
გაზაფხულის ურჩხულები
სლოვენიაში უძველესმა ტრადიციამ მივიწყებული ნიღბიანი არსებები გააცოცხლა.
დასავლეთ სლოვენიაში, ლიუბლიანადან ორი საათის სავალ გზაზე, იქ, სადაც იულიუსის ალპები იტალიის საზღვარს ხვდება, გორაკებს შუა მდინარე სოჩა მიედინება და ნახატივით ზღაპრულ სოფლებს ჩაუვლის. ამ სუსხიან დილას, ერთ-ერთ პატარა ქალაქ უკანიესთან ურჩხულები იყრიან თავს.
ურჩხულები პუსტისთვის ემზადებიან. პუსტი სლოვენიური მარხვისწინა დღეობაა, რომელიც წარმართული რიტუალიდან იღებს სათავეს. საუკუნეების მანძილზე მან არაერთხელ იცვალა სახე, ხან ეკლესიის მოთხოვნებს, ხანაც სოციალისტური რეჟიმის მოთხოვნებს მოერგო, მაგრამ არასოდეს დაუკარგავს თავისი მთავარი არსი – ბუნების ხელახლა დაბადების აღნიშვნა.
დღეს პუსტი სლოვენიის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა. ფესტივალის მონაწილეები საგულდაგულოდ მომზადებული ხელნაკეთი კოსტიუმებითა და ნიღბებით არიან შემოსილნი. მათი ზანზალაკების ჟღარუნი მსვლელობისას ქალაქში გაისმის და ამით ზამთრის ყველა კვალს აფრთხობს, რათა გაზაფხულის შემობრძანებას გაუხსნას გზა.
„პუსტი უძველესი რიტუალია, რომელიც ქრისტიანობის შემოსვლამდე გაჩნდა“, – ამბობს სლოვენიელი ეთნოგრაფი იანეზ ბოგატაი. დღეობას ყველა პატარა დასახლება და ქალაქი თავისებურად აღნიშნავს. ქალაქ პტუიში დღესასწაული „კურენტოვანიე პუსტი“, ალბათ, ყველაზე ცნობილი ფესტივალია. ამ დღეს აქ უამრავი ადამიანი ჩამოდის ურჩხულების სანახავად, რომელთაც „კურენტებს“ უწოდებენ.
დღესასწაულზე ურჩხულები მოვლენების ცენტრში არიან. ეს ზღაპრული არსებები, რომლებსაც გაზაფხულის მოყვანა შეუძლიათ, „ლამაზებად“ და „საძაგლებად“ იყოფიან. ლამაზები (ფოტოზე ნეფე-პატარძლის და ექიმის ფორმაში) სახლებს სტუმრობენ, საჩუქრები მიაქვთ და სახლში გამოხდილ არაყსაც სიამოვნებით მიირთმევენ. ასეთი სტუმარი მთელი წელი კარგ იღბალს ნიშნავს ოჯახისთვის.
საძაგელი ურჩხულები კი სხვადასხვა ოინს ჩადიან. მათი მთავარი მიზანი ზამთრის განდევნა და საბოლოოდ პუსტის (ჩალის ფიგურის, რომელიც ზამთარს განასახიერებს) „მოკვლაა“.
საძაგელი ურჩხულების ბელადი ყველაზე სახასიათო ფიგურაა, რომელსაც პუსტიე ჰქვია. მას ნაჭრის ფერადი ზონრებით გაწყობილი კოსტიუმი აცვია და თავზე რქებიანი მუზარადი ახურავს, რომელზეც ხის ან ცხვრის ტყავისგან გაკეთებული დემონური სახეა გამოხატული. ხელები გამურული აქვს და ზოგან ხელში ხის მარწუხები უპყრია.
ამ არსებათა ჭრელი ჯგუფი მსვლელობით ქალაქის ბოლომდე მიდის, სადაც ჩალის პუსტს ცეცხლის ალში გაახვევენ.


სოფელ დრეჟნინშკე-რავნეში პუსტიეს კოსტიუმებს იცვამენ (მარცხნივ). ეს რქებიანი არსებები ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ რიტუალებში ჩანან. ბრიფოტში (მარჯვნივ) პუსტის მსვლელობა ადგილობრივი ეკლესიიდან იწყება. ტრადიციები ყველა სოფელში განსხვავებულია.
სოფლის მოსახლეობას განსაკუთრებით ეამაყება, რომ პუსტის საუკუნოვანი ტრადიცია შეინარჩუნეს. ქალაქ კანალსა და ლიგში ამ ფესტივალს ლიშკი პუსტს უწოდებენ. აქ შეინარჩუნეს „ბაკრენი“ – მეტალისგან გამოჭედილი მბზინავი ნიღბები; უწინ მათ სპილენძისგან ამზადებდნენ. I მსოფლიო ომის შემდეგ, ლითონის სიმწირის გამო, `ბაკრენიც“ და ფესტივალიც დაივიწყეს. ერთხელაც, 1950 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთ-ერთი სახლის რემონტის დროს XIX საუკუნის სპილენძის ნიღაბი აღმოაჩინა.
მხატვარმა პაველ მედვეშჩეკმა, რომელმაც ეს ნიმუში შეინახა, ბრანკო ჟნიდარჩიჩთან ერთად გადაწყვიტა 1980-იან წლებში ნიღბების დამზადების ჩვეულებაც და ფესტივალიც აღედგინა. ახლა მას სახელოსნო და პატარა მუზეუმი აქვს, სადაც 200-მდე ნამუშევარია გამოფენილი.
„პაველ მედვეშჩეკის ჩანაწერებისა და ჩანახატების დახმარებით მივიწყებული პერსონაჟების გაცოცხლებას შევუდექით“, – გვიამბობს ჟნიდარჩიჩი, – სანამ სულ მთლად გაუჩინარდებოდნენ, მან რამდენიმე პერსონაჟი დეტალურად აღწერა და დახატა“.
ბევრისთვის პუსტი საინიციაციო რიტუალიც არის. ფესტივალის მსვლელობისას ურჩხულები ბიჭებს ნაცრით სავსე წინდით დასდევენ და თამაშ-თამაშით „ურტყამენ“. რიტუალური ბუღი კი ფესტივალის დასასრულს პუსტის კოცონზე დაწვის მიმანიშნებელია. ხოლო ფერფლის ბუღში გახვეული ბიჭები ზრდასრულებად ითვლებიან და შემდეგ წელს თავად მოირგებენ ურჩხულების როლს. ასე დაიწყება ახალი ციკლი.
პროფესორი ნოა ჩარნი პულიცერის პრემიის ფინალისტია და ათ წელიწადზე მეტია სლოვენიაში ცხოვრობს. ცირილ იაზბეცი კი National Geographic-ის სლოვენიელი მკვლევარია.