გემების რისხვა ზვიგენი
ოდესღაც ღია ზღვების მბრძანებელი და მეზღვაურების ღამის კოშმარი, გრძელფარფლება ზვიგენი დღეს გადაშენების პირასაა


გემების რისხვა ზვიგენი
ოდესღაც ღია ზღვების მბრძანებელი და მეზღვაურების ღამის კოშმარი, გრძელფარფლება ზვიგენი დღეს გადაშენების პირასაა
1971 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი „ლურჯი წყალი, თეთრი სიკვდილი“, საყვინთ გალიაზე თეთრი ზვიგენების თავდასხმის კადრები მაშინვე გახდა პოპულარული და ყველაზე მეტადაც დაგვამახსოვრდა. მაგრამ, 45 წლის შემდეგ გადაღებული მსგავსი კადრები უკვე გრძელფარფლება ზვიგენებს ასახავდა, მონადირებული ვეშაპის გარშემო რომ ფუთფუთებდნენ სამხრეთ აფრიკის სანაპიროდან 150 კილომეტრის დაშორებით.
სცენა ორი მიზეზით არის გასაოცარი: პირველ რიგში იმიტომ, რომ ოპერატორებმა დამცავი გალია დატოვეს და პირველებმა გადაიღეს ზვიგენები კვების პროცესში. მეორე, ასეთი სცენის ფირზე განმეორებით აღბეჭდვა, შესაძლოა, ვეღარასოდეს მოხერხდეს. „ვერც დავთვალეთ, იმდენი იყვნენ, – ამბობს ერთ-ერთი მყვინთავი ვალერი ტეილორი, – ასეთი რამ აღარ განმეორდება, ჩვენს დროში ნამდვილად არა. შეიძლება ოდესმე, მომავალში კი, მაგრამ მაინც მეეჭვება“.
ერთ დროს, გრძელფარფლება ზვიგენი პელაგიალური ზონის (ღია ოკეანის) ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან სახეობად ითვლებოდა. 1969 წელს გამოცემულ ცნობილ წიგნში „ზვიგენების ბუნებრივი ისტორია” ისინი დედამიწაზე არსებულ, 45 კილოგრამზე მეტი წონის, ყველაზე მრავალრიცხოვან სახეობად სახელდება. კომერციული მეთევზეობისა და ფარფლებით ვაჭრობის გამო, გრძელფარფლიანები თითქმის გადაშენდნენ – ამ ფაქტს არც მეცნიერება აქცევს დიდ ყურადღებას და არც საზოგადოება.
„ჩვენ გლობალური მასშტაბით შევამცირეთ მათი რაოდენობა. გრძელფარფლებას რომ ვახსენებ, თითქმის არავის ესმის რას ვგულისხმობ“, – ამბობს დემიან ჩაპმენი, ზვიგენების შემსწავლელ სულ რამდენიმე მეცნიერთაგან ერთ-ერთი.
ფილმი „ყბები“ თუ გინახავთ, გრძელფარფლებაც გეცოდინებათ. იაპონური წყალქვეშა ნავის მიერ „U.S.S. ინდიანაპოლისის” ჩაძირვის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებს, დიდი ალბათობით, სწორედ ისინი ესხმიან თავს; ეს ამბავი, როგორც სამარცხვინო ფაქტი, კაპიტანმა კვინტმა თავისი მონოლოგით გადასცა მომავალ თაობებს: „1100 ადამიანი აღმოჩნდა წყალში, მხოლოდ 316 გადარჩა, დანარჩენი ზვიგენებმა შეჭამეს“.
კვინტი ფაქტებს მეტ-ნაკლებად სწორად გადმოსცემს, თუმცა ეკიპაჟის გამოცდილებას ძალიან ამახინჯებს. სინამდვილეში კი ასე მოხდა: „ინდიანაპოლისის” 1200-კაციანი ეკიპაჟიდან 900 ადამიანი გადაურჩა კატასტროფას, მაგრამ ღია წყლებში აღმოჩენილთა უმეტესობა საშინელი ტანჯვა-წამებით დაიღუპა მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში. მხოლოდ 317 გადარჩა. იქ უამრავი ზვიგენი იყო… საზარლად ესხმოდნენ თავს ადამიანებს“.
მაგრამ, როცა „ინდიანაპოლისის“ ეკიპაჟის 92 წლის წევრს, კლეტო ლებოუს ვკითხე, ყველაზე მძიმედ რა გახსენდებათ-მეთქი, სანამ კითხვას დავასრულებდი, მითხრა: „წყურვილი. ყველაფერს დავთმობდი ერთი ჭიქა წყლისთვის“. ზვიგენებზე რას მეტყვით? „ხანდახან ჩვენ გარშემო ცურავდნენ, მაგრამ არ გვაწუხებდნენ“. 92 წლის ლაილ უმენჰოფერმაც ასე მითხრა: „ფრთხილად უნდა ყოფილიყავი, თუ ძალიან ახლოს მოვიდოდნენ, ვყრიდით. მგონი არც მეშინოდა ზვიგენების. უფრო დიდი პრობლემები გვქონდა“.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, როცა მაშველებმა ეკიპაჟის წევრებს მიაგნეს, ისინი 250 კილომეტრის რადიუსზე იყვნენ გაშლილები და მათი გამოცდილებაც გასხვავდებოდა ერთმანეთისგან. ალბათ, გარდაცვლილებიც სრულიად განსხვავებულ ამბებს მოგვიყვებოდნენ. შარშან ზაფხულში გადარჩენილთა შეკრებას დღემდე ცოცხალი 31-დან 14 წევრი ესწრებოდა და მათ უმეტესობას გავესაუბრე – იმ გასაჭირის ჟამს ზვიგენები არცერთი მათგანისთვის არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ სადარდებელს. პირდაპირი გაგებით, კვინტი მართალი იყო, როცა თქვა, „დანარჩენი“ ზვიგენებმა შეჭამესო, თუმცა ეს ადამიანები სხვა მიზეზებით – ტრავმებით, ჰიპოთერმიით, დახრჩობით, დეჰიდრატაციით ან მარილიანი წყლით მოწამვლის გამო გარდაიცვალნენ. „ზვიგენებმა მხოლოდ რამდენიმე კაცი იმსხვერპლეს“, თქვა 89 წლის გადარჩენილმა დიკ თელენმა. მისი თქმით, უფრო მეტი ადამიანი იმით კვდებოდა, რომ ზღვის წყალს სვამდა. შეკრებაზე ვიღაცამ მითხრა – კვინტი წყურვილზე არაფერს ამბობსო.
ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია: იქმნება უმოწყალო მკვლელის პორტრეტი და შესაბამისია ადამიანის ქცევაც მის მიმართ. ეს კი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს გრძელფარფლიანებისთვის. ვიცით, რომ ხმელეთზე ზოგიერთი დომინანტი მტაცებლის გადაშენებამ, შესაძლოა, ეკოლოგიური ქაოსი გამოიწვიოს. რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ოკეანის ეკოსისტემას ზვიგენის, ამ ოდესღაც მრავალრიცხოვანი სახეობის, გაქრობამ? – წარმოდგენა არ გვაქვს. იმდენად მწირია ამ სახეობაზე არსებული კვლევები, რომ მათი გადაშენების მიზეზის დადგენაც კი ნაკლული ნაწილების მქონე უზარმაზარი ფაზლის აწყობას ჰგავს; აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რა გავლენა ექნება მის გაქრობას სხვა სახეობებზე. თუკი ეს ზვიგენები ჩვენს წარმოსახვაში ბოროტმოქმედი სისხლისმსმელები იქნებიან, პაზლის ნაკლული ნაწილების მოძიებას საერთოდ აღარ ვიჩქარებთ. „ინდიანაპოლისი“ ახლა რომ ჩაძირულიყო, ეკიპაჟი ნაკლებად შეწუხდებოდა ზვიგენთა გუნდის შემოტევებით – და ეს სულაც არ იქნებოდა კარგი.„ჩვენ გლობალური მასშტაბით შევამცირეთ მათი რაოდენობა. გრძელფარფლებას რომ ვახსენებ, თითქმის არავის ესმის რას ვგულისხმობ“, – ამბობს დემიან ჩაპმენი, ზვიგენების შემსწავლელ სულ რამდენიმე მეცნიერთაგან ერთ-ერთი.
დაივინგის პიონერმა ჟაკ კუსტომ გრძელფარფლიანები ერთხელ „ყველაზე სახიფათო ზვიგენებად“ მოიხსენია, მაგრამ ზვიგენებთან დაკავშირებული დიდი გამოცდილების მქონე მყვინთავებს ცოტა განსხვავებული მოსაზრება აქვთ. სტენ უოტერმანი, ფილმის „ლურჯი წყალი, თეთრი სიკვდილის“ ექსპედიციის მყვინთავი მიიჩნევს, რომ გადაღებები იმითაც იყო უნიკალური, რომ იხილეს გრძელფარფლიანების რეალური ქცევა და მიხვდნენ, როგორ განსხვავდებოდა ეს მათი წარმოდგენებისგან: „დიდებული გამოცდილება შევიძინეთ, – ამბობს უოტერმანი, – დანამდვილებით არ ვიცოდით, რა მოხდებოდა გალიებიდან გამოსვლის შემდეგ“.
„ინდიანაპოლისის“ გადარჩენილთა მოგონებებშიც მსგავსი ისტორიები იკითხება: გრძელფარფლიანებს არ ერიდებათ მოახლოება და შეიძლება ცხვირიც წაგკრან, მაგრამ თუ ჯგუფად იქნებით და გაყრით, სავარაუდოდ, თავს არ დაგესხმებიან; ყოველ შემთხვევაში მაშინ მაინც, როცა გარშემო სხვა საკვებიც მოიპოვება. „ხშირად გვაკვირდებოდნენ, მაგრამ მერე ხვდებოდნენ, რომ თავის შეწუხებად არ ვუღირდით და მიდიოდნენ“, – იხსენებს ტეილორი.
2,5-დან 4 მეტრი სიგრძის ზრდასრული გრძელფარფლიანი საკმაოდ დიდი, სახიფათო, ჩასუქებული და ჟინიანი ზვიგენია. ღია ოკეანე „ეკოლოგიური უდაბნოა“ და გრძელფარფლიანები ისე არიან ადაპტირებულები, რომ მის ასათვისებლად მინიმალურ ენერგიას ხარჯავენ, პოტენციური საკვების მოძიებასაც მხოლოდ აუცილებლად საჭირო დროს უთმობენ; დაცურავენ თავიანთი გრძელი, ფრთის მაგვარი მკერდის ფარფლებით და როცა პოტენციურ საკვებს – ჩაძირული გემის მეზღვაურს, მკვდარ ვეშაპს, თინუსის გუნდს გადააწყდებიან, სამიზნეს შესამოწმებლად უახლოვდებიან. ასე რომ, თუკი მიმდებარე ტერიტორიაზე ერთადერთი საკვები ხართ, გრძელფარფლიანი ძალიან საშიშია. სხვა შემთხვევაში – სანერვიულო არაფერი გაქვთ.
სატელიტური გადამცემითა და საიდენტიფიკაციო ნიშანდადებული გრძელფარფლება ბაჰამის კეტ-აილენდთან დაცურავს. ზვიგენების დანიშვნის დაწყებამდე, მეცნიერებმა ცოტა რამ იცოდ-ნენ მათ შესახებ.
თავისი ფრთისმაგვარი მკერდის ფარფლის წყალობით, გრძელფარფლება ოკეანის სიღრმეებს მიაპობს ნადავლის ძიებაში. როცა რაიმე საკვებს გადააწყდება, ჯერ მის შესწავლას იწყებს.
კინორეჟისორმა ჯო რომეირომ კეტ-აილენდის გრძელფარფლება მსხვილი კადრით მოიხელთა. ამ სახეობის წარმომადგენლების სახელი „სასტიკი მკვლელი“ გადაჭარბებულია, მაგრამ მყვინთავები მაინც უნდა იყვნენ ფრთხილად.
ორი გრძელფარფლება ზვიგენი საოცარი სანახაობაა, 50 წლის წინ კი ასობით იყვნენ. კაციჭამიის რეპუტაცია დაკარგეს, მაგრამ ერთ დროს ცნობილნი იყვნენ წყალში ჩავარდნილ ადამიანთან თავმოყრით.
სატელიტური გადამცემითა და საიდენტიფიკაციო ნიშანდადებული გრძელფარფლება ბაჰამის კეტ-აილენდთან დაცურავს. ზვიგენების დანიშვნის დაწყებამდე, მეცნიერებმა ცოტა რამ იცოდ-ნენ მათ შესახებ.
თავისი ფრთისმაგვარი მკერდის ფარფლის წყალობით, გრძელფარფლება ოკეანის სიღრმეებს მიაპობს ნადავლის ძიებაში. როცა რაიმე საკვებს გადააწყდება, ჯერ მის შესწავლას იწყებს.
კინორეჟისორმა ჯო რომეირომ კეტ-აილენდის გრძელფარფლება მსხვილი კადრით მოიხელთა. ამ სახეობის წარმომადგენლების სახელი „სასტიკი მკვლელი“ გადაჭარბებულია, მაგრამ მყვინთავები მაინც უნდა იყვნენ ფრთხილად.
ორი გრძელფარფლება ზვიგენი საოცარი სანახაობაა, 50 წლის წინ კი ასობით იყვნენ. კაციჭამიის რეპუტაცია დაკარგეს, მაგრამ ერთ დროს ცნობილნი იყვნენ წყალში ჩავარდნილ ადამიანთან თავმოყრით.
გრძელფარფლიანების ქცევასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ანეკდოტს, გემის ჩაძირვასთან ან მყვინთავებთან საერთო არაფერი აქვს. 1950 წელს, მექსიკის ყურეში იქთიოლოგებმა გრძელფარფლიანების მუცლებში 2,5 და 4,5 კილოგრამი თინუსი აღმოაჩინეს. გაუკვირდათ, რადგან გრძელფარფლიანები არც ისე სწრაფები არიან, რომ პატარა თევზებს დაედევნონ. ერთ დღესაც, დაინახეს, როგორ დაცურავდნენ პირღია გრძელფარფლიანები თინუსის გუნდში: „მაგრამ ზვიგენები არც დევნას ცდილობდნენ და არც ასობით თინუსის დაჭერას, უბრალოდ, იმ მომენტს ელოდნენ, როცა თინუსები შემთხვევით შეცურდებოდნენ მათ ხახაში“.
საეჭვოა, დღესდღეობით ვინმემ შეძლოს მსგავს ქცევაზე დაკვირვება. ირონიაა, რომ სწორედ ამ სცენის შემსწრე მკვლევრები უწყობდნენ ხელს ასეთი სანახაობის გაქრობას. „იქ იმისთვის იყვნენ, რომ ენახათ, აშშ-ის წყლებში რა სახის კომერციული სარეწის განვითარება იქნებოდა შესაძლებელი“, – ამბობს ჯულია ბაუმი, საზღვაო ეკოლოგი, რომელმაც გრძელფარფლიანების ჭერის 1950 წლის მონაცემები დღევანდელს შეადარა, რათა ყურეში ამ ზვიგენების პოპულაციის ცვლილება გამოეთვალა: „წყალში იარუსებს ყრიდნენ თინუსისთვის, ზვიგენები კი ყველგან იყვნენ“, გრძელფარფლიანები ანკესზე წამოგებულ თინუსს ჭამდნენ და თავადაც ებმოდნენ ანკესზე. „იმდენი ზვიგენი იყო, რომ თინუსის რეწვის განვითარება ეჭვის ქვეშ დადგა“.
მეთევზეებმა ორი გამოსავალი იპოვეს: დაეხოცათ ზვიგენები, სანამ ისინი ანკესზე წამოგებულ თინუსს შეჭამდნენ ან ცალკე ანკესი გადაეგდოთ ზვიგენებისთვის, რომელთა ფარფლიც, როგორც მოგვიანებით აღმოაჩინეს, საკმაოდ ძვირად ფასობდა. ალბათ, საკმარისად ძვირად, რომ მსგავსი ქმედება გაემართლებინათ. ამ ორმა ფაქტორმა, ზვიგენების მიმართ ულმობელმა დამოკიდებულებამ და აზიაში ფარფლის წვნიანზე გაზრდილმა მოთხოვნამ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საგრძნობლად შეამცირა ზვიგენების პოპულაციები და განსაკუთრებით მძიმე შედეგები გრძელფარფლიანებს მოუტანა. ბაუმის 2004 წლის კვლევის მიხედვით, გრძელფარფლიანების რაოდენობა მექსიკის ყურეში 99 პროცენტითაა შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ მის კვლევას აკრიტიკებენ, სხვა კვლევითაც გამოვლინდა მსგავსი ტენდენცია ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში.
2010 წელს უკვე იმდენად ცხადი გახდა გრძელფარფლიანთა მძიმე მდგომარეობა, რომ ხუთმა საერთაშორისო თევზჭერის კომპანიამ აკრძალა გრძელფარფლიანების დაჭერა; ასეთი დაცვის ქვეშ ზვიგენის მხოლოდ ეს სახეობაა. 2013 წელს საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებით საერთაშრისო ვაჭრობის კონვენციამ (CITES) შეზღუდვები შემოიღო, რომლითაც ფარფლით ვაჭრობა უკიდურესად ლიმიტირებული გახდა.
არასაკმარისი ან დაგვიანებული ხომ არ არის ამგვარი დაცვითი აქტები? შედარებით პატარა ზომის (ფხიანი) თევზები ადვილად მრავლდებიან, რადგან ისინი უფრო ადრეულ ასაკში ყრიან ქვირითს და ათასობით კვერცხს დებენ ერთ ჯერზე; ზვიგენთა უმეტესობა კი სქესობრივ სიმწიფეს საკმაოდ გვიან აღწევს და ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ აჩენს მხოლოდ რამდენიმე ნაშიერს. ამ ფაქტორების გამო, მათზე უკიდურესად ცუდად მოქმედებს თევზჭერა და ზვიგენებს გადაშენების საფრთხეს უქმნის. გრძელფარფლიანების შემთხვევაში, „ჩვენ ჯერ ისიც კი არ ვიცით დანამდვილებით, წელიწადში ერთხელ აჩენენ შთამომავლობას თუ ორ წელიწადში ერთხელ, – ამბობს საზღვაო ბიოლოგი ედ ბრუქსი, – როგორ გადაარჩენ ცხოველს, როცა ასე ცოტა რამ იცი მისი ცხოვრების წესის შესახებ?“
ბრუქსი ერთ-ერთია იმ მკვლევრებს შორის, რომლებიც 2010 წლიდან უმაგრებენ მათ ელექტრო-სათვალთვალო მოწყობილობებს, შეისწავლიან გრძელფარფლიანებს ბაჰამებზე და კეტ-აილენდთან. „კეტ-აილენდი უკანასკნელი ადგილია დედამიწაზე, სადაც მათი ნახვა მნიშვნელოვანი რაოდენობით შეგვიძლია“, – ამბობს ბრუქსი. ბრუქსის გუნდის კვლევა გრძელფარფლიანებზე, იყო ერთადერთი საფუძვლიანი კვლევა, რომელიც ოდესმე, ვინმეს ჩაუტარებია ზვიგენების ადგილზე შესწავლით.
კეტაილენდი კონტინენტური შელფის კიდესთანაა, ამიტომ სანაპიროსთან ატლანტის ღრმა წყალი და პელაგიალური თევზებისთვის საოცრად ხელსაყრელი გარემოა. დაახლოებით 10 წლის წინ, ხმა დაირხა, კეტ-აილენდის მეთევზეებს გრძელფარფლიანები ნადავლს პარავდნენო. ფოტოგრაფმა ბრაიან სკერიმ მყვინთავი ოპერატორი დაიქირავა, რათა ზვიგენების წყალქვეშ გადაღებებში დახმარებოდა. მათი წარმატების შემდეგ, დაივინგი პოპულარული გახდა კეტ-აილენდზე. ამბავი სწრაფად გავრცელდა და საქმეში მეცნიერებიც ჩაერთვნენ.
„მუდამ გვინდოდა ამ პროექტის განხორციელება, – ამბობს საზღვაო ბიოლოგი ლუსი ჰოუი, –გვეგონა, მიზანს ვერასდროს მივაღწევდით, მათი პოვნის იმედი არ გვქონდა“.
ჰოუის გუნდმა, რომელშიც ბრუქსი და დემიან ჩაპმანიც შედიოდნენ, დაახლოებით ასამდე გრძელფარფლიანს გაუკეთა თანამგზავრული გადამცემი მოწყობილობა, რომელიც მათი მოძრაობის ხასიათსა და მონაცემებს აფიქსირებდა. გაკეთდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენაც. პირველი: მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენები ატლანტის ოკეანეში ღრმად შედიოდნენ, წლის უმეტეს ნაწილს ბაჰამის დაცულ წყლებში ატარებდნენ, სადაც იარუსით თევზჭერა 1990 წლიდან აკრძალულია, 2011 წლიდან კი კომერციული მეთევზეობა საერთოდ აიკრძალა ზვიგენის ყველა სახეობაზე. დაცული ზონების არსებობა, შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს ამ სახეობის პოპულაციის აღსადგენად.
მეორე: გრძელფარფლიანები დროის 93 პროცენტს 100 მეტრის სიღრმის რადიუსში ატარებენ. რაც იმის ნიშანია, რომ ადრე თევზჭერა (როდესაც თინუსი და სხვა თევზი უხვად გვხვდებოდა ასეთ სიღრმეებზე), ძალიან მძიმე დაღს ასვამდა ზვიგენებს. ასე რომ, ამ სიღრმეებზე თევზჭერის რეგულირება, შესაძლოა, მათ კონსერვაციასაც დაეხმაროს.
მაგრამ მკვლევრების აღმოჩენილი მესამე ფაქტი საკმაოდ საგანგაშოა: გრძელფარფლიანთა პოპულაცია, რომელიც ხშირად სტუმრობს კეტ-აილენდს, შესაძლოა, მხოლოდ 300 ინდივიდს ითვლიდეს. ხუთწლიანი დაკვირვებისა და გადამცემების დამაგრების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ამ წყლებში გაცილებით ნაკლები ზვიგენი ბინადრობს, ვიდრე ეგონათ.
მოდით, დავფიქრდეთ: ფილმი „ლურჯი წყალი, თეთრი სიკვდილის“ სცენაში, ერთი დღის განმავლობაში ვეშაპის ლეშთან, შესაძლოა, უფრო მეტმა გრძელფარფლიანმა მოიყარა თავი, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში გვხვდება მის უკანასკნელ თავშესაფარში.
სხვა ადგილებში, შესაძლოა, შედარებით მრავალრიცხოვანი პოპულაციებიც ბინადრობდნენ. გრძელფარფლიანები ხშირად შეუნიშნავთ წითელ ზღვაში, კაიმანის კუნძულებთან და ჰავაის მიმდებარედ. მაგრამ, როგორც წესი, იქ ყოველთვის კენტად ან მცირე ჯგუფებად თუ დაუნახავთ; ასე რომ, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
ჰოუის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მათი „სამშობიაროს“ მიკვლევაა. მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ჰოუის გუნდმა აღმოაჩინა, ისაა, რომ კეტ-აილენდის ბინადარი გრძელფარფ-ლიანების უმეტესობა ორსული მდედრია. თუმცა, მკვლევრებმა ვერ დაადგინეს, ზვიგენები აქვე აჩენენ ნაშიერებს თუ სხვაგან. „ახალშობილი ზვიგენი ბაჰამის წყლებში არასდროს გვინახავს, რომ ვიცოდეთ, სად მშობიარობენ, იმ ადგილებს დავიცავდით“.
წარსულში დაბრუნება შეუძლებელია. ახლა ვეღარც კი წარმოგვიდგენია, როგორი იყო 1950-იანი წლების შედარებით სუფთა წყლები. მაგრამ კუბა, რომელიც სამხრეთ ბაჰამიდან მექსიკის ყურემდეა გადაჭიმული, წარსულ დროსთან დამაკავშირებელი ხიდია. აშშ-ის მიერ დაწესებულმა ორმოცდაათწლიანმა ემბარგომ მხოლოდ ეკონომიკური განვითარება არ შეანელა კუბაზე; ემბარგომ ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის დონეც შეამცირა; ამიტომ კუბის სანაპიროები ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი ადგილია მსოფლიოში.
ამჟამად, კუბის მთავრობა ზვიგენების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, კუბელი მეცნიერები დეტალურ კვლევებს ამზადებენ იმ ზვიგენებზე, რომლებსაც მეთევზეები ღია წყლებში იჭერენ და სასიხარულო ამბავიც უკვე ხვდებათ. კუბის ჩრდილოეთ სანაპიროზე, პატარა სოფელ კოჯიმართან, მეთევზეები უამრავ ზვიგენს იჭერენ. იქ ზვიგენი მესამე ყველაზე მრავალრიცხოვანი სახეობაა სიუხვით. ყველაზე დიდი რაოდენობით კი მათ ხელში სწორედ გრძელფარფლიანები ხვდებიან; თანაც, უმეტესწილად – ზრდასრულ ასაკს მიუღწეველი, ახალშობილი ზვიგენები.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.