გდანსკის მოლოდინში
პოლონეთის შთაგონების წყარო არის ქალაქი, რომელმაც 40 წლის წინ „სოლიდარობის“ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი


გდანსკის მოლოდინში
პოლონეთის შთაგონების წყარო არის ქალაქი, რომელმაც 40 წლის წინ „სოლიდარობის“ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქალაქი გდანსკი ჩემთვის პოლიციის მიერ ჩემ დაკავებასთან ასოცირდებოდა. 1982 წლის 16 დეკემბერი იყო და ერთი წლით ადრე კომუნისტებს სამხედრო მდგომარეობა შემოეღოთ.
მაშინ მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქების ნიშნად პროფკავშირთა გაერთიანება „სოლიდარობის“ ლიდერს, ლეხ ვალენსას, გასამართლების გარეშე 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ ათავისუფლებდა. სახელმწიფოს წარმომადგენელმა მას თვითკმაყოფილი ტონით „ყოფილი გაერთიანების ყოფილი ლიდერი“ უწოდა. ვალენსა იმ დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო. ჟურნალისტები მისი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან ველოდით, როდის შეგვიშვებდნენ შიგნით ინტერვიუს ასაღებად.
ამის ნაცვლად პოლიციამ შესვლა აგვიკრძალა. რადგან ამ პერიოდში „სოლიდარობის“ საქმიანობაც აკრძალეს, ვალენსას სიტყვით გამოსვლაც და ჟურნალისტებთან შეხვედრაც არალეგალურად ცნეს. პოლიციასთან შეჯახება თავიდან შემაშფოთებელი იყო – სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში ბევრი პოლონელი დაიჭირეს – მაგრამ დაძაბულობა მალე კომიკურმა სიტუაციამ ჩაანაცვლა. საქმე ისაა, რომ ოთხი თვის ორსული ვიყავი. ჩვენი გუნდის პოლონელი წევრები განსაკუთრებით აღშფოთდნენ, რომ პოლიციამ გარკვეული სტრესი მომაყენა. ქალები მოდიოდნენ და პოლიციის მისამართით ხმამაღლა გამოთქვამდნენ პროტესტს, პოლიციელები კი კრიტიკას უსიტყვოდ, დარცხვენით ისმენდნენ.
მიუხედავად ამისა, ჩვენ უფანჯრო ფურგონებში გვიკრეს თავი და განყოფილებაში მიგვიყვანეს, სადაც გაგვაფრთხილეს, რომ ვალენსასთვის თავი უნდა დაგვენებებინა და გამოგვიშვეს.

გდანსკში აგვისტოს გემთმშენებლების გაფიცვიდან 40 წლის შემდეგ დავბრუნდი. ამ გაფიცვამ „სოლიდარობის“ მოძრაობას დაუდო საფუძველი და პოლონეთი დემოკრატიის გზაზე დააყენა. ჟურნალისტებს მშვიდობიანი რევოლუციის გაშუქება გვინდოდა. სამი წელი ვარშავაში ვცხოვრობდი და რეპორტაჟებს ვამზადებდი პროფკავშირულ გაერთიანებაზე, რომელიც ბოლოს 10 მილიონ წევრს ითვლიდა. 1989 წელს ვაშუქებდი ოპოზიციისა და კომუნისტური პარტიის კომპრომისულ პოლიტიკას, რომლებმაც ქვეყანას ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები მოუტანა, „სოლიდარობას“ კი დიდი უმრავლესობით გამარჯვება. ქვეყანამ მას შემდეგ ახალი კონსტიტუციაც მიიღო, რომელიც იცავს სასამართლო ხელისუფლებასა და სხვა ინსტიტუტებს, ხოლო ახლანდელი მთავრობა, ფართო საზოგადოების აზრით, ამ დემოკრატიულ საფუძველს უთხრის ძირს.
გდანსკში, ბალტიისპირა პორტში, რომელსაც პროდუქტით, ადამიანებითა და იდეებით ვაჭრობის შუასაუკუნოვანი ისტორია აქვს, ჯერაც ამბოხის სულისკვეთება იგრძნობა. ქალაქი არ დაემორჩილა „კანონისა და სამართლის“ მმართველ პარტიას და ტოლერანტული დასახლების რეპუტაციაც დაიმკვიდრა. როდესაც პოლონეთმა უარი თქვა ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ლტოლვილთა მიღებაზე, გდანსკმა ისინი გაშლილი ხელებით მიიღო. როდესაც მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, ლგბტ იდეოლოგიას უწოდა საფრთხე პოლონური იდენტობისთვის, გდანსკის მმართველობამ სექსუალური უმცირესობების დაცვის პირობა დადო.

თუ გდანსკი ოპოზიციის ქალაქია, „ევროპის სოლიდარობის ცენტრი“ მისი შუაგულია. ეს პროფკავშირისა და გაფიცვების ცოცხალი ძეგლია, რომელსაც იქვე ახლოს, გდანსკის გემთსაშენის (მაშინ ლენინის გემთსაშენის) ისტორიულ მეორე კარიბჭესთან ჩაეყარა საფუძველი. ვალენსას ოფისი მეორე სართულზე ჰქონდა. როდესაც შევხვდი, ნაცრისფერი მაისური ეცვა, რომელზეც სიტყვა „კონსტიტუცია“ ეწერა. მისი გზავნილია: მმართველმა პარტიამ ფეხქვეშ გათელა ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. კრიტიკაში ვალენსას არც მთავრობის მიერ კონტროლირებული მედია ჩამორჩება და მას მოღალატესა და დრომოჭმულს უწოდებს.
თავაზიანი მისალმების შემდეგ ვალენსას ხმა უბოხდება და სწრაფად ამბობს: “Pierwsze pytanie“ – „პირველი შეკითხვა“, გეგონება, წამზომს რთავს რბოლის დასაწყებადო. მაგრამ როდესაც 1980 წლის 14 აგვისტოს გემთსაშენში შესვლის მომენტზე ვეკითხები, მოთმინებით მპასუხობს. ამას „გარკვეულ ეტაპს, გარკვეულ მომენტს“ უწოდებს და დასძენს: „ვვარაუდობდი, რომ ეს არ იქნებოდა ჩემი ბრძოლის უკანასკნელი ეტაპი“. როგორც მითხრა, მოლაპარაკების დროს იცოდა, რომ ძალიან ბევრსაც არ მოიგებდა, ამიტომ ისე იქცეოდა, რომ არც ძალიან ბევრი დაეკარგა.
დავუბრუნდით მისი მაისურის მნიშვნელობას. ვალენსას აზრით, პოლონეთი გლობალურ ტენდენციას აჰყვა და დემოკრატიულ ფასეულობებში უფრო და უფრო მოიკოჭლებს. ვალენსა მმართველი პარტიის მიერ მიღებულ ისეთ კანონებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც სასამართლოთა დამოუკიდებლობას ზღუდავს. „სასამართლო სისტემა და სხვა ქმედებები ჩემთვისაც დიდი წინაღობა იყო“, – აღიარებს იგი და 1990 წლიდან 1995 წლამდე თავისი პრეზიდენტობის დროინდელ გამოწვევებს იხსენებს. და მაინც, იგი ამბობს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების „ლიკვიდირებას“ არ ცდილობდა. „ერთ წინაღობას რომ გააქრობ, არც შემდეგ წინაღობას მოერიდები. ასე ყალიბდება დიქტატურა“.

გდანსკი ერთდროულად მტკიცეცაა და ელეგანტურიც. პორტის ინდუსტრიული ზონის ჰორიზონტზე მხოლოდ ამწეები, კაუჭები და საკვამურები ჩანს. აქა-იქ მოჩანს მეორე მსოფლიო ომის დანატოვარი `ნაყვავილარიც“. სამაგიეროდ, ქალაქის ცენტრში ეკლესიის შპილებით, კოშკებითა და წითელკრამიტიანი სახურავებით მოფენილი ძველთაძველი პანორამა დაგხვდებათ. ომისშემდგომი საგულდაგულო რეკონსტრუქციის წყალობით ქუჩებიც გასაოცრად ძველებურია.
მთავარ საფეხმავლო ქუჩაზე (ულიცა დლუგა) ჩამწკრივებულია XVI-XVII საუკუნეების ფლამანდიური სტილის შენობები ქანდაკებებით, ფლერონებითა და საყვავილეებით მორთული მდიდრული სახურავებით. აქაურობა მშვენივრად შეეფერება იმ ჰოლანდიელ მოვაჭრე პრინცებსა და მათ, ვინც მარცვლეულის ტრანსპორტირებით გამდიდრდა. საუკუნეების განმავლობაში გდანსკი – ან დანციგი, როგორც მისი არსებობის უმეტეს დროს უწოდებდნენ – კოსმოპოლიტური და მდიდარი ქალაქი იყო.
აქვეა ცნობილი „ოქროს კარიბჭე“ (Złota Brama), XVII საუკუნის პირველ ნახევარში აშენებული, მეორე მსოფლიო ომისას დანგრეული და შემდეგ რეკონსტრუირებული. ის დიდი ორსართულიანი ფანჯრებითა და კლასიკური სვეტებით მოგწყვეტთ თვალს, თუმცა მე მახლობელ ტროტუარზე ჩასმული მარტივი, შავი მარმარილოს მემორიალური დაფისკენ მივიწევ. მასზე წერია: „გდანსკი გულუხვია. გდანსკი სხვებს უზიარებს თავის სიკეთეებს. გდანსკს უნდა, იყოს სოლიდარობის ქალაქი“, – მერმა პაველ ადამოვიჩმა ეს სიტყვები აქ 2019 წლის იანვარში გააჟღერა, რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ასობით ადამიანის წინ მხეცურად ჩაარტყამდნენ დანას და მოკლავდნენ.
თავდამსხმელს სასტიკი დანაშაულის ისტორია აქამდეც ჰქონდა, თუმცა გდანსკში ბევრი ადამიანისთვის ეს მკვლელობა იმ აფორიაქებულ პოლიტიკურ კლიმატს ასახავდა, რომელიც ერთმანეთს უპირისპირებდა გდანსკის გახსნილობასა და მმართველი პარტიის გამძაფრებულ ნაციონალიზმსა თუ ღვარძლს.
„დღეს აქ სიტუაცია ძალიან დაძაბულია, – ამბობს გდანსკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელი, 20 წლის იულია ბოჟეშკოვსკა, – ძალადობა და სიძულვილი იმდენად ძლიერია, რომ მან ერთ ადამიანს მეორის მოკვლისკენაც კი უბიძგა“. სკოლის დამამთავრებელ წელს ბოჟეშკოვსკამ მოაწყო საპროტესტო მარში, რომელმაც 1500 ახალგაზრდა ქუჩებში გამოიყვანა.
ბოჟეშკოვსკა დიდი, წვრილჩარჩოიანი სათვალიდან იყურება, ლაპარაკისას ხმა უკანკალებს, თუმცა მისი პირდაპირი, მკვახე სიტყვები მკაფიოდ ისმის. „ჩემი თაობა ისე გაზარდეს, რომ თავისუფლების, სოლიდარობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გვჯერა. ეს ჩვენი მშობლებისა და მამა-პაპისგან ვისწავლეთ. ეს პრობლემები მნიშვნელოვანი იყო მათთვის და ისინი მნიშვნელოვანია ჩვენთვის“. იგი სრული თავდაჯერებით ლაპარაკობს და მახსენდება „სოლიდარობის“ ადრეული აქტივისტების პირდაპირობა. შემიძლია თუ არა თქვენი სახელის გამოქვეყნება? ვკითხავდი მათ და პასუხიც, საფრთხის მიუხედავად, როგორც წესი, დადებითი იყო. არაერთხელ უთქვამთ, რომ სურდათ მათ შვილებს სცოდნოდათ, რისთვის იბრძოდნენ.
გდანსკის მერი ალექსანდრა დულკიევიჩი დგას იმ 21 მოთხოვნის წინ, რომელიც აქტივისტებმა გდანსკის გემთსაშენის 1980 წლის გაფიცვების დროს ფანერებზე დაწერეს და გამოფინეს. ალექსანდრა მოკლული მერის მოადგილე იყო და 2019 წელს მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
გდანსკს მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როგორც ვესტერპლატეს ბრძოლის ადგილს. 1939 წლის სექტემბერში ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთზე თავდასხმა ქალაქის პორტის გარნიზონზე შეტევით დაიწყო. ყაზარმების დაზიანების მიუხედავად, გდანსკმა მოწინააღმდეგეს შვიდი დღის განმავლობაში გაუწია წინააღმდეგობა.
ისტორიული გემთსაშენებისა და ამწეების განადგურების გასაპროტესტებლად იეჟი ბოჰდან შუმჩიკმა შექმნა მობილური ქანდაკება სახელად „SOS“.
პატარა მნათეთა ჯგუფი მონაწილეობს წირვაში წმ. იოანეს ეკლესიაში. გოგონა მინისტრანტები ჯერაც გამონაკლისია პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიებში. ეკლესიის მოძღვარი, კშიშტოფ ნიდაუტოვსკი, ცნობილი სოციალური აქტივისტია.
გდანსკის მერი ალექსანდრა დულკიევიჩი დგას იმ 21 მოთხოვნის წინ, რომელიც აქტივისტებმა გდანსკის გემთსაშენის 1980 წლის გაფიცვების დროს ფანერებზე დაწერეს და გამოფინეს. ალექსანდრა მოკლული მერის მოადგილე იყო და 2019 წელს მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
გდანსკს მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როგორც ვესტერპლატეს ბრძოლის ადგილს. 1939 წლის სექტემბერში ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთზე თავდასხმა ქალაქის პორტის გარნიზონზე შეტევით დაიწყო. ყაზარმების დაზიანების მიუხედავად, გდანსკმა მოწინააღმდეგეს შვიდი დღის განმავლობაში გაუწია წინააღმდეგობა.
ისტორიული გემთსაშენებისა და ამწეების განადგურების გასაპროტესტებლად იეჟი ბოჰდან შუმჩიკმა შექმნა მობილური ქანდაკება სახელად „SOS“.
პატარა მნათეთა ჯგუფი მონაწილეობს წირვაში წმ. იოანეს ეკლესიაში. გოგონა მინისტრანტები ჯერაც გამონაკლისია პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიებში. ეკლესიის მოძღვარი, კშიშტოფ ნიდაუტოვსკი, ცნობილი სოციალური აქტივისტია.
მერის მკვლელობამ ათასობით ადამიანი გდანსკისა და ვარშავის ქუჩებში გამოიყვანა. ალექსანდრა ჟუროვსკა – ცნობილი გდანსკელი ექიმი, რომელმაც თავის შვილთან, იოანა ლიშეცკა-ჟუროვსკასთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლები გამაცნო – იხსენებს განცდილ მწუხარებას. მეგობრები მთელი პოლონეთიდან რეკავდნენ თანაგრძნობის გამოსახატად. „ისინი მეუბნებოდნენ: ვუყურებთ, რა ხდება გდანსკში და ისევ ველოდებით. გდანსკი ყოველთვის წინ მიგვიძღვება ასეთ მომენტებში“.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ჩემ სტუმრობამდე 14 თვით ადრე მოხდა, ამ თემას ხშირად ახსენებდნენ, მათ შორის, არაფორმალურ საუბრებშიც. ამას, აშკარად, ქალაქისა და მისი იდეალებისთვის განმსაზღვრელ მომენტად ხედავენ. „ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ვფიქრობ ამ საზარელ კვირა დღეზე“, – ამბობს ახლანდელი მერი ალექსანდრა დულკიევიჩი, რომელიც ასევე უჭერს მხარს პროგრესულ მოძრაობებსა და უცხოელების მიღებას. სხვა ქვეყნის წარმომადგენლების შემოშვება – 460 000 მოქალაქიდან დაახლოებით 25 000 ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რუანდიდან და სირიიდანაა – ჩვენი სამშობლოს წარსულთანაც თანხვედრაშიაო, ამბობს ალექსანდერ ჰალი, ისტორიკოსი გდანსკიდან.
„გდანსკის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ის ყოველთვის მულტიკულტურული ქალაქი იყო, – გვიხსნის იგი, – როგორც პორტი, ის შეუზღუდავი კომერციული ცენტრი იყო და ვაჭრებსა თუ სხვა უცხოელებს მრავალი ქვეყნიდან მასპინძლობდა – ძირითადად გერმანელებს, თუმცა ასევე შოტლანდიელებს, ჰოლანდიელებსა და ინგლისელებს. გდანსკის აღორძინების ხანაში, 1600-იან წლებში, ის შევიწროებულ რელიგიურ ჯგუფებსაც სთავაზობდა თავშესაფარს – ჰოლანდიელ მენონიტებს, ჰუგენოტებსა და ებრაელებს. ქალაქის მზარდი ეთნიკური მრავალფეროვნების გამო ეს მემკვიდრეობა ახლა ხელახლა იქმნება“, – ამბობს ჰალი.
„წარსული არასოდეს კვდება. ის არც კი წასულა“, – უილიამ ფოლკნერის რომანის ეს ცნობილი ფრაზა, პირველად პოლონეთში გავიგე. ჟურნალისტმა მეგობარმა, იაცეკ კალაბინსკიმ ამ ფრაზით სცადა აეხსნა ჩემთვის, რატომ აქვთ ხოლმე პოლონელებს აკვიატებული თავიანთი ისტორიის მტკივნეული მოვლენები. ეს ფრაზა სულ თავში მიტრიალებს, როდესაც ვიგებ, როგორ ცდილობს მთავრობა გდანსკის ისტორიული ნარატივის გაკონტროლებას. კულტურის სამინისტრომ გდანსკის მეორე მსოფლიო ომის მუზეუმის დამფუძნებელი დირექტორი და კურატორები სამსახურიდან გაუშვა – სამინისტროს თქმით, გამოფენები არ იყო „საკმარისად პოლონური“.
ლიშეცკა-ჟუროვსკა და მე გდანსკისკენ მიმავალნი მატარებელში ომზე ვსაუბრობთ. ის იქ გაიზარდა და მისი ოჯახის ისტორიაც კარგად ასახავს მის ქალაქში განვითარებული მრავალმხრივი კონფლიქტის სირთულეებს. ომამდე ქალაქში უმეტესად გერმანულად ლაპარაკობდნენ, თუმცა აქ პოლონელებსაც ჰქონდათ გადგმული ფესვები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გდანსკმა თავისუფალი ქალაქის განსაკუთრებული სტატუსიც მიიღო; პოლონელებს სამართავად რკინიგზა გადასცეს და მისცეს წვდომა პორტზე. 1939 წლის პირველ სექტემბერს – მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას – გერმანულმა სამხედრო გემმა პოლონურ გარნიზონს გაუხსნა ცეცხლი, ამ უკანასკნელმა კი შვიდი დღე გაძლო დაცემამდე (მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს იარაღის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ). ლიშეცკა-ჟუროვსკას დიდი ბებიის ქმარი და სამი ძმა, განათლებული ელიტის წევრები, დააკავეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაუშვეს, სადაც ისინი გარდაიცვალნენ.

ომის ბოლოსკენ ქალაქის უდიდესი ნაწილი განადგურებულიყო. ვინც გერმანული დასახლებებიდან დარჩა, ყველა გაიქცა ან გააქციეს. პოლონელები გადაასახლეს უკრაინიდან და პოლონეთში ჩაასახლეს. სამსახურის მაძიებელნი გდანსკში სამუშაოდ გადავიდნენ გემთსაშენებსა და სხვა საწარმოებში. ვალენსას ცოლი, დანუტა, იხსენებს, როგორ გახედა თავის დედას, სანამ სოფლიდან გამავალ ავტობუსზე ავიდოდა და დაუფიქრებლად წარმოთქვა: „აქ აღარ დავბრუნდები“.
ეს უდრეკი მიზანდასახულობა დანუტა ვალენსას ახლაც ახასიათებს, თუმცა როდესაც მისი ქმარი მთავრობას ებრძოდა, ბევრი მტკივნეული წელიც გამოიარა. მასთან მისული ვახსენებ, რომ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს, როდესაც მათი ბინა სავსე იყო ლეხთან გასაუბრების მსურველი სტუმრებით. ვეუბნები, რომ ყოველთვის ვცდილობდი დანუტასთან მისალმებას, თუმცა ხშირად გაღიზიანებული ჩანდა, გაბრაზებულიც კი. ამის გაგონებაზე თვალები ევსება ცრემლით. გემთსაშენების გაფიცვების პერიოდში ექვსი შვილი ჰყავდა და თავს იზოლირებულად და მარტოდ გრძნობდა.
დანუტას მიაჩნია, რომ ქვეყანა ახლა მზადაა ცვლილებებისთვის, თუმცა შიშობს, რომ ოპოზიციის ლიდერი ჯერ არ გამოჩენილა. „ქვეყანას მეორე ვალენსა სჭირდება“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ არა მხოლოდ მეორე ვალენსა, არამედ ვინმე, ვისაც ჰყავს მხარდამჭერთა და მრჩეველთა ისეთივე ძლიერი ქსელი, როგორიც მის ქმარს კომუნისტურ რეჟიმთან ბრძოლის პერიოდში ჰყავდა. მომავალ საფრთხეებზე კი გვაფრთხილებს: „ძველებურად უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, თორემ რაღაც საშინელება დატრიალდება“, – მაგრამ დარწმუნებულია, რომ როდესაც ცვლილებების დრო მოვა, მოვლენებს სწორედ მისი ქალაქი გაუძღვება წინ: „პოლონეთში არ არსებობს უფრო გაბედული ადგილი, ვიდრე გდანსკი“.
პოლონეთის გზა ომის შემდეგ
კომუნისტური სატელიტი ქვეყნიდან ახალ დემოკრატიამდე – ომის შემდეგ
ამ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას მღელვარებით სავსე ისტორია აქვს.
იანვარი 1947
მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პოლონეთის კომუნისტური პარტია გაყალბებული არჩევნებით სადავეებს ხელში იგდებს.

დეკემბერი 1970
ფასების მატებასთან დაკავშირებით გდანსკში საპროტესტო აქციები და გაფიცვები იწყება, მალე აქტივობა ბალტიისპირეთის ქალაქებში ვრცელდება. მოკლეს სულ ცოტა 40 ადამიანი, ათასზე მეტი კი – დაჭრეს.
ფოტო: ედმუნდ პეპლინსკი

ოქტომბერი 1978
კაროლ იოზეფ ვოიტილა, კრაკოვის მთავარეპისკოპოსი, ხდება რომის პაპი იოანე პავლე II. 1979 წელს მისი ჩასვლა პოლონეთში მილიონობით ადამიანს პროტესტისკენ უბიძგებს.
ფოტო: ვოიჩეხ კრინსკი

აგვისტო 1980
გდანსკის გემთსაშენის მუშები ლეხ ვალენსას მეთაურობით გაფიცვას იწყებენ. თვის ბოლოსკენ მთავრობა აღიარებს „სოლიდარობის“ პროფკავშირთა გაერთიანებას.
ფოტო: პიტერ მარლოუ
დეკემბერი 1981
საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით პოლონეთის ლიდერი ქვეყანაში საომარ მდგომარეობას აცხადებს. ვალენსასა და სხვა დისიდენტებს იჭერენ.
ოქტომბერი 1982
პროფკავშირები კანონგარეშედ ცხადდება.
ივლისი 1983
საომარი მდგომარეობა უქმდება.
თებერვალი 1989
მთავრობასა და ჯერაც კანონგარეშე „პროფკავშირს“ შორის მოლაპარაკების შედეგად ლეგალური ხდება ეს გაერთიანება, იქმნება სენატი და პრეზიდენტის ოფისი.
ივნისი 1989
„სოლიდარობა“ საპარლამენტო არჩევნებში იგებს ერთის გარდა ყველა მანდატს.
მარტი 1990
მიხეილ გორბაჩოვს ირჩევენ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტად. იგი უძღვება რეფორმებს, რომლებიც მთელ პოლონეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ვრცელდება.
დეკემბერი 1990
ვალენსა იმარჯვებს არჩევნებში ახლად შექმნილ საპრეზიდენტო პოსტზე.
ნოემბერი 1995
ვალენსა საპარლამენტო არჩევნებში მცირე განსხვავებით აგებს ყოფილ კომუნისტთან.
ივნისი 2003
რეფერენდუმზე პოლონელები ევროკავშირში შესვლის გადაწყვეტილებას იღებენ.
სექტემბერი 2005
სოციალური კონსერვატიზმის მიმდევარი პარტია „კანონი და სამართალი“ იმარჯვებს საყოველთაო არჩევნებში.
ოქტომბერი 2007
უდიდესი ოპოზიციური პარტია, ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმა“, იმარჯვებს ნაადრევ საყოველთაო არჩევნებში.
მაისი 2015
„კანონი და სამართალი“ პარლამენტში უმრავლესობით შედის.
ივლისი 2017
მასშტაბური აქციებით ხალხი აპროტესტებს კანონპროექტებს, რომლებიც, მათი აზრით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს.

იანვარი 2019
გდანსკის მერს, პაველ ადამოვიჩს, კლავენ. ზოგი მის სიკვდილს „კანონისა და სამართლის“ მიერ წახალისებული მზარდი არაშემწყნარებლობის შედეგად აღიქვამს.
ფოტო: ვოიჩეხ სტროჟიკი
ვიქტორია პოუპი უცხოელი კორესპონდენტი იყო ვარშავაში, ბონსა და მოსკოვში. იგი ასევე ჩვენი ჟურნალის რედაქტორი იყო. იუსტინა მიელნიკიევიჩი დაიბადა პოლონეთში, ახლა კი იგი თბილისში, საქართველოში ცხოვრობს.