არა მარტო ეშვების გამო ხოცავენ, არამედ – ხორცისა და ტყავის გამოც, ზოგჯერ კი – მათ მიერ მოსავლისთვის მიყენებული ზიანის საპასუხოდ.სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
სწორედ იმიტომ, რომ სახეობათა გადაშენება დღეს ასე ხშირია, ამას შეიძლება შევეჩვიოთ. სახეობების მიმართ ჩვენი მგრძნობიარობის დაქვეითება კი სარტორეს ფოტოებს უკიდურესად მნიშვნელოვანს ხდის: ისინი გვიჩვენებენ, რამდენად გასაოცარია ყოველი სახეობა, რომელიც ქრება.
ელიზაბეთ კოლბერტის უკანასკნელმა წიგნმა „მეექვსე გადაშენება“ პულიტცერის პრემია მიიღო. ცხოველთა სტუდიური პორტრეტების მსოფლიოში უდიდესი კრებულის, „ფოტოკიდობნის“ აგების გამო ფოტოგრაფ ჯოელ სარტორეს თანამედროვე ნოე უწოდეს.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.