
გარდაცვალება
ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც მაღალხარისხიანი რეანიმაციის წყალობით სიცოცხლეს იბრუნებენ, ერთმანეთის მსგავს ისტორიებს ყვებიან
თავიდან ეს თითქოს მხოლოდ თავის ტკივილი იყო, მაგრამ – ძლიერი.
22 წლის კარლა პერესს, რომელიც ხუთი თვის ორსული იყო, მსგავსი ტკივილი არასდროს უგრძვნია. წამოწვა, ეგონა გაუვლიდა, მაგრამ ტკივილი უფრო აუტანელი გახდა, საწოლის კიდეზე აღებინა კიდეც. ამის შემდეგ, უმცროს ძმას 911-ზე დარეკვა სთხოვა.
2015 წლის 8 თებერვალს, კვირადღეს, სასწრაფო დახმარების მანქანამ პერესი ვატერლოოში (ნებრასკა) მდებარე სახლიდან ომაჰაში, ქალთა ჰოსპიტალში გააქანა. გონება რეანიმაციაში დაკარგა, ამიტომ ემბრიონისთვის ჟანგბადის მიწოდების შესანარჩუნებლად, ტრაქეოტომია (ყელში მილის ჩადგმა) გაუკეთდა. კომპიუტერული ტომოგრაფიით დიაგნოზი დაისვა: მასიური სისხლჩაქცევა თავის ტვინში, რომელიც ქალაში ძლიერ წნევას წარმოქმნიდა.
კარლას ინსულტი განუვითარდა. ყველას გასაოცრად, ნაყოფის მდგომარეობა არ იცვლებოდა, მისი გულისცემა მძლავრი და სტაბილური იყო. თითქოს არაფერი მომხდარიყო. ღამის 2 საათზე ნევროლოგებმა კიდევ ერთი ტომოგრაფიული გამოკვლევა ჩაატარეს. მათი ყველაზე უარესი მოლოდინი დადასტურდა: პერესის თავის ტვინი იმდენად გაიბერა, რომ ტვინის ღერო ქალას ფუძესთან მდებარე პატარა ზომის ნახვრეტიდან ამოვიდა.
„ექიმების აზრით, საქმე ძალიან ცუდად იყო“, – ამბობს ტიფანი სომერშელი, მეან-გინეკოლოგი, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა პერესი პირველ შვილზე – ჯენეზისზე ორსულობის პერიოდში.
პერესი სიკვდილ-სიცოცხლის გაურკვეველ მიჯნაზე იმყოფებოდა. მისმა ტვინმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ის აღარასდროს აღდგებოდა ანუ ტვინი მოკვდა. ხოლო სხეულის შენარჩუნება მექანიკურად შესაძლებელი იყო, ამ შემთხვევაში ერთადერთი მიზეზით: 22 კვირის ასაკის ემბრიონის გამოსაზრდელად. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, რადგან მეცნიერებმა დაადგინეს: ჩვენი არსებობა სულაც არ ჰგავს დენის ჩამრთველს – „ჩართული“ ცოცხლებისთვის, „გამორთული“ – გარდაცვლილებისთვის. ის უფრო რეოსტატს ჰგავს, რომელსაც შავსა და თეთრს შორის სხვადასხვა ტონებში მანევრირება შეუძლია. ნაცრისფერ ზონაში სიკვდილი სულაც არ არის გარდაუვალი, აქ სიცოცხლე გარკვეული, რთულად განსასაზღვრი ფორმით არსებობს, ზოგიერთები კვეთენ კიდეც ამ მიჯნას და უკან ბრუნდებიან. შემდეგ კი, დეტალურად ყვებიან, რა ნახეს მეორე მხარეს.
„სიკვდილი პროცესია და არა მომენტი“, – წერს ინტენსიური თერაპევტი სემ პარნია თავის წიგნში „სიკვდილის წაშლა“. გულისცემა წყდება და ორგანიზმს სისხლი აღარ მიეწოდება, მაგრამ ორგანოები მყისიერად არ კვდებიან: „ფაქტობრივად, ისინი საკმაო დროის განმავლობაში, შესაძლოა, სრულიად უვნებელნი დარჩნენ. ეს ნიშნავს, რომ სიკვდილის შემდეგ, დროის მნიშვნელოვან პერიოდში, სიკვდილი რეალურად შექცევადია“.
როგორ შეიძლება იყოს შექცევადი სიკვდილი – მარადისობის მთავარი არსი? როგორია ცნობიერების ბუნება ამ ნაცრისფერ ზონაში გარდასვლისას?
სიეტლის ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევის ცენტრის თანამშრომელი, ბიოლოგი მარკ როთი ექსპერიმენტებს ატარებს: ცხოველები ქიმიური გზით ანაბიოზში გადაჰყავს; ერთმანეთში ურევს ხსნარებს, რომლებიც ზამთრის ძილთან მიახლოებულ გაიშვიათებულ გულისცემასა და შენელებულ მეტაბოლიზმს იწვევს. მისი მიზანია, გულის შეტევაგადატანილი უმძიმესი ავადმყოფების „ოდნავ უკვდავებად“ ქცევა მანამ, სანამ ისინი სამედიცინო კრიზისს გადაიტანენ.
ბალტიმორსა და პიტსბურგში ტრავმატოლოგები ქირურგ სემ ტიბერმანის ხელმძღვანელობით, კლინიკურ ცდებს ატარებენ: ისინი ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით დაჭრილ პაციენტებს სხეულის ტემპერატურას უქვეითებენ, რათა გარკვეული დროით სისხლდენა შეანელონ და ექიმებმა ჭრილობების დახურვა მოასწრონ. ამ შემთხვევაში ექიმები პაციენტის გადასარჩენად სხეულის გადაცივების მეთოდს მიმართავენ. როთი კი ცხოველებზე ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს. შედეგი ერთია: დროებითი მოკვდინება.
არიზონაში გაყინვის სპეციალისტებს 130-ზე მეტი გარდაცვლილი კლიენტი ჰყავთ გაყინულ მდგომარეობაში – „საიქიოს კარიბჭის“ კიდევ ერთი ტიპი. იქნებ, ოდესმე, შორეულ მომავალში, თუნდაც საუკუნეების შემდეგ, ისინი გააცოცხლონ და გამოაჯანმრთელონ კიდეც სიკვდილის ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად.
ნევროლოგი რიჩარდ დევიდსონი ინდოეთში მუშაობს; ბუდისტი ბერებისგან „თუკდამის“ მდგომარეობაში ყოფნას სწავლობს, რომლის დროსაც სიცოცხლის ბიოლოგიური ნიშნები შეწყვეტილია, ხოლო სხეული კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში საღი და უვნებელი რჩება. დევიდსონის მიზანია, მათი ტვინის რაიმე აქტივობის აღმოჩენა; სურს გაიგოს, რა მოსდის გონებას სისხლის მიმოქცევის შეწყვეტისას, თუკი საერთოდ მოსდის რაიმე.საიქიოდან პაციენტთა მობრუნება გულის რამდენიმესაათიანი გაჩერების შემდეგაც შესაძლებელია.
პარნია ხალხს მდგრადი რეანიმაციის შესახებ უამბობს. მისი თქმით, გულის მუშაობის და სუნთქვის აღდგენა იმაზე მეტადაა შესაძლებელი, ვიდრე ადამიანები აცნობიერებენ. მისი აზრით, შესაფერის პირობებში (ანუ როდესაც სხეულის ტემპერატურა დაქვეითებულია, გულის არაპირდაპირი მასაჟის სიღრმე და ტემპი დარეგულირებული, ხოლო ჟანგბადი ნელა მიეწოდება), შესაძლებელია ისეთი პაციენტიც გადარჩეს, რომლის გულისცემა რამდენიმე საათი იყო გაჩერებული. თან ყოველგვარი გრძელვადიანი გართულებების გარეშე.
ამჟამად ის გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ასპექტს იკვლევს: რატომ ყვებიან ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სხეულთან განშორებისა და სიკვდილთან მიახლოების განცდების შესახებ. რის გაგება შეგვიძლია მათი მონათხრობით ლიმბოს ზონისა და თვით სიკვდილის ბუნების შესახებ?
„ჟანგბადი პარადოქსულ როლს თამაშობს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე“, – ამბობს როთი. მას შემდეგ, რაც მე-18 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ჟანგბადი აღმოაჩინეს, მეცნიერები აღიარებენ, რომ ის სიცოცხლისთვის აუცილებელია. მაგრამ მე-18 საუკუნეში არ იცოდნენ, რომ შეხედულება – თუ ჟანგბადი არ არის, სიცოცხლე არ არის – უპირობოდ მართებული არ არის. „დიახ, თუკი ჟანგბადის სასიცოცხლო რაოდენობას მოაშორებთ, შესაძლოა ცხოველი მოკლათ“, ამბობს როთი. „მაგრამ, თუ კიდევ უფრო შეამცირებთ, ცხოველი სიცოცხლეს დაუბრუნდება, თუმცა ანაბიოზის მდგომარეობაში“.
როთმა ნიადაგის ნემატოდები გამოიკვლია, რომლებიც ჟანგბადის სულ რაღაც 0,5% შემცველობის ჰაერში ცოცხლობენ და კვდებიან, თუკი ჟანგბადის კონცენტრაციას 0,1%-მდე შეამცირებთ. მაგრამ თუ სწრაფად განაგრძობთ ჟანგბადის დონის შემცირებას კიდევ უფრო დაბალ მაჩვენებლამდე – 0,001%-მდე და უფრო ნაკლებამდეც – ჭიები ანაბიოზის მდგომარეობაში გადადიან. ამ მდგომარეობაში მათ სიცოცხლისთვის ბევრად ნაკლები ჟანგბადი ესაჭიროებათ. ამ გზით ისინი გადარჩენას ახერხებენ. ეს ცხოველთა ზამთრის ძილს წააგავს.
როთს საცდელ ცხოველებში „აღმდგენი აგენტი“ იოდიდი შეჰყავს, რომელიც ცხოველების ჟანგბადზე მოთხოვნილებას მკვეთრად ამცირებს. ცოტა ხანში, მას ადამიანებზეც გამოცდის. მისი მიზანია, მინიმუმამდე დაიყვანოს სამედიცინო ჩარევების დროს მიყენებული დაზიანებები. მაგალითად, ბალონური ანგიოპლასტიკის ჩატარებისას დაქვეითებული მეტაბოლიზმის მდგომარეობაში მყოფი პაციენტის დაზიანებული გული აღდგენილი სისხლძარღვებით მოტანილი ჟანგბადით უცებ კი არ გადაივსება, არამედ მცირე დოზებით აითვისებს მას.
როთის აზრით, ბიოლოგიაში რაც უფრო ნაკლებს მოძრაობს რაიმე, მით დიდხანს ცოცხლობს.
თესლები და სპორები ასეულ ათასობით წლის განმავლობაში შეიძლება ცოცხლობდნენ – პრაქტიკულად, უკვდავები არიან. როთი ელოდება იმ დღეს, როცა იოდიდის მსგავსი აგენტის გამოყენებით, ადამიანებს „ხანმოკლე უკვდავებას“ მიანიჭებს. ამ ახალ მეთოდს მალე ავსტრალიაში გამოცდიან პაციენტებზე, რომელთაც გულის სერიოზული პრობლემები აქვთ.
მაგრამ ეს ვერ უშველიდა კარლა პერესს. მისი გული არც გაჩერებულა. სომერ-შელი ცდილობდა პერესის შეძრწუნებული მშობლებისთვის აეხსნა, რომ მათი ლამაზი, სიცოცხლით სავსე ქალიშვილის ტვინი მკვდარი იყო.
ხიმენესების მშობლიური ენა ესპანურია, ამიტომ მათთვის ექიმის ნათქვამი ყოველი სიტყვა ნელა უნდა ეთარგმნათ. თუმცა ეს არ იყო მთავარი დაბრკოლება. ძნელი იყო „ტვინის სიკვდილის“ ახსნა. ეს ცნება მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გამოიყენეს, როდესაც მედიცინის ორი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ერთმანეთს დაემთხვა: პირველი – მაღალტექნოლოგიური, სიცოცხლის შემანარჩუნებელი სუნთქვის აპარატის გამოგონება, რომელმაც ერთგვარად გააფერმკრთალა ზღვარი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის და მეორე – ორგანოების გადანერგვა, რამაც ამ ზღვარის დაზუსტება გადაუდებელ საქმედ აქცია. ანუ სიკვდილი უკვე აღარ დგინდებოდა ტრადიციულად, სუნთქვისა და გულისცემის შეწყვეტით, რადგან სუნთქვის აპარატს განუსაზღვრელი დროით შეეძლო ამ ფუნქციების შესრულება. ცოცხალია თუ მკვდარი სუნთქვის აპარატზე მიერთებული ადამიანი? თუ აპარატს გათიშავთ, როდის გექნებათ მისი ორგანოების ტრანსპლანტაციის ეთიკური უფლება?
1968 წელს ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ექსპერტები შეიკრიბნენ, რათა ორგვარად განესაზღვრათ სიკვდილი: ტრადიციული გზით, კარდიოპულმონალური კრიტერიუმებით და ახლებურად, ნევროლოგიური კრიტერიუმებით. ნევროლოგიური კრიტერიუმები, რომლებსაც დღეს „ტვინის სიკვდილის“ დასადგენად იყენებენ, სამ უმთავრეს ნიშანს მოიცავს: კომა, ანუ ცნობიერების დაკარგვა, აპნოე, ანუ სუნთქვის უუნარობა ხელოვნური სუნთქვის აპარატის გარეშე და ტვინის ღეროვანი რეფლექსების არარსებობა. ამ რეფლექსების შემოწმების მეთოდებია: ყურების გამორეცხვა ცივი წყლით თვალის მოძრაობის დასადგენად, ფრჩხილის ბუდეში ჩხვლეტა სახის გრიმასების დასადგენად ან ყელის გაღიზიანება და ბრონქების ამოტუმბვა ხველების სტიმულირებისთვის.
ეს ყველაფერი მარტივია, თუმცა მაინც საღი აზრის საწინააღმდეგო. „პაციენტები, რომელთა ტვინი მკვდარია, გარდაცვლილებს არ ჰგვანან. გარდაცვლილებს ვერ ვუწოდებთ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გულისცემა, სისხლის მიმოქცევა და მომუშავე ვისტერალური ორგანოები“, – წერდა ნევროლოგი ჯეიმს ბერნატი, 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში. სწორედ იმ დროს პრესაში ფართოდ განიხილებოდა ორი პაციენტის ურთიერთსაწინააღმდეგო შემთხვევა: ჯაჰი მაკმათის, რომლის მშობლებმაც უარი თქვეს დიაგნოზის აღიარებაზე. მათ გოგონას ჟანგბადის კატასტროფული ნაკლებობა განუვითარდა ტონზილექტომიის დროს. და ასევე მარლის მუნიოზის, მკვდარი ტვინის მქონე ფეხმძიმე ქალის. ოჯახის წევრებს არ სურდათ მისი სხეულის შენარჩუნება, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საავადმყოფოს პერსონალი. მათი აზრით, ირღვეოდა ტეხასის შტატის კანონი, რომელიც ემბრიონის ცოცხლად შენარჩუნებას მოითხოვდა (საბოლოოდ, მოსამართლემ საავადმყოფოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა).
ორი დღის შემდეგ, პერესის ოჯახს საავადმყოფოს 26 თანამშრომელი შეხვდა საკონფერენციო დარბაზში. ნევროლოგები, პალიატიური მკურნალობის სპეციალისტები, მედდები, სასულიერო პირები, ეთიკის სპეციალისტები და სოციალური სფეროს მუშაკები უხსნიდნენ, რომ მათი ქალიშვილის ტვინი აღარ ფუნქციონირებს და სთავაზობდნენ პერესის „სომატურ მხარდაჭერას“, სანამ ნაყოფი, სულ ცოტა 24 კვირამდე გაიზრდებოდა და ახალშობილის გადარჩენის შანსიც 50/50-ზე იქნებოდა. ექიმების თქმით, თუ გაუმართლებდათ, პერესის სხეულს კიდევ უფრო დიდხანსაც შეინარჩუნებდნენ.
ალბათ, ამ წუთებში მოდესტო ხიმენესი სომერ-შელისთან წინა ღამის დიალოგს იხსენებდა. ის იყო ერთადერთი ექიმი, ვინც მათ მხიარულ ქალიშვილს პირადად იცნობდა.
„ჩემი ქალიშვილი ვეღარასოდეს გაიღვიძებს?“
„ვერა. სავარაუდოდ, თქვენი ქალიშვილი ვეღარასოდეს გაიღვიძებს“.
„ცივი გონებით ვიცოდი, რომ ტვინის სიკვდილი სიკვდილს ნიშნავს, – ამბობს სომერ-შელი, – კლინიკური თვალსაზრისით, ის ყველანაირად მკვდარი იყო“. მაგრამ, როდესაც პაციენტთან შედიოდა, ეს აშკარა ფაქტი ძნელი დასაჯერებელი ხდებოდა. პერესი ქირურგის კაბინეტიდან ახალგამოსულს ჰგავდა: კანი თბილი ჰქონდა, მკერდი ადი-ჩაუდიოდა, ჯანმრთელი ნაყოფიც ჯერ ისევ ინძრეოდა.
საკონფერენციო დარბაზში ხიმენესებმა სერიოზულად დააქნიეს თავი და განაცხადეს, რომ ესმით, რას ნიშნავს ტვინის სიკვდილი და რომ იციან, მათი ქალიშვილი ვეღარასოდეს გაიღვიძებს, თუმცა, გააგრძელებენ ლოცვას სასწაულისთვის.
თუ სასწაულში ვინმეს საიქიოდან მობრუნება იგულისხმება, ზოგჯერ ეს მართლაც ხდება.
მარტინებს სჯერათ, რომ სასწაული ნამდვილად მოხდა. მათი ნაბოლარა ვაჟი – გარდელი ყინულივით ცივ მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო. 2015 წლის მარტის ერთ თბილ დღეს ძმებმა ორი წლის გარდელი სათამაშოდ გაიყვანეს. ახალფეხადგმულმა პატარამ წონასწორობა დაკარგა და სახლიდან დაახლოებით ას მეტრში, მდინარეში ჩავარდა. თავზარდაცემულმა ბიჭებმა ძებნა დაუწყეს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს წყლიდან მეზობელმა ამოიყვანა. მაშველების მისვლისას, ბიჭუნას გულისცემა, სულ ცოტა, 35 წუთი იყო გაჩერებული. გულის პირდაპირმა მასაჟმა შედეგი ვერ გამოიღო. 16-კილომეტრიან გზაზე, უახლოეს საავადმყოფომდე ბავშვს გულისცემა არ ჰქონდა, ხოლო სხეულის ტემპერატურა 25 გრადუსი იყო (ნორმალურ მაჩვენებელზე 11 გრადუსით ნაკლები). გარდელი გისინჯერის სამედიცინო ცენტრში ვერტმფრენით უნდა გადაეყვანათ, 29 კილომეტრის დაშორებით.
„სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, – იხსენებს რიჩარდ ლამბერტი, ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსი და პედიატრიული რეანიმაციული ბრიგადის წევრი, – გაშავებული იყო, ტუჩები ლურჯი ჰქონდა“. ვერტმფრენს ის დახვდა. ლამბერტს ხმა უწყდება, როდესაც ეს საზარელი მომენტი ახსენდება. ყინულივით ცივ წყალში ჩავარდნილი ბავშვები ზოგჯერ გამოჯანმრთელდებიან ხოლმე, თუმცა არ ახსოვდა არც ერთი მსგავსი შემთხვევა: ამდენი ხნის გარდაცვლილი პაციენტი, რომლის სისხლის pH ძალიან დაბალი იყო, რაც ორგანოების გარდაუვალ უკმარისობას ნიშნავდა.
რეანიმატოლოგი მიუბრუნდა ლამბერტსა და ფრენკ მაფეის, პედიატრიულ რეანიმაციული განყოფილების უფროსს: ხომ არ შევწყვიტოთ ბრძოლა? ცოტა კიდევ ვცადოთო, უპასუხეს.
კიდევ 10 წუთი, 20, 25. გარდელი პულსისა და სუნთქვის გარეშე უკვე საათნახევარზე მეტხანს იმყოფებოდა. „მოშვებული, გაციებული გვამი სიცოცხლის ყოველგვარი ნიშნის გარეშე“. მაგრამ ბრიგადის წევრები განაგრძობდნენ ამოტუმბვას, მასაჟს, მონიტორინგს. პერსონალი ყოველ ორ წუთში ერთმანეთს ენაცვლებოდა მასაჟის გასაკეთებლად – მასაჟის სწორად გაკეთება ძალიან დამღლელია, პაწაწინა გულმკერდზეც კი. სხვები კათეტერებს უდგამდნენ ბარძაყის ვენაში, კისრის ვენაში, მუცელსა და შარდის ბუშტში, შეჰყავდათ თბილი სითხეები სხეულის ტემპერატურის თანდათანობით ასაწევად.
რეანიმაციის სრულად შეწყვეტის ნაცვლად, ლამბერტმა და მაფეიმ გარდელის ქირურგიულ განყოფილებაში გადაყვანა გადაწყვიტეს ხელოვნური სისხლის მიმოქცევისთვის (აქტიური გათბობის ყველაზე აგრესიული ფორმა, უკანასკნელი სასოწარკვეთილი მცდელობა მისი გულისცემის აღსადგენად). ოპერაციის წინ ხელები დაიბანეს და პულსი კიდევ ერთხელ შეამოწმეს.
არიზონა. ლინდა ჩემბერლენი ეხუტება კონტეინერს, რომელშიც მისი ქმრის სხეულია გაყინული. იმედი აქვთ, რომ დადგება დღე, როცა მეცნიერება შეძლებს მის გალღობასა და გაცოცხლებას. როცა ლინდას დრო მოვა, მის სხეულსაც გაყინავენ.
„ჩემი ბიჭუნა, ჩემი პატარა, მან ისეთი სიკეთე დატოვა“, – ამბობს დინა სანტანა ავტოკატასტროფაში დაღუპულ 17 წლის სკოტზე. მისი ორგანოები და ქსოვილები 76 ადამიანს გადაუნერგეს. სკოტის გული როდ გრამსონმა (ცენტრში) მიიღო. ის სკოტის მშობლებს პლეისერვილში შეხვდა, იმ ადგილას, სადაც სკოტი დაიღუპა.
„ექიმებისთვის რომ დამეჯერებინა, ახლა სასაფლაოზე ვივლიდი“, – ამბობს ნაილა უინკფილდი, რომლის 13 წლის ქალიშვილს ტვინის სიკვდილი დაუდგინეს 2013 წელს. უინკფილდი ამტკიცებს, რომ მისი გოგონა არ არის მკვდარი.
ეშლი ბარნეტი კოლეჯში სწავლობდა, როდესაც მძიმე ავტოკატასტროფაში მოყვა ტეხასში. მენჯი დაეფშვნა, ელენთა გაუსკდა და მასიური სისხლდენა დაეწყო. მისი თქმით, ავარიის ადგილზე ორ სამყაროს შორის მოძრაობდა: ქაოსი და ტკივილი ერთ მხარეს, როდესაც მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ; ხოლო თეთრი სინათლე, არავითარი ტკივილი და შიშის შეგრძნება – მეორეზე. რამდენიმე წლის შემდეგ, მას კიბო განუვითარდა, მაგრამ სიკვდილთან სიახლოვის გამოცდილებამ თავდაჯერებულობა შესძინა, იცოდა, რომ იცოცხლებდა.
გრიგალი ახლოვდებოდა. ნიუ-იორკის შტატში ქირურგი ტონი სიკორია დედას ურეკავდა. მას ტელეფონის გავლით მეხი დაეცა და გული გაუჩერდა. სიკორია ამბობს, რომ გრძნობდა, როგორ ტოვებდა სხეულს და მოძრაობდა კედლების გავლით ლურჯ-თეთრი სინათლისკენ იმ სურვილით, რომ მიახლოებოდა უფალს. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, ის მოულოდნელად ფორტეპიანომ გაიტაცა. ქმნის მელოდიებს, რომლებიც მისდა უნებურად ჩაეტვირთა ტვინში. ფიქრობს, იმიტომ გადარჩა, რომ „ზეციური მუსიკის“ გამტარი გამხდარიყო.
ორი ავტომობილის პირდაპირი შეჯახების შედეგად, სტუდენტი ტრიშა ბარკერი ტეხასის ჰოსპიტალში დამტვრეული ხერხემლითა და ძლიერი სისხლდენით მოხვდა. მისი თქმით, იგრძნო, თუ როგორ მოსცილდა საკუთარ სხეულს, ოპერაციის დროს ზემოთ ლივლივებდა და კარდიო-მონიტორის სწორ ხაზს უყურებდა. საავადმყოფოს დერეფანში მოძრაობისას კი დაინახა დამწუხრებული მამინაცვალი, რომელიც შოკოლადის ფილას ყიდულობდა ავტომატიდან. ეს დეტალი მამინაცვალს არავისთვის უცნობებია. ბარკერიც დარწმუნდა, რომ ის მაშინ მართლაც მოძრაობდა.
ბერტა ხიმენესი ყოველდღე ელაპარაკება ქალიშვილის, კარლა პერესის ფოტოსურათს. 2015 წელს გოგონას ტვინის სიკვდილი დაუდგინეს ორსულობის პერიოდში. ექიმებმა კარლას სხეულის შესანარჩუნებლად 54 დღე იბრძოლეს, რათა პატარა ანხელისთვის ზრდის საშუალება მიეცათ.
არიზონა. ლინდა ჩემბერლენი ეხუტება კონტეინერს, რომელშიც მისი ქმრის სხეულია გაყინული. იმედი აქვთ, რომ დადგება დღე, როცა მეცნიერება შეძლებს მის გალღობასა და გაცოცხლებას. როცა ლინდას დრო მოვა, მის სხეულსაც გაყინავენ.
„ჩემი ბიჭუნა, ჩემი პატარა, მან ისეთი სიკეთე დატოვა“, – ამბობს დინა სანტანა ავტოკატასტროფაში დაღუპულ 17 წლის სკოტზე. მისი ორგანოები და ქსოვილები 76 ადამიანს გადაუნერგეს. სკოტის გული როდ გრამსონმა (ცენტრში) მიიღო. ის სკოტის მშობლებს პლეისერვილში შეხვდა, იმ ადგილას, სადაც სკოტი დაიღუპა.
„ექიმებისთვის რომ დამეჯერებინა, ახლა სასაფლაოზე ვივლიდი“, – ამბობს ნაილა უინკფილდი, რომლის 13 წლის ქალიშვილს ტვინის სიკვდილი დაუდგინეს 2013 წელს. უინკფილდი ამტკიცებს, რომ მისი გოგონა არ არის მკვდარი.
ეშლი ბარნეტი კოლეჯში სწავლობდა, როდესაც მძიმე ავტოკატასტროფაში მოყვა ტეხასში. მენჯი დაეფშვნა, ელენთა გაუსკდა და მასიური სისხლდენა დაეწყო. მისი თქმით, ავარიის ადგილზე ორ სამყაროს შორის მოძრაობდა: ქაოსი და ტკივილი ერთ მხარეს, როდესაც მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ; ხოლო თეთრი სინათლე, არავითარი ტკივილი და შიშის შეგრძნება – მეორეზე. რამდენიმე წლის შემდეგ, მას კიბო განუვითარდა, მაგრამ სიკვდილთან სიახლოვის გამოცდილებამ თავდაჯერებულობა შესძინა, იცოდა, რომ იცოცხლებდა.
გრიგალი ახლოვდებოდა. ნიუ-იორკის შტატში ქირურგი ტონი სიკორია დედას ურეკავდა. მას ტელეფონის გავლით მეხი დაეცა და გული გაუჩერდა. სიკორია ამბობს, რომ გრძნობდა, როგორ ტოვებდა სხეულს და მოძრაობდა კედლების გავლით ლურჯ-თეთრი სინათლისკენ იმ სურვილით, რომ მიახლოებოდა უფალს. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, ის მოულოდნელად ფორტეპიანომ გაიტაცა. ქმნის მელოდიებს, რომლებიც მისდა უნებურად ჩაეტვირთა ტვინში. ფიქრობს, იმიტომ გადარჩა, რომ „ზეციური მუსიკის“ გამტარი გამხდარიყო.
ორი ავტომობილის პირდაპირი შეჯახების შედეგად, სტუდენტი ტრიშა ბარკერი ტეხასის ჰოსპიტალში დამტვრეული ხერხემლითა და ძლიერი სისხლდენით მოხვდა. მისი თქმით, იგრძნო, თუ როგორ მოსცილდა საკუთარ სხეულს, ოპერაციის დროს ზემოთ ლივლივებდა და კარდიო-მონიტორის სწორ ხაზს უყურებდა. საავადმყოფოს დერეფანში მოძრაობისას კი დაინახა დამწუხრებული მამინაცვალი, რომელიც შოკოლადის ფილას ყიდულობდა ავტომატიდან. ეს დეტალი მამინაცვალს არავისთვის უცნობებია. ბარკერიც დარწმუნდა, რომ ის მაშინ მართლაც მოძრაობდა.
ბერტა ხიმენესი ყოველდღე ელაპარაკება ქალიშვილის, კარლა პერესის ფოტოსურათს. 2015 წელს გოგონას ტვინის სიკვდილი დაუდგინეს ორსულობის პერიოდში. ექიმებმა კარლას სხეულის შესანარჩუნებლად 54 დღე იბრძოლეს, რათა პატარა ანხელისთვის ზრდის საშუალება მიეცათ.
საოცრება! გული ფეთქავდა სუსტად, თუმცა სტაბილურად, რიტმულად. მეოთხე დღეს გარდელმა საავადმყოფო თავის ღვთისმოსავ მშობლებთან ერთად დატოვა!
გარდელი ძალიან პატარაა, ვერ მოგვიყვება, რა განიცადა 101-წუთიანი სიკვდილის დროს. თუმცა, ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც მაღალხარისხიანი რეანიმაციის წყალობით სიცოცხლეს იბრუნებენ, ერთმანეთის მსგავს ისტორიებს ყვებიან. ნაცრისფერ ზონაში ყოფნის შესახებ მათი ნაამბობი რამდენიმე სამეცნიერო კვლევის საგანიც გამხდარა. მათ შორისაა სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტის, რეანიმაციული კვლევის დირექტორის, სემ პარნიას AWARE (ცნობიერება რეანიმაციისას). 2008 წლიდან დაწყებული, პარნიას ჯგუფმა გულის გაჩერების 2060 შემთხვევა შეისწავლა აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრიის 15 საავადმყოფოში. მათგან 330 პაციენტი გადარჩა. 140 გამოიკითხა. 55-მა პაციენტმა თქვა, რომ რეანიმაციაში ყოფნისას, რაღაც სახის ცნობიერება გააჩნდათ.
უმეტესობა დეტალებს ვერ იხსენებდა, აღწერდნენ ისეთ შეგრძნებებს, როგორებიცაა: დროის აჩქარება ან შენელება (27 პაციენტი), სიმშვიდე (22), საკუთარი სხეულისგან განცალკევება (13), სიხარული (9), კაშკაშა სინათლის ან ოქროსფერი გაელვების დანახვა (7), ზოგიერთის თქმით, მათ ცუდი შეგრძნებებიც ახსოვდათ: შიში, ღრმა წყალში ჩაძირვა ან შეთრევა; ერთ შემთხვევაში, „ვერტიკალურ მდგომარეობაში დასვენებეული ადამიანების დანახვა კუბოებში“. პარნიამ, თანაავტორებთან ერთად, სამედიცინო ჟურნალში „რეანიმაცია“, გამოაქვეყნა სტატია. მათი კვლევა ფართო მენტალური განცდის უკეთ გაგების საშუალებას გვაძლევს. ეს განცდა, სავარაუდოდ, თან ახლავს სიკვდილს სისხლის მიმოქცევის შეწყვეტისას. მომდევნო ეტაპზე ისინი აპირებდნენ შეესწავლათ ეპიზოდები, რომელთაც მკვლევართა უმეტესობა „სიკვდილთან მიახლოებულ მდგომარეობას“ (Near-Death Experiences – NDEs) უწოდებს. თუმცა, პარნიას ტერმინი „ფაქტობრივი სიკვდილის მდგომარეობა“ ურჩევნია. რა გავლენას ახდენს გადარჩენილ, გამოჯანმრთელებულ პაციენტებზე გადატანილი შეგრძნებები? როგორია მისი შედეგები: პოზიტიური თუ ნეგატიური? უვითარდებათ თუ არა შემეცნებითი პრობლემები და პოსტტრამვული სტრესი? AWARE-ს ჯგუფის წევრებს არ შეუსწავლიათ „სიკვდილთან მიახლოებული მდგომარეობის“ შემდგომი საერთო ეფექტი: სიცოცხლის დანიშნულების ახლებური შეგრძნება. ამაზე ხშირად ყვებიან გადარჩენილები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამ შეგრძნებებს წიგნებს უძღვნიან. 2013 წელს, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიაში, ქირურგ-ორთოპედმა მერი ნილმა ეს ეფექტი ფართო აუდიტორიასთან მოიხსენია. შეკრებაზე „მოკვდავობის ხელახალი გააზრების“ საკითხი განიხილებოდა. ნილი ავტორია წიგნისა – „საიქიოში და უკან“, სადაც აღწერა შემთხვევა, რომელიც 14 წლის წინ ჩილეში, კაიაკით ცურვის დროს შეემთხვა. მაშინ ის, ფაქტობრივად, დაიხრჩო. მან თქვა, რომ გრძნობდა, როგორ შორდებოდა სული სხეულს, მდინარიდან ამოდიოდა, მუხლები უკან ეღუნებოდა და ძვლები ემტვრეოდა; იხსენებდა, როგორ მიდიოდა „წარმოუდგენლად ლამაზ ბილიკზე დიდებული გუმბათოვანი ნაგებობისკენ“. „ვიცოდი, იქიდან უკან ვეღარ დავბრუნდებოდი და ვეღარ ვითმენდი“, – იხსენებდა ის. აღწერა საკუთარი ფიქრებიც: რა უცნაური იყო ეს მდგომარეობა, რამდენ ხანს იყო წყალქვეშ (მოგვიანებით შეიტყო, რომ სულ ცოტა, 30 წუთი). თავს ინუგეშებდა, რომ ქმარ-შვილი მის გარეშეც კარგად იქნებოდა. შემდეგ იგრძნო, როგორ ამოდიოდა წყლიდან მისი სხეული და დაინახა, როგორ უტარებდნენ მაშველები ხელოვნურ სუნთქვას. ერთ-ერთის ძახილიც გაიგო: „დაბრუნდი, დაბრუნდი!“ რამაც ძალიან გააღიზიანა.
კენტუკის უნივერსიტეტის ნევროლოგი კევინ ნელსონიც ესწრებოდა ამ შეხვედრას. ის სკეპტიკურად იყო განწყობილი არა ნილის მეხსიერების მიმართ, რომელიც მისი აღიარებით, მძლავრი და ქმედითი იყო, არამედ მისი განმარტებების მიმართ: „ეს არ არის კლინიკური სიკვდილის შემთხვევა, – თქვა მან კონფერენციაზე, რითაც ასევე შეეწინააღმდეგა პარნიას მოსაზრებას მომხდარის შესახებ, – ამ მდგომარეობის დროს თავის ტვინი ძალიან ცოცხალი და აქტიურია“. ის, რაც ნილს დაემართა, შესაძლოა, REM intrusion-ის ფენომენი ყოფილიყო. ტვინის აქტივობა, რომელიც – თვალების სწრაფი მოძრაობით (Rapid Eye Movement) ვლინდება, სიზმრის მდგომარეობისთვისაა დამახასიათებელი. ტვინის მსგავსი აქტივობა შეიძლება ჟანგბადის უეცარმა ნაკლებობამაც გამოიწვიოს. ნელსონის აზრით, სიკვდილთან მიახლოებისა და სხეულიდან გასვლის შეგრძნებები არა სიკვდილმა, არამედ ჰიპოქსიამ განაპირობა. ჰიპოქსია ცნობიერების დაკარგვას იწვევს.
კვლევები გვთავაზობენ სიკვდილთან მიახლოებული მდგომარეობის სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ახსნას. მიჩიგანის უნივერსიტეტში ნევროლოგ ჯიმო ბორჯიგინის გუნდმა ცხრა ვირთაგვას გულის გაჩერების შემდეგ თავის ტვინის ტალღები გაუზომა. ყველა მათგანში გულის გაჩერების შემდეგ მაღალსიხშირიანი გამა ტალღები (რომლებიც მედიტაციასთან ასოცირდება) უფრო ინტენსიური გახდა – ფაქტობრივად, მეტად თანმიმდევრული და ორგანიზებული, ვიდრე ჩვეულებრივი სიფხიზლის დროს. შესაძლოა, სწორედ ეს არის სიკვდილთან მიახლოებული მდგომარეობაო, წერდნენ მკვლევრები – „ამაღლებული ცნობიერების ფუნქციონირება“, რომელსაც ადგილი აქვს ლიმბოში ყოფნის პერიოდში, სანამ სიკვდილი მუდმივი გახდება.
ნაცრისფერი ზონის კიდევ უფრო დიდი თავსატეხია „თუკდამის“ ფენომენი – იშვიათი შემთხვევა: ბერი კვდება, თუმცა, კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მის სხეულზე არავითარი ხრწნის ნიშანი არ შეიმჩნევა. რიჩარდ დევიდსონს (ვისკონსინის უნივერსიტეტი), რომელმაც წლები მიუძღვნა მედიტაციის ნეირობიოლოგიის შესწავლას, დიდი ხანია ეს საკითხი აღელვებს (აქვს თუ არა ამ დროს ადამიანს ცნობიერება? მკვდარია ის თუ არა?). განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2015 წლის ზაფხულში ვისკონსინის „ირმების პარკის“ მონასტერში საკუთარი თვალით იხილა ბერი „თუკდამის“ მდგომარეობაში.
„შემთხვევით რომ შევსულიყავი ოთახში, ვიფიქრებდი, რომ ის ღრმა მედიტაციაში იმყოფებოდა. მისი კანი სრულიად საღი და ცოცხალი იყო“. დევიდსონმა გადაწყვიტა, მეცნიერულად შეესწავლა „თუკდამის“ ფენომენი. მან ინდოეთის ორ საველე სადგურში საბაზისო სამედიცინო აღჭურვილობა (ელექტროენცეფალოგრაფები და სტეთოსკოპები) შეიტანა და 12 ტიბეტელი ექიმი მოამზადა, რომ ამ ბერებს დაკვირვებოდნენ. საინტერესო იყო, გრძელდებოდა თუ არა ტვინის აქტივობა მათი სიკვდილის შემდეგაც. უკეთესი იქნებოდა, თუ მათზე დაკვირვება სიცოცხლეშივე დაიწყებოდა.
„სავარაუდოდ, ამ საქმიანობის ბევრი მიმდევარი მედიტაციის მდგომარეობაში სიკვდილამდე შედის და შემდგომ ამ მდგომარეობის რაღაც სახით შენარჩუნება ხდება, – ამბობს დევიდსონი, – მაგრამ როგორ? ამის ახსნა ჩვენი ჩვეულებრივი გონების მიღმა რჩება“. მისი დასავლურ მეცნიერებაზე დაფუძნებული კვლევა კი მიზნად ისახავს, ნათელი მოჰფინოს, რა მოსდით არა მხოლოდ ბერებს „თუკდამის“ მდგომარეობაში, არამედ ყველას, ვინც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის.
ჩვეულებრივ, ადამიანის სიკვდილის შემდეგ, სხეულის გახრწნა მალევე იწყება. როდესაც ტვინი მუშაობას წყვეტს, ის ყველანაირ უნარს კარგავს, სხვა სისტემების წონასწორობის შესანარჩუნებლად. კარლა პერესს ტვინის სიკვდილის შემდეგაც რომ გამოეკვება საკუთარი ნაყოფი, ასზე მეტი ექიმი, ექთანი და სხვა სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი გუნდი სპონტანური დირიჟორების როლს ასრულებდნენ; 24 საათის განმავლობაში იწერდნენ მონაცემებს პერესის სისხლის წნევის, თირკმლის ფუნქციონირების, ელექტროლიტების შესახებ და მუდმივად არეგულირებენ მის ორგანიზმში ჩადგმულ მილებსა თუ ინტრავენურ კათეტერებს.
მაშინ, როდესაც ბრიგადის წევრები პერესის დაშლილი ტვინის ფუნქციებს თავად ასრულებდნენ, უჭირდათ მასზე, როგორც გარდაცვლილზე, ეფიქრათ. ის მათთვის არ იყო რაღაც უსულო თოჯინა ან ჭურჭელი, რომელშიც მუდმივად რაღაცას ასხამენ. თითოეული, როგორც ღრმა კომაში მყოფ პაციენტს, ისე ექცეოდა: ესალმებოდა პალატაში შესვლისას და ემშვიდობებოდა გამოსვლისას.
ეს ყველაფერი, ნაწილობრივ, პერესის ოჯახის პატივსაცემადაც კეთდებოდა. თუმცა, ეს ჟესტები რამდენადმე სცდებოდა კიდეც უბრალო თავაზიანობის საზღვრებს და აშკარად გულწრფელ თანაგრძნობას გამოხატავდა.
ტოდ ლოვგრენმა, სამედიცინო ბრიგადის ხელმძღვანელმა, იცის, რაც არის ქალიშვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი – 12 წლის წინ მანაც დაკარგა ხუთი შვილიდან უფროსი გოგონა: „ჩემთვის გულსატკენი იქნებოდა, კარლას სხვაგვარად რომ მოპყრობოდნენ, – მითხრა მან, – ვუყურებდი ახალგაზრდა ქალს მოვლილი, ლაქწასმული ფრჩხილებით, თბილი ხელებით, დედა რომ თმას უვარცხნიდა… იმის მიუხედავად, მუშაობდა თუ არა ტვინი, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ის უკვე აღარ იყო ადამიანი, პიროვნება“.
ახლა მე უფრო მეტად მშობელი მელაპარაკებოდა, ვიდრე ექიმი-კლინიცისტი. ლოვგრენის აზრით, პერესის „სიცოცხლის გარკვეული ნაწილი“ ჯერ ისევ საწოლში იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეორედ ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მისი ტვინი არა მხოლოდ არ ფუნქციონირებდა, არამედ მისი მოზრდილი უბნები კვდებოდა და იშლებოდა. ამის მიუხედავად, მან არ შეამოწმა ტვინის სიკვდილის სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთი, აპნოე, რადგან შიშობდა, რომ პერესის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან რამდენიმე წუთით მოცილებაც კი, ნაყოფს დააზიანებდა.
18 თებერვალს, პერესის ინსულტის მეათე დღეს, ნათელი გახდა, რომ მისი სისხლი ჩვეულებრივ აღარ დედდებოდა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ ტვინის ქსოვილი სისხლის ნაკადში მოხვდა. ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო ლოვგრენისთვის, რომ პერესი აღარასოდეს გამოჯანმრთელდებოდა. ამ დროისთვის ემბრიონი 24 კვირის იყო, ამიტომ მომვლელთა ჯგუფმა პერესი ისევ გადაიყვანა სამშობიარო კლინიკაში. მათ მოახერხეს გარკვეული დროით გამკლავებოდნენ შედედების პრობლემას. თუმცა, მზად იყვნენ, საკეისრო კვეთა მაშინვე გაეკეთებინათ, როგორც კი აშკარა გახდებოდა, რომ პერესი იმქვეყნად უნდა გაეშვათ. ეს იმ დროს უნდა მომხდარიყო, როდესაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები საბოლოოდ მოიშლებოდა.
სემ პარნიასთვის სიკვდილი პოტენციურად შექცევადია. როგორც წესი, როდესაც ვკვდებით, უჯრედები ჩვენს ორგანიზმში მაშინვე არ კვდებიან. ზოგიერთი უჯრედი და ორგანო სიცოცხლისუნარიანი რჩება რამდენიმე საათის და, შესაძლოა, დღეების განმავლობაშიც. ზოგჯერ სიკვდილის ფაქტის კონსტატირების დრო ინდივიდუალური დამოკიდებულებისაგან გამომდინარეობსო, ამბობს იგი. ტრენინგის დროს, თავად ნახა, რომ ექიმები კარდიო-პულმონალურ რეანიმაციას სულ რაღაც 5-10 წუთის გასვლის შემდეგ წყვეტდნენ; ფიქრობდნენ, რომ პროცედურის უფრო დიდხანს გაგრძელება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა თავის ტვინს.
თუმცა, რეანიმაციის სფეროს მეცნიერებმა ისწავლეს ხერხები, როგორ დაიცვან კვდომისგან ტვინი და სხვა ორგანოები გულის გაჩერების შემთხვევებშიც კი. მათ იციან, რომ ამას ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის დაწევა, რაც ბუნებრივად დაემართა გარდელ მარტინს. ამ მეთოდს მიმართავენ ზოგიერთ სასწრაფო დახმარების კლინიკაში, სადაც, როგორც წესი, ხელოვნური სუნთქვის ჩატარებამდე, პაციენტებს აციებენ. მედიკოსებმა ისიც იციან, რომ ხშირად მათ შეუპოვრობასაც მოაქვს შედეგი, განსაკუთრებით იმ საავადმყოფოებში, რომლებიც აპარატებს იყენებენ გულმკერდის მასაჟის რეგულირებისთვის. ერთ მშვენიერ დღეს კი, შესაძლოა, ისეთი მედიკამენტებიც გამოიყენონ, როგორიც არის იოდიდი.
პარნია რეანიმატოლოგიას ასტრონავტიკას ადარებს. ადამიანებს ფრენა შეუძლებლად ეჩვენებოდათ, სანამ 1903 წელს ეს ძმებმა რაიტებმა არ განახორციელეს. რამდენად დაუჯერებელია, რომ იმ პირველი, 12-წამიანი გაფრენიდან მთვარეზე დაჯდომას სულ რაღაც 66 წელი დასჭირდა. მისი აზრით, შეიძლება ასეთ პროგრესს რეანიმატოლოგიამაც მიაღწიოს. პარნიას თქმით, როდესაც საქმე სიკვდილის შექცევადობას ეხება, ჩვენ ისევ კიტი ჰოკის ეპოქაში ვართ.
და მაინც, ექიმებს უკვე შეუძლიათ განსაცვიფრებელი და შთამაგონებელი ხერხებით გამოსტაცონ სიკვდილს სიცოცხლე. 2015 წლის 4 აპრილს, აღდგომის წინა დღეს სწორედ ეს მოხდა ნებრასკაში: ბიჭუნა, სახელად ანხელ პერესი საკეისრო კვეთით დაიბადა. დღეს ის ცოცხალია, რადგან ექიმებმა შეძლეს მისი მკვდარტვინიანი დედა მთელი 54 დღის განმავლობაში შეენარჩუნებინათ. ეს დრო კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი პაწაწინა ნაყოფი გაზრდილიყო 1,3 კგ წონის, უნაკლო, ნორმალურ ახალშობილამდე. ეს ბავშვია ის სასწაული, რისთვისაც მისი ბებია-ბაბუა ლოცულობდნენ.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.